„2013 წელი გაცილებით რთული იქნება, ვიდრე - 2012 წელი“

„2013 წელი გაცილებით რთული იქნება, ვიდრე - 2012 წელი“

საარჩევნო და პოლიტიკური ტექნოლოგიების კვლევის ცენტრის დირექტორ კახა კახიშვილთან საუბარი განვლილი 2012 წლის შეფასებით დავიწყეთ და დავინტერესდით, რას მიაღწია ქართველმა ერმა გასულ წელს?

- 2012 წლის შეფასებისას ორიგინალური ვერ ვიქნები. 2012 წელმა საქართველოს მოსახლეობას საშუალება მისცა, რეალურად ერთპიროვნული მმართველობისგან გათავისუფლებულიყო, რისი იმედიც არავის ჰქონდა. ისე კარგად იყო მომჯდარი „ნაციონალური მოძრაობა“ და ისე მაგრად აკონტროლებდა ყველაფერს, რომ ხელისუფლებიდან მათი მშვიდობით გასტუმრება შეუძლებელი იყო. ვფიქრობ, ამ საკითხში სერიოზული როლი ითამაშა ბიძინა ივანიშვილის გამოჩენამ, ამავდროულად, ციხის კადრებმა, რადგან ერთი-მეორის გარეშე ვერაფერი გაკეთდებოდა და იმ შედეგს ვერ მივიღებდით, რაც მივიღეთ. ბუნებრივია, ივანიშვილის გამოჩენის შემდეგ ხალხი გამოცოცხლდა, მაგრამ ციხის კადრებმა მთლიანად შეკრა ოპოზიციურად განწყობილი ამომრჩეველი და რეალურად, ხმები აღარ გაიხლიჩა.

დღეს საქართველოს მოსახლეობა გათავისუფლდა იმ პერსპექტივისგან, რომ 40 წელი კიდევ ერთ პრეზიდენტს შეხედავდა სხვადასხვა ამპლუაში და ეს პრეზიდენტი უკვე ფაშად გადაგვექცეოდა. შიშის სინდრომი დაძლეულია, რომ რომელიღაც ერთი ადამიანის ხასიათის გამო შეიძლება, მთლიანად დაინგრეს მთელი მომავალი ცხოვრების პერსპექტივა. თუმცა, ამ მიღწევას ბოლომდე სჭირდება მიყვანა, რადგან 2013 წელი, ჩემი აზრით, პოლიტიკური თვალსაზრისით, ძალიან რთული იქნება, გაცილებით რთული, ვიდრე - 2012 წელი.

განვლილი 2012 წელი ნაციონალებისთვის მთელი ცხრაწლიანი პერიოდის ლოგიკური დასრულება იყო?

- ნაციონალებისთვის ეს წელი იყო აბსოლუტური კრახის მომტანი, რადგან ისინი ისე იყვნენ მოსულნი, რომ ბოლო წუთამდე დარწმუნებულები იყვნენ, რომ 40 წელი კიდევ იქნებოდნენ ქვეყნის სათავეში. უფრო მეტიც, ივანიშვილის გამოჩენამდე ის ხალხი, ვინც დღეს კოალიციაშია და მოირგო თანამდებობები, რეალურად 5 %-იანი ბარიერის გადალახვის რეჟიმში იყო გადასული. ასე რომ, ამ ყველაფრის დავიწყება არ შეიძლება და უნდა დააფასონ საქართველოს მოსახლეობა, რადგან ამ ყველაფერს ბოლო წერტილი ხალხმა დაუსვა იმით, რომ უპრეცენდენტო რაოდენობის ადამიანები გავიდნენ საარჩევნო ყუთთან და მისცეს ხმა „ქართულ ოცნებას“.

