ბელარუსში მყისიერი „ხავერდოვანი რევოლუცია“ ვერ შედგა. რატომ? იმიტომ, რომ მცდელობა იყო სუსტი და უკბილო. „რევოლუციონერებს“ არ გამოუჩნდათ გამოკვეთილი და ქარიზმული ლიდერი ან ლიდერები. სვეტლანა ტიხანოვსკაიამ ამ როლზე აშკარად ვერ „გაქაჩა.“ ოპოზიციის ე.წ. „საკოორდინაციო საბჭო“ კი უფრო მეტს საუბრობს ვიდრე აკეთებს. რევოლუცია კი ლაპარაკთან ერთად საქმის კეთებაა და სწორედ ეს მეორე კომპონენტი უზრუნველყოფს მის წარმატებას. წარმოიდგინეთ, 2003 წელს „ვარდების რევოლუციის“ მონაწილეებს და ლიდერებს გაყალბებული არჩევნებით არჩეული ახალი პარლამენტისთვის მუშაობის დაწყების საშუალება და ლეგიტიმაცია რომ მიეცათ, სად იქნებოდნენ და ვინ იქნებოდნენ ახლა?!
ბელარუსში არჩევნები ასევე გაყალბდა და თან უხეშად. თუმცა, ლუკაშენკომ მოახერხა ოპონენტებისათვის ბრძოლის პირველი რაუნდის მოგება და რევოლუციური სცენარის შეჩერება, როგორ? მკაცრი ზომების მეშვეობით მან რევოლუციის საწყის ეტაპზევე არ დაუშვა წინააღმდეგობის ინფრასტრუქტურის და ეპიცენტრის შექმნა მინსკის ცენტრში. ეს რომ მომხდარიყო, ისე როგორც უკრაინაში მაიდანის დროს, როდესაც რევოლუციონერებმა კიევის ცენტრში კარგად ორგანიზებული და განშტოებული ინფრასტრუქტურა შექმნეს, წინააღმდეგობის მოძრაობა სულ სხვა მუხტს შეიძენდა.
რევოლუციური პროცესის „რუტინიზაციამ,“ რაც მოახერხა ხელისუფლებამ და ამაში მას ხელი მომიტინგეებმაც შეუწყვეს, როდესაც ზედმეტად გაერთნენ უწყინარი აქცია-პერფორმანსებით, გამოაცალა მას „წარმატების“ ერთ-ერთი დედაბოძი, მარცვალი. ვერ იმუშავა „ფერადოვანი რევოლუციებისთვის“ დამახასიათებელმა ე.წ. „ქსელური მარკეტინგის“ ტექნოლოგიამ, როდესაც ხალხის მობილიზება სოცქსელებით ხდება ლიდერების გარეშე. ამან კი გამოიწვია მოვლენების დინამიკის გარდატეხა ხელისუფლების სასარგებლოდ, ამ ეტაპზე მაინც. თან დააკვირდით, როგორ ლავირებს ლუკაშენკო მთელი ამ პროტესტის განმავლობაში, და ოსტატურად იყენებს „კვერის და მათრახის“ მიდგომას. მან თითქოსდა ყური უგდო დასავლეთს, გათავისუფლა პროტესტის პირველ დღეებში დაკავებულები, აღიარა, რომ ძალოვნებმა გადაამლაშეს. ამ დღეებში კი ძალოვნებმა განაახლეს დაკავებები. „ხავერდოვანი რევოლუციის“ ყველა სახელმძვანელო რევოლუციის ორგანიზატორებს ასწავლის შიშთან გამკლავებას და ამის საფუძველზე მასების სოციალური ქცევის ლოგიკის შეცვლას. მაგალითად, საკითხავია მოისურვებენ თუ არა ისევ აქციებში მონაწილეობას, ისინი ვინც საპატიმროებში საშინელი პრესინგი გაიარა.
ბელარუსის ოპოზიციამ ვერ მოახერხა გამოეყენებინა „ხავერდოვანი რევოლუციების“ კლასიკური მეთოდი - სამართლიან ბრძოლას შეწირული მსხვერპლის შექმნა და მისი სიმბოლიზცია, ისე როგორც უკრაინაში შექმნეს ე.წ. „ზეციური ასეული,“ რამაც პროტესტს ახალი მუხტი შესძინა და მხადამჭერები მოუმრავლა.
უფრო მეტიც, ლუკაშენკოს რეჟიმმა შეძლო აქციების ორგანიზატორების შევიწროება მედია სივრცეშიც აქტიური კონტრპროპაგანდით, რასაც თავდაპირველად ვერ ახერხებდა. ამაში მას რუსი პიარ-ტექნოლოგები დაეხმარნენ. შედეგად, საპროტესტო აქციის აღმავალი მუხტი დაღმავალით შეიცვალა და მიუხედავად იმისა, რომ აქციები გრძელდება, რეჟიმისთვის ისინი უკვე ნაკლებად სახიფათოა. ფაქტობრივად „პატური“ სიტუაციაა და ნერვების ომის მიდის.
