აფხაზეთის მოჩვენებები

აფხაზეთის მოჩვენებები

აფხაზეთში, სასტუმრო „რიცა“-ში საშინლად მეძინა. შფოთიანი სიზმარი მქონდა, ვითომ ძველ სახლში მივაბიჯებდი მოხუც სტალინთან ერთად, რომელიც თავისთვის რაღაცას ბოროტად ბუზღუნებდა. დილით, კითხვაზე თუ ვინ დამიფრთხო ძილი, პასუხად გარდაცვლილი ეჭვმიტანილების ვრცელი სია მქონდა

აფხაზეთის მოჩვენებების უმრავლესობა ამ თეთრად შეღებილი სასტუმროს კედლებში უნდა ცხოვრობდეს. 1924 წელს აქ ცხოვრობდა და მკურნალობდა ტროცკი, რომელმაც მისი მეგობრის ლენინის გარდაცვალებასთან დაკავშირებით თავისი ცნობილი გამოსათხოვარი სიტყვა ამ სასტუმროს პირველი სართულის აივნიდან წარმოსთქვა. შეიძლება, სტალინის კიდევ ერთი მსხვერპლის, პოეტ ოსიპ მანდელშტამის ოთახშიც მეძინა. 1993 წელმა უფრო მეტი მოჩვენება შექმნა, როდესაც ქართულ-აფხაზური კონფლიქტის სასტუმრო თითქმის მთლიანად დაიწვა. ის სულ ახლახანს აღადგინეს.

თითქმის ყველაფერი რაც აფხაზეთის წარსულს, აწმყოს და მომავალს ეხება სადავოა. მათ შორის მისი დედაქალაქის სახელწოდებაც, რომელსაც ქართველები და მსოფლიოს უდიდესი ნაწილი ჯერ კიდევ ქართული ვერსიით „სოხუმს“ უწოდებს, ხოლო აფხაზები – „სუხუმს“. ის სიცარიელის ქალაქია. მე-19 საუკუნის შუა წლებში მეფის რუსეთის არმიის წინააღმდეგ აჯანყების გამო აფხაზები ოსმანთა იმპერიაში გადაასახლეს. 1877-1907 წლებში, მათ ვინც გადარჩა ქალაქში და სანაპიროს გასწვრივ ცხოვრება აეკრძალა. ქართველებმა, ბერძნებმა და რუსებმა მათი დასახლებები დაიკავეს და დემოგრაფიული სიტუაცია ადგილობრივი აფხაზების საწინააღმდეგოდ შეიცვალა. 1949 წელს სტალინის ერთ-ერთი გიჟური დეპორტაციის დროს ბერძნები მასობრივად ყაზახეთში გადაასახლეს. 1992 წელს აფხაზების უმრავლესობა ქალაქიდან მას შემდეგ გაიქცა რაც ის ქართულმა ჯარმა დაიპყრო, მომდევნო წელს კი თითქმის ყველა ქართველი გაიქცა, როდესაც ის აფხაზებმა დაიბრუნეს. 17 წლის შემდეგ, რუსული ფულადი ინექციების, ახალი კაფეების, მაღაზიების და სასტუმროების გახსნის მიუხედავად, სუხუმ(ი)ს ქუჩებს კვლავ ნანგრევები ამახინჯებს.

ასე რომ, ნებისმიერმა, ვინც აფხაზეთის ისტორიაზე საუბრობს, თითის წვერებზე უნდა იაროს, თუმცა ამას რუსი პარლამენტარი კონსტანტინე ზატულინისთვის, რომელმაც ამ სივრცეში უხეში ჩექმით შემოაბიჯა ხელი არ შეუშლია. ულვაშიანი ზატულინი, სახელმწიფო დუმაში დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის (დსთ) კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეა. ის გარეგნობით და შეხედულებებით მეფის რუსეთის ოფიცერს მოგაგონებთ და დელიკატურობა მისი ძლიერი მხარე არ არის. ის ერთ-ერთი იმ ადამიანთაგანია, რომელიც აქტიურად უჭერდა მხარს რუსეთის მხრიდან აფხაზეთის და სამხრეთ-ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარებას და 2008 წლის აგვისტოს ომს მიესალმებოდა, როგორც დასავლეთზე გამარჯვებას, მაგრამ მას ერთი პატარა დეტალი გამორჩა - რომ აფხაზები პრო-რუსები აუცილებლობის გამო უფრო არიან, ვიდრე ბუნებრივი ენთუზიაზმით და როდესაც მან აფხაზი ისტორიკოსის სტანისლავ ლაკობას მიერ დაწერილი ისტორიის ის სახელმძღვანელო გააკრიტიკა რომელსაც ადგილობრივ სკოლებში ასწავლიან, მტკივნეულ ადგილს შეეხო.

