კორონავირუსის რეკორდულმა მაჩვენებელმა, 45-მა ახალმა შემთხვევამ ჩვენს საზოგადოებაში შიში გააჩინა, დღის წესრიგში ხომ არ დადგება ხელმეორედ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება? ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ ამან შეიძლება ხელისუფლებისთვის ცუდი შედეგი გამოიღოს, რადგან ჩვენმა მოსახლეობამ პირველი საგანგებო მდგომარეობაც მძიმედ გადაიტანა, თბილისისა და რაიონების ხელმეორედ ჩაკეტვის შემთხვევაში კი, ხალხი კვლავ უმუშევარი დარჩება, ეკონომიკური მდგომარეობა კიდევ უფრო დაეცემა და მშიერი ხალხი როგორ მოიქცევა, არავინ იცის.
ინფექციონისტთა ნაწილი ფიქრობს, რომ ქვეყანა საგანგებო მდგომარეობის რეჟიმზე შესაძლოა, იმაზე სწრაფად გადავიდეს, ვიდრე სპეციალისტები პროგნოზორებდნენ.
ინფექციონისტი ალექსანდრე გოგინავა არ თვლის, რომ ამ მონაცემების გამო ქვეყანაში კარანტინი უნდა გამოცხადდეს, მაგრამ, თუ დღის განმავლობაში კორონავირუსის რამდენიმე ასეულ შემთხვევამდე ავალთ, შესაძლოა, კარანტინი გამოცხადდეს.
ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი მარინა ეზუგბაია აცხადებს, რომ საქართველო მწვანე ზონად რჩება, მიუხედავად იმისა, რომ კორონავირუსმა საქართველოში ინტენსიური გავრცელების სახე მიიღო, აჭარა კი წითელი ზონაა.
დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორი ამირან გამყრელიძე კი გვაიმედებს, რომ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება ჯერჯერობით არ განიხილება.
რამდენად წამგებიანი იქნება საგანგებო მდგომარეობის ხელმეორედ გამოცხადება ხელისუფლებისთვის?
იმუნოლოგი დავით ნანობაშვილი for.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ ზოგიერთებს არც სჯერათ კორონავირუსის არსებობის შესახებ, თუმცა ჩვენ რთულ გარემოცვაში ვიმყოფებით და ჩვენს მეზობლებს აწყობთ კიდეც, რომ ქართველების ნაწილს კორონავირუსის არსებობის არ სწამდეთ და მოდუნებულნი იყვნენ.
„სულ ახლახანს კიბერშეტევა განხორციელდა ლუგარის ლაბორატორიაზე, გარშემო გვაკრავს მტრულად განწყობილი არაერთი ქვეყანა, ზოგიერთი ქვეყანა მიზანმიმართულად გვმტრობს. ის, რომ ზოგიერთებს არ სჯერათ ამ ვირუსის, ეს ყველაფერი შემოგდებული თემაა. ჩვენდამი მტრულად განწყობილმა ქვეყნებმა იციან, რომ ნაკლებად განათლებულ მოსახლეობაში კორონას არარსებობის თემა ადვილად ასატაცებელია, მით უმეტეს, როცა მოსახლეობა რაღაცით არაა კმაყოფილი, ზოგს ნიღბის გაკეთება არ სურს, ზოგს ამ კორონას გამო სამსახურის დაკარგვის ეშინია. ეს მიზანმიმართულად ხდება, რადგან საქართველო გემრიელი ლუკმაა, საქართველო ყველას უნდა ქართველების გარეშე“, - აცხადებს დავით ნანობაშვილი და განმარტავს, ჩვენ რომ ახლა კორონავირუსს იგნორირება გავუკეთოთ იმიტომ, რომ ეკონომიკურად კიდევ არ გაუჭირდეს ქვეყანას, ამაზე მეტი რაღა უნდა გაგვიჭირდეს?
მედიკოსი მიიჩნევს, რომ მატერიალურად უკვე უფსკრულს გავცდით, მაგრამ ის, რომ ფიზიკურადაც ამოვწყდეთ, საკუთარ თავს გენოციდი და ეთნიკური წმენდა მოვუწყოთ იმის გამო, რომ ვიღაცამ კიდევ სამსახური არ დაკარგოს, ეს სერიოზული შეცდომა იქნება. ამიტომ, თუ საჭირო გახდება, შეიძლება გამოცხადდეს საგანგებო მდგომარეობა, ოღონდ შარშანდელთან შედარებით უფრო გონივრულად შეიძლება ამ პროცესის მართვა.
დავით ნანობაშვილის განმარტებით, ეს არ ნიშნავს, რომ ყველაფერი გავაჩეროთ, ხალხი ისევ უმუშევარი დავტოვოთ, უბრალოდ, მთავრობამ კანონი უნდა გაამკაცროს.
„მე მოვუწოდე მთავრობას, კანონის აღსრულებაში მიიღონ მონაწილეობა, გაამკაცრონ კანონი და მაშინ მკაცრი კარანტინიც აღარ დაგვჭირდება. თუმცა ხელისუფლებას არც მწვადის დაწვა უნდა, არც შამფურის. ისინი ფიქრობენ, ახლა რომ კანონი გაამკაცრონ, არჩევნების წინ ქულები არ დაკარგონ, ამომრჩეველი არ გააღიზიანონ. ამიტომ მიშვებულია ეს პროცესი. პირბადეების არქონის შემთხვევაში, რომ დააჯარიმებენ რამდენიმე ადამიანს, მერე ყველა გაიგებს და ყველა გამოიყენებს პირბადეს. მენდეთ, პირბადეები ორმხრივად და დისტანცია თითქმის ნულამდე სწევს ინფექციის გადაცემის ალბათობას. და, თუ ნულამდე სწევს, არავის არ გადაედება ვირუსი და არც გვექნება აფეთქება, შესაბამისად, აღარც კარანტინი დაგვჭირდება და არც არაფრის დახურვა“, - მიიჩნევს დავით ნანობაშვილი.
