ისრაელის მიერ კოსოვოს დამოუკიდებლობის აღიარება სერბეთთან ურთიერთობებს დაძაბავს, რამაც შესაძლოა სერბეთს თავისი საელჩოს იერუსალიმში გადატანა გადააფიქრებინოს, - ამის შესახებ სერბეთის პრეზიდენტ ალექსანდარ ვუჩიჩთან დაახლოებულ წყაროზე დაყრდნობით გამოცემა The Jerusalem Post-ი წერს.
„სერბეთი არ გადაიტანს თავის საელჩოს იერუსალიმში, თუ ისრაელი კოსოვოს დამოუკიდებელ ქვეყნად აღიარებს. გარდა ამისა, ისრაელის ეს ნაბიჯი ნეგატიურად აისახება სერბეთ-ისრაელის ურთიერთობებზე, რომლებიც შემდეგში ძველ ნიშნულს ვეღარ დაუბრუნდება“, - განაცხადა გამოცემის წყარომ.
4 სექტემბერს აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ სერბეთმა ვალდებულება აიღო, ისრაელში თავისი საელჩო იერუსალიმში გადაიტანოს, ხოლო კოსოვო ისრაელთან დიპლომატიურ ურთიერთობებს დაამყარებს და საელჩოს ისრაელის დედაქალაქში, იერუსალიმში გახსნის. ამის შემდეგ ევროკავშირმა სერბეთსა და კოსოვოს იერუსალიმში საელჩოს გახსნისგან თავის შეკავება ურჩია.