რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი „ნოვიჩოკის“ ახალი მოდიფიკაციით მოწამლეს, რომლითაც ის თვითმფრინავშივე უნდა მომკვდარიყო. ამის შესახებ თავის წყაროებზე დაყრდნობით გერმანული გამოცემა Die Zeit-ი წერს.
მისი ცნობით, საუბარია ნივთიერება „ნოვიჩოკის“ ახალ სახეობაზე, რომლის შესახებაც აქამდე არაფერი იყო ცნობილი, თუმცა ის უფრო აგრესიული და მომაკვდინებელი აღმოჩნდა, ვიდრე „ნოვიჩოკის“ სხვა ცნობილი სახეობები. მეცნიერებმა მომწამლავი ნივთიერების კვალი ნავალნის ხელებზე და წყლის ბოთლის თავსახურზე აღმოაჩინეს.
გერმანელი სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ რუსეთის საიდუმლო სამსახურის აგენტმა, რომელიც ნავალნის უთვალთვალებდა, მას „ნოვიჩოკი“ ჩაიში ჩაუყარა. მათივე მტკიცებით, ნავალნი თვითმფრინავის ბორტზე უნდა მომკვდარიყო და მისი გადარჩენა განპირობებულია მხოლოდ იმით, რომ პილოტმა თვითმფრინავი ავარიულად დასვა, ხოლო ქალაქ ომსკის ექიმებმა ნავალნის დაუყოვნებლივ ანტიდოტი ატროპინი შეუყვანეს.
გერმანელი ექსპერტების ვარაუდით, ასეთი მომაკვდინებელი ნივთიერების გამოყენებით ოპერაციის ჩატარება მხოლოდ სპეცსამსახურებს შეეძლოთ.
20 აგვისტოს ქალაქ ტომსკიდან მოსკოვში თვითმფრინავით მგზავრობისას, ალექსეი ნავალნი ცუდად გახდა, რის გამოც თვითმფრინავი ავარიულად, ომსკში დაეშვა, სადაც ნავალნი მოწამვლის სიმპტომებით რეანიმაციაში მოათავსეს. 22 აგვისტოს ალექსეი ნავალნი სამკურნალოდ გერმანიაში გადაიყვანეს.
2 სექტემბერს გერმანიის მთავრობაში განაცხადეს, რომ ალექსეი ნავალნი „ნოვიჩოკის“ მსგავსი ნერვულ-პარალიტიკური ნივთიერებით მოწამლეს. გერმანიის კანცლერმა, ანგელა მერკელმა განაცხადა, რომ რუსი ოპოზიციონერი, ალექსეი ნავალნი მკვლელობის მცდელობის მსხვერპლი გახდა, რომლის მიზანი მისი გაჩუმება იყო.