პროტესტის საერთაშორისო მხარდაჭერა იმაზე დუნე აღმოჩნდა, ვიდრე ინიციატორებს ეგონათ და ბელორუსის მმართველი კამარილიის მიმართ პერსონალური სანქციებით შემოიფარგლა. სუსტი საერთაშორისო მხარდაჭერა კი საპროტესტო აქციებს მუხტს აკარგვინებს, ხოლო ორგანიზატორებს აბნევს. მათ არ იციან, მიიღებენ თუ არა სასურველი დონის მხარდაჭერას რადიკალურ სცენარზე გადასვლის შემთხვევაში. დასავლეთი საკუთარი ორმაგი სტანდარტების გამო მორალური კუთხით უხერხულ მდგომარეობაშია. ყველას ახსოვს მისი ინტენსიური ფლირტი „ევროპის უკანასკნელ დიქტატორთან“ არჩევნებამდე. დასავლეთი არცთუ უსაფუძვლოდ იმედოვნებდა, რომ ორ სკამზე ჯდომის მოყვარულ ლუკაშენკოს გადმოიბირებდა და რუსეთის წინააღმდეგ გამოიყენებდა.
მოკლედ, პროტესტის შედეგად ლუკაშენკოს რეჟიმს ჯერჯერობით მხოლოდ ფოთლები და ტოტები დასცვივდა რამდენიმე დიპლომატის, მაღალჩინოსნის და ჟურნალისტების სახით. ფაქტია, რომ მან პირველ შემოტევას გაუძლო.
ნაპოლეონ ბონაპარატე ამბობდა ხიშტებით ბევრის მიღწევა შეიძლებაო, შეიძლება დაიპყრო და შეინარჩუნო ხელისუფლება, მაგრამ ხიშტებზე ჯდომა დიდხანს არ გამოვაო. ბელარუსში ეს ესმით. ეს ესმის ლუკაშენკოს და ესმით ადგილობრივ ელიტებსაც. ყველა ხვდება, რომ ქვეყანა და მისი პოლიტიკური სისტემა კრიზისშია და უკვე ვეღარ დაუბრუნდება ადრინდელ მდგომარეობას - მამა-მარჩენალი დიქტატორი ლუკაშენკო, მეტნაკლებად დაპურებულ-დაკმაყოფილებული ხალხი და ელიტები და ორ სკამზე ჯდომის პოლიტიკა. ანტიდოტად კი ისევ პოლიტიკური მანევრი ხდება - კონსტიტუციური რეფორმა, რაც ლუკაშენკოს და მის რეჟიმს ამოსუნთქვის დროს მისცემს. ამ ხნის განმავლობაში კი, ის თავის პოლიტიკურ მემკვიდრეს მოამზადებს, რომელიც მოსკოვის ინტერესებსაც დააკმაყოფილებს და ლუკაშენკოს ინტერესებსაც დაიცავს.
ჩემი აზრით, ბელარუსის საპროტესტო აქციების განეიტრალებაში ძალიან მნიშვნელოვანი როლი შეასრულა მმართველობითი აპარატის და ძალოვანი სტრუქტურების ლოიალობამ ხელისუფლების მიმართ და რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანია „რევოლუციის“ მცდელობას მხარი არ დაუჭირეს ადგილობრივმა ელიტებმა. „ხავერდოვან რევოლუციებში“ ელიტების პოზიცია საკმაოდ მნიშვნელოვან როლს ასრულებს.
2003 წელს „ვარდების რევოლუციას“ მხარი დაუჭირა სისტემური ელიტების უმრავლესობამ. ხოლო ედუარდ შევარდნაძეს განუდგა მის მიერვე გამოზრდილ-დაპურებული „ნომენკლატურული ინტელიგენცია.“
1911 წელს გერმანელმა სოციოლოგმა რობერტ მიხელსმა „ელიტების თეორია“ შეიმუშავა, რომლის მიხედვითაც ხალხს არ შეუძლია სახელმწიფოს მართვა და ეს ფუნქცია საზოგადოების ელიტამ უნდა აიღოს, რომელიც ამ თეორიის მიხედვით, პირველ ადგილზე საკუთარ ინტერესებს აყენებენ. სარგებლობენ რა მასების ნდობითა და მათი პასიურობით, ელიტებს ადვილად შეუძლიათ მასების ინტერესების და ორიენტირების შეცვლა და საჭირო კალაპოტში წარმართვა. ელიტები როგორც პრივილეგირებული და საზოგადოებაში განსაკუთრებული ადგილის მქონე ფენა, ქცევის წესებისა და სოციალური პრაქტიკების ფორმალური და არაფორმალური მოდელებით პირდაპირ ან ირიბად მართავენ სოციუმს. ეს კი სოციუმს აძლევს ცვალებად გარემოებებთან ადაპტირების საშუალებას. სწორედ ელიტების მხარდაჭერა აძლევს არსებულ რეჟიმებს დიდწილად ლეგიტიმაციას.
ამიტომაც არის, რომ რუსეთსა და დასავლეთს შორის პოსტსაბჭოთა სივრცეზე გეოპოლიტიკურ კონკურენციაში, უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება ამ ქვეყნების ელიტებში საყრდენის მოძებნას ან სულაც ახალი და მართვადი ელიტების შექმნას.
რა თქმა უნდა, საქართველო არ არის ბელარუსი და ჩვენი პოლიტიკური რეალობები, კულტურაც და მენტალობაც განსხვავდება. თუმცა, ბელარუსის პროცესების ფონზე საქართველოს ოპოზიციურ ბანაკში ბოლო პერიოდში დაწყებული მოძრაობები, სააკაშვილის განაცხადი დაბრუნებაზე და სხვა ნაკლებად ხილული პროცესები, გვაფიქრებინებს, რომ „ხავერდოვანი რევოლუციის“ მცდელობის ალბათობა არსებობს. ბელარუსის „გაკვეთილები“ კი აუცილებლად იქნება გათვალისწინებული.