დეპუტატი კახა ოქრიაშვილი ოპოზიციურ გაერთიანებას „ძალა ერთობაშია“ შეუერთდა და მემორანდუმი თვით გრიგოლ ვაშაძესთან გააფორმა. საქართველოში წამლების ბიზნესის მონოპოლისტმა და მილიონერმა დეპუტატმა თავისი გადაწყვეტილება იმით ახსნა, რომ ეს საქართველოში სიდუხჭირის დამარცხების გარანტი იქნება.
ამით კახა ოქრიაშვილმა პარტიიდან პარტიაში პორტირების მრავალფეროვანი გამოცდილება კიდევ ერთხელ გაამდიდრა. 2012 წელს პორტირებული ნაცი სააკაშვილის 9-წლიან რეჟიმს გაემიჯნა, „ქართული ოცნების“ სიაში აღმოჩნდა და „ოცნების“ ერთ-ერთი მედროშე გახდა.
ოქრიაშვილის კარიერა შპს. პსპ-ს დირექტორობიდან დაიწყო და არ დასრულებულა, მედიკამენტების ბაზარიც მისი მხრიდან დადგენილ ფასებზეა დამოკიდებული.
ოქრიაშვილს ,,ქართულ ოცნებაში“ უმალვე დაუწუნეს პოლიტიკური მორალი, გია ვოლსკიმ მისი გადაწყვეტილება ბიზნესმიზნების მიღწევას დაუკავშირა, გიორგი გუგავამ იგი ეშმაკთან კონტრაქტის გაფორმებაში დაადანაშაულა, გიორგი კანდელაკმა კი მომავლის ამბიციურ ხედვაში დასდო ბრალი.
ოქრიაშვილს ისიც გაუხსენეს, რომ ის „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ პროპორციულ არჩევნებს თავგამოდებით ეწინააღმდეგებოდა.
რა იცვლება ბიზნესმენების ფსიქიკაში ყოველი არჩევნების წინ?
ანალიტიკოსი დავით ზარდიაშვილი ოქრიაშვილის საქციელს ტიპური ვაჭრის ქმედებად აფასებს და ახსენდება „ვერის უბნის მელოდიების“ ცნობილი მონაკვეთი, „სულ ყველაფერს ვყიდულობ და ყველაფერს ვყიდი მე“.
დავით ზარდიაშვილის აზრით, ასეთი ადამიანი ყველაფერს ყიდულობს და ყიდის და, რასაკვირველია, საკუთარ თავსაც გაყიდის, თუკი კარგ ფასად გაიყიდება. დღესაც ამას აკეთებს მატერიალური სარგებლისთვის და, გარდა მატერიალური სარგებლისა, სხვა არავითარი ინტერესი პოლიტიკაში მის ყოფნას არ აქვს.
„მიზანი აქვს, მაქსიმალურად გაზარდოს მოგება, გააფართოვოს ბიზნესი და შეამციროს დანახარჯები. პოლიტიკის გარეთ რომ იყოს და პოლიტიკურ წრეებში არ ტრიალებდეს, ეს უფრო ძვირი დაუჯდება, ყოველ შემთხვევაში, თავად ასე ფიქრობს. ასეთ ურთიერთობებშია გაზრდილი და ამასაა მიჩვეული. ამიტომაც თავიდან ნაცებს მიეყიდა სარგებლისთვის, ახლა ცდილობს, თავისი ბიზნესი დაიცვას და სარფიანად გაყიდოს. მანდ სასაცილო ის არის, რომ ნაცები თავიანთ საარჩევნო პროგრამაში ამბობენ, წამლების ფასი სამჯერ უნდა შევამციროთო. შე დალოცვილო, ამას თუ აპირებ, ოქრიაშვილს როგორღა შეეკვრები? მთავარი მაფიოზა ამ წამლებში ხომ ოქრიაშვილია? წამლების ფასი დიდწილად პირადად მასზეა დამოკიდებული. ამიტომ მათი შეკავშირება აბსურდია. ჯერ ერთი, მათი დაპირებები რომ ნახოთ, ეს კიდევ ცალკე თემაა. „ევრონაცები“ ამომრჩეველს ჰპირდებიან, ბიუროკრატიის ხარჯებს 2 მილიარდით შევამცირებთო. ამ დროს მთლიანად ბიუროკრატიის შენახვა წელიწადში 1,8 მილიარდი გვიჯდება. ე.ი. ბიუროკრატიას აქეთ უნდა მოატანინონ ფული? სიგიჟეებს ლაპარაკობენ, ასი ათას სამუშაო ადგილს შევქმნით იმით, რომ გადასახადს შევამცირებთო. 50 ათასი დოლარი ჯდება ერთი სამუშაო ადგილის შექმნა, ასი ათასი სამუშაო ადგილი რომ შექმნა, 5 მილიარდით უნდა შეამცირო გადასახადები? სულ მთლიანად ჩვენი საგადასახადო შემოსავლები 10 მილიარდია, ე.ი. უნდა გაანახევრო? თუ განახევრებას აპირებენ, პენსიას ორჯერ როგორღა გაზრდიან? სოციალურ დახმარებას როგორ გაზრდიან? ამიტომ, თუ გადასახადების შემცირებას აპირებ, პარალელურად იმის თქმა, რომ სოციალურ ხარჯებს ორჯერ გაზრდი, უტიფარი გაიძვერობაა“, - აცხადებს დავით ზარდიაშვილი for.ge-სთან საუბარში.
ანალიტიკოსი ვახტანგ მაისაია კახა ოქრიაშვილის პორტირებასთან დაკავშირებით განმარტავს, რომ რა უნდა მოვთხოვოთ იმ ე.წ. ვაიოლიგარქს, რომელიც ახლა მარტო საკუთარ ტყავზე ზრუნავს.
„დაახლოებით ეს იგივეა, „რომელ პარტიას ეკუთვნის ეძგვერაძე ბარნაბა?“ ეძგვერაძის შესახებ სიმღერა ზუსტად მასზეა ზედგამოჭრილი, ოღონდ ეძგვერაძის სიმღერა მეოცე საუკუნეში იყო, 21-ე საუკუნეში კი მას ოქრიაშვილის სიმღერა ჩაენაცვლა“.
ბარემ, არჩევნების მაგივრად, ღიად გამოიტანონ გასაყიდად ვაკანსიები და ვისაც მეტი ფული ექნება, ის შევა პარლამენტში! -- კანონშემოქმედებითი მუშაობა მანდ არ ყოფილა აუცილებელი, წლიდან წლამდე ერთხელ ხმის ამოღება და რაიმე საკითხზე საკუთარი პოზიციის დაფიქსირება მანდ არ ყოფილა საჭირო და საკუთარი ბიზნესის ლობირებაში კიდევ აქეთ რომ გიხდიან ფულს ბიუჯეტიდან, ამას არჩევნები რად უნდა, ნეტავი?!