საჯარო მოხელეებს უნდა ეპატიოთ დანაშაული?!

საჯარო მოხელეებს უნდა ეპატიოთ დანაშაული?!

პრემიერ-მინისტრის მიერ ინიცირებულმა პოლიტიკურმა ამნისტიამ საზოგადოებაში აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. მიტევება და სულგრძელობა ამაღლებული თემებია, მაგრამ ბევრს აინტერესებს - ვის ხარჯზე? ხშირ შემთხვევაში, უბრალო ჩინოვნიკების მიერ ჩადენილი დანაშაულებისა და გაყალბებული დოკუმენტების გამო არაერთი ადამიანი დაზარალებულა. ფორუმებზე უკვე გაჩნდა კატეგორიული შეფასებებიც:  „თუ დამნაშავე მოხელეებს არ დასჯით, მაშინ უბრალო ხალხი დაგვიჭირეთ“; „ჩემს ხარჯზე პატიება წარმოუდგენელია“; „რადგან ახალი ხელისუფლება მათ ამნისტიას სთავაზობს, ლინჩის წესით ხომ არ მოუწევთ გასამართლება ყოფილ მაღალჩინოსნებს?!“

ამდენად, ამ საკითხშიც ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებას არჩევანის გაკეთება მოუწევს დასავლეთის მოთხოვნასა და ქართველი ხალხის სამართლიანობის აღდგენის სურვილს შორის.  

პოლიტოლოგ ვახტანგ ძაბირაძეს ეეჭვება, რომ ახალი ხელისუფლების მიერ ინიცირებულმა პოლიტიკურმა ამნისტიამ საზოგადოებას რადიკალური ქმედებებისა და დამნაშავეების ე.წ. ლინჩის წესით გასამართლებისკენ უბიძგოს. მისი თქმით, ქართველ ხალხს აქვს იმის შეგრძნება, რომ გარკვეულ ზღვარს არ გასცდეს. უფრო მეტიც, ბევრად უფრო შემწყნარებელნი ვხდებით მას შემდეგ, რაც ესა თუ ის პიროვნება დაკარგავს პოსტს.

ამის დასტურად პოლიტოლოგს ახსენდება ჯაბა იოსელიანთან მიმართებით არსებული სიტუაცია. მაშინ, როცა მთელი საქართველო ამბობდა, რომ ჯაბა დასახვრეტია, როდესაც იგი გაათავისუფლეს თანამდებობიდან და იოსელიანი  მარტო დარჩა, ხალხი ამბობდა - საწყალი ჯაბაო.

„ამ მხრივ, არა მგონია, ვინმეს საფრთხე ემუქრებოდეს. ყოველთვის არის იმის ალბათობა, რომ გარკვეული ინციდენტი მოხდეს, მაგრამ არა მგონია, რომ ვინმე სერიოზულად ფიქრობდეს რადიკალურ ქმედებებზე. არ ვიცი, რამდენად მიიღებს ამას ყოფილი ხელისუფლება, მაგრამ დღევანდელმა ხელისუფლებამ მათ ზავი შესთავაზა. თუმცა გასახსენებელია, რომ ამ შეთავაზებას პრეზიდენტმა უპასუხა ხუთპუნქტიანი თავისი გეგმით. ამ გეგმაში სწორედ მეორე პუნქტია მთავარი, სადაც პრეზიდენტი ხელისუფლებისგან გარკვეულწილ გარანტიას და ხელშეუხებლობას ითხოვს. პირდაპირ ამას არ ლაპარაკობს, მაგრამ, ძირითადი ამ ხუთპუნქტიან გეგმაში სწორედ  ეს არის“, - აცხადებს ვახტანგ ძაბირაძე For.ge-სთან საუბარში.     

მისი თქმით, ახალი ხელისუფლება ყოფილ ხელისუფლებას გარიგებას სთავაზობს და რამდენიც უნდა ფუთოს ახალმა ხელისუფლებამ თავისი განზრახვა, რეალურად, ეს მაინც გარიგებაა. უბრალოდ, ცუდი ის არის, რომ ახალ ხელისუფლებას უნდა სცოდნოდა, რომ გარკვეული პრობლემების წინაშე აუცილებლად დადგებოდა და თავიდანვე არ უნდა დაეწყო მასირებური შეტევა ყოფილ ხელისუფლებაზე, რათა პროცესები არ წასულიყო ამ მიმართულებით. დღეს კი, როცა პროცესები ამ მიმართულებით წავიდა, ცოტა რთულია ამის შეჩერება, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ სადამდე შეიძლება გაგრძელდეს ეს პროცესი?!