მისივე თქმით, სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანაში არის ისეთი პარტია, ანუ ყოფილი ხელისუფლება, რომლისთვისაც საქართველო არ არის სამშობლო. მათთვის სულ ერთია, სად იცხოვრებენ, საქართველოზე გული არ შესტკივათ, წინა მთავრობის არაერთი წარმომადგენელი ქვეყნიდან გაქცეულია და უცხოეთში მშვენივრად ცხოვრობენ.
„მე წასული გახლდით ამ ქვეყნიდან რამდენიმე წლით, ვისწავლე უცხოეთში, მაგრამ უკან დავბრუნდი. ყველას უკვირდა, იქ აწყობილი გქონდა ყველაფერი, რატომ ბრუნდებიო, ვუთხარი, ჩემი სამშობლოს გარეშე სხვაგან ვერ ვიცხოვრებ. ამათ კი არ აქვთ მიჯაჭვულობა ქვეყანაზე, ამიტომაც აწყობთ ახლა ვირუსის აფეთქება. საარჩევნო თვალსაზრისითაც აწყობთ აფეთქება. ეს ყველაფერი განზრახ კეთდება, რომ ჩვენთან მოხდეს აფეთქება, ისიც იციან, რომ კარანტინის შემთხვევაში ხალხი უკმაყოფილო იქნება, სპეციალურად იძაბება სიტუაცია. ამიტომ ჩვენ უნდა ვიყოთ ჩვენს სიმაღლეზე, მოვუწოდოთ სხვას, გაიკეთონ ნიღაბი, არ შეიძლება, თავის მართლება, რომ ნიღბით ვერ ვსუნთქავთო, ქირურგი ვარ, 6-7 საათი მიკეთია ნიღაბი და არ დამხვრჩვალვარ, მე არ მახსოვს შემთხვევა, მედპერსონალს ნიღაბი მოეხსნას იმ მოტივით, ცუდად ვარ და ვერ ვსუნთქავო“,-აცხადებს დავით ნანობაშვილი.
ანალიტიკოსი დავით ზარდიაშვილი მიიჩნევს, რომ საგანგებო მდგომარეობის ხელახლა გამოცხადება ძალიან რთული იქნება, მაგრამ ხელისუფლება ვალდებულია საკუთარი მოქალაქეების უსაფრთხოება დაიცვას. ეს მისი პასუხისმგებლობაა.
„თუ ძალიან გართულდა ვითარება, სხვა გამოსავალი არ იქნება. ბატონი თენგიზ ცერცვაძეც ამბობდა, თუ დაიძაბა მდგომარეობა და შემთხვევების ზრდამ ზღვარს გადააჭარბაო, რასაკვირველია, იძულებული გახდება ხელისუფლება შესაბამისი ზომები მიიღოს. მესმის, ადამიანები ამით გაღიზიანდებიან, უმუშევრობა გაიზრდება, ეს იქნება ძალიან არასასურველი და მტკივნეული გადაწყვეტილება, მაგრამ ერთ მხარეს როცა არის ტოტალური საფრთხე - ჯანმრთელობის საფრთხე, მისთვის ანგარიშგაუწევლობა არ შეიძლება. ეს ვირუსია და აუცილებელია, მის გავრცელებას მთავრობა წინ აღუდგეს. არა მგონია, დღეს ისე არ არის ვითარება დაძაბული, რომ საგანგებო ზომების მიღება დასჭირდეთ, მაგრამ სიფრთხილეა საჭირო. ეს ხელისუფლების პასუხისმგებლობაა და ამას არავითარი პოლიტიკური კონიუნქტურა არ შეცვლის. თუ საჭიროა, უნდა გაკეთდეს, თორემ წყალში ჩაგვეყრება ის წარმატებები, რაც გვაქვს“, - აცხადებს დავით ზარდიაშვილი ჩვენთან საუბრისას.
ამასთან, დასძენს, რომ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება ხელისუფლების რეიტინგს ამ ვითარებაში არ გაზრდის, თანაც არჩევნები ახლოვდება, ინტენსიური პოლიტიკური კამპანია მიმდინარეობს, თავდასხმები იქნება ამის გამო ხელისუფლებაზე და, ღმერთმა ნუ ქნას, რომ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება ხელისუფლებას დასჭირდეს.
ანალიტიკოსი ვახტანგ მაისაია აცხადებს, რომ ხალხს პირბადის გაკეთება ეზარება და, ვინც პირბადით გაივლის, თეთრი ყვავივით უყურებენ.
„ჩემი ე.წ. ფანი შემხვდა, ნიღბით რომ დამინახა, მითხრა, ბატონო ვახტანგ, თქვენ არ გეკადრებათ, ასეთი გმირი ხართ, სააკაშვილის სისტემის არ შეგეშინდათ და კორონამ შეგაშინათო. ფაქტია, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებამ ჩვენთან პოზიტიური შედეგი მოიტანა. ჩვენ არადისციპლინირებული ხალხი ვართ, გერმანელებისგან განსხვავებით, მათ რასაც ეტყვიან, ასრულებენ, ჩვენ კი არ ვასრულებთ. სამარშრუტო ტაქსით ვიმგზავრე, ამოვიდა გოგო და პირბადე არ ჰქონდა აწეული. შენიშვნა მივეცი, ჩემს უსაფრთხოებას ეხები-თქო“, - აღნიშნა ვახტანგ მაისაია.