„შესაძლებელია, საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი შევიდეს, რათა „ნაცმოძრაობა“ აიკრძალოს“

„შესაძლებელია, საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი შევიდეს, რათა „ნაცმოძრაობა“ აიკრძალოს“

ოპოზიცია მიიჩნევს, რომ კორონავირუსი ხელისუფლების კარგი მოკავშირეა და მმართველი გუნდი კოვიდ 19-ისა და მიხეილ სააკაშვილის ჩამოსვლის თემას ერთნაირად ეფარება.

შეიძლება თუ არა, ასეთ მძიმე თემებს ამოეფაროს რომელიმე ხელისუფლება? ამის შესახებ for.ge-ს ანალიტიკოსი დავით ზარდიაშვილი ესაუბრა.

დავით ზარდიაშვილი: ეს გაუგებარი რამეა, არსებობს საფრთხე, კოვიდიც საფრთხეა და სააკაშვილის დაბრუნებაც საფრთხეა. ხელისუფლების ვალია, ორივე საფრთხე თავიდან აგვაცილოს. თუ ხელისუფლება ამას ახერხებს, მაშინ ეს საფრთხე მისი მოკავშირე კი არ არის, არამედ - პირიქით. კოვიდის მოკავშირეები სწორედ ნაცები არიან. მათ უნდათ, ქვეყანაში კოვიდი იყოს და მთავრობა დამარცხდეს კოვიდთან ბრძოლაში. ისინი უკუღმა ატრიალებენ ლოგიკას. აშკარაა, ტვინის გამორეცხვაზე მუშაობს ოპოზიცია, გვაგიჟებენ, ყველაფერს უკუღმა ლაპარაკობენ.

კორონას ე.წ. პირველი ტალღა ხელისუფლებამ წარმატებით დაძლია. თუკი კორონა მეორედ შემოიჭრება, რა გარანტია გვაქვს, რომ სწორად იმოქმედებს ხელისუფლება და როგორ აისახება ეს ხალხის განწყობაზე? ხომ არ ფიქრობთ, რაც უფრო მალე ჩაატარებს ეს ხელისუფლება არჩევნებს და საარჩევნო თარიღს არ გადასწევს, მისთვის მით უფრო უკეთესია, რადგან შეიძლება ყოველდღიურად დაკარგონ ქულები?

- არჩევნები დანიშნულია 31-ში და ამას აღარაფერი შეცვლის. რასაკვირველია, ხელისუფლებას არჩევნების გადადება არ აწყობს, მაგრამ ეს მათ ნებაზე არ არის დამოკიდებული, ეს უფრო მეტად მოქალაქეთა ქცევაზეა დამოკიდებული. თუ გავითვალისწინებთ რეკომენდაციებს, თავს შევიკავებთ მასობრივი შეკრებებისგან, ვივლით პირბადით, დავიცავთ დისტანციას, კორონავირუსი შეკავდება. ამიტომ მთავრობას კი ნუ ვთხოვთ, ცოტა ჩვენც უნდა გავიჭირვოთ.

რაც შეეხება პოლიტიკურ განცხადებებს, აქ სრული მიშვებულობაა, სააკაშვილი ირწმუნება, კოალიციური მთავრობა არც დამჭირდება, სრული უმრავლესობით მოვალ ხელისუფლებაშიო, დავით უსუფაშვილი მიშას ჩამოსვლის ნებას რთავს, მიხედე შენს ბედსა და მომავალსო... რომელ მომავალს უნდა მიხედოს სააკაშვილმა საქართველოში?

- წინასაარჩევნო ვითარებაა, ენას ძვალი არ აქვს და ზოგი ასე უბერავს, ზოგი ისე, მაგრამ სააკაშვილის დასახელების მცდელობა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად ყოველ ზღვარს მიღმაა. ეს კაცი, ფაქტობრივად, უცხოელია, საქართველოს მოქალაქეობა არ აქვს, თანაც, უმძიმესი დანაშაულების გამო მსჯავრდებულია. მისი ნომერ პირველ პოლიტიკურ ფიგურად დასახელება „ნაცმოძრაობის“ მიერ საქართველოს სახელმწიფოზე სილის გაწვნაა. ეს არის არაკონსტიტუციური და უკანონო საარჩევნო მიზანი. თუ ნაციონალები ამას გაბედავენ და გააკეთებენ, არა მგონია, ქართული საზოგადოება ამას შეურიგდეს. არის რამდენიმე ორგანიზაცია, მათ შორის, ორგანიზაცია „დავასრულოთ“ ერთ-ერთი დამფუძნებელი გია იაკობაშვილია. ამდენად, ნაცების უკანონო საარჩევნო მიზნის გამო შესაძლებელია, საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი შევიდეს, რათა „ნაცმოძრაობის“ პარტიას რეგისტრაცია შეუჩერდეს და აიკრძალოს. ეს უტიფრობის ყველა ზღვარს მიღმაა. სამართლებრივად ცალსახაა, რომ სააკაშვილს არათუ პრემიერმინისტრობა არ შეუძლია, არამედ საქართველოში კატეგორიულად ეკრძალება ნებისმიერი სახის პოლიტიკური საქმიანობა. როცა ასე უტიფრად თავზე დაგვახევენ ყველაფერს, ამას სამართლებრივი რეაგირებაც უნდა მოჰყვეს, რომ თავი დავიცვათ სააკაშვილისგან. ამას არც განვიხილავ, იმთავითვე ტყუილია, როგორ უნდა გახადონ სააკაშვილი პრემიერ-მინისტრი, როცა მოქალაქეც არ არის და, რომ ჩამოვა საქართველოში, ციხეში უნდა ჩაჯდეს. ამიტომ ვერ ჩამოვა. თუ პარლამენტს მოიგებენ, მერე აპელაციაში შეიტანენ, მსჯავრი გაუუქმდება სააკაშვილს და მოქალაქეობას აღუდგენენ, ეს უკვე ზღაპრებია.

