ოქტომბრამდე ცნობილი გახდება, უზენაესი სასამართლოს მოსამართლე, ლევან მურუსიძე არსებითად განიხილავს თუ არა პრესა.გე–ს საკასაციო საჩივარს, რომელშიც ვითხოვთ, აკადემიკოს გურამ შარაძის მკვლელობაში მსჯავრდებულ გიორგი ბარათელთან დაკავშირებით, სააპელაციო სასამართლოს მიერ, 2010 წლის 11 მაისს გამოტანილი გადაწყვეტილების გაუქმებას და ამ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღებას, ახალი სამართლებრივი დასაბუთებით.
გასულ სამშაბათს, პრესა.გე–ს ინტერესების დაცმველ ადვოკატს, ანა შალამბერიძეს, რომელიც ამავდროულად, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციასთან არსებული მედიის სამართლებრივი დაცვის ცენტრის წარმომადგენელია, უზენაესი სასამართლოდან ტელეფონით შეატყობინეს, რომ პრესა.გე–ს საკასაციო საჩივარი წარმოებაშია მიღებული.
შალამბერიძის განმარტებით, ეს იმას ნიშნავს, რომ შემოწმდა: საკასაციო საჩივარი შეტანილია თუ არა სამოქალაქო კოდექსის შესაბამისი მუხლის საფუძველზე; ანუ მითითებულია თუ არა მოსარჩელე, მოპასუხე, მათი მისამართები; დაფიქსირებულია თუ არა მოთხოვნა და გადახდილია თუ არა სახელმწიფო ბაჟი, რის შემდეგაც, მოსამართლემ გამოიტანა ერთპიროვნული განჩინება, საკასაციო საჩივრის წარმოებაში მიღების თაობაზე.
“წარმოებაში მიღებიდან სამი თვის განმავლობაში, სარჩელი დასაშვებობის ეტაპს გადის – იმის განხილვა ხდება, არსებითად იმსჯელებს თუ არა უზენაესი სასამართლო ამ საკითხზე. ამ საქმესთან დაკავშირებით, სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება უნდა განსხვავდებოდეს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკისგან და ასეთ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო გადაწყვეტს, ეს საქმე განიხილოს თუ არა არსებითად და ასევე, საქმე მნიშვნელოვანი უნდა იყოს სამართლის განვითარებისთვის. ჩვენს შემთხვევაში, ოქტომბრამდე გავიგებთ, როგორ მოიქცევა უზენაესი სასამართლო“, – ამბობს ანა შალამბერიძე.
შეგახსენებთ, რომ 2009 წლის გაზაფხულზე, სამთვიანი საპროტესტო აქციების დროს, გურამ შარაძის მკვლელობაში მსჯავრდებულ გიორგი ბარათელის შესახებ, საზოგადოებაში ორი ვერსია გავრცელდა – ერთის თანახმად, ბარათელი უცხოეთში გააპარეს, ხოლო მეორე ვერსიით, ბარათელი, როგორც არასასურველი მოწმე, თავიდან მოიშორეს.
2009 წლის ზაფხულში, მას შემდეგ, რაც სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში მსჯავრდებულები შეიწყალეს, პრესა.გე–მ ორი განცხადებით მიმართა საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა იმჟამინდელ მინისტრს, დიმიტრი შაშკინს. ერთ განცხადებაში ვითხოვდით ჩვენთვის მოეწოდებინათ საჯარო ინფორმაცია, პატრულის მიერ მოკლულების: ამირან (ბუტა) რობაქიძისა და გიორგი გამცემლიძის მკვლელობაში მსჯავრდებულების – გრიგოლ ბაშალეიშვილისა და ვახტანგ აბუაშვილის შესახებ, ხოლო მეორე განცხადებაში დიმიტრი შაშკინს ვთხოვდით ინფორმაციას გურამ შარაძის მკვლელობაში მსჯავრდებულის ადგილსამყოფელის შესახებ, რომელიც ასევე საჯაროა.
შაშკინის უწყებამ გვიპასუხა, რომ ჩვენს მიერ გამოთხოვილი ინფორმაციები არ განეკუთვნებოდა საჯარო ინფორმაციათა კატეგორიას. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციასთან არსებული მედიის სამართლებრივი დაცვის ცენტრის წარმომადგენლების – თათული თოდუასა და თამარ გურჩიანის დახმარებით, ადმინისტრაციული საჩივარი მოვამზადეთ და შაშკინის უწყებაში შევიტანეთ, რაც განუხილველი დატოვეს - ინფორმაცია შარაძის, რობაქიძის და გამცემლიძის მკვლელობაში მსჯავრდებულების შესახებ საიდუმლოა და თქვენს ადმინისტრაციულ საჩივარს არ განვიხილავთო.
შემდეგ საქალაქო სასამართლოს მივმართეთ, რომელმაც იმსჯელა და გადაწყვიტა, რომ რობაქიძის და გამცემლიძის მკვლელობაში მსჯავრდებულების შესახებ ინფორმაცია საჯაროა, ხოლო გურამ შარაძის მკვლელობაში მსჯავრდებულის შესახებ ინფორმაცია საიდუმლოა. საქალაქო სასამართლომ სასჯელაღსრულების დეპარტამენტს დაავალა, პრესა.გე–სთვის ინფორმაციის მიწოდება, რობაქიძის და გამცემლიძის მკვლელობაში მსჯავრდებულების ირგვლივ, მაგრამ სასჯელაღსრულების დეპარტამენტს ეს დავალება დღემდე არ შეუსრულებია.
საქალაქოს შემდეგ სააპელაციო სასამართლოს მივმართეთ, რომელმაც 11 მაისს გამოიტანა განჩინება – ძალაში დატოვა პირველი ინსტანციის მიერ გამოტანილი გადაწყვეტილება, არ დააკმაყოფილა სააპელაციო საჩივარი, რაც იმით დაასაბუთა, რომ რადგან 2009 წლის სექტემბერში, პრესა.გე–ს განცხადებით მოთხოვნილი ინფორმაცია, მოპასუხე საჯარო დაწესებულებას არა აქვს შეტანილი საჯარო ინფორმაციის რეესტრში, ამიტომ, ბარათელის შესახებ ინფორმაცია არ არის საჯარო.
“მიგვაჩნია რომ ჩვენი საკასაციო საჩივარი საფუძვლიანია და უზენაესმა სასამართლომ იგი არსებითად უნდა განიხილოს, რითაც ქვეყანაში დემოკრატიული პროცესის განვითარებას ხელი შეეწყობა“, – აცხადებს ანა შალამბერიძე.
P. S. ახლა ჯერი უზენაეს სასამართლოზეა, რომელსაც შეუძლია, გურამ შარაძის მკვლელობაში მსჯავრდებულ გიორგი ბარათელის ირგვლივ, საზოგადოებაში გავრცელებულ სხვადასხვაგვარ ინფორმაციებსა და ვერსიებს, გარკვეულწილად წერტილი დაუსვას.