ხალხში გავრცელებულია გამოთქმა, რომ შობა-ახალ წელს როგორც შეხვდები, მთელ წელს ისე გაატარებო. ამ სადღესასწაულო დღეებისათვის მართლაც რომ განსაკუთრებულად ვემზადებით და მის დადგომას ყოველთვის მომავალ სასიკეთო ცვლილებებს ვუკავშირებთ.
დღეს შობის დღესასწაულს ვიზეიმებთ, ერთი კვირის შემდეგ კი ძველით ახალ წელს აღვნიშნავთ.
გასული წლის 31 დეკემბერს მრავალი ჩვენთაგანი სხვადასხვა მიზეზის გამო „შესაფერისად“ ვერ მოემზადა. საბედნიეროდ ამ „შეცდომის“ გამოსწორების შესაძლებლობა დღეს და ერთი კვირის შემდეგ კვლავ გააჩნიათ და დღევანდელი წერილი ამ მიზანს ემსახურება.
შობა-ახალი წლის წინ ფსიქოლოგები და პარაფსიქოლოგები რამდენიმე განსაკუთრებულ რჩევას გვთავაზობენ.
უპირველეს რიგში საჭიროა, რომ საკუთარი ბინა გავაკრიალოთ. ბინა ძველი ცოცხით უნდა დავგავოთ. შუადღისას ცოცხი სახლიდან რაც შეიძლება შორს უნდა გადავაგდოთ, მისი შემცვლელი კი შესასვლელ კართან, კუთხეში მოვათავსოთ. ეს იმიტომ კეთდება, რომ ოჯახში ფული შემოვიდეს.
საახალწლო ან საშობაო სუფრას განსაკუთრებული ყურადღება უნდა დავუთმოთ. აუცილებელი ატრიბუტი თხილი და თაფლია, რომლებსაც ოჯახისათვის ბარაქა და სიმდიდრე მოაქვს. ასევე მისასალმებელია, თუ სუფრაზე დააწყობთ ფორთოხალს. ფორთოხალი ჩინელებისათვის მატერიალური უზრუნველყოფის ერთ-ერთი მთავარი სიმბოლოა.
ყურადღებით შეარჩიეთ სათანადო მეკვლე. თუ პირველი სტუმარი წარმატებული ადამიანი აღმოჩნდება, თქვენს ოჯახს მთელი წელი წინ სვლა გარანტირებული ექნება.
პარაფსიქოლოგები კატეგორიულად გვიკრძალავენ ახლობელ-მეგობრებისათვის ალკოჰოლური სასმელების ჩუქებას. ამ სახის საჩუქარი თურმე ოჯახის წევრ “ძლიერი სქესის” წარმომადგენლებზე უარყოფითად მოქმედებს და ერთგვარი ჯადოს ფუნქციასაც ასრულებს.
პირველი იანვრისთვის, შობისთვის ან ძველით ახალი წლისთვის მრავალ ტკბილეულობას ვამზადებთ. მაინც შეეცადეთ, რომ სუფრა საკუთარი ხელით გამომცხვარი თაფლაკვერებით გაამდიდროთ, რადგან ეს კულინარიული ნაწარმი მთელი წლის განმავლობაში ბოროტი ძალების გავლენისაგან დაგიცავთ.
ალბათ ყველას გაინტერესებთ, მომავალი წელი თქვენთვის ფინანსურად მომგებიანი იქნება თუ არა. ამისათვის გთავაზობთ მარჩიელობის ერთ ორიგინალურ წესს, რომელიც შეიძლება ახალი წლის ღამეს გამოიყენოთ.
მოამზადეთ ერთი ზომის 40 პატარა ფურცელი და ისინი ორ ნაწილად გაყავით. ერთ ნაწილს დააწერეთ ფულის ნომინალები ( 1, 2, 5, 10 ლარი), მეორე ნაწილი კი ცარიელი დატოვეთ. ყველა ფურცელი ერთნაირად დაკეცეთ და პატარა ტომარაში მოათავსეთ. შემდეგ კარგად აურიეთ. ჩაყავით მარჯვენა ხელი და რაც შეიძლება ბევრი ქაღალდი ამოიღეთ. თუ ამ გროვაში უფრო მეტი ფულის ნომინალი ქაღალდებია, 2010 წელი ფინანსურად მომგებიანი და წარმატებული გექნებათ.
ახლობლებისთვის საჩუქრების შეძენა ჯერ კიდევ დაგვიანებული არ არის. ჩვენს ქვეყანაში მრავალი სუპერმარკეტი და ფეშენებელური მაღაზიაა, რომლებიც საახალწლოდ საჩუქრების დიდ არჩევანს გვთავაზობენ. ნება მომეცით რომ ამ კუთხით რამდენიმე „სასარგებლო“ რჩევა მოგცეთ.
აშშ-ში ცოტა ხნის წინ გამოაქვეყნეს საშობაო-საახალწლო ყველაზე სულელური ნივთების სია და ვინაიდან ოკეანისგაღმული საქონელი ჩვენთვის უცხო ხილი არ არის, ამ ნუსხას შეძლებისდაგვარად გაგაცნობთ.
უაზრო საჩუქრების ჩამონათვალში აღმოჩნდა გოლფის სათამაშო ნაკრები ტუალეტისათვის, სახეჭი რეზინი ვასაბის გემოთი, ნაკრები მამაკაცის ქვედა საცვლის შესაკეთებლად, ღვინის გასახსნელი ბარაკ ობამას გამოსახულებით, ჰალსტუხი ზედ მიკერებული მისი შეკვრის ინსტრუქციით, ძაღლის ფეკალიებით ილუსტრირებული კალენდარი.
თუ ამ სახის საჩუქრებს თბილისის მაღაზიებში წააწყდებით, გირჩევთ რომ არ შეიძინოთ, რადგან ამერიკელებმა თავის დროზე სასტიკად დაიწუნეს.
თუმცა საქართველოში მაინც სხვა მენტალიტეტის ხალხი ცხოვრობს და მაგალითად “სტრიპტიზიორების მაღვიძარა” თქვენი ახლობლებისათვის შეიძლება რომ მართლაც ჩინებული საახალწლო ან საშობაო საჩუქარი აღმოჩნდეს. მიაკითხეთ თბილისის სუპერმარკეტებს და ამ მაღვიძარას ალბათ აუცილებლად შეიძენთ.