კვლავ ბოდიში, დაპირება და ქვეყნის განვითარების გეგმა - როგორ და რა ფორმით აპირებს ქვეყნის მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საქართველოში დაბრუნებას?- თითქმის ცნობილია. ქვეყნის მესამე პრეზიდენტი მის მიერვე გავრცელებულ მიმართვაში ამბობს, რომ ის სამშობლოში მხოლოდ მაშინ დაბრუნდება, როდესაც ეს ქვეყნის არეულობას და დაპირისპირებას არ გამოიწვევს. რა გეგმა შეიძლება ჰქონდეს „ნაციონალურ მოძრაობას“? - როგორც ჩანს, მისი პრემიერად შემოყვანის გეგმა მხოლოდ არჩევნების შემდეგ არის ჩაფიქრებული, ისიც, თუ ნაციონალები ხელისუფლებაში დაბრუნდებიან.
რა გეგმა შეიძლება არსებობდეს, ამაზე for.ge ანალიტიკოსებს ესაუბრა. როგორ შეიძლება, ჯერ ერთი, უცხო ქვეყნის მოქალაქე გახდეს სხვა ქვეყნის პრემიერ-მინისტრი და მეორე - როგორ შეიძლება უკვე ბრალდებულმა პირმა ამხელა თანამდებობა დაიკავოს. ორივე გზა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილსიკენ მიდის - თან მოქალაქეობა უნდა დაუბრუნოს და თან შეიწყალოს. თუ არც ერთს არ იზამს, მაშინ ნაციონალების გეგმა იქნება, რომ ზურაბიშვილი იმპიჩმენტით გადააყენონ. თუმცა ამ ყველაფერს დრო უნდა და არავინ იცის, პარალელურად, პრემიერის მოვალეობას ვინ შეასრულებს.
„ნამდვილად არ ვაპირებ არეულობით ხელისუფლებაში მოსვლას. მე ჩამოვალ ისეთ პირობებში, რაც არ გამოიწვევს დაპირისპირებას და რაღაც სახის არეულობას. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველაფერი იყოს მშვიდობიანად. თავის დროზე მე ხელისუფლება გადავაბარე მშვიდობიანად და ნამდვილად არ ვაპირებ არეულობით ხელისუფლებაში მოსვლას. მაგრამ ის, რომ საქართველო გადასარჩენია, ამაში ყველა ვთანხმდებით. ამიტომ მე არ გავურბივარ პასუხისმგებლობას. აუცილებლად თქვენთან ერთად, ყველანი ერთად ფეხზე დავაყენებთ ჩვენს საყვარელ სამშობლოს, საქართველოს“, - განაცხადა სააკაშვილმა.
მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, პრემირ-მინისტრის თანამდებობას არასრული ვადით, 2 წლით დაიკავებს.
„ნაციონალურმა მოძრაობამ“ და მთელმა რიგმა სხვა ადამიანებმა დააყენეს საკითხი, რომ მე გავხდე საქართველოს მთავრობის ხელმძღვანელი, საქართველოს პრემიერ-მინისტრი. მე ამაზე ბევრს ვფიქრობ და მზად ვარ ვიტვირთო ეს ფუნქცია არა იმისთვის, რომ ხელისუფლებაში მოვიდე და ხელისუფლება მენატრება. ნამდვილად არ მენატრება და მინდა, გითხრათ, რომ ვიქნები პრემიერ-მინისტრი არა სრული ვადით, არამედ მაქსიმუმ 2 წელიწადი. ეს ორი წელი იქნება საკმარისი, რომ ქვეყანა ამოვათრიოთ ჭაობიდან და ძალიან სწრაფად წავიდეთ წინ. ამაში ვარ დარწმუნებული“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
სააკაშვილის შეფასებით, 31 ოქტომბრის არჩევნები ყოფნა-არყოფნის საკითხია. გავრცელებულ ვიდეომიმართვაში, სააკაშვილმა ამომრჩეველს მისი მმართველობის დროს დაშვებული შეცდომებისთვის „ბოდიში“ მოუხადა.
„მინდა შეცდომებისთვის მოგიხადოთ, კიდევ ერთხელ, ყველას გულწრფელი ბოდიში, მაგრამ ბოდიში არ კმარა, მთავარია არა ბოდიში, მთავარია შეცდომების გამოსწორება. მინდა გვქონდეს და მოგვეცეს შეცდომების გამოსწორების საშუალება“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
ქვეყნის მესამე პრეზიდენტის განმარტებით, სამართლიანობის დასამკვიდრებლად, რამდენიმე საკითხი დაუყოვნებლივ უნდა გადაიჭრას:
პოლიცია მხოლოდ ფორმალურად უნდა დარჩეს შს სამინისტროს შემადგენლობაში და მისი ხელმძღვანელი კონკურსით უნდა აირჩეს. არჩეული პირი პარლამენტმა უნდა დაამტკიცოს და მას ოპოზიციის მინიმუმ 1/3 უნდა უჭერდეს მხარს.
სასჯელაღსრულების სისტემა უნდა გამოეყოს იუსტიციის სამინისტროს. სააკაშვილის განმარტებით, მათ შორის შეიძლება მხოლოდ ფორმალური ბმა დარჩეს. უწყების ხელმძღვანელიც პარლამენტში ხმების უმრავლესობით უნდა აირჩეს და ოპოზიციის მესამედმა დაუჭიროს მხარი.
უზენაეს სასამართლოში უნდა მოიწვიონ უცხოელი მოსამართლეები მუდმივ სამუშაოზე.
ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი for.ge-სთან ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლა და გაპრემიერება ტექნიკურად მაშინაც კი შეუძლებელი იქნება, ამას მხარი „ოცნებამაც“ რომ დაუჭიროს. მისი თქმით, ჯერ ერთი, რომ ის საქართველოს მოქალაქე აღარ არის და მეორე მხრივ ის უკვე მსჯავრდებულია. ხელისუფლებას ენდომება თუ არა, მისი დაკავება მიანც მოუწევს. ასევე, საქრთველოს კანონის მიხედვით ის უცხო ქვეყნის მოქალაქეა და საქართველოს პრემიერი ვერ გახდება.
ხუხაშვილი პირობითად უშვებს სცენარს, რომ თუკი ნაციონალები გაიმარჯვებენ, მაშინ, „ჯერ სააკაშვილის სასჯელი უნდა გაასაჩივრონ. შემდეგ ზურაბიშვილი უნდა აიძულონ, რომ მას მოქალაქეობა დაუბრუნონ, ან იმპიჩმენტით პრეზიდენტი გადააყენონ. მოხდეს ჯერ სააკაშვილის პოლიტიკური და სამართლებრივი გასუფთავება და შემდეგ ის პრემიერი გახდეს. ამ ყველაფერს დიდი დრო სჭირდება და მაშინ მის მაგივრად პრემიერობის მოვალეობა სხვამ უნდა შეასრულოს“.
ეს ყველაფერი მხოლოდ და მხოლოდ ამომრჩევლის მობილიზებისთვის არის გაკეთებული. ის, როგორც ჩანს, არჩევნების შემდეგ ჩამოსვლაზე საუბრობს და აქ რაიმე ჩამოსვლაზე და არეულობებზე და რევოულიციებზე ვერც ილაპარაკებს. მას კარგად უნდა აუხსნან, რომ საქართველოში ხალხი მსგავს რაღაცეებზე აღარ მიდის. მაგას ნუ ჰგონია, რომ ხმას ვინც აძლევს ყუთთან, ყველა ქუჩაში გასვლის და გადატრიალების მომხრეა. რაც შეეხება „ოცნების“ მაღალჩინოსნების განცხადებებს ჩამოვიდეს პატიმრობა ელის და მსგავსი ქილიკი, მე მგონი ამაზე ყველაზე ღირსეული და პოლიტიკოსისთვის შესაფერისი პასუხი გახარიამ გასცა. მობრძანდეს, თუმცა არეულობის უფლებას არავის მივცემთო. მორჩა და გათავდა, ესაა პოლიტიკოსის პასუხი“,-ამბობს ხუხაშვილი for.ge-სთან.
ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძეც ფიქრობს, რომ მიხელ სააკაშვილის გაპრემიერება ბევრი მიზეზების გამო წარმოუდგენელია და შეუძლებელია. თუმცა მათ გარკვეული გეგმა აქვთ, რომელიც რეალობაში რამდენად განხორციელდება ნაკლებად წარმოსადგენია. ძაბირაძე for.ge-სთან ამბობს, რომ სააკაშვილს აქ უკრაინული სცენარის გათამაშება აღარ გამოუვა. მას კი ჰყავს მომხრეები თუმცა არა იმდენი, რომ ხელისუფლებამ ქვეყანაში სიტუაციის კონტროლი ვერ შეძლოს და რამე დაპირისპირებას ადგილი ჰქონდეს. ანალიტიკოსს არც სჯერა, რომ სააკაშვილი ქვეყანაში დაბრუნდება. მისი აზრით, ალბათ, ის არჩევნების დასრულებას დაელოდება და მხოლოდ ამის შემდეგ გადაწყვეტს რა გააკეთოს. თუმცა ის მაინც ფიქრობს, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტს მთელი რიგი პროცედურები და დრო დასჭირდება იმისთვის, რომ მისი პრემიერობა ნაციონალების გამარჯვების შემთხვევაშიც კი მოხდეს.
„ჩვენ ძალიან კარგად ვნახეთ, რომ 2016 წლის და 2018 წლის არჩევნების მსგავსად, მიუხედავად იმისა, რომ ნაციონალებმა არ აღიარეს არც ერთი არჩევნები, ყველა მაინც საბოლოოდ ბედს შეეგუა, მათ შორის მათი ამომრჩევლებიც და ქუჩაში დიდი გამოსვლებიც არ ყოფილა. 2019 წლის 20 ივნისის აქციებზეც რომ არ თქმულიყო, რომ ახალგაზრდების დაანონსებულია, ამდენი ხალხიც არ მივიდოდა. ამიტომაც რევოლუცია და გადატრიალებები ხალხის იმედად ვეღარ მოხდება. ჩვენი მოსახლეობა არც ერთ პოლიტიკოსს მსგავს მოწოდებაზე აღარ გაჰყვება.
არავის ეგონოს, რომ ასეთ აქციებზე ყველა ის ხალხი მივა, ვინც ბიულეტენში მათი ნომერი შემოხაზა. ამიტომაც აქ უკრაინული სცენა ვერ გათამაშდება. მაშინ საკმაოდ მძიმე სიტუაცია იყო და სააკაშვილმა ეს სათავისოდ კარგად გამოიყენა. როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთაც საქართველოში არეულობა არავის არ უნდა, გარდა რუსეთისა. ამიტომაც სააკაშვილი, რომც დაიჭირონ დასავლეთი ამის გამო ჩვენს ხელისუფლებაზე დიდად ზეწოლას ვერ მოახდენს. სიმშვიდე ყველას უნდა, ამიტომაც სწორად თქვა გახარიამ, ჩამობრძანდეს, მაგრამ არავის მივცემთ დესტაბილიზაციის უფლებასო“, - ამბობს ძაბირაძე for.ge-სთან.