ერთი წლის წინ, ჩვენს რუბრიკაში „The Bug Pit“ გამოითქვა პროგნოზები იმის თაობაზე, რომ ორი ყველაზე შესაძლო კონფლიქტი შეიძლება კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში გაჩაღებულიყო: ან აზერბაიჯანს და სომხეთს შორის, ან ტაჯიკეთში. ფართომასშტაბიან კონფლიქტს 2012 წელს რეგიონი გადაურჩა, მაგრამ ეს ორი მოვლენა სერიოზულად გართულდა: აზერბაიჯანს და სომხეთს შორის ბაქოს მიერ რამილ საფაროვის შეწყალების გამო, ხოლო ტაჯიკეთში ზაფხულში, ხოროგაში სერიოზული საბრძოლო მოქმედებების დროს.
2013 წელს, როგორც ჩანს, შესაძლო კონფლიქტების კერად კვლავ ეს ორი ადგილი დარჩება, თუკი დავუშვებთ იმ ალბათობას, რომ რეგიონში კონფლიქტი მაინც გაჩაღდება. (შარშანდელი ვერსიით, მესამე კონფლიქტის ყველაზე რეალური სცენარი იყო სახელმწიფოთაშორისი კონფლიქტი სწორედ უზბეკეთს და ყირგიზეთს, ან ტაჯიკეთს შორის. თუმცა არც ეს პროგნოზი გამართლდა, და 2012 წელს საზღვარზე შეტაკებების და სამხედრო ნაწილების გადაადგილების რიცხვი შემცირდა, ის, რაც 2011 წელს დაძაბულობის გამწვავებას უწყობდა ხელს).
ერთი წლის წინ საკმაოდ რეალური ჩანდა სამოქალაქო არეულობისა და კიდევ უარესი მოვლენების განვითარების შესაძლებლობა საქართველოში იმის გამო, რომ ამ ქვეყანაში 2012 წლის შემოდგომაზე დაგეგმილი არჩევნების ფონზე ძალიან მწვავე კონკურენცია არსებობდა. ეს არ მოხდა. ამ რაიონშიც, როგორც ჩანს, კონფლიქტი ნაკლებ სავარაუდოა, ვიდრე ერთი წლის წინ, თუკი გავითვალისწინებთ იმას, რომ ქვეყანამ დაამტკიცა ის, რომ პოლიტიკური ძალაუფლების მშვიდობიანი გადაცემის უნარი გააჩნია, ხოლო პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის პოტენციურად ცვალებად ხასიათს ოპოზიციური მთავრობა გააკონტროლებს.
მაშ, რა ადგილებისთვის ღირს ყურადღების მიქცევა რეგიონში 2013 წელს? როგორც ყოველთვის, ეს სომხეთი და აზერბაიჯანია; აზერბაიჯანელმა ანალიტიკოსმა რაზი ნურულაევმა „ტვიტერში“ დაწერა, რომ იმის გამო, რომ 2013 წელს ორივე ქვეყანაში საპრეზიდენტო არჩევნებია, „ამ წელს სომხეთი და აზერბაიჯანი უპირატესობას მიანიჭებენ საომარ რიტორიკას, ორმხრივი მოლაპარაკებები უმაღლეს დონეზე, წელს არ იგეგმება“. თუმცა, მუდმივი დაძაბულობა კონფლიქტის ხაზზე მთიან ყარაბაღში, აზერბაიჯანის მხრიდან სამხედრო ძალის ზრდა და საომარი რიტორიკა ქმნის იმის პირობებს, რომ პატარა შეცდომის ან ინციდენტის შემთხვევაში, სიტუაცია კონტროლს აღარ დაექვემდებაროს.
და მიუხედვად იმისა, რომ საქართველოში კონფლიქტის რისკი შემცირდა, ქვეყანა შესაძლოა საკმაოდ რთული გეოპოლიტიკური მოვლენების არენად იქცეს, რადგან პრემიერმინისტრ ბიძინა ივანიშვილის გეგმებს, რომ კარგი ურთიერთობა შეინარჩუნოს აშშ-სთან და ნატოსთან და იმავდროულად გააუმჯობესოს რუსეთთან კაშირები, როგორც ჩანს, წელს გამოცდა ელის (და პირველ რიგში კრემლის მხრიდან). რასაც შეიძლება დაძაბულობა მოჰყვეს.
შარშანდელის მსგავსად, „საერთაშორისო კრიზისების ჯგუფმა“ „ცენტრალური აზიის“ ტერიტორია „2013 წლის ათი პოტენციური კონფლიქტის“ სიაში შეიყვანა. აქ შედიან ტაჯიკეთი, ხელისუფლების მემკვიდრეობითობის კრიზისი უზბეკეთში, საციო-ეკონომიკური დაძაბულობა ყაზახეთში და ნაციონალურ ნიადაგზე არსებული დაძაბულობა ყირგიზეთში. „საერთაშორისო კრიზისების ჯგუფის“ მსგავსად იმის მტკიცებას, რომ ამ ყველაფერს შეიძლება კონფლიქტი მოჰყვეს, არ დავიწყებ, მაგრამ დინამიკა, უდავოდ, საკმაოდ შემაშფოთებელია.
ცენტრალურ აზიაში მთავარი თემა იქნება მზადება 2014 წლისთვის, როდესაც აშშ და საერთაშორისო კოალიციის ძალები ავღანეთიდან ჯარების გამოყვანას დაიწყებენ. ბოლომდე არავინ იცის, როგორი პროცესი იქნება ეს, მაგრამ რეგიონის ქვეყნები შეშფოთებას გამოთქვამენ სამხრეთიდან არასტაბილური ვითარების გავრცელების გამო. მათ უმრავლესობას არ გააჩნია საგარეო საფრთხის თავიდან აცილების რესურსი, მაგრამ ეს ვაკუუმი შეიძლება რუსეთმა შეავსოს „კოლექტიურ უსაფრთხოებაზე შეთანხმების ორგანიზაციის“ საშუალებით. მიმდინარე წელს, რომელსაც 2014 წელი მოსდევს, ეს ორგანიზაცია შეეცდება იმის მტკიცებას, რომ ის არა უბრალოდ სალაყბო ორგანოა, როგორადაც დღემდე გამოიყურებოდა, არამედ რეალური ინსტრუმენტი უსაფრთხოების სფეროს პრობლემების გადაჭრისთვის.
2012 წელს, რეგიონმა შეძლო თავი აერიდებინა რამდენიმე გასროლისთვის (როგორც პირადაპირი, ასევე გადატანითი მნისვნელობით), განსაკუთრებით ტაჯიკეთში და სომხეთ-აზერბაიჯანის ურთიერთობებში. მაგრამ ამტკიცებს თუ არა ეს იმას, რომ შექმნილ სიტუაციებს, მიუხედავად მათი სიმწვავისა, გააჩნიათ იმის რესურსი, რომ არ აფეთქდნენ? თუ 2012 წლის მოვლენებმა ხელი შეუწყო არასტაბილური ვითარების გამწვავებას, მოამზადა რა საბოლოო ჯამში ნიადაგი რაიმე კატალიზატორისთვის, რომელიც ფართომასშტაბიან კონფლიქტს გამოიწვევს? იმედი ვიქონიოთ, რომ 2013 წელს, ჩვენი ყველაზე ცუდი პროგნოზები არ გამართლდება.
foreignpress.ge