საქართველოს პრეზიდენტსა და ახალ მმართველ ძალას შორის ვერ შემდგარი კოჰაბიტაციის ფონზე კვლავ აქტუალურია პრეზიდენტ სააკაშვილის საპრეზიდენტო ვადის თემა. შეგახსენებთ, ხელისუფლებაში მოსვლიდან რამდენიმე დღეში პრემიერ-მინისტრმა, ბიძინა ივანიშვილმა პრეზიდენტ სააკაშვილს გადადგომისკენ მოუწოდა, რამაც ჩვენი დასავლელი პარტნიორების შეშფოთება გამოიწვია. მაშინ ითქვა, რომ პრემიერის ამ განცხადებით საქართველოში დემოკრატია საფრთხის წინაშე აღმოჩნდა, რადგან ბიძინა ივანიშვილი სააკაშვილზე ზეწოლას ახდენდა.
მოგვიანებით ბიძინა ივანიშვილს თავის განცხადებასთან დაკავშირებით განმარტების გაკეთება მოუწია. პრემიერ-მინისტრის თქმით, ის არ ცდილობს სააკაშვილზე ზეწოლას და მისი მხრიდან ეს უბრალოდ რჩევა იყო, რათა ქვეყანას ორხელისუფლებიანობის საფრთხე არ შექმნოდა. ამის შემდეგ საქართველოს დასავლელი პარტნიორების ლექსიკონში გაჩნდა ახალი სიტყვა - კოაბიტაცია, რომლისკენაც ისინი საქართველოს პრეზიდენტსა და ახალ მმართველ გუნდს მოუწოდებენ. მკვეთრი განცხადებებისგან პრემიერ-მინისტრიც უკვე თავს იკავებს და სააკაშვილს გადადგომისკენ აღარ მოუწოდებს, თუმცა ცხადია, რომ მის და სააკაშვილის გუნდებს შორის კოაბიტაცია პრაქტიკულად შეუძლებელია.
ამის შემდეგ უკვე სამოქალაქო საზოგადოებამ დაიწყო აქტიურობა და დღეს პრეზიდენტის რეზიდენციასთან, ასევე საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში ადგილობრივი თვითმმართველობის ადმინისტრაციულ შენობებთან სააკაშვილის გადადგომის მოთხოვნით აქციები იმართება. თბილისში აქციის ორგანიზატორი არის არასამთავრობო ორგანიზაცია „ერთსულოვნება ადამიანის უფლებებისთვის“, რომლის წარმომადგენელთა განცხადებით, პრეზიდენტის გადადგომის მოთხოვნით 650 000 ხელმოწერაა შეგროვილი, თუმცა ხელმოწერების შეგროვების პროცესი ისევ გრძელდება. როგორც ცნობილია, ამ პროცესში 50 არასამთავრობო ორგანიზაციაა ჩართული. აქციის ორგანიზატორთა განცხადებით, თუ პრეზიდენტი 20 იანვრამდე არ გადადგა, ფართომასშტაბიანი აქციები გაიმართება. აქციის მონაწილეები პრეზიდენტის ადმინისტრაციაში დღესაც გეგმავენ მემორანდუმის დატოვებას, რომლითაც კიდევ ერთხელ მოუწოდებენ პრეზიდენტს, რომ თანამდებობა დატოვოს.
ამის პარალელურად საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში შევიდა სარჩელი, რითაც კონსტიტუციის ის ნორმა საჩივრდება, რომლითაც არჩევნები საარჩევნო წლის მხოლოდ ოქტომბრის თვეში იმართება. სარჩელის მოთხოვნა არის არაკონსტიტუციურად იქნეს ცნობილი ის მუხლი, რომლითაც პრეზიდენტმა უფლებამოსილება გაიხანგრძლივა. ადვოკატი ირმა ჭკადუა აცხადებს, რომ 2006 წლის 27 დეკემბერს საქართველოს პარლამენტმა საქართველოს კონსტიტუციაში, კერძოდ, კონსტიტუციის 70-ე მუხლის მეცხრე პუნქტში, ცვლილებები შეიტანა, რითაც პრეზიდენტ სააკაშვილს უფლებამოსილების ვადა ერთი წლითა და ექვსი თვით გაუხანგრძლივდა.