გარდა ამისა, ვახტანგ ძაბირაძე აცხადებს, რომ, ვისაც გარკვეული დანაშაული აქვს ჩადენილი, უნდა მოინანიოს და აღიაროს. თუ დასაბრუნებელია რამე, უნდა დააბრუნოს, მათ შორის - უნდა დააბრუნოს მიტაცებული ქონებაც. ასეთ შემთხვევაში, მოხდება მისი ამნისტირება.

„დღევანდელი ხელისუფლება შექმნილი სიტუაციიდან გამოსავალს ეძებს. ფაქტია, რომ დასავლეთი ამ დაჭერებს ძალიან ცუდად შეხვდა. დასავლეთიდან ჯერ კიდევ არჩევნებამდე მოდიოდა ამგვარი მესიჯები, რომ ხელისუფლების გადაბარება მოხდა და არ არის საჭირო რადიკალური ქმედებები. ამიტომ, ეს უნდა გაეთვალათ, მაშინ ორივე განხორციელდებოდა - კანონი და სამართალიც აღდგებოდა და დასავლეთიც ამას რადიკალურად არ შეხედავდა“, - აღნიშნა პოლიტოლოგმა.

„თავისუფალი საქართველოს“ ლიდერის კახა კუკავას თქმით, მართალია, ივანიშვილის ხელისუფლებას ბევრი მომხრე ჰყავს, მაგრამ პოლიტიკურ ამნისტიასთან დაკავშირებით, სიმართლე უნდა ითქვას. კერძოდ, მისი აზრით, ხალხი მოტყუებულია.

კახა კუკავას მიაჩნია, რომ პოლიტიკურ ამნისტიის ირგვლივ უსუფაშვილისა და ივანიშვილის ტექსტები ყოველდღიურად იცვლება. ამდენად, მისი აზრით, როგორც ჩანს, მათ 1-ელ ოქტომბრამდე ხელი მოაწერეს ვალდებულებას, რომ საერთოდ არავის არ დასჯიდნენ და ახლა დაიწყეს ამის შეპარება ქართული საზოგადოებისთვის.

„ჯერ თქვეს, წვრილმან დამნაშავეებს არ დავსჯითო, შემდეგ თქვეს, საშუალო დამნაშავეებს არ დავსჯით, მერე ივანიშვილმა თქვა, რომ, მე მგონი, საერთოდ უნდა დავასრულოთო, ამიტომ ხდება ქართული საზოგადოების მოტყუება. მათ აიღეს ვალდებულება, რომ არც ბოკერია, არც ადეიშვილი, მერაბიშვილი, სააკაშვილი, აბსოლუტურად არავინ ციხეში არ ჩაჯდება. ჩასვეს მარტო ახალაია, ერთი კაცი, ისიც იმისთვის, რომ საზოგადოებას დაანახონ და, როგორც ჩანს, მასაც ძალიან მალე ამნისტია შეეხება. ახლა ცდილობენ, ეს ყველაფერი წარმოაჩინონ, როგორც ეროვნული შერიგება და ეროვნული თანხმობა და კეთილშობილური სახელი დაარქვან“, - აცხადებს კახა კუკავა For.ge-სთან საუბარში.    

ჩვენს შეკითხვაზე, თუ ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლება მართლაც არ აპირებდა ყოფილ მაღალჩინოსანთა სამართლებრივ პასუხისგებას, მაშინ რატომ ჰქონდათ ისტერიული ტონი სააკაშვილს და სხვა ნაციონალებს, კახა კუკავას მიაჩნია, რომ ეს იყო ერთიანი სპექტაკლის ნაწილი. კერძოდ, ქართულ საზოგადოებაში იყო სამართლიანობის აღდგენის მოლოდინი, რაც, ბუნებრივია, დამნაშავეების დასჯას გულისხმობდა. მთელი საარჩევნო კამპანიის მანძილზე კი „ქართული ოცნება“ ამას ჰპირდებოდა ქართველ ხალხს. ამდენად, ახლა ხომ უნდა აეხსნათ ქართველებისთვის, რომ მაშინ კი ასე ვთქვით, მაგრამ ახლა, რადგან დაძაბულობაა და, რადგან ევროპა და ამერიკა ამას ვერ გაიგებს, ამიტომ უნდა შედგეს ეროვნული შეთანხმება.

„აბა, მოწმენდილ ცაზე რომ გამოსულიყო ივანიშვილი და ეთქვა, ჩვენ დამნაშავეებს არ დავსჯითო, ეს ხომ უკმაყოფილებას გამოიწვევდა?! ვფიქრობ, ხალხი უახლოესი თვეების განმავლობაში თამაშგარეშე მდგომარეობაში აღმოჩნდება“, - მიიჩნევს კახა კუკავა

ამდენად, კახა კუკავას აზრით, სამართლიანობის აღდგენა სიმბოლურად მოხდება.