„იურიდიული ფორმულირებაა მოსაძებნი, რომ მეხუთე მუხლი ჩვენი ნატოში გაწევრიანებისთვის პრობლემა არ იყოს“

„იურიდიული ფორმულირებაა მოსაძებნი, რომ მეხუთე მუხლი ჩვენი ნატოში გაწევრიანებისთვის პრობლემა არ იყოს“

საქართველში უკვე მერამდენედ გამოიწვია აღელვება ნატოს ცალკეული მაღალჩინოსნების განცხადებამ ოკუპირებული ტერიტორიების გარეშე გაწევრიანების თაობაზე. ამჯერად ეს მოსაზრება ნატოს ყოფილმა მთავარსარდალმა ჯეიმს სტავრიდისმა გამოთქვა. სტავრიდისი მიიჩნევს, რომ საქართველოს ნატოში გაწევრიანება უფრო რეალური გახდება, თუკი ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნება ნატოს მოქმედების ბაზისი არ იქნება.

მისივე მოსაზრებით, სამწუხაროდ, რაც მეტი დრო გადის, ცხინვალის რეგიონი და აფხაზეთი გაყინულ კონფლიქტებად იქცევა, ეს კი, რაც არ უნდა გასაკვირი და ინტუიციის საწინააღმდეგო იყოს, ნატოში საქართველოს გაწევრიანების შანსებს ზრდის.

სტავრიდისი ამავეს ფიქრობს უკრაინაზეც და ასკვნის, რომ ნაკლებად სავარაუდოა, ყირიმი უკრაინას მალე დაუბრუნდეს, ან ცხინვალის რეგიონი და აფხაზეთი დაუბრუნდეს საქართველოს მალე.

„ვფიქრობ, განსაკუთრებით, საქართველომ მოიპოვა თავისი ადგილი ნატოში, იქნება ეს ავღანეთში საბრძოლო შედეგით, თუ იმ სიმამაცით, რომლითაც მჩაგვრელ სახელმწიფოს წინააღმდეგობას უწევს და იმით, რომ შეერთებული შტატების მოკავშირეა. აქვე განვმარტავ, არ ვიტყოდი, რომ ეს სანაცვლოდ ტერიტორიების მიცემაა. ვიტყოდი, რომ ნატოს შიგნით გაცილებით რთულია, ნატოს მიყიდო არგუმენტი, რუსეთს უთხრას, რომ უნდა დააბრუნო ეს მიწა. ეს ალიანსისთვის უფრო რთულია“, - აცხადებს სტავრიდისი და განმარტავს, რომ ქართველებისა და უკრაინელების ადგილას რომ ყოფილიყო, ნატოს კარვის ქვეშ შესვლასა და ამ ტერიტორიების დაბრუნებას შეეცდებოდა. „ვამჯობინებდი ნატოს წევრი ვიყო, ვიდრე ნატოს პარტნიორი“.

მსგავსი განცხადებები თავის დროზე გააკეთეს რასმუსენმა, ლუკ კოფიმ.

2019 წელს ნატოს ყოფილმა გენმდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა განაცხადა, ოკუპირებული ტერიტორიები საქართველოს ნატოში გაწევრიანების შემაფერხებელი რომ არ გახდეს, საქართველომ უნდა განიხილოს გაწევრიანება მე-5 მუხლის აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში გაუვრცელებლად.

უფრო ადრე კი, 2018 წელს, მკვლევარი ლუკ კოფი ირწმუნებოდა, რომ პირად საუბრებში საქართველოს მთავრობის წევრები თანახმანი იყვნენ, საქართველო იმ პირობით გამხდარიყო ნატოს წევრი, თუ ნატოს მეხუთე მუხლი (ანუ კოლექტიური თავდაცვის უფლება) არ გავრცელდებოდა ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალზე.

რას ნიშნავს პერიოდულად გაკეთებული ასეთი განცხადებები? სტავრიდისის ნათქვამი ხომ არ მიანიშნებს, რომ აღარ უნდა ვიფიქროთ ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ოღონდ ნატოში მოვხვდეთ?

პოლიტოლოგი, შავი ზღვის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების პროფესორი თამარ კიკნაძე for.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ ვიფიქრებთ თუ არა ჩვენი ტერიტორიების დაბრუნებაზე, მაინც არავინ მიგვიღებს ნატოში. ეს რომ იყოს 90- იანი წლები და ჩვენ მოგვესწრო ნატოში შესვლა, სულ სხვა იქნებოდა, ახლა კი ეს საკითხი დახურულია.

