„ხელისუფლება არ უნდა შეიცვალოს ნაციონალებით, მაგრამ სიახლე ქართულ საზოგადოებას ნამდვილად სჭირდება“

„ხელისუფლება არ უნდა შეიცვალოს ნაციონალებით, მაგრამ სიახლე ქართულ საზოგადოებას ნამდვილად სჭირდება“

პოლიტიკური პარტიების ნაწილმა წინასაარჩევნო კამპანია ოფიციალურ გამოცხადებამდე გაცილებით ადრე დაიწყო. პირველი მოთელვის შემდეგ, უკვე გაჩნდა წინასაარჩევნოდ, კონკრეტული პარტიების მიერ დაკვეთილი კვლევები, სადაც დამკვეთის რეიტინგის მაჩვენებელი შთამბეჭდავი პროცენტულობით არის წარმოდგენილი, მის მთავარ კონკურენტ პარტიებს კი, თავის მართლებისა და საპასუხო კვლევის დაკვეთის გარდა არაფერი დარჩენიათ. ეს მხოლოდ მცირე ნაწილია იმ თეატრალური წარმოდგენისა, რაც საზოგადოებას წინ ელოდება. მანამდე კი, for.ge დაინტერესდა, რას ფიქრობს ამ ყველაფერთან დაკავშირებით დამოუკიდებელი დეპუტატი გედევან ფოფხაძე, ხდება თუ არა საზოგადოებრივი აზრის ფორმირება გამოქვეყნებული რეიტინგებით, მოხდება თუ არა მმართველი პარტიის მიერ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება და რა სავარაუდო სურათს მივიღებთ. 

გედევან ფოფხაძე: რეიტინგების გასაჯაროვება, საზოგადოებრივი აზრის ფორმირების მცდელობაა, ვიდრე რეალური სურათის ასახვა. ობიექტურ სურათს ვერ მივიღებთ, რადგანაც არის ადამიანების კატეგორია, რომელიც იძულებულია თქვას, რომ ხელისუფლებას უჭერს მხარს. მე კარგად მახსოვს 2012 წელს, როდესაც რეგიონში ვატარებდი გამოკითხვებს, მეუბნებოდნენ, რომ შენ მანდ ნაცები ჩაწერე და ჩვენ ხმას ვის მივცემთ ჩვენი საქმეაო. ეს იმიტომ ხდებოდა, რომ ადამიანებს არ ჰქონოდათ ხელისუფლებასთან კონფლიქტი. ასეა დღესაც, ბევრი იტყვის, რომ „ოცნებას“ აძლევს ხმას, მაგრამ რეალურად, „ოცნება“ ხმებს ვერ მიიღებს. ამიტომ, მე მაინც მგონია, რომ ეს სოციოლოგიური კვლევები არის ძალიან პირობითი და შუალედური. ამიტომ შესაძლოა, საარჩევნო ბიულეტინებში რადიკალურად განსხვავებული შედეგი მივიღოთ.

ამომრჩევლის დიდი ნაწილი მაინც არის მოლოდინის რეჟიმში, ის უყურებს სპექტრი როგორ ჩამოყალიბდება და მერე დაიწყებს თავისთვის მისაღები პოლიტიკური სუბიექტების შერჩევას. მე მგონია, რომ ამ ვითარებაში მთავარია, პოლიტიკურმა ძალებმა იფიქრონ, რომ სახალხოობის ელემენტები არ დაკარგონ, არ გახდნენ „ოცნების“ ან „ნაციონალური მოძრაობის“ მარიონეტები. ამ პოლიტიკურ სუბიექტებს თავისი ნიშა უკვე უკავიათ, ამომრჩეველიც ჰყავთ და გასაგებია, რა პოლიტიკურ გათვლებსაც აკეთებენ. თუ შენ უბრალოდ ხვდები მათ ორბიტაზე სატელიტი ძალა, თამაშობ ვიღაცის თამაშს და კარგავ სახალხოობას, მაშინ, ჩემი აზრით, პოლიტიკურ პროცესში მონაწილეობას ამ შემთხვევაში აზრი არ აქვს.