უსუფაშვილის მოწოდებას სააკაშვილის მიმართ როგორ აღიქვამთ?

- უსუფაშვილი უადგილოდაა დარჩენილი და საკუთარი ინტერესი ალაპარაკებს. რისი თქმა უნდა მიშას მოპატიჟებით? ის ამბობს, არც სააკაშვილი ვარგა, არც ივანიშვილი, ყველამ თავის თავს მიხედოს და ჩვენ ვართ მესამე ძალა, ანუ ჩვენ ვართ გადამრჩენელიო. ამას უსუფაშვილი უხერხულად აკეთებს, ამიტომ მკაფიო პოზიცია უნდა ჰქონდეს არათუ უსუფაშვილს, არამედ ნებისმიერ ქართველს, რომ სააკაშვილის, როგორც მსჯავრდებული პირის და უცხოელის პოლიტიკაში მონაწილეობაზე. აქ ერთადერთი პოზიცია, ყველანაირი სხვა პოზიცია კანონგარეშეა. პოლიტიკურადაც მიუღებელია და სამართლებრივადაც გაუგებარია. ეს პირდაპირ დარტმის ქვეშ აყენებს სახელმწიფო ხელისუფლების სამივე შტოს ლეგიტიმურობას, მაშინ არც კანონი გვქონია, არც მთავრობა, არც სასამართლო, თუ ამას დავუშვებთ. ეს სუვერენიტეტის ხელყოფაა.

ბოლო პერიოდში რომელიმე ძალა თუ გამოიკვეთა, რომელიც დადებითად პოზიციონირებს ელექტორატის წინაშე?

- წვრილ-წვრილი პარტიებისგან შეიძლება რაღაც პერსპექტივა იყოს. მაგალითად, კონსერვატორებს, ზვიად ძიძიგურს, საკმაოდ ნორმალური პოზიციონირება აქვს, ასევე სოციალ-დემოკრატებს, გია ჟორჟოლიანს, რომელიც ამბობს, ვისაც გინდათ, ხელისუფლება შეიცვალოს, ჯერ იმას უნდა მივაღწიოთ, ნაცები გაქრნენ ამ პოლიტიკიდან, თორემ სანამ ნაცები არიან, ხელისუფლება არც შეიცვლება და ვერც შეიცვლება. ნაცები რა სცენარის გათამაშებას ცდილობენ ახლა? ეს არის 2012 წლის საარჩევნო კამპანიის იმიტაცია, ნაცები ცდილობენ, რომ ვითომ მაშინდელი ნაცობა არის ოცნება, ე.ი. დამნაშავე რეჟიმი თურმე არიან „ქოცები“ და ნაცები თურმე თვითონ არიან მხსნელები.

 

trampi ნაცები ყველა ვარიანტში აურზაურს ატეხენ(100%)
იმიტომ რომ ყველა ნაცი და ნანაცარი ჯამში ..........ჰააა ჰააა 30% ან აიღებს ან არა....
ეგ კიდე აბა მაგათ როგორ აწყობთ?---- მაგათ აუცილებლად სკამები უნდათ , სკამები... ხალხის სისხლის სმა მოენატრათ, ძალიან მოენატრათ.......
არადა ვის უნდა მისცეს კაცმა ხმა---- ამ ქაჯ ოცნებააას?
ბუა მოდის, ბუა მოდის .............ბუას ძახილი დღესაც წარმატებით მუშაობს და იმუშავებს კიდეც, თუ ორივე მოუსავლეთში არ გავუშვით ....
მოკლედ გამოადგათ(ადგებათ) ამ დებილებს ეს ბუები, გამოადგათ
სოფელში კაცი არ იყო და ვირი აირჩიეს მამასახლისადო... აი ესეა ამათი საქმე......
წესით ეს კომსომოლები ხელისუფლებასთან ახლოსაც არ არიან მისაშვებები ....................მაგრამ მარტო მიშვებას ვინღა ჩივის---- პარადიც მაგათ მიჰყავთ, მაგათ
ანუ სოფელში ძაღლის მაგივრად, კატებს აყეფებენო..............................ზუსტია!!
4 წლის უკან