„მეტსაც გეტყვით, თვითონ ნატოსა და აშშ-ს შორისაც არ არის ერთგვაროვანი დამოკიდებულება და აქაც ვხედავთ განხეთქილებას. აგერ, ახლა, გერმანიიდან ჯარები გამოიყვანა აშშ-მა. დღეს აქტიურობენ ახალი დემოკრატიები - პოლონეთი, ლიტვა, ლატვია, ესტონეთი. აქაც ველი, რომ სერიოზული კორექტირება იქნება შეტანილი, რადგან, როდესაც პოლონეთს, აშშ-ის ყველაზე აქტიურ მხარდამჭერს ევროპაში, სუბსიდირება ევროკავშირისგან უმთავრდება, შესაბამისად, მათ პოლიტიკაშიც კორექტივები იქნება. ჩვენ გლობალური გადანაწილების, ცვლილებების მომსწრენი ვართ და ძალიან დიდი მნიშვნელობა ექნება არჩევნებს აშშ-შიც, მაგრამ ვთვლი, რომ საერთაშორისო ბლოკური პოლიტიკა დღეს უკვე აღარ არის აქტუალური. ჩვენ შეიძლება გავიზიაროთ იმ დემოკრატიული ქვეყნების ღირებულებები, რომლებიც არიან ნატოში, გავაგრძელოთ ჩვენი დემოკრატიის და დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობა და „ნატო- ნატოში“ შესვლის ძახილით თავი არავის მოვაბეზროთ“,- აცხადებს თამარ კიკნაძე.

მისივე განმარტებით, თვითონ ნატოს ჩინოვნიკებიც კი კულისებს მიღმა სულ სხვას იძახიან, ჩვენ მათაც უხერხულ მდგომარეობაში ვაყენებთ, რადგან ყველამ ძალიან კარგად იცის, რომ რუსეთი არ დაუშვებს ნატოში საქართველოს შესვლას და ეს კიდევ უფრო მეტ კონფრონტაციას გამოიწვევს. ამიტომ მოცემულ მომენტში თამარ კიკნაძეს ეს საკითხი არ მიაჩნია აქტუალურად, რადგან თვითონ ნატო დღეს განიცდის ცვლილებებს და მთელი რიგი საკითხებია დასალაგებელი აშშ-სა და ნატოს წევრ ქვეყნებს შორის.

მოძრაობა „დაბრუნების“ თავმჯდომარე, აფხაზთა კრების ერთ- ერთი ლიდერი მალხაზ პატარაია ჩვენთან საუბრისას აცხადებს, რომ იურიდიული ფორმულა უნდა მოიძებნოს ნატოში შესასვლელად.

„სხვათა შორის, ჩრდილო ატლანტიკურ ხელშეკრულებას აქვს დათქმები თურქეთთან და საბერძნეთთან დაკავშირებით, ამიტომ დათქმის თვალსაზრისით, იურიდიული ფორმულირებაა მოსაძებნი, რომ მეხუთე მუხლი ჩვენი გაწევრიანებისთვის პრობლემა არ იყოს. თავისთავად, ის აზრი, რაც ჯეიმს სტავრიდისმა და სხვებმა გამოთქვეს, არ ეწინააღმდეგება საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. უფრო მეტიც, ჩვენ ევროპული კონვენციის მუხლებიც გვაქვს შეჩერებული აფხაზეთთან მიმართებით, მაგრამ ამას არ დაურღვევია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა. ეს იყო ჯერ კიდევ შევარდნაძის დროს, როცა ჩვენ ვუერთდებოდით ევროპულ კონვენციას საკუთრების უფლების, სიცოცხლის უფლების თვალსაზრისით და შემდეგ მთელ ევროპულ კონვენციაში აფხაზეთთან და ცხინვალის რეგიონთან მიმართებით ჩვენ გავაკეთეთ დათქმა და კონვენციას შევუერთდით ამ პასუხისმგებლობის, ანუ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების გარეშე“, - აღნიშნა მალხაზ პატარაიამ და დასძინა, როდესაც სხვადასხვა ქვეყანა მიუერთდა ნატოს, მაშინაც ამოქმედდა დათქმები.

კერძოდ, არც თურქეთი და საბერძნეთია ერთმანეთთან კარგ დამოკიდებულებაში და მაშინაც არსებობდა დათქმა. ამიტომ საქართველოსთან მიმართებითაც ზუსტი იურიდიული ფორმულირებაა ჩასაწერი და ამით პრობლემა მოიხსნება.

 

 

 

 

 

 

 

Katana თამარ კიკნაძე: "ვიფიქრებთ თუ არა ჩვენი ტერიტორიების დაბრუნებაზე, მაინც არავინ მიგვიღებს ნატოში. ეს რომ იყოს 90- იანი წლები და ჩვენ მოგვესწრო ნატოში შესვლა, სულ სხვა იქნებოდა, ახლა კი ეს საკითხი დახურულია."

ვწუხვარ, მაგრამ ჩვენი აზრები ამ საკითხშიც ზუსტად ემთხვევა ერთმანეთს.
--------------
მალხაზ პატარაია: "იურიდიული ფორმულა უნდა მოიძებნოს ნატოში შესასვლელად... არც თურქეთი და საბერძნეთია ერთმანეთთან კარგ დამოკიდებულებაში და მაშინაც არსებობდა დათქმა."

მერე? რა შედეგი მოიტანა ამ დათქმამ, დაუბრუნა წართმეული ჩრდილო ნაწილი კვიპროსს? არა, ხომ?
რა ფორმულა უნდა მოძებნო, - ნატოში ისე ჩუმად უნდა შევიპაროთ, რუსეთმა რომ ვერაფერი შეგვატყოს?
(არ დაიღალა ეს ხალხი ილუზიების გენერაციით!)
4 წლის უკან