საქართველოს ეროვნული მუზეუმის ადმინისტრაცია საჯარო ინფორმაციის დამალვას ისევე აგრძელებს, როგორც ამას ნიკა რურუას კულტურის მინისტრობის დროს აკეთებდა. ამჯერად საქმე ეხება ზარზმისა და აწყურის ღვთისმშობლის ხატების მდგომარეობის ამსახველ დასკვნას, რომელსაც for.ge 2012 წლის 24 აგვისტოდან დღემდე უშედეგოდ ითხოვს. 2013 წლის 3 იანვარს კულტურის მინისტრს გურამ ოდიშარიას ადმინისტრაციული საჩივრით მივმართეთ. ჩვენი ეს ქმედებაც თუ უშედეგოდ დარჩა, კანონი გვაძლევს უფლებას თბილისის საქალაქო სასამართლოში სარჩელი, ან პროკურატურაში საჩივარი შევიტანოთ და ამგვარად გავაგრძელოთ ბრძოლა საჯარო ინფორმაციის მოსაპოვებლად.
შეგახსენებთ, რომ 2012 წლის 7 აგვისტოს, ეროვნული მუზეუმის გენერალური დირექტორის დავით ლორთქიფანიძის პირადი მძღოლი, ლორთქიფანიძის მოადგილე, ეროვნული მუზეუმის გარკვეული თანამშრომლები და ნიკა რურუას მოადგილეები, უშიშროების სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად, ხელოვნების მუზეუმის ოქროს ფონდში მთელი დღის განმავლობაში იმყოფებოდნენ. დავით ლორთქიფანიძის ძალისხმევით ოქროს ფონდის თანამშრომლებს აიძულებდნენ ზარზმისა და აწყურის ღვთისმშობლის ხატების ვიტრინები გაეხსნათ, ხატები სპეციალურ ყუთებში გადაეტანათ და წაეღოთ ახალციხის ახლადრეაბილიტირებულ რაბათის კომპლექსში გამოსაფენად.
ხელოვნების მუზეუმის თანამშრომლების უდიდესი უმრავლესობა უკანონობას და ძალადობას ჟურნალისტების თვალწინ აპროტესტებდა. იმავე დღეს ხელოვნების მუზეუმის ოქროს ფონდის თანამშრომლებმა ტელეკამერებთან განაცხადეს, რომ უმძიმეს მდგომარეობაში მყოფი ხატების ადგილიდან დაძვრა დაუშვებელი იყო, რის შესახებაც დასკვნაც დაწერეს (სწორედ ამ დასკვნის ასლს ითხოვს for.ge ეროვნული მუზეუმისგან).
მიუხედავად ამისა, მშვიდობიანი პროტესტის ერთ-ერთი ფორმა - მუზეუმის კართან ქვაზე დაწოლა გახდა აუცილებელი იმისთვის, რომ ხატები ახალციხეში არ წაეღოთ.
კულტურის მინისტრის გურამ ოდიშარიას სახელზე ადმინისტრაციული საჩივარი მე, for.ge-ს კორესპონდენტმა, ნინო მიქიაშვილმა ჩემი უფლებების დამცველ ადვოკატ მამუკა ნოზაძესთან ერთად დავწერე და კულტურის სამინისტროში ჩავაბარე. რას ვთხოვთ გურამ ოდიშარიას და მანამდე რა ეტაპები გავიარეთ, ამას საჩივრიდან შეიტყობთ, თუ მისი გაცნობის სურვილი გაგიჩნდებათ. აქვე შეგახსენებთ იმასაც, რომ აწყურისა და ზარზმის ხატების ახალციხეში გადატანა 7 აგვისტოს ვერ შეძლეს.
რატომ ცდილობდა დავით ლორთქიფანიძე უმძიმეს მდგომარეობაში მყოფი ხატების ახალციხეში გადაბრძანებას, ეს ცალკე საკითხია და ჩვენი აზრით, არანაკლებ საინტერესო, ვიდრე ხატების მდგომარეობის ამსახველი დასკვნა.
