„კოალიციური იყო ამ ქვეყანაში 2012 წელს მთავრობა, როცა უსუფაშვილები და ყველანი ერთად იყვნენ, რა მოუტანეს ამ ქვეყანას კოაბიტაციისა და ერთმანეთის ჭამის გარდა?“ -აცხადებს For.ge-სთან საუბრისას პოლიტიკური პარტია „ტრიბუნას“ დამფუძნებელი დავით ჭიჭინაძე.
ხშირად გვესმის მოსაზრება, რომ კორონაპანდემია არა მარტო საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში გამოყენებადია. პოლიტიკა და კოვიდპოლიტიკა რამდენად ეჯაჭვება ერთმანეთს და რამდენად უწყობენ ხელს, თუკი ხელისუფალი წარმატებული აღმოჩნდება კოვიდთან ბრძოლაში?
- არ ვთვლი, რომ ამ ხელისუფლებამ წარმატებით გამოიყენა კორონაპანდემია, ხელისუფლებამ დააქცია ჩვენი ეკონომიკა, ხალხი გააღატაკა, დაპირებები გასცა, რომ სესხები გადაუვადდებოდათ უპროცენტოდ, მაგრამ არავინ ამ დაპირებას არ ასრულებს და რეალურად ხელისუფლებამ კონტროლი დაკარგა მიმდინარე პროცესებზე. ერთადერთი, რაზეც უნდათ, კონტროლი დაამყარონ, ეს არის მოსახლეობის გაკონტროლება. ასეთი მცდელობები ყოველთვის კრახით მთავრდება. როდესაც პრემიერ-მინისტრი იძახის, რომ მას არ გააჩნია მომავალი წლის პერსპექტივის ხედვა, და ვიცით, რომ მომავალი წელი ძალიან რთული იქნება, ეს ნიშნავს, რომ მას არანაირი ზემოქმედების საშუალება არ აქვს კორონადან გამოწვეულ ეკონომიკურ პრობლემებთან მიმართებით. ხალხს ძირითადად ყოველთვის აწუხებს ეკონომიკა, კოვიდთან დაკავშირებით მსოფლიოში სხვადასხვა მიმართულებით სხვადასხვა აზრებია, რეალურად ვერ ჩამოყალიბებულან, არის პანდემია, არ არის პანდემია, არის საშიში ეს ვირუსი, არ არის საშიში.
ჩვენ ვხედავთ, რომ რატომღაც მსოფლიოს წამყვანი ინსტიტუტები ახდენენ სტატისტიკის მიზანმიმართულ გავრცელებას. რა მოხდება, კვირაში ერთხელ რომ გვითხრან კორონავირუსთან დაკავშირებით ინფორმაცია და ეს ინფორმაცია ყოველდღიური არ იყოს, ან ხელისუფლება რატომ ცდილობს, განსაკუთრებით, დილა ამ ინფორმაციით დაიწყოს, რომ ამდენი ინფიცირებულია. რაში გვაინტერესებს, საგზაო შემთხვევებში გაცილებით მეტი ადამიანი იღუპება სტატისტიკურად მსოფლიოში. ერთი წელიწადია, კოვიდს გავიძახით და ან საქართველოში, ან მეზობელ ქვეყანაში მსოფლიოს მასშტაბით სიკვდილიანობა კატასტროფულად საერთო სტატისტიკაში არ გაზრდილა. უკვე არსებობს ორი აზრი და ორივე თანაბარი, ჩვენ ვხედავთ, ბერლინში ხალხი გამოვიდა, 4 მილიონი კაცი, რომლებიც ითხოვენ თავიანთი კონსტიტუციური უფლებების დაბრუნებას, ანუ იმდენად გამაღიზიანებელია ეს ყველაფერი, რომ ხალხი აპროტესტებს. მე ვფიქრობ, დროა, ქართველებიც გამოვფხიზლდეთ და ხელისუფლებას წავართვათ ეს ბერკეტი ჩვენზე მანიპულირების, მართლა ექსპერიმენტული კურდღლები ხომ არ ვართ, ჩვენზე ექსპერიმენტები ატარონ, როცა მოუნდებათ, შიში დათესონ ჩვენში და ჩაგვკეტონ, როცა მოუნდებათ, გამოგვიშვან. სამწუხაროა, როცა ექიმებს თავიანთი აზრი უკვე არ გააჩნიათ და პოლიტიკურ აზრზე არიან დამოკიდებულნი. ამ სამეულზე ვლაპარაკობ, რომლებიც ხან დარტანიანებად წარმოგვიდგებიან, ხან მუშკეტერებად.
თქვენ ფიქრობთ, როგორც საქართველოში, ისე მსოფლიოში საარჩევნო მიზნებისთვის პოლიტიკური მანიპულაციისთვის იყენებენ კორონაფაქტორს?
- რა თქმა უნდა, იყენებენ. ამას თუ აშშ-ის პრეზიდენტი აღიარებს, რომ უნდათ, ელექტრონული ფოსტით იყოს არჩევნებიო და არ ენდობა იმ ინტერნეტკომპანიას, ეს იმის მანიშნებელია, რომ კოვიდის გამოყენების მცდელობა არის. ტრამპი შეერთებული შტატების პრეზიდენტია, ბოლოს და ბოლოს, მას გაცილებით მეტი ინფორმაცია აქვს. როდესაც რობერტ კენედი, ცნობილი კენედების გვარის გამგრძელებელი, მოკლული მამის შვილი, რომელიც დაზარალებულია, ღიად ხელს ადებს კოვიდ 19-ის შემოქმედებს, მე ვფიქრობ, ამ ადამიანებს ჩვენთან შედარებით გაცილებით მეტი ინფორმაცია აქვთ. ასეთი დონის სენატორები და ასეთი ქვეყნის პრეზიდენტი საუბრობენ ასეთ რამეზე, ეს დასაჯერებელია და არა ის, რას ლაპარაკობს იმნაძე და სხვები. ეკონომიკას ვერ სწევენ, რაღაცას უნდათ დააბრალონ, ამიტომ მოძებნეს კოვიდი და ტენიან ყველაფერს ამ კოვიდს. თავიანთ უცოდინრობას და ქვეყნის მართვის არცოდნას აბრალებენ კორონას.
