„სააკაშვილს უნდა შევასრულებინოთ პირობა, დავაბრუნოთ საქართველოში და კანონის წინაშე აგოს პასუხი“

„სააკაშვილს უნდა შევასრულებინოთ პირობა, დავაბრუნოთ საქართველოში და კანონის წინაშე აგოს პასუხი“

„ქართული ოცნება“ ამტკიცებს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ რეიტინგი 12%-ია და არჩევნებამდე ეს მონაცემები კიდევ უფრო დაიკლებს. „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ 12%-ს ინარჩუნებს და პარტიებს შორის მეორე ადგილზე არიან, რაც ძალიან „სამწუხარო რეალობაა“.

„ნაციონალური მოძრაობა“ რეიტინგებში მეორე ადგილზეა 12%-ით, თუმცა იმედი გვაქვს, რომ ეს მაჩვენებელი კიდევ უფრო შემცირდება. ეს ძალიან სამწუხარო რეალობაა, თუმცა ეს სურათი თანდათანობით შეიცვლება. არჩევნების შემდეგ, ქართულ პოლიტიკურ სპექტრში სურათი გაჯანსაღდება“,- აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

მან მიხეილ სააკაშვილის ბოდიშზეც ისაუბრა და თქვა, რომ ყველა ჩადენილი დანაშაული მას არჩევნების წინ გაახსენდა.

„რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილის ბოდიშს, ეს სწორედ მისი ნატურაა, რომელიც არჩევნების წინ იხდის ბოდიშს. 8 წლის თავზე გაახსენდა ის მძიმე დანაშაულები, რომელიც მან ჩაიდინა საქართველოში. ამ დანაშაულთა დიდი ნაწილი დამტკიცებულია ქართული სასამართლოს მიერ და ასევე, სტრასბურგის სასამართლოს მიერ.

„ნაციონალურმა მოძრაობამ“ რუსეთს ქვეყნის 20% ჩააბარა და მათ ოკუპაცია გაუფორმა ოფიციალური ხელწერით, ეს ღალატი იყო. ეს და სხვა დანაშაული, მას და მის პარტიას არ უნდა ეპატიოს. ბოდიში არის აღიარება იმ უმძიმესი დანაშაულისა, რომელიც ჩაიდინა მიხეილ სააკაშვილმა და ამაზე პასუხი საზოგადოებას ექნება. თუმცა ესეც არ არის საკმარისი, რა თქმა უნდა, მიხეილ სააკაშვილს უნდა შევასრულებინოთ პირობა, დავაბრუნოთ საქართველოში და მან კანონის წინაშე უნდა აგოს პასუხი“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე for.ge-სთან აცხდებს, რომ არ გვაქვს სოციოლოგიური დინამიკა, ზუსტად გავარკვიოთ ვის რამდენი რეიტინგი აქვს. თუმცა ლოგიკურად თუ ვიმსჯელებთ, ნაციონალებს მხრადამჭერები კორონავირუსის შემდეგ მოაკლდა, ხოლო „ოცნების“ რეიტინგმა პირიქით - მოიმატა. მეორე მომენტი კი ის არის, რომ ნაციონალებს პოზიტიური დღის წესრიგი და შეთავაზება ამომრჩევლებისთვის არ აქვს და ნელ-ნელა, ამის გამო მას კარგავს. საყვარელიძეს მიაჩნია, რომ პარტიას მიხეილ სააკაშვილიც საქმეს უფუჭებს, რაც „ჩამოვალ-არ ჩამოვალ“ ძახილით არის განპირობებული.