კულტურის მინისტრის გურამ ოდიშარიას სახელზე შეტანილი საჩივარი ასეთი შინაარსისაა:
„2012 წლის 24 აგვისტოს საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნით განცხადებით მივმართე საქართველოს ეროვნული მუზეუმის საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელ პირს და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის შესაბამისი მუხლების მითითებით, გამოვითხოვე საჯარო ინფორმაცია, იმ ექსპონატების ირგვლივ, რომელთა გადატანაც იმჟამად ახალციხის ახლადრეაბილიტირებულ მუზეუმში იგეგმებოდა.
აღნიშნულ განცხადებაზე საქართველოს ეროვნული მუზეუმის პასუხი 19 სექტემბერს ჩამბარდა, რომელშიც ჩემს მიერ გამოთხოვილ ერთ-ერთ ინფორმაციასთან მიმართებაში მითითებული იყო, რომ „არ განეკუთვნება საჯაროდ ხელმისაწვდომ დოკუმენტს“. აქვე დავაკონკრეტებ, იმ ინფორმაციას, რომელიც გამოვითხოვე:
„გთხოვთ, მომცეთ აწყურისა და ზარზმის ღვთისმშობლის ხატების ამჟამინდელი მდგომარეობის შესახებ ხელოვნების მუზეუმის ოქროს ფონდის თანამშრომლების მიერ დაწერილი დასკვნის ასლი... 2012 წლის 7 აგვისტოს, „tv9“-ს, „მაესტროს“ ეთერით გადაიცა და საინფორმაციო სააგენტო „info9“-ს ვებ-გვერდზე დაიდო ვიდეომასალა, რომელშიც ხელოვნების მუზეუმის ოქროს ფონდის წარმომადგენლები განმარტავენ, რომ მათ ხელი მოაწერეს დასკვნას, ზარზმისა და აწყურის ღვთისმშობლის ხატების მდგომარეობის შესახებ“;
საქართველოს ეროვნული მუზეუმიდან მიღებული პასუხით ნათელია, რომ საჯარო ინფორმაციის გადმოცემაზე უარი მითხრეს - „მოგახსენებთ, რომ „მდგომარეობის შესახებ დასკვნა“, იგივე დაცულობის აქტი არ განეკუთვნება საჯაროდ ხელმისაწვდომ დოკუმენტს, ისევე, როგორც მუზეუმში დაცული ნებისმიერი ექსპონატის დეტალური ფოტოფიქსაციის შედეგები, რენდგენის შედეგები და ნებისმიერი უნიკალური საიდენტიფიკაციო მახასიათებლები“.
19 სექტემბერს მიღებული პასუხის შემდეგ, მეორე დღეს - 20 სექტემბერს საქართველოს ეროვნული მუზეუმის გენერალური დირექტორის დავით ლორთქიფანიძის სახელზე ადმინისტრაციული საჩივარი შევიტანე, რომლითაც მოვითხოვე 24 აგვისტოს განცხადებით გამოთხოვილი ინფორმაციის სრულყოფილად გაცემა და საქართველოს ეროვნული მუზეუმის საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელი პირისთვის პასუხისმგებლობის შესაბამისი ზომის დაკისრება, მოვალეობის არაჯეროვანი შესრულების გამო. ჩემი საჩივარი განუხილველი დარჩა.
საქართველოს ეროვნული მუზეუმის კომუნიკაციის სამსახურის მენეჯერის ანა ვერულაშვილის ხელმოწერით 2012 წლის 2 ნოემბერს ჩამბარდა წერილი, რომელშიც აღნიშნულია, რომ ხატების მდგომარეობის სრულყოფილად შესწავლისა და შესაბამისი დასკვნის, იგივე „დაცულობის აქტის“ საბოლოო ფორმით მომზადებისთვის საჭირო გახდა პროცესში სხვადასხვა დარგის სპეციალისტების ჩართვა და რომ აღნიშნულიდან გამომდინარე, დაცულობის აქტის გაცნობას სამუშაო პროცესის სრულად დასრულების შემდეგ შევძლებდი.
