„რაც უფრო მეტ ადამიანს დაემართება ვირუსი, გამოუმუშავდებათ დაცვა, ეს არის დადასტურებული პრაქტიკა“

„რაც უფრო მეტ ადამიანს დაემართება ვირუსი, გამოუმუშავდებათ დაცვა, ეს არის დადასტურებული პრაქტიკა“

რატომ დაიწყო მოულოდნელად ქვეყანაში დაინფიცირებულთა რიცხვმა ზრდა და რამდენად მოსალოდნელია, რომ ქვეყანაში მეორე ტალღა დაიწყოს? აპრილის შემდეგ ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების მსგავსი რეკორდული ზრდა აღარ ყოფილა. ყველაზე სავალალო ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა კი აჭარის რეგიონშია. ვირუსით დაავადებულთა შემთხვევები ასევე თბილისშიც გამოვლინდა.

ქვეყნის მასშტაბით კორონავირუსის 38 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა და ინფიცირებულთა რაოდენობა 1548 გახდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.

გამოჯანმრთელებულების რაოდენობა 17-ით გაიზარდა და 1270-ს შეადგენს. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5806 მოქალაქე, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 230.

უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

კორონავირუსის შედეგად ქვეყანაში 19 პაციენტი გარდაიცვალა.

აჭარაში მომატებული დადასტურებული შემთხვევების მიუხედავად, მთავრობა, ჯერჯერობით, ზომების გამკაცრებაზე არ ფიქრობს. საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, არ დაიხურება გასართობი ობიექტები, თუმცა მათ ამ დრომდე არსებული რეკომენდაციების მკაცრად შესრულება დაევალათ იმ მიზნით, რომ ეპიდემიოლოგიური სიტუაციის დამძიმება სხვა ქალაქებზეც არ აისახოს.

ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გათვალისწინებით, ხელისუფლებამ ზომების გარკვეული გამკაცრების მიღების გადაწყვეტილება მიიღო. მიკროავტობუსებში, თუკი მგზავრი პირბადეს არ გაიკეთებს, მაშინ მძღოლს უფლება ეძლევა ავტომობილი არ დაძრას.

დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის, ამირან გამყრელიძის პროგნოზით, ვირუსის გარკვეული ზრდა გვექნება, მაგრამ ეს დრამატული არ იქნება.

"ქვეყანაში ჯერჯერობით ახალი შემთხვევების დადებითი დინამიკა არ არის. დადებითი დინამიკაა მხოლოდ სიკვდილიანობის პროცენტის შემცირებისკენ და ასევე მსუბუქი შემთხვევების რაოდენობა მძიმე შემთხვევებისას სჭარბობს,"- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

იქნება თუ არა სასწავლო პროცესის დაწყების შემდეგ, სტატისტიკაში მნიშვნელოვანი ზრდა, ამაზე ამირან გამყრელიძემ განაცხადა, რომ ვირუსის გარკვეული ზრდა გვექნება, მაგრამ ეს დრამატული არ იქნება. მისი თქმით, მთავარია ჩვენ ფართომასშტაბურ ეპიდემიაში არ შევიდეთ.

ინფექციონისტი, კლინიკა ”ნეოლაბის” კლინიკური განყოფილების გამგე მაია ბუწაშვილი for.ge-სთან ამბობს, რომ რეალურად, არ არსებობს იმის მტკიცებულება, რომ კორონავირუსი შესუსტდა. ბუწაშვილი ამბობს, რომ უბრალოდ, მისი დამაზიანებელი გავლენა შესუსტდა, რადგან ექიმებმა უფრო მეტად ისწავლეს ვირუსის მართვა. ამიტომ იმატა ინფიცირებულთა რიცხვმა და იკლო ლეტალურმა შემთხვევებმა.

მისივე განცხადებით, ვაქცინის არარსებობის შემთხვევაში, ვირუსის დაძლევის ერთადერთი შანსი მოქალაქეების იმუნიტეტის გაძლიერება იქნება. ინფექციონისტი ამბობს, რომ ასე ხდება პანდემიების დროს.

„რაც უფრო მეტ ადამიანს დაემართება ვირუსი, გამოუმუშავდებათ დაცვა, ეს არის დადასტურებული პრაქტიკა. შესაბამისად, ორი ტიპის იმუნიტეტი არსებობს - უჯრედული და ანტისხეულებზე დაფუძნებული და ორივე ტიპის იმუნიტეტი ამუშავდება.

