ნორვეგიის „პროგრესის პარტიის“ დეპუტატმა, კრისტიან ტიბრინგ-გედემ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი მსოფლიოში ხანგრძლივი კონფლიქტების გადაჭრის ძალისხმევისთვის მშვიდობის დარგში ნობელის პრემიაზე წარადგინა.
„ვფიქრობ, რომ სახელმწიფოებს შორის მშვიდობის დამყარების მცდელობებით მან უფრო მეტი გააკეთა, ვიდრე მშვიდობის დარგში ნობელის პრემიის სხვა ნომინანტებმა“, - განაცხადა ნორვეგიელმა პარლამენტარმა.
ნობელის კომიტეტში გაგზავნილ წერილში კრისტიან ტიბრინგ-გედე აღნიშნავს, რომ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ ისრაელსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს შორის ურთიერთობების ნორმალიზებაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა.
„იმის გათვალისწინებით, რომ მოსალოდნელია, ახლო აღმოსავლეთის სხვა ქვეყნების ამ პროცესში ჩართვა, ისრაელსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს შორის შეთანხმება გარდამტეხი მომენტია, რისი მეშვეობითაც ახლო აღმოსავლეთი თანამშრომლობისა და აყვავების რეგიონი გახდება“, - დასძინა მან.
13 აგვისტოს ისრაელი და არაბთა გაერთიანებული საამიროები ურთიერთობების სრულ ნორმალიზებაზე შეთანხმდნენ. არაბთა გაერთიანებული საამიროები გახდა მესამე არაბული ქვეყანა, რომელმაც ისრაელთან სამშვიდობო შეთანხმება გააფორმა. პირველი 1979 წელს ეგვიპტე, მეორე კი 1994 წელს იორდანია იყო. 29 აგვისტოს არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა ისრაელის წინააღმდეგ 1972 წელს დაწესებული ეკონომიკური ბოიკოტი გააუქმეს. ისრაელი და არაბთა გაერთიანებული საამიროები სამშვიდობო შეთანხმებას ხელს თეთრ სახლში, 15 სექტემბერს მოაწერენ.