„პრეზიდენტობის ვადის გახანგრძლივება ერთი წლითა და ექვსი თვით არის დაუშვებელი. ამასთანავე, პარლამენტს არ ჰქონდა უფლება, რომ ასეთი გადაწყვეტილება მიეღო, რადგან ხელისუფლების წყარო არის ხალხი, რომელიც ნებისმიერ ხელისუფალს მანდატს აძლევს კონკრეტული ვადით. ხალხს პარლამენტი იმისთვის არ აურჩევია, რომ ის გასცდენოდა იმ მანდატს, რა მანდატითაც იყო აღჭურვილი და ასეთი გადაწყვეტილებები მიეღო. შემდეგ ყველაზე ცუდი რაც მოხდა იყო ის, რომ პრეზიდენტმა თვითონვე მოაწერა ხელი ამ ნორმას და ხელისუფლება წელიწადნახევრით მიითვისა“, - აცხადებს ადვოკატი.
მისი თქმით, აღნიშნულ საკონსტიტუციო ცვლილებამდე კონსტიტუციაში ეწერა, რომ საპრეზიდენტო არჩევნები უნდა გამართულიყო საპრეზიდენტო ვადის ბოლო წლის აპრილის მეორე შაბათ-კვირას. ამდენად, არჩევნები 2012 წლის აპრილში უნდა ჩატარებულიყო. შესაბამისად, ირმა ჭკადუა აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილმა ხელისუფლება წელიწადნახევრით გაიხანგრძლივა, რისი პრეცედენტიც არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მსოფლიოშიც არ არსებობს. სწორედ ამიტომ საკონსტიტუციო სარჩელით ირმა ჭკადუა იმ ნორმის ანტიკონსტიტუციურად ცნობას ითხოვს, რომლითაც პრეზიდენტს უფლება-მოსილება გაუხანგრძლივდა. ამასთანავე, ადვოკატი ამბობს, მართალია, დღეს სასამართლო დამოუკიდებელი ჯერაც არ არის, მაგრამ საკონსტიტუციო სარჩელში უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის, კოტე კუბლაშვილის ერთ-ერთი ნაშრომიდან ციტირება არის მოყვანილი, რომელიც სწორედ ამ საკითხს ეხება:
„საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის პირველი პუნქტი აღიარებს ადამიანის ღირსების ძირითად უფლებას, საქართველოს კონსტიტუციის უმნიშვნელოვანეს პრინციპს. კონსტიტუციის მე-17 მუხლის შესაბამისად, ადამიანი მიჩნეულია ინდივიდად, რომელსაც აქვს თავისი ცხოვრების დამოუკიდებლად და საკუთარი პასუხისმგებლობით ჩამოყალიბების შესაძლებლობა და უნარი. ყველა უნდა იყოს უზრუნველყოფილი საკუთარი პიროვნების განვითარების შესაძლებლობით. საზოგადოებრივ - პოლიტიკური და სოციალური სფეროებისთვის ეს ნიშნას იმას, რომ ადამიანებმა შეძლებისდაგვარად ფართოდ უნდა მიიღონ მონაწილეობა სახელმწიფოს მიერ გადაწყვეტილებების მიღების პროცესში. სწორედ აქ არის თვითმმართველობისა და დემოკრატიის ფესვები“.
ამასთანავე, საკონსტიტუციო სარჩელში ადვოკატს სხვადასხვა ქვეყნების პრაქტიკიდან მოჰყავს მაგალითები და აცხადებს, რომ 2006 წლის 27 დეკემბრის საკონსტიტუციო ცვლილებით საქართველოს პარლამენტმა სრულიად უგულებელჰყო ამომრჩევლების უფლებები, რითაც შეზღუდა მოქალაქეების უფლება, სახელმწიფოებრივი გადაწყვეტილებების მიღების პროცესში თავად მიეღოთ მონაწილეობა. აქვე ადვოკატი დასძენს, რომ ეს საკონსტიტუციო ცვლილება ისე იქნა მიღებული, რომ მასთან დაკავშირებით საზოგადოებრივი განხილვა არ მომხდარა.
„წლების განმავლობაში საზოგადოებას მისთვის ესოდენ მნიშვნელოვან საკითხთან დაკავშირებით არავითარი ინფორმაცია არ ჰქონდა და ვარაუდობდა, რომ საქართველოს პრეზიდენტი არა ექვსი, არამედ ხუთი წლით იყო არჩეული. ეს კი ადასტურებს იმას, რომ პრეზიდენტის უფლება-მოსილების ვადის გახანგრძლივებით თითოეული მოქალაქის უფლება დაირღვა“, - აცხადებს ირმა ჭკადუა.