„ჩვენი საქართველო“-ს პრინციპული პოზიციაა, ხაზი გავუსვათ იმას, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ არის ცუდი წარსული, „ქართული ოცნება“ არის ცუდი რეალობა და ეს უნდა შევცვალოთ. ამომრჩეველთან ერთად შევთანხმდეთ იმაზე, როგორ და რა ფორმით უნდა შეიცვალოს ხელისუფლება, რომ მივიღოთ სახალხო მთავრობა. ჩვენი მთავარი ორიენტირი არის სახალხო მთავრობა. 

ფიქრობთ, რომ ეს არჩევნები ხელისუფლების ცვლილებით დამთავრდება?

- მე მიმაჩნია, რომ საქართველოს სხვა ისტორიული არჩევანი არ აქვს, ეს უნდა მოხდეს იმიტომ, რომ თუ ამ არჩევნებზე ხელისუფლება არ შეიცვლება, საზოგადოება დეპრესიაში ჩავარდება. ხელისუფლების ცვლა არის ერთგვარი სიმბოლური ჟესტი იმისათვის, რომ ხალხმა სიახლის შემოსვლა იგრძნოს, რომ ჩვენ არ ვრჩებით იმ რეალობაში რაც არის. პრინციპულად მიმაჩნია, რომ ხელისუფლება არ უნდა შეიცვალოს ნაციონალებით, მაგრამ სიახლე ქართულ საზოგადოებას ნამდვილად სჭირდება. იმის მოსმენა, რომ მთავარი პოლიტიკური ამოცანა არის ის, რომ არ დაბრუნდნენ ნაცები... მაშინ, როცა არ არის სამუშაო ადგილები, არის სოციალური გაჭირვება, არის უსამართლობა ქვეყანაში, ვერ განხორციელდა სასამართლო რეფორმა, ფაქტობრივად, ჩინოვნიკების დიდი არმია იქცა კორუმპირებულ დანამატად, რომელიც არ ასრულებს თავის ფუნქციას, მაგრამ აკეთებს ფულს, ისეთმა ბიზნესმენებმა როგორიც არის ჩხარტიშვილი, ან უჩა მამაცაშვილი და ძალიან ბევრი, ხალხს დაანახა, რომ ამ ქვეყანაში პატიოსანი და სამართლიანი ბიზნესი ისევე არ არის, როგორც არ იყო ნაციონალების დროს. ეს მოცემულობა თუ არ შეიცვალა, საზოგადოებას აღქმა იმისა, რომ ქვეყანა წინ მიდის, ქვეყანა ვითარდება, რომ ჩვენ ვქმნით იმ ძლიერ სახელმწიფოს რომელშიც მოქალაქეების კეთილდღეობას მივაღწევთ, ეს განცდა ვერ შეიქმნება, ამიტომ, ახლა ხელისუფლების არშეცვლა არის აბსოლუტურად დაუშვებელი. 

უკვე კეთდება განცხადებები და ამ შემთხვევაში ამერიკის ელჩის განცხადება მაქვს მხედველობაში, რომ არჩევნებში მოსალოდნელია რუსეთის ჩარევა, თქვენ როგორ ფიქრობთ, რა გავლენა შეიძლება იქონიოს რუსეთმა არჩევნებზე და რა ფორმით შეიძლება ეს მოხდეს?