მან საჯაროდ დაგმო ლაკობა მისი სახელმძღვანელოს გამო და ამტკიცებდა, რომ 1810 წელს აფხაზები რუსეთის იმპერიასთან „ნებაყოფლობით კავშირში“ გაერთიანდნენ და რუსებთან ყოველთვის ჰარმონიაში ცხოვრობდნენ. თვეების კრიტიკის შემდეგ, ლაკობამ მას პუბლიკაციით უპასუხა, სახელწოდებით „ზატულინიზმი“. 

„აფხაზეთს მოსალოცად აქვს საქმე. მას ახლა პოლიტიკური ცენზორი ჰყავს“ – საკუთარ სტატიაში ლაკობა დარწმუნებით აცხადებს, რომ რუსეთი ახლა აფხაზეთის მთავარი მოკავშირეა და ასეთად უნდა დარჩეს, მაგრამ ის აფრთხილებს იმ რუსებს რომლებიც მისი შეფასებით, ქართველების შეცდომას იმეორებენ და მიაჩნიათ, რომ აფხაზები მათი პროექტის ნაწილი არიან და არა აქვთ საკუთარი პროექტი: „ზოგიერთების აზრით, აფხაზი ხალხი ზედმეტად თავისუფალი იყო და აშკარად გადაწყვიტეს მათი შესუსტება და მორჯულება იმით, რომ ისტორიის ანუ იმის გარეშე დატოვებდნენ, რაც მათთვის ყველაზე მთავარია“.

აქ ლაკობას გაკრიტიკება შეცდომა იქნებოდა, რადგან ის ატარებს მისი ნათესავის ნესტორ ლაკობას ტოტემურ სახელს, პოპულარული ბოლშევიკი ლიდერისას, რომელმაც აფხაზეთისთვის ფართო ავტონომია მოიპოვა და ის კოლექტივიზაციისგან იხსნა, ვიდრე სტალინის მარჯვენა ხელმა, ლავრენტი ბერიამ არ მოწამლა. უმცროს ლაკობას მსგავსი დრამატული რამ არ დაემართება, მაგრამ სასტუმრო „რიცას“ წინ მასთან ერთად ყავის სმის დროს, აღმოვაჩინე, რომ ამ ადამიანს აწუხებს ის, თუ რა უნდათ რუსებს მისი სამშობლოსგან.

აფხაზეთის მოსახლეობის უმრავლესობისთვის ეს წვრილმანია. რუსეთთან უთანხმოება ისტორიის სახელმძღვანელოების ან საკუთრების უფლებების ირგვლივ მეორეხარისხოვანია იმასთან შედარებით, რომ რუსეთი მათ პენსიებს და პასპორტებს აძლევს. პირდაპირ თუ ვიტყვით, რუსეთი მათთვის არის ძალა რომელმაც საქართველო დაამარცხა და აქ ქართველების დაბრუნება შეაჩერა. როგორც დე-ფაქტო პრემიერ-მინისტრმა სერგეი შამბამ მითხრა, „ჩვენ რუსეთს 150 წლის წინ ვებრძოდით, საქართველოს თვრამეტი წლის წინ და რუსეთი ამ ომში დაგვეხმარა. აი ეს სხვაობაა“.

მაგრამ ლაკობა-ზატულინის პოლემიკა იმას გვახსენებს, რომ თქვენ ვერ შესძლებთ აფხაზეთის მომავალზე სასარგებლო საუბარს ისე, რომ არ მოიხმოთ მისი წარსულის მოჩვენებები, როგორც შორეული, ასევე – ამასწინანდელი.
[foreignpress.ge]