მოლოდინისამებრ, კორონავირუსის ლოკალურმა შემთხვევებმა და მიკროაფეთქებებმა იმატა. მედიკოსები გვაფრთხილებენ, რომ ეს პირველი სეზონი იქნება, როცა გრიპი და კორონავირუსული ინფექციის თანაარსებობა იქნება, რაც საფრთხილოა, რადგან ვირუსებს ურთიერთდამძიმების პოტენციალი შეიძლება აღმოაჩნდეთ.
რა გვიხსნის ამ ვირუსისგან, ამის შესახებ for.ge-ს იმუნოლოგი დავით ნანობაშვილი ესაუბრა.
ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძე ამბობს, რომ მეორე ტალღა წინაა და ახლა უფრო გაგვიჭირდება, მაგრამ არა იმდენად, ვიდრე მარტსა და აპრილში. ელით თუ არა მეორე ტალღას?
- ტალღები საერთოდ პირობითია, ადამიანებს უყვართ ხოლმე ტალღებზე ლაპარაკი, რეალურად, აქ ძალიან ჩვეულებრივი მომენტია, ზაფხულის პერიოდში, როცა ძლიერი მზეა, ნაკლებია შემთხვევები, როგორც კი დაიწყება აგრილება, შემთხვევები მოიმატებს. რთულია წინასწარ იმაზე საუბარი, როგორი იქნება წლევანდელი შემოდგომა-ზამთარი, არა მგონია, ძალიან მშვიდი იყოს, არც ის მინდა, მოსახლეობას გული გავუხეთქო, მაგრამ ჯერჯერობით ვირუსი ძალიან ახალია, ადამიანებს მის მიმართ ჯერ არ გვაქვს ადეკვატური დაცვის უნარი და ადეკვატური რეაქციები. თვითონ ვირუსიც არ არის მთლად ადეკვატური, ამიტომ ცოტა რთული პერიოდი გველის, მით უმეტეს, წესებისა და მორჩილებისადმი ჩვენი არასწორი დამოკიდებულების გამო. ამას მე ვუყურე ბათუმში, თბილისშიც იყო ერთეული შემთხვევები, მაგრამ ბათუმში რაც ვნახე, ეს იყო კატასტროფა. იგნორირებას უკეთებენ ყველაზე მთავარ დამცავ საშუალებას-პირბადეს, რომელიც საყოველთაოდ აღიარებულია. სანამ ჩვენ არ მოვწესრიგდებით, კანონმორჩილები არ გავხდებით, მარტო ძახილი, რომ ევროკავშირში გვინდა, არ არის საკმარისი. ევროკავშირს განათლებული, მოწესრიგებული და კანონმორჩილი ხალხი უყვარს.
აჭარა ეპიდაფეთქების კერად იქცა და ამას უბრალო ადამიანებმა შეუწყეს ხელი, მაგრამ რას ნიშნავს მასობრივი კონფერენციები, ხალხმრავლობის გახშირებული შემთხვევები?
- მე მაშინვე ვთქვი, ამას არ სჭირდება მეცნიერული სტატიები, ეს არის ჩვეულებრივი ფიზიკა, ვირუსი არის 2 მიკრონამდე ზომის, ეს არის მტვრის ნაწილაკები მსგავსი, ოღონდ უფრო პატარა ზომის. მტვრის ნაწილაკები, ალბათ, ყველას უნახავს, განსაკუთრებით, სოფლებში, მზის სხივი რომ ხის სახლების ჭუჭრუტანაში შეძვრება და ჰაერში შეწონილი მტვრის ნაწილაკები დაფრინავენ დიდი ხნის განმავლობაში. ეს ნიშნავს, რომ მტვრის ნაწილაკი, რომელსაც ჩვენი მხედველობა აღიქვამს, ჰაერში რაღაც პერიოდის განმავლობაში რჩება, წარმოიდგინეთ, ახალი კორონავირუსი იმდენად პატარაა მტვრის ნაწილაკთან შედარებით, რომ ბევრად უფრო დიდხანს შეუძლია ჰაერში შეწონილ მდგომარეობაში დარჩენა. ანუ ნებისმიერ დახურულ სივრცეში შეიძლება რაღაც პერიოდის განმავლობაში დარჩეს ჰაერში, თუ იქ კორონავირუსის მქონე ადამიანი იმყოფებოდა. მაგალითად, ლიფტში რომ შედიხართ, არ იცით, იქ ვინ იმყოფებოდა. თუ დაავადებული ადამიანი იყო, დიდი ალბათობით, პირბადის გამოუყენებლობის შემთხვევაში, ადამიანს ვირუსი დაემართება. პირბადის შემთხვევაშიც გარანტია არ არის, მაგრამ პირბადე, უბრალოდ, გვაძლევს საშუალებას, ნაკლები ოდენობის ვირუსი შევისუნთქოთ. ამასთან, გააჩნია, რა რაოდენობის ვირუსი მოხვდება ორგანიზმში. მცირე რაოდენობის ვირუსს ორგანიზმი უმკლავდება, დიდი ოდენობით როცა ხვდება და ამის საშუალებას იძლევა პირბადის მოხსნა, მაშინაა საშიში.
