„ვადაგასული პრეზიდენტი, თურმე...“

„ვადაგასული პრეზიდენტი, თურმე...“

"ჩვენი ვადაგასული პრეზიდენტი თურმე დუბაიში ნაშებთან ერთად ისვენებს“ - ასე გამოეხმაურა სოციალური ქსელის ერთ-ერთი მომხმარებელი for.ge-ს ნიუსს „სააკაშვილი მარიამ საჯაიასთან და ალანა გაგლოევასთან ერთად დუბაიში ერთობა“. რაც შეეხება „ვადაგასულს“, საზოგადოების დიდ ნაწილში არსებობს მოსაზრება, რომ ვინაიდან სააკაშვილი  პრეზიდენტად მეორე ვადით 2008 წლის 5 იანვარს იქნა არჩეული, სწორედ ამ დღეს, ანუ 2013 წლის 5 იანვარს გასდის მას პრეზიდენტობის ვადა და მისი გადადგომის მოთხოვნით აქციებიც იმართება და ხელმოწერებიც გროვდება.

ამ ყველაფრის ფონზე, დღესვე for.ge-სთვის ცნობილი ხდება, რომ მიხეილ სააკაშვილი ავღანეთიდან დუბაიში გაემგზავრა. შეგახსენებთ, ავღანეთში სააკაშვილი ახალ წელს ქართველ სამხედროებთან ერთად შეხვდა და მთელმა საქართველომ იხილა კადრები, როგორ ომახიანად ამხნევებს პრეზიდენტი ქართველ სამხედროებს სხვადასხვა დანაყოფებთან ტელეფონით დაკავშირებისას და როგორ ინტერესდება, შეწყდა თუ არა მათთან სროლა. პრეზიდენტის ადმინისტრაციამ კი გაავრცელა ინფორმაცია, რომ სააკაშვილის ჰელმანდის პროვინციაში ვიზიტი უწყვეტი სროლების ფონზე მიმდინარეობდა. აღნიშნული კადრების გავრცელების შემდეგ, რა თქმა უნდა, ბევრ ჩვენგანს გაახსენდა 2008 წლის აგვისტოს ომის დროს გორში მიწაზე განრთხმული პრეზიდენტი, რომელსაც არც მისი სტუმრის, საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ბერნარდ კუშნერის მოერიდა, თვითმფრინავის ხმის გაგონებაზე მიატოვა იგი და გაიქცა. ამიტომ ქართული საზოგადოების დიდ ნაწილში ავღანეთში გადაღებულმა კადრება აღშფოთება გამოიწვია.

აღარაფერს ვამბობთ იმაზე, რომ პრეზიდენტმა სააკაშვილმა ავღანეთში თავისი ვიზიტი ერთი კვირით ადრე დაანონსა, რაც ISAF-ის სტანდარტებს ეწინააღმდეგება. კერძოდ, არც ერთი მაღალი თანამდებობის პირის ცხელ წერტილებში ვიზიტის შესახებ ინფორმაცია წინასწარ არ ვრცელდება და ეს მხოლოდ ვიზიტის დასრულების შემდეგ, პოსტ-ფაქტუმ კეთდება. სამხედრო ექსპერტები აღშფოთებულები იყვნენ ამ ინფორმაციის გავრცელებით და აცხადებდნენ, რომ პრეზიდენტმა არა მხოლოდ საკუთარი თავი, არამედ ქართველი ჯარისკაცებიც საფრთხეში ჩააგდო. თუმცა როგორც ჩანს, თავად სააკაშვილმაც მშვენივრად გაიაზრა, რომ მას საფრთხე ემუქრებოდა და ძლიერი ემოციური სტრესის შემდეგ დუბაიში დასვენება გადაწყვიტა. შეგახსენებთ, რომ 2011 წლის გაზაფხულზე ძლიერი წვიმის შედეგად დატბორილ თბილისში ხუთი ადამიანის დაღუპვიდან მეორე დღეს, მიხეილ სააკაშვილი მილანში „შოპინგზე“ დააფიქსირეს, ხოლო 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ პრეზიდენტი სტრესს დოქტორ დოტის სექსუალური მასაჟით იხსნიდა. როგორც ჩანს, მისთვის ძლიერი სტრესის გადატანის შემდეგ რაღაც ამგვარი განტვირთვა აუცილებელობას წარმოადგენს.

აღსანიშნავია, რომ პრეზიდენტს ავღანეთში „ნაციონალური მოძრაობის“ რამდენიმე ცნობილი სახე ახლდა. მათ შორის ახალგაზრდა დეპუტატი მარიამ საჯაია, რომელმაც ავღანეთში მომსახურე ქართველ სამხედრო გოგონასთან ერთად გადაღებული ფოტო facebook-ის საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა და საკმაოდ მგრძნობიარე კომენტარიც მოაყოლა.

„ვამაყობ ისეთი ქართველი ქალით, როგორიცაა შორენა სოფრომაძე! ბედნიერი ვარ, რომ პირადად გავიცანი და მოვისმინე მისი ისტორია... მისმა ძმამ საქართველოს დროშის ფეხით გათელვას სიკვდილი ამჯობინა, სოფომ (როგორც მას ჯარისკაცები ეძახიან) კი ძმის გმირული სიკვდილის შემდეგ გადაწყვიტა მის ნაცვლად ემსახურა საქართველოსთვის: „მინდოდა გამეგო როგორი გრძნობაა გეცვას სამხედრო ფორმა და გულზე გეწეროს - საქართველო, იყო რიგითი ჯარისკაცი და ემსახურებოდე ქვეყანას“.

