მოსამართლეებს დანაშაული არ უნდა მიეტევოთ

მოსამართლეებს დანაშაული არ უნდა მიეტევოთ

პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი აცხადებს, რომ კოალიცია მზად არის, საჯარო მოხელეების მიმართ დაწყებული სამართლებრივი დევნა შეწყვიტოს და მათ მიუტევოს. ერთადერთი, იმ პირებზე არ გავრცელდება ეს კანონი, ვისაც მძიმე დანაშაული აქვთ ჩადენილი.

„გირგვლიანის, რობაქიძის და სხვა ამბების ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს და შეუძლებელია, ვინმეს რამე ვაპატიოთ, თუკი საქმე გვაქვს მილიონობით სახელმწიფო ქონების განკარგვასთან. რაც შეეხებათ იმ ადამიანებს, ვინც შეიძლება თავად იყვნენ ამ სისტემის მსხვერპლნი, ანუ შემსრულებლები, ჩვენ ვამბობთ, მზად ვართ, ვაპატიოთ და მივუტევოთ", _ დასძინა უსუფაშვილმა.

ამავე აზრს იზიარებს საქართველოს განვითარების კვლევითი ინსტიტუტის საბჭოს თავმჯდომარე გია ხუხაშვილი. მისი თქმით, რეჟიმი უნდა გასამართლდეს, თუმცა შესაძლოა, ამა თუ იმ დანაშაულში მონაწილე პირებს მონანიების სურვილი ჰქონდეთ. ამიტომ უახლოეს მომავალში შეთანხმება უნდა შედგეს, რომელიც მძიმე დანაშაულში მონაწილე პირებს არ შეეხებათ.

მისივე განმარტებით, ეს უპირატესობა ქრთამის აღების ხელშემწყობებს, კურიერებს, ფოსტალიონებს ეხება, რადგან სისტემამ ბევრი ადამიანი დამნაშავედ აქცია.

For.ge დაინტერესდა, როგორ აღიქვამს საზოგადოება დამნაშავე ადამიანებისთვის პატიებას, მაშინ, როცა ამ ხელისუფლების მთავარი დაპირება სამართლიანობის აღდგენა იყო. ასევე, საინტერესოა, ეს შეღავათი გავრცელდება თუ არა დამნაშავე მოსამართლეების მიმართ, რომლებიც როგორც სისხლის, ისე სამოქალაქო საქმეებზე თანაბრად სცოდავდნენ. 

„კონსტიტუციის 42-ე მუხლის“ აღმასრულებელი დირექტორი ნაზი ჯანეზაშვილი მიიჩნევს, რომ წმინდა იურიდიული და სამართლებრივი თვალსაზრისით, კანონი ყველას მიმართ ერთი უნდა იყოს და გარკვეულ ადამიანთა ჯგუფს უპირატესობა არ უნდა მიენიჭოს; მაგრამ, თუ საქართველოს პარლამენტი აცხადებს პოლიტიკურ ნებას, რომ მიუტევოს და აპატიოს გარკვეული ტიპის დანაშაულობები ადამიანებს, ეს არის პოლიტიკური ნება. იგულისხმება სამოხელეო დანაშაული, რომელიც ჩაიდინა პოლიტიკურმა რგოლმა. თუმცა ამის მიუხედავად, ამ ადამიანებს აქვთ თავიანთი წილი პასუხისმგებლობა და ბევრ საქმეში, ალბათ, იკვეთება კიდეც კონკრეტული დანაშაულის ნიშნები. 

ნაზი ჯანეზაშვილის თქმით, საჯარო მოხელეების მიერ ჩადენილი დანაშაულის გამო ადამიანთა გარკვეული ჯგუფი დაზარალდა. შესაბამისად, გასაგებია, რომ საზოგადოება უფრო კატეგორიულია მათ მიმართ და ამ ადამიანებისთვის მიტევებას ვერ გაიგებს. ამიტომ ხალხის დამოკიდებულება, შესაძლოა, კრიტიკული და სწორიც იყოს, მაგრამ პატიების ნება სახელმწიფოს გადასაწყვეტია.  