ახლა კლასტერული ტიპის გადაცემაა, ანუ ვირუსი გადაეცემა იქ, სადაც ადამიანები პირბადეებს იხსნიან, ძირითადად ეს ხდება კვებით დაწესებულებებში, სუფრებზე, რესტორნებში, დახურულ სივრცეებში. წელს ბათუმში გახლდით და შევედი „დონას“ საკონდიტროში. იქ გვერდზე კაფის ნაწილი დახურული იყო, შესაბამისად, იქ ადამიანები ვერ იკვებებოდნენ, მაგრამ ვირუსის გადაცემა მოხდა უწესრიგო, უნამუსო ადამიანების მეშვეობით, რომლებიც დაავადებულნი შევიდნენ პირბადეების გარეშე, სავარაუდოდ, იქაურ პერსონალსაც ან არ ეკეთა პირბადე, ან არასრულფასოვნად ეკეთა. ხშირად ვხედავთ, ვიღაცას პირბადე უკეთია მარტო პირზე და ცხვირზე ჩამოშვებული აქვს, არადა, ცხვირიდან და პირიდან აბსოლუტურად ერთნაირად ვაფრქვევთ ვირუსებს და ერთნაირად ვიღებთ მათ.
თქვენ ხელთათმანზე მეტად ანიჭებთ უპირატესობას პირბადეს.
- დიახ, თავიდანვე ვთქვი ტელევიზიებში, რომ არ არსებობს, ეს ვირუსი ასე ჩქარა ვრცელდებოდეს მარტო წვეთების მეშვეობით-თქო, ეს არის ჰაერწვეთოვანი გზით გადამცემი, ამაზე ყველამ ჩაიცინა, მაგრამ სამი თვის შემდეგ ამერიკელებმა დაწერეს, ეს ვირუსი 2-3 საათი ჰაერში ჩერდებაო. მე ხომ ქართველი ვარ და ამერიკელი არ ვარ, ამიტომ როგორ შეიძლება სიმართლე ვთქვა?
პერიოდულად გვესმის ხოლმე, თუ ყველანი გადავიტანთ ვირუსს, მაშინ უფრო გაიოლდება კორონას დაძლევა. თუ ამ ლოგიკას მივყვებით, ხომ არ სჯობს, ყველამ გადავიტანოთ ეს ვირუსი?
- არა მგონია, ასე იყოს. გრიპის ტიპის ვირუსები ხანგრძლივ იმუნიტეტს არ ტოვებს. მედიცინისთვის ცნობილია, რომ, საშუალოდ, ის ტოვებს რამდენიმე კვირიდან სამ თვემდე იმუნიტეტს, ეს ნიშნავს, ვირუსი რომ გადაგვეტანა მარტში ან თებერვალში, შეიძლება აგვისტოში ისევ დაგვმართოდა. გარდა ამისა, ჩვენი ორგანიზმი როდესაც ერთი და იმავე სახის გამომწვევს, ტოქსინს რამდენჯერმე იღებს, სამედიცინო ენაზე ამას ჰქვია სენსიბილიზაცია, ანუ ჩვენი იმუნური სისტემა ერთი და იმავე ტიპის გამომწვევზე ხანდახან იწყებს არაადეკვატურ რეაგირებას. სხვათა შორის, როდესაც იწყება ავადმყოფის დამძიმება კორონავირუსით და ხდება აპარატზე გადაყვანა, გარდაცვალების უმეტესი მიზეზი არის ციტოგინების შტორმი. ეს ნიშნავს, რომ ერთსა და იმავე აგენტზე იმუნური სისტემის არაადეკვატური, არასწორი რეაქცია იწყება, რის შედეგადაც უკვე ისეთი პრობლემები იჩენს თავს, როგორიცაა ფილტვის შეშუპება და ადამიანი იღუპება. ეს ძალიან ჰგავს იმ შემთხვევას, ვიღაცას ბზიკმა რომ უკბინა, ვერ მოასწრეს საავადმყოფომდე მიყვანა და დაიღუპა, ანუ ანაფილექსიური რეაქცია დაემართა. ეს ემართებათ ალერგიულ ადამიანებს, რომელთა იმუნური სისტემაც არაადეკვატურად რეაგირებს რაღაც ფაქტორზე