თუკი მეორედ ჩაკეტეს თბილისი და საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადეს, ეს რამდენად აღაშფოთებს ეკონომიკურ სიდუხჭირეში ჩავარდნილ ჩვენს მოსახლეობას?
- მე პირველი ტალღის დროსაც პირდაპირ ვთქვი, რომ ეკონომიკური პროგრამის გარეშე ჩაკეტვა იყო დანაშაული და ამ დანაშაულის გამო ადრე თუ გვიან მოუწევთ პასუხის გაცემა. რასაც ჰპირდებიან ხალხს, არაფერს არ ასრულებენ. კიდევ თუ ჩაკეტავენ, პასუხი იქნება საკმაოდ ხისტი, საყოველთაო დაუმორჩილებლობა იქნება. ჩვენ რასაც ვუყურებთ, ეს უფრო მეტად არის სტატისტიკური კორონა, ვიდრე ხიფათი. ახლა პირდაპირ იძახიან, ნახევარი საავადმყოფოები ცარიელიაო თვითონ იმ ქვეყნებში, სადაც ეს ეპიდემია მძვინვარებს. საავადმყოფო იმიტომ არის, რომ ავადმყოფს უმკურნალოს და არა იმიტომ, ადამიანები სახლში გამოკეტონ, არავინ არ გამოვიდეს გარეთ. მაშინ გრიპის დროს რატომ ვუშვებთ ამ ხალხს გარეთ? გრიპსაც ხომ ახლავს სიკვდილიანობა და ეპიდემიოლოგიურად საკმაოდ კარგადაც ვრცელდება. იმასაც ვერ გვიხსნიან, სიმპტომები როცა არის, მაშინ ხდება თუ არა გადადება, ან რას ნიშნავს უსიმპტომო გადადება. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია, რომელიც პირდაპირ დადანაშაულებულია კონკრეტული ფარმაკოლოგიური ჯგუფების ინტერესთა ლობირებაში, ამ ორგანიზაციის რეკომენდაცია, მე ვფიქრობ, გასათვალისწინებელი არ არის, აღსაშფოთებელია და პროტესტი აუცილებლად გამოსახატია.
ასეთ პირობებში რა პერსპექტივა აქვს საქართველოში ჩასატარებელ არჩევნებს და კოალიციური მთავრობის ჩამოყალიბებას? და, თუკი კოალიციური მთავრობის ჩამოყალიბება გარდაუვალია, იქ ნაცები ხომ არ იქნებიან წამყვანნი? ისე, სააკაშვილი საერთოდ კოალიციას არც განიხილავს და უმრავლესობით აპირებს არჩევნებში მოსვლას.
- კოალიციური მთავრობა კი არა, რასაც ვუყურებ, არანაირი განსხვავება არ არის „ოცნებასა“ და ნაცებს შორის. ვისთან აპირებენ კოალიციის შექმნას, მე არ ვიცი. პირობას ვდებ, როგორც კი ხელისუფლებაში პრობლემა იქნება და დარწმუნებული ვარ, პრობლემა იქნება, ვერ შედგება ვერანაირი კოალიცია. როდესაც კოალიციაზე ვლაპარაკობთ, ყველანი დაფიქრდნენ, კოალიციური იყო ამ ქვეყანაში 2012 წელს მთავრობა, როცა უსუფაშვილები და ყველანი ერთად იყვნენ, რა მოუტანეს ამ ქვეყანას კოაბიტაციისა და ერთმანეთის ჭამის გარდა? სხვა ჩვენ არაფერი გვინახავს. ჩვენი პოლიტიკური ძალა არ დაუშვებს არანაირი კოალიციური მთავრობის ჩამოყალიბებას და ჩვენი პირველი ინიციატივა იქნება, ბიზნესმენები საერთოდ პარლამენტში აღარ მოხვდნენ და ოჯახის წევრებზე არ გადააფორმონ საკუთარი ბიზნესები. „ნაცმოძრაობა“ ისევ დავიდა ქორვაჭრებთან ვაჭრობაზე, ფული გამოართვეს და ოქრუაშვილები და სხვები მიიპატიჟეს თავისთან. რაც შეეხება სააკაშვილს, ეს ძველი სიმღერაა, ეს მობეზრებული „მიშა მაგარია“.
ოპოზიციაშიც არიან ისეთი ძალები, რომლებიც ხელს არ უშლიან სააკაშვილს საქართველოში ჩამოსვლაში, მაგალითად, უსუფაშვილი. ეს სააკაშვილის რეაბილიტაციას ხომ არ ნიშნავს, მორალური თვალსაზრისით?
- უსუფაშვილის შესახებ რა უნდა ვთქვა, კაცმა საკუთარი თავი ბანკირებზე უარეს პოლიტიკოსად ჩათვალა და ვფიქრობ, მიშას კი არ უნდა ეპატიჟებოდეს საქართველოში, თვითონ უნდა მიდიოდეს პოლიტიკიდან.