კარგად ვიცით, ვინც გადაიტანა ვირუსი, მათ დღემდე აქვთ ანტისხეულები. რაც უფრო მეტ ადამიანს ექნება ვირუსი, მით უფრო მეტად შესუსტდება მისი გავრცელების რისკიც.

გრიპის სეზონი გარდაუვალია, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ კორონავირუსი ამ დროს გააქტიურდება. კორონავირუსი თანაბარი წარმატებით ვრცელდება ზაფხულშიც და ზამთარშიც“, - ამბობს ბუწაშვილი for.ge-სთან.

მისივე თქმით, გრიპსაც სერიოზული დაწოლა აქვს ჯანდაცვის სისტემაზე და ორივე ერთად საკმაოდ რთული გასამკლავებელი იქნება. ამიტომ, ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ. ინფექციონისტი მოსახლეობას მოუწოდებს, რომ როგორც კი ვაქცინაცია დაიწყება, აუცილებლად აიცრან.

ჯანდაცვის ექსპერტი ვატო სურგულაძე კი for.ge-სთან ამბობს, რომ როგორც ხელისუფლების, ასევე მოსახლეობის მხრიდან კორონავიურისის მიმართ ყურადღება მოდუნდა. მისი თქმით, პირველ რიგში, მოსახლეობის ნაწილს არ სჯერა, რომ საერთოდ კორონავირუსი არსებობს, მეორე - ხელისუფლებამ კონტროლის მექანიზმები შეასუსტა და სადაც ყურადღეებაა რეალურად გასამახვილებელი, იქ მოადუნა. ექსპერტი ამბობს, რომ ქვეყნის ჩაკეტვის და „სახლში დარჩის“ პოლიტიკა აღარ იმუშავებს, ამიტომაც სახელმწიფომ იმაზე უნად დახარჯოს რესურსი, როგორც ფინანსური ასევე ადამიანური, რომ კორონავირუსთან ერთად ცხოვრება ვისაწვლოთ და მისი ადვილად მართვა შევძლოთ.

„ზრდა რომ იქნებოდა, ეს გასაკვირი არ არის და არც არავის უნდა გაუკვირდეს. მით უმეტეს საკურორტო ზონებში ეს მოსალოდნელი იყო. მეორეც, ალბათ, ვინც აჭარაში და მესტიაში იმყოფებოდა, შეამჩნევდა, რომ წესებს არავინ არ იცავს. ღამის კლუბში 40 და 50 კაცი პირბადით და დისტანციით ხომ ვერ იცეკვებს? ამიტომ, ვაიმე, კორონა დაბრუნდა ასე არაა. რეალურად არც არსად წასულა, უბრალოდ, რაღაცა მომენტში მისი პროვოცირება მოხდა. რაც შეეხება ქვეყნის კვლავ ჩაკეტვას, ეს არის აბსურდი. მსგავსი მატება ყველა ევროპულ ქვეყნებშიც არის.

ჯანდაცვის სისტემა უნდა გავმართოთ და მოვემზადოთ იმისთვის, რომ სწავლის დაწყებასთან ერთად შემთხვევები კიდევ უფრო გაიზრდება. მხოლოდ ჩაკეტვის პოლიტიკა აღარ გამოვა. მესტიას ვკეტავთ და აჭარას არა? მით უმეტეს იქ უარესი ეპიდემიოლოგიური სიტუაციაა, ვიდრე სვანეთში იყო. ამიტომაც რელურად უნდა დავალაგოთ, როგორ და რა ტაქტიკით ვებრძვით ამ ვირუს და შერჩევითი მიდგომა არ უნდა გვქონდეს. ახლა 900 კაცი რომ ჩაკეტეს სასატუმროში, ეს ხომ აბსურდია. ტესტირების მაღალ დონეზე ჩატარება და ეგაა. რად უნდა ამ ყველაფერს ამდენი ისტერიკა. დიდი ქორწილები არ გამართოთო და 400-მა ექიმმა კონფერენცია მომიწყო. ამიტომ პანიკას უნდა შევეშვათ და ამ ვირუსის სამართავად უფრო გამართული სტრუქტურა უნდა შევიმუშაოთ“, - აცხადებს სურუგულაძე for.ge-სთან.