სინამდვილეში, 2012 წლის არჩევნები არ ყოფილა არჩევნები ნაცმოძრაობას, „ქართულ ოცნებასა“ და სხვა პოლიტიკურ სუბიექტებს შორის, არამედ ეს არჩევნები იყო: „მე მინდა მიშა“ – „მე არ მინდა მიშა“-ს არჩევანს შორის. ამ უკანასკნელი ფრაზის მიღმა ბევრი ისეთი ადამიანიცაა, რომელსაც შესაძლებელია, ნორმალური არჩევნების შემთხვევაში მხარი არ დაეჭირა „ქართული ოცნებისთვის“ სხვადასხვა მიზეზთა გამო. ამიტომ, კოალიციის დღევანდელი ამოცანა უნდა იყოს არა პრეზერვატივების კლასიფიკაცია, არამედ რეალურად ახალი საარჩევნო კოდექსის მიღება, რომელიც ყველა პოლიტიკურ სუბიექტს თანაბარ სასტარტო პირობებს მისცემს, რომელიც უზრუნველყოფს საარჩევნო ადმინისტრაციის სამართლიანი დაკომპლექტების წესს, სამართლიან საარჩევნო სისტემას და მანდატის სამართლიან წონას. შემდგომში ყველა პოლიტიკურ სუბიექტს უნდა მიეცეს რიგგარეშე არჩევნების პირობებში მიიღოს არჩევნებში მონაწილეობა. ეს იქნება დემოკრატიის სერიოზული გამარჯვება, რადგან დღეს, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ გავთავისუფლდით მონსტრისგან, მაინც ძალიან სერიოზული ბერკეტები აქვს სააკაშვილს. ამიტომ, საჭიროა დემოკრატიის გაღრმავება. იმ პოლიტიკურ სუბიექტებს, რომლებიც ობიექტურ და სუბიექტურ მიზეზთა გამო „აბსაიტში“ დარჩნენ, უნდა მიეცეთ ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილეობის საშუალება. ამას უზრუნველყოფს რიგგარეშე არჩევნები. მოდით, პირდაპირ ვთქვათ, საპრეზიდენტო კანდიდატები, რომლებიც რეალურ კონკურენციას გასწევენ, ამ პარტიებს მაინცდამაინც არ ეყოლებათ, ხოლო 2016 წლამდე ახალი კლანები ჩამოყალიბდება და ისე იქნება მთელი სისტემა მოწყობილი, რომ თუ ასე გაგრძელდა, ეს პოლიტიკური პარტიები უბრალოდ მოკვდებიან, როგორც პარტიები. ამიტომაც უნდა ვიფიქროთ, რომ, თუ ჩვენ დემოკრატიის მშენებლობა გვინდა, ყველა პოლიტიკურ სუბიექტს, ყველა პოლიტიკოსს საშუალება უნდა მივცეთ, იმ რაოდენობის ხმა მიიღოს, რამდენი მხარდამჭერიც რეალურად ჰყავს.

2013 წლისთვის კიდევ ერთი რამ არის სახიფათო, სულ ახლახანს პარლამენტში კონსტიტუციურ ცვლილებათა ინიცირება მოხდა, რომელიც მთავრობის გადაყენების საკითხს პარლამენტის გადაყენების საკითხთან აკავშირებს, მაგრამ ეს არის ჯერჯერობით ინიცირებული ცვლილება, რომელიც მიღებული არ არის. ამ ცვლილების მიღებას დაახლოებით თვეზე მეტი სჭირდება, რადგან კონსტიტუციის შესაბამისად, კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანა შესაძებელია მხოლოდ ერთთვიანი სახალხო განხილვის პროცედურის შემდეგ. ეს თვე და ათი დღე, შესაძლებელია იყოს ძალიან კრიტიკული საქართველოს პოლიტიკისთვის, რადგან ამ პერიოდში შესაძლებელია, სააკაშვილმა უბრალოდ კრიზისის გასაღვივებლად (რადგან სხვა გზა მას აღარ აქვს) დაითხოვოს მთავრობა, რისი უფლებაც მას აქვს და დანიშნოს საკუთარი მთავრობა მანამ, სანამ ის ცვლილება, რომელიც ახლახანს იქნა ინიცირებული, პარლამენტის მიერ არ იქნება მიღებული. ამიტომ, ეს ძალიან სახიფათო თვეებია და 2013 წელი ძალიან რთული პოლიტიკური წელი იქნება. საჭიროა სერიოზული პროფესიონალიზმი, რომ გავუმკლავდეთ და შევინარჩუნოთ ის, რა მონაპოვარიც 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგად გვაქვს.             

პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი აცხადებს, მზად ვართ მივუტევოთო. ამ სიტყვებით მან ასეთი აზრი გაახმიანა, რომ მმართველი კოალიცია მზად არის, საჯარო მოხელეების მიმართ დაწყებული სამართლებრივი დევნა შეწყვიტოს. რამდენად გამართლებულია ასეთი სულგრძელობა და როგორ გაიგებს ამას სამართლიანობის აღდგენის მოსურნე ჩვენი საზოგადოება?

- დავით უსუფაშვილმა განაცხადა, რომ ისინი მზად არიან, მიუტევონ დაბალი რანგის თანამდებობის პირებს და მოხდეს მათი ქმედების ამნისტირება. ამაში ვეთანხმები დავით უსუფაშვილს, მაგრამ აქ ჩნდება ერთი კითხვა, სამართლებრივად ამის გაწერა შეუძლებელია, რადგან არც სისხლის სამართლის კოდექსში და არც სხვა კანონმდებლობაში მაღალი და დაბალი თანამდებობის პირების კლასიფიკაცია არ არსებობს. ამიტომ ცოტა უცნაურია, როგორ შეიძლება, კანონში ამნისტიის შესახებ გაიწეროს ვისი მოქმედება უნდა იყოს ამნისტირებული და ვისი - არა, რადგან თვითონ სისხლის სამართლის კოდექსის თანამდებობრივი თავი ასეთ კლასიფიკაციას არ იცნობს. არის მუხლები, რომლებიც რეალურად სჯის თანამდებობის პირებს სხვადასხვა დანაშაულის ჩადენის გამო - თანამდებობის ბოროტად გამოყენება, გადამეტება, ქრთამის აღება, გულგრილობა და ა.შ. მაგრამ იქ კლასიფიკაცია არცერთ ნაწილში არ არის, რომ, აი, დაბალი თანამდებობის პირის მოქმედება ასეთნაირად ისჯება და მაღალი თანამდებობის პირის მოქმედება - ასეთნაირად. ასე რომ, სამართლებრივად ამას ვერანაირად ვერ განახორციელებენ და ეს უბრალოდ, სიტყვებია. ამიტომ ჩნდება ეჭვი, ხომ არ ხდება გარიგება ყოფილ მმართველ პარტიასთან, რომ შეწყდება მათი საქმეების განხილვა და ნებისმიერი მათი მოქმედება ამნისტირებული იქნება რაღაცის საფასურად. ის ხალხი, რომელთაც სხვა გამოსავალი არ ჰქონდა და ასრულებდნენ გარკვეულ დავალებებს, მართლაც სისტემის მსხვერპლი იყო, მაგრამ მეორეა სისხლის სამართლის დანაშაული.

როდესაც ამნისტიაზე ვსაუბრობთ, ეს ამნისტია სისხლის სამართლის დანაშაულს შეეხება. ამიტომ ცოტა უცნაურია, ადამიანი, რომელიც საკუთარ უფლებამოსილებას გადაამეტებდა ან ბოროტად გამოიყენებდა თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში, ლახავდა სხვის უფლებას, რადგან სამართალში არ არსებობს პრინციპი, რომ ვიღაცამ გადაამეტოს უფლებას და ამვდროულად, არ არსებობდეს დაზარალებული. არ არსებობს საქმე, სადაც დაზარალებული არ არის. გამოდის, რომ იმ დაზარალებულებს რეალურად ართმევენ სამართლიანობის უფლებას. მეორე კითხვაც ჩნდება, მართალია, პატიმართა რაოდენობით ევროპაში პირველ ადგილზე ვართ, ხოლო მსოფლიოში მესამე ადგილზე და ეს სულაც არ ნიშნავს, რომ ხელისუფლების ცვლილების შემდეგ უნდა გადავიდეთ პირველ ადგილზე და ყველა დავიჭიროთ, მაგრამ ნებისმიერი თანამდებობის პირის საქმიანობის სამართლებრივი შეფასება, თუკი მის მოქმედებებში იკვეთება სისხლის სამართლის დანაშაული, აუცილებელია. სხვა საკითხია, რომ შემდგომში შესაძლებელია, არ დადგეს პასუხისმგებლობის საკითხი, მაგრამ დანაშაულს შეფასება უნდა მიეცეს. თუ მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაული არ არის, მივესალმები, რომ ციხეში არ ისხდნენ, მაგრამ მეორეა, რომ ასეთი ადამიანები არ უნდა აგრძელებდნენ მუშაობას საჯარო სექტორში.