„ფაქტია, რომ ნაციონალები ამომრჩეველს რაიმე ახალ დღის წესრიგს ვეღარ სთავაზობენ. მთელი საარჩევნო პროცესი მხოლოდ სააკაშვილის დაპირებაზეა დამყარებული, რომელიც „ჩამოდის“, მაგრამ ჯერ ვერ ჩამოვიდა. ამიტომაც ეს ფაქტორი ნაციონალებს ამომრჩევლის ნაწილს თუ უნარჩუნებს, ნაწილს აკარგვინებს. ასევე ამ კორონავირუსმა „ოცნების“ რეიტნიგი რადიკალურად შეცვალა და გაზარდა, ხოლო ამ ფონზე ნაციონალების რეიტინგმა იკლო. ასევე ერთი მნიშვენელოვანი ფაქტორი ოპოზიციური პარტიებია. როგორც ვიცით, ნაციონალებს, ევროპელებს „სტრატეგია აღმაშენებელს“ ერთი და იგივე ელექტორატი ჰყავთ და ისინი ამომრჩევლებს იყოფენ. ამიტომაც მგონია, რომ ამ არჩევნებზე ნაციონალებს ევროპელები ელექტორატს წაართმევენ. ჩამოუყალიბებელი ამომრჩევლის ხმები კი, რომელსაც „ოცნება“ აღარ უნდოდა და შესაძლოა, ფიქრობდა, რომ ხმა ოპოზიციური პარტიისთვის მიეცა და, ეს შესაძლოა, ნაციონალები ყოფილიყვნენ, ახლა სააკაშვილის გააქტიურების გამო, ისევ „ოცნებისკენ“ წავა, ან რომელიმე ოპოზიციური პარტიისკენ“, - ამბობს საყვარელიძე for.ge-სთან.

ვახტანგ ძაბირაძე კი for.ge-სთან ამბობს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ საპრეზიდენტო არჩევნებისგან განსხვავებით უფრო მეტ ხმებს აიღებს. ამის მიზეზად კი იმას ასახელებს, რომ საპარლამენტო არჩევნებზე მოსახლეობა უფრო დადის. გარდა ამისა, ძაბირაძე ფიქრობს, რომ საქმე ისევ ორპოლუსიანი არჩევნებისკენ მიდის. გარკვეული პოლიტიკური ძალების ამომრჩეველი, თუ ის ოდესმე ნეიტრალური იყო, ახლა ნაციონალებისკენ გადაიხრება. ანალიტიკოსი ამბობს, რომ ნაციონალები, ვინმეს მოსწონს თუ არა, მაინც ყველაზე ძლიერი ოპოზციური პოლიტიკური პარტიაა.

„სააკაშვილის გამოჩენით „ნაციონალური მოძრაობა“ თავის ამომრჩეველს არავითარ შემთხვევაში არ დაკარგავს, პირიქით, მის შენარჩუნებას შეძლებს. თუმცა, მართალია ისიც, რომ ნაციონალები ვერ მიიღებენ იმ ჩამოუყალიბებელი ამომრჩევლის ხმებს, რომლებიც „ოცნებაზე“ არიან განაწყენებულები. ეს ხმები ნამდვილად სხვა ოპოზიციურ პარტიებზე გადანაწილდება. რაც შეეხება „ევროპულ საქართველოს“ და ნაციონალებს შორის დაპირისპირებას, მე რატომღაც მგონია, რომ პირიქით ნაციონალები შეეცდებიან, რომ ევროპელებს ამომრჩევლი წაართვას. მათი დაპირისპირების რეალური მიზეზიც ეს არის და მგონია, არჩევნების მოახლოვებასთან ერთად, სიტუაცია კიდევ უფრო გამწვავდება.

ასევე არ არის გამორიცხული, რომ ნაციონალებმა რეიტინგის მომატების მიზნით, სხვადასხვა პოლიტიკური მანიპულაციები დაიწყონ. კარგად ვიცით ესენი მსგავსი ამბების სპეციალისტები არიან და სხვა მოვლენებს ქვეყანაში პოლიტიკური მიზნებისთვის გამოიყენებენ. ვნახეთ, როგორ ახდენენ ხოლმე გარკვეული ტრაგიკული საქმეების პოლიტკური მანიპულაციებისთვის გამოყენებას. ამიტომაც არ მგონია კობახიძის მოლოდინი გამართლდეს და ნაციონალები გულზე ხელდაკრეფილები დასხდნენ“, - ამბობს ძაბირაძე for.ge-სთან.

 

mamago ძაბირაძე ნუ ათამაშებ!
4 წლის უკან