მიუხედავად დიდი წინააღმდეგობისა ოჯახისა და მეგობრების მხრიდან, სოფო ჯარში წავიდა, 3 წლის მსახურობის შემდეგ კი ავღანეთის სამხედრო მისიას შეუერთდა ჰელმანდის პროვინციაში - მსოფლიოს ყველაზე ცხელ წერტილში. შუკვანის ბაზაზე იგი სამედიცინო დახმარებას უწევს დაშავებულ მებრძოლებს, ზრუნავს როგორც საკუთარ ძმაზე იზრუნებდა იმ მძიმე წუთებში“, - წერს საჯაია თავის გვერდზე და თან შორენა სოფრომაძესთან ერთად გადაღებულ ფოტოსაც აქვეყნებს.

ნიშანდობლივია, რომ ეს ყველაფერი ავღანეთში დაღუპული სერჟანტის, გიორგი კიკაძის დაკრძალვის დღეს ხდება. გიორგი კიკაძის ოჯახს სამძიმარი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, თავდაცვის მინისტრმა და აშშ-ის ელჩმა გამოუცხადეს. ბიძინა ივანიშვილი, ირაკლი ალასანია და რიჩარდ ნორლანდი რუსთავის სიონის ტაძარში, სადაც გარდაცვლილი სამხედრო იყო დასვენებული, სამოქალაქო პანაშვიდზე იმყოფებოდნენ.

უფლებადამცველი დაჩი ცაგურია ამბობს, რომ ალბათ პრეზიდენტს დასვენება ესაჭიროება, ამასთანავე საქართველოში ახლა ცივა, დუბაიში კი თბილა.

„როგორც ჩანს, პრეზიდენტი დუბაიში ქალბატონების გარემოცვაში თბილად ერთობა. არ გამოვრიცხავ, რომ იქ დოქტორი დოტიც დაიმატოს (რა პრობლემაა, ჩვენი ბიუჯეტის ხარჯზე ამის გაკეთებაც არ გაუჭირდება) და კარგ დროს გაატარებს. ავღანეთში თავისი ვიზიტი ახალ წლამდე ორი კვირით ადრე დაანონსა და თალიბებს პირდაპირ მისცა მინიშნება. აისაფის სტანდარტები არსებობს, რომელთა თანახმად, მაღალი თანამდებობის პირის ცხელ წერტილში ვიზიტი მხოლოდ პოსტ-ფაქტუმ ხდება ცნობილი. ავღანეთში ჩასვლით ეტყობა თავისი ვაჟკაცობის დემონსტრირება სურდა, მაგრამ როგორი ვაჟკაციცაა და თვითმფრინავის ხმაზე რაც ემართება, ხომ კარგად ვნახეთ გორში“, - აცხადებს დაჩი ცაგურია.

მისი თქმით, პრეზიდენტი სააკაშვილი არის თავზეხელაღებული, არასერიოზული ადამიანი, რომელსაც არ აინტერესებს ქართველი სამხედრო მოსამსახურე ავღანეთში რომ დაიღუპა. აქვე ცაგურია იხსენებს, რომ ერაყსა თუ ავღანეთში აქამდეც არაერთი ქართველი სამხედრო დაიღუპა და არც ერთი მათგანის დასაფლავება შესაბამისი პატივის მიგებით არ მომხდარა, პირიქით, მათი დაკრძალვა ხდებოდა მალულად, თითქოს ეს ადამიანები ავღანეთსა და ერაყში რაღაც დანაშაულის ჩასადენად იყვნენ ჩასულები.

პოლიტოლოგი სოსო ცისკარიშვილი ამბობს, რომ შესაბამისი პროფესიული გამოცდილება არ აქვს, რომ სიტუაცია ზუსტად შეაფასოს, მაგრამ აქვე დასძენს - ჩემთვის ცნობილია, რომ ქცევითი პათოლოგია განკურნებადია, თუ მკურნალობის სწორ გეზს ავირჩევთო.

„როგორც ჩანს, საქართველოში ყველას, განურჩევლად თანამდებობისა, მაღალპროფესიულ სამკურნალო დაწესებულებებზე არ მიუწვდება ხელი. ამ მხრივ ძნელად წარმოსადგენია, როდის დაახლოვდა პრეზიდენტი მის ამალასთან ისე, რომ სწორედ ეს გუნდი აირჩია საახალწლო ნადიმისათვის. იარონ, იარონ, მაგრამ იძულებულები იქნებიან, სამშობლოშიც შემოიარონ და ამ შემთხვევაში მათ შემფასებლად და საკუთარი ნების გამოსახატავად საქართველოს მოსახლეობა დახვდება. მაშინ კი გაახსენდებათ ანდაზა, რაც მოგივა დავითაო, ყველა შენი თავითაო“, - ამბობს ექსპერტი.

პოლიტიკური პარტია „თავისუფალი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, ალექსანდრე შალამბერიძე აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილის საქციელი ამაზრზენია ისევე, როგორც მისი მთელი საპრეზიდენტო მმართველობა. შალამბერიძე მიიჩნევს, რომ აუცილებელია დასავლეთისთვის ხმის მიწვდენა იმასთან დაკავშირებით, თუ როგორი პრეზიდენტი გვყავს.

„ავღანეთში ბიჭები იმისთვის იღუპებიან, რომ სააკაშვილმა სკამი შეინარჩუნოს და ნაშებთან ერთად დუბაიში იაროს. ეს არის ნატოში გაწევრიანებისა და ISAF-ის პროგრამაში საქართველოს მონაწილეობის მიზანი. ამიტომ ეს აქციები, რომლებიც პრეზიდენტის გადადგომის მოთხოვნით იწყება, აუცილებლად ბოლომდე არის მისაყვანი. არავითარი კოჰაბიტაცია! ეს არის მოსახლეობისათვის თვალში ნაცრის შეყრა“, - აღნიშნავს შალამბერიძე.