იმ შემთხვევაში, თუ დავით უსუფაშვილის წინადადება მოსამართლეებზეც გავრცელდება, ისინი ხომ არ არიან დაბალი რგოლი, ისინი ადამიანის ბედს წყვეტენ და რამდენად გამართლებული იქნება, თუ მოსამართლეებსაც ამ რანგში განიხილავენ?

- მე ვფიქრობ, არ არის გამართლებული, რადგან ძალიან ბევრმა მოსამართლემ განსაკუთრებულად მძიმე დანაშაული ჩაიდინა, როგორც სისხლის, ისე სამოქალაქო და ადმინისტრაციულ პალატაში საქმეების განხილვის დროს. მათი გადაწყვეტილების საფუძველზე ხალხი წლობით აღმოჩნდა ციხეში, ზოგს ქონება ჩამოერთვა, ზოგს დააკარგინეს ცხოვრების პერსპექტივა და ახლა ცოტა უცნაურია, როგორ შეიძლება ამ ადამიანებს ეპატიოს. თუ სახელმწიფო თვლის, რომ უნდა აპატიოს ამ ადამიანებს, მაშინ თავიდან ბოლომდე უნდა აუნაზღაუროს დაზარალებულებს აბსოლუტურად ყველანაირი ზარალი. თუ სახელმწიფოს აქვს იმის საშუალება, რომ არცერთი დაზარალებული არ დატოვოს ღირსეული, ადექვატური და არა სიმბოლური ანაზღაურების გარეშე, კი ბატონო, ამაში ცუდი არაფერია, მაგრამ სხვის ხარჯზე გადაწყვეტილებების მიღება, მე მგონი, ცოტა უცნაურია. მით უმეტეს დღეს, როდესაც თვითონ მოგვევლინენ თანამდებობის პირებად და მომავლის პერსპექტივა გაუჩნდათ, პირველ რიგში, მათთვის არ უნდა იყოს პრეცენდენტი, რომ შესაძლებელია მათი ნამოღვაწარის შემდეგაც ვინმემ მათ აპატიოს დანაშაული. ამიტომ, ქვეყანაში ამის პრეცენდენტი უნდა შეიქმნას და განსაკუთრებით მოსამართლეების საქმიანობა შესწავლილ უნდა იყოს. ჩვენ გვახსოვს მოსამართლეები, რომელ საქმეებსაც იხილავდნენ და რა ხმაურიანი საქმეებიც იყო. ამიტომ, ახლა საქმეების კატეგორიებად დაყოფა, რომ მოდი, გახმაურებულ საქმეებზე სიმკაცრე გამოვიჩინოთ და გაუხმაურებულ საქმეებზე ხმა არ ამოვიღოთ, გაუმართლებელია, რადგან ნებისმიერი დაზარალებულისთვის საკუთარი პრობლემა ყველაზე დიდია. ზოგიერთის პრობლემა შეიძლება მილიონი ლარის დაკარგვაში გამოიხატოს, ზოგის - ასი ლარის დაკარგვაში. ასე რომ, კლასიფიკაციის საშუალება უსუფაშვილს არ უნდა ჰქონდეს და კანონმა უნდა მოახდინოს კლასიფიკაცია.

საერთოდ, ცოტა უცნაური საკადრო პოლიტიკა აქვს „ოცნებას“. ძალიან ბევრი ადამიანი, რომელიც ჩახლართული იყო კორუფციულ სქემებში, დღეს დაწინაურებულია. ვფიქრობ, ეს უნდა შეწყდეს, საჯარო სექტორში მომუშავე ადამიანებმა, მათ შორის, ახალი მთავრობის წარმომადგენლებმაც უნდა იცოდნენ, რომ მათი მოქმედება აუცილებლად იქნება შესწავლილი. ასე რომ, უსამართლობის დანერგვა არ შეიძლება.