„თუ პარლამენტი ამას გადაწყვეტს, მაშინ მანვე უნდა აიღოს პასუხისმგებლობა საზოგადოების წინაშე“,_აცხადებს „კონსტიტუციის 42-ე მუხლის“ აღმასრულებელი დირექტორი.

რაც შეეხება საქმის გამყალბებელ მოსამართლეებს, ნაზი ჯანეზაშვილს უჭირს იმის დადასტურება, პატიებულთა შორის მოიაზრებიან თუ არა მოსამართლეები. თუმცა მისი თქმით, განსაკუთრებული მიდგომა სჭირდება მოსამართლეთა საკითხს, რადგან არაერთი უკანონო გადაწყვეტილება იყო მიღებული წლების განმავლობაში როგორც სისხლის, ისე სამოქალაქო საქმეებზე. ამდენად, ალბათ, ახალ ხელისუფლებას მოუწევს თავისი მიდგომა ჰქონდეს მოსამართლეთა მიმართ.

„ეს ძალიან ფაქიზი თემაა, იმაზე ფაქიზი, ვიდრე დაბალი რგოლის მიერ ჩადენილი სამოხელეო წვრილმანი დანაშაული. ამიტომ პასუხისმგებლობის გარეშე არ უნდა დარჩნენ ეს ადამიანები, მათ უნდა აგონ პასუხი ჩადენილ ქმედებებზე, მაგრამ ეს რა ფორმით მოხდება, განსასაზღვრია. მოსამართლის პახუხისმგებლობის ხარისხი განსაკუთრებულია, რადგან მოსამართლეები მნიშვნელოვან საკითხებს, ადამიანის ბედს წყვეტენ და ეს უნდა იყოს დემოკრატიის სერიოზული გარანტი, მათი პასუხისმგებლობის ხარისხი საზოგადოების წინაშე მაღალი უნდა იყოს. ამიტომ ვფიქრობ, კოალიციის მიერ საჯარო მოხელეთა დაბალი რგოლისთვის დანაშაულის პატიება მოსამართლეებისთვის პატიებას არ უნდა გულისხმობდეს, რადგან მოსამართლე არის ის რგოლი, რომელმაც ყველაზე მეტად უნდა უზრუნველყოს კანონის უზენაესობა. თუ მათ დანაშაულის ნიშნების შემცველი ქმედებები ჩაიდინეს, ამაზე სახელმწიფომ უნდა იზრუნოს და უნდა განსაზღვროს, როგორ მოიქცეს. დანაშაულისთვის ყველამ პასუხი უნდა აგოს“,_ აღნიშნავს ნაზი ჯანეზაშვილი.

უფლებადამცველი ლია მუხაშავრია აცხადებს, რომ მიტევებულთა კატეგორიაში მოსამართლეები ვერ მოხვდებიან, რადგან გამოძიების კვალობაზე, თუ მათ მიერ აშკარა კანონდარღვევა გამოიკვეთება და დადასტურდება, რომ მათ უდანაშაულო ადამიანი პასუხისგებაში მისცეს, რა თქმა უნდა, მათი პასუხისმგებლობის საკითხიც დადგება. მინიმუმ, ისინი ჩამოსცილდებიან თანამდებობას, მათზე დევნა აღიძრება და შეუწყდებათ უფლებამოსილება.

„თუკი მოსამართლემ დოკუმენტაცია გააყალბა, შესაძლოა, სისხლის სამართლის კუთხითაც წავიდეს საქმე, მაგრამ, თუ მომხდარი ფაქტი მძიმე დასამტკიცებელია და მოსამართლისთვის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის დაკისრება რთულია, მაშინ შეიძლება, იგი გაათავისუფლონ, დისციპლინარული წესით მოხსნან და სხვა მოსამართლით ჩაანაცვლონ“,_აღნიშნა ლია მუხაშავრიამ.