- რუსეთი ყოველთვის ერევა საქართველოს საშინაო საქმეებში, ეს შეიძლება იყოს ფინანსური მომენტი, საჭირო განცხადებები, გამოჩნდნენ მათი ემისრები მოხდეს ამა თუ იმ პარტიის ლობირება და მოახდინოს თავისი კონტაქტების გაძლიერება. მგონია, რომ პოლიტიკურ სპექტრს აქვს იმისი რესურსი, რომ ამ ჩარევებმა ქართული სახელმწიფოს სუვერენიტეტზე და ჩვენს პოლიტიკურ გეგმებზე გავლენა ვერ მოახდინოს, იმიტომ რომ საბოლოო ჯამში, თუ პოლიტიკური ძალა არ აღიარებს რუსეთს როგორც ოკუპანტს და არ აღიარებს იმას, რომ არ შეიძლება დიპლომატიური ურთიერთობები ჰქონდეს სუბიექტთან, რომელმაც შენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა ხელყო, სხვანაირად, პოლიტიკურ ძალას წარმატება საქართველოში ვერ ექნება. რაიმე ფორმის დიპლომატიური ურთიერთობები ან მათ ნარატივში მოხვედრა, თეორიულად დასაშვები არის მხოლოდ იმის მერე, რაც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა აღდგება და რუსეთიც ამ მოცემულობას მიიღებს. დღეს ნებისმიერი კონსულტაციები და თანამშრომლობა ამა თუ იმ პოლიტიკური სუბიექტის მხრიდან, არის კატეგორიულად მიუღებელი.

„პატრიოტთა ალიანსი“ არ მალავს რუსეთთან საკუთარ სიმპათიებს, მათი ბოლო დროის ვიზიტი აფხაზეთში დიდი სკანდალის მიზეზიც გახდა, მათ ხომ არ გულისხმობდით?

- არ მინდა დავუპირისპირდე კონკრეტულ პოლიტიკურ ძალას ისე, რომ რაღაც საფრთხობელად ვაქციო. მაგრამ, თუ ჩვენ „ნაციონალურ მოძრაობა“-ს ვსაყვედურობთ ცხრა წლის ძალადობრივ ხელისუფლებას, უნდა შევთანხმდეთ იმაზე, რომ პოლიტიკური სპექტრი რომელიც რუსეთთან თანამშრომლობს და ექცევა მათი ზეგავლენის ქვეშ, ის საქართველოსთვის საზიანო საქმეს აკეთებს. ამიტომ, როცა ეს ორი საკითხი წამოვიდა წინა პლანზე, ამაზე პასუხები უნდა გაეცეს. სოხუმის ვიზიტთან და იმ რვა მილიონთან დაკავშირებით „პატრიოტთა ალაინსი“-ს ინტერესიც უნდა იყოს, რომ დასაბუთებული პასუხი გასცეს საზოგადოებას. როდესაც ასეთი რამე ხდება, საგამოძიებო ორგანოს პირდაპირი ვალდებულება აქვს, რომ ამ საკითხს მისცეს სამართლებრივი შეფასება და ძიება ჩატარდეს. ამიტომ, მე მიმაჩნია, რომ ამ თემების იგნორირებაც არ იქნება სწორი. ჩვენ უნდა შევთანხმდეთ იმაზე, რომ რუსეთის მონაწილეობა რაიმე ფორმით ქართულ პოლიტიკურ სივრცეში იქნება დაუშვებელი.

როგორია წინასაარჩევნო ფონი, რამდენად თანაბარ პირობებში მიმდინარეობს პროცესები, ოპოზიციური პარტიები უკვე საუბრობენ ხელისუფლების მხრიდან ადმინისტრაციული რესურსის შესაძლო გამოყენებაზე.. 