და, ამ შემთხვევაში, ბზიკის ტოქსინზე. ასეთ დროს ვცდილობთ იმუნური სისტემა დავასუსტოთ, რომ თვითონ ჩვენმა იმუნურმა სისტემამ არ მოახდინოს ჩვენი დამძიმება. ახლა უკვე ბევრ ლიტერატურაში წავიკითხე არაერთი შემთხვევა, როცა ადამიანს კორონავირუსი ხელმეორედ დაემართა და უფრო მძიმე ფორმით განვითარდა მდგომარეობა, ვიდრე ვითარდება ჩვეულებრივად ადამიანებში. ამდენად, ის, რომ გადატანილი აქვს ადამიანს კორონავირუსი და ეს არის გარანტია, რომ ამიერიდან აღარ უნდა ეშინოდეს, არ აღმოჩნდა მართალი. პირიქით, კორონავირუსის ცალკეულ შემთხვევებში უფრო მძიმედ განვითარდა მდგომარეობა. ამიტომ ალტერნატივა პირბადესა და დისტანცირებას არ აქვს იმ ადამიანებისათვისაც კი, ვინც უკვე გადაიტანა კორონა. ვისაც მოხდილი აქვს კორონა, არ ეგონოს, ყველაფერი რიგზეა და პირბადე არ სჭირდება. ორმხრივ პირბადეს, როცა ადამიანები ერთმანეთთან ახლოს არიან, ოღონდ სრულფასოვან პირბადეს, ანუ პირსა და ცხვირზე გაკეთებულ პირბადეს, და ერთი მეტრი-მეტრანახევრის დისტანციას თითქმის ნულამდე დაჰყავს კორონას გადაცემის ალბათობა, თუკი დახურულ სივრცეში დიდხანს არ გავჩერდებით და 5-10 წუთი დავყოვნდებით.
თუკი ტრანსპორტში ხანგრძლივად ვიმყოფებით?
- იქაც განიავების სისტემა მუშაობს, ფანჯარა ღიაა და მანქანებს აქვთ კონდიცირების სისტემა, რომელსაც გარედან შემოაქვს ჰაერი და შემდეგ გარეთ გადის, ამიტომ იქაც ხიფათი ნაკლებია. ყველაზე დიდი ხიფათია დახურულ სივრცეში, სუფრებზე. ახლა სიტუაციის აფეთქება ძირითადად სწორედ სუფრის მეშვეობით მოხდა, რადგან ადამიანები სუფრასთან იხსნიან ნიღბებს, იკვებებიან, დახურული სივრცე და ხანგრძლივ პერიოდში ერთად ყოფნა არის ვირუსის გავრცელების ერთ-ერთი ძირითადი მიზეზი. ვირუსის გადადების 98%-ს სწორედ ეს ფაქტორი განაპირობებს. სხვათა შორის, ამირან გამყრელიძეს ჰკითხა ინგა გრიგოლიამ, რატომ ხდება, გერმანიაში ჩვენი მოქალაქე გათხოვილია გერმანელზე და საქართველოში ჩამოსვლისას გერმანელ მოქალაქეს კარანტინი არ ეკუთვნის, საქართველოს მოქალაქე კი ორკვირიან კარანტინში უნდა იყოსო? გამყრელიძემ უპასუხა, გეთანხმებით, რომ არ ჟღერს კარგად, მაგრამ ჯერჯერობით რაც კი შემთხვევები გვქონია უცხოეთიდან ჩამოსული ხალხის ირგვლივ, არც ერთ უცხოელს არ აქვს კარანტინის და თვითიზოლაციის პირობა დარღვეული, ყველა პირობა დარღვეული აქვს საქართველოს მოქალაქეს. მეც ამიტომ ვამბობ, ყველაზე დიდი პრობლემა გაუნათლებლობაა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ მხატვრული ლიტერატურა არ აქვს კაცს წაკითხული, უბრალოდ, აზრიდან დასკვნა ვერ გამოაქვს ჩვენი მოსახლეობის დიდ ნაწილს და პირბადის გამოყენებით არ იწუხებს თავს.