- მე მიმაჩნია, რომ დიდი ფინანსური და ადმინისტრაციული რესურსის პირობებშიც ვერ მიიღებს შედეგს „ოცნება“, იმიტომ, რომ ისტორიულად არის აუცილებელი ჩვენი ქვეყნისთვის, რომ ეს მოცემულობა შეიცვალოს. ამას წინააღმდეგობას ვერავინ გაუწევს, ეს ქვეყნის განვითარებას სჭირდება. რაც შეეხება თანაბარ კონკურენტულ გარემოს, ეს რომ არ არის, ბუნებრივია, იგრძნობა ფინანსების თვალსაზრისით, რადგანაც არის რამოდენიმე გამოკვეთილი ფინანსური ჯგუფი, რომელიც პოლიტიკური თვალსაზრისით ჩაგრავს დანარჩენ სპექტრს თავისი ბანერებით, თავისი ძვირადღირებული ოფისებით და კოორდინატორების სიმრავლით. იგრძნობა, რომ ამ პოლიტიკურ ძალებს უფრო მეტი ფინანსური რესურსი აქვთ. იგრძნობა ისიც, რომ ადამიანებს, რომელთაც ჩვენთან ურთიერთობა უნდათ, ფერხდებიან, თუ მათ საჯარო სამსახურებთან აქვთ შეხება, რადგანაც ხელისუფლებასთან კონფლიქტი არ უნდათ. თუ ეს ყველაფერი საარჩევნოდ კიდევ უფრო მკვეთრ ხასიათს მიიღებს, ჩვენ ამასთან ბრძოლის დიდი გამოცდილება გვაქვს ნაციონალების დროს და არც „ოცნებასთან“ ვაპირებთ ამ ნაწილში წაგებას. 

ბოლო დროის გახმაურებული, დღემდე გამოუძიებელი მკვლელობები, რომელიც ძალიან ბევრ კითხვის ნიშანს აჩენს ხელისუფლების რეიტინგზე რამდენად აისახება, რაც ბუნებრივია, ოპოზიციურ პარტიებს მომგებიან პოზიციაში აყენებს...

- რაც შეეხება ამ გახმაურებულ საქმეებს, ძალიან ბევრი ცუდი ხდება ქვეყანაში და ამან არ შეიძლება საზოგადოების განწყობა ხელისუფლების საწინააღმდეგოდ არ შექმნას, იმიტომ, რომ მოქალაქეების ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა ქვეყნის წინაშე არის ის, რომ სახელმწიფო იყოს ძლიერი, თავისი ძლიერი ინსტიტუტებით უზრუნველყოს უსაფრთხოება და მშვიდობიანი განვითარება. ის, რომ „ოცნება“ დღეს ამ საკითხს ვერ ერევა, ეს არის ფაქტი. კორონა ვირუსთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, „ოცნებას“ ჰქონდა გარკვეული ბონუსები და უპირატესობა, რადგან ამ მიმართულებით გადადგმულმა ნაბიჯებმა ეფექტი ნამდვილად იქონია, ამაში ხელისუფლებას ოპონირებას ნამდვილად ვერ გავუწევთ. ის, რაც გაკეთდა იყო სწორი, მაგრამ უსაფრთხოების ნაწილში, ეკონომიკის ნაწილში, იგრძნობა, რომ „ქართული ოცნება“ ქვეყნის მართვას ვერ ახერხებს. ეს ნებისმიერმა მოქალაქემ შეიძლება თავის ცხოვრებაზე განიცადოს და თუ მე ვხედავ, რომ მე შეიძლება ქუჩაში გავიდე და ვიღაცამ მომკლას, და ზუსტად ვიცი, რომ ამ საქმეს არავინ არ გამოიძიებს, ოც ლარად და ვერც ას ლარად, ხმას ასეთ პარტიას მაინც ვერ მივცემ. არის უფრო მაღალი თამასა, რომელსაც ხელისუფლებას მოქალაქეები უყენებენ და მისგან ელოდებიან უფრო მეტს, ვიდრე არჩევნების წინ თანხების დარიგებაა. ამიტომ, მე მგონია, რომ „ქართულ ოცნებას“ პოლიტიკური პერსპექტივა არ უნდა ჰქონდეს და თუ ის დარჩება ხელისუფლებაში ამით დაზარალდება ჩვენი სამშობლო.