ანუ, ეროვნული მუზეუმიდან ერთსა და იმავე კითხვაზე ორი, ურთიერთგამომრიცხავი პასუხი მივიღე - თავიდან მომწერეს, რომ დაცულობსი აქტი საჯარო ინფორმაციის ნუსხას არ განეკუთვნებოდა, ხოლო შემდეგ დამატებით მაცნობეს, რომ დაცულობის აქტის გაცნობას გარკვეული სამუშაოების დასრულების შემდეგ შევძლებდი, მაგრამ ამ შემთხვევაში მთავარი ისაა, რომ მე დაცულობის აქტი არ მომითხოვია.
რადგან ჩემი მოთხოვნა ეროვნულმა მუზეუმმა ვერ თუ არ გაიგო, დამატებით, კიდევ ერთხელ დავაკონკრეტე - 2012 წლის 6 ნოემბერს ეროვნული მუზეუმის გენერალურ დირექტორს დავით ლორთქიფანიძეს განცხადებით მივმართე, რომელშიც აღნიშნულია: „დამატებით განგიმარტავთ, რომ მე გამოვითხოვე კონკრეტული საჯარო ინფორმაცია - აწყურისა და ზარზმის ღვთისმშობლის ხატების იმჟამინდელი მდგომარეობის შესახებ, კონკრეტულად, ხელოვნების მუზეუმის ოქროს ფონდის თანამშრომლების მიერ დაწერილი დასკვნის ასლი, რომლის არსებობის შესახებ შევიტყვე 7 აგვისტოს მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით. თქვენ, ეროვნული მუზეუმის გენერალური დირექტორი ვალდებული ხართ შესაბამის სამსახურს დაავალოთ მომცეს ეს საჯარო ინფორმაცია - ხელოვნების მუზეუმიის ოქროს ფონდის თანამშრომლების მიერ დაწერილი დასკვნის ასლი, ზარზმისა და აწყურის ღვთისმშობლის ხატების მდგომარეობის შესახებ“.
16 ნოემბერს ეროვნული მუზეუმიდან მივიღე ერთბწკარიანი წერილი - ხომ გითხარით, რომ ხატების მდგომარეობის შემსწავლელი კომპლექსური პროცესი არ დასრულებულაო?!
19 ნოემბერს კულტურის მინისტრის გურამ ოდიშარიას სახელზე სამინისტროს კანცელარიაში განცხადება ჩავაბარე, რომელშიც ამგვარი მოთხოვნა დავაფიქსირე:
„ბატონო მინისტრო, გთხოვთ, დაავალოთ თქვენდამი დაქვემდებარებულ საქართველოს ეროვნული მუზეუმის გენერალურ დირექტორს დავით ლორთქიფანიძეს მომცეს საჯარო ინფორმაცია, კერძოდ, ხელოვნების მუზეუმში დაცული ზარზმისა და აწყურის ღვთისმშობლის ხატების მდგომარეობის ამსახველი დასკვნის ასლი, რომელიც ხელოვნების მუზეუმის ოქროს ფონდის თანამშრომლებმა 2012 წლის 7 აგვისტოს დაწერეს და ეროვნული მუზეუმის დირექციას წარუდგინეს“.
5 დეკემბერს მივიღე საქართველოს კულტურის მინისტრის მოადგილის ალექსანდრე მარგიშვილის ხელმოწერილი დოკუმენტი - მინისტრის მოადგილემ ეროვნული მუზეუმის გენერალურ დირექტორს დაავალა ემოქმედა საქართველოს კონსტიტუციის 41-ე მუხლისა და ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 37-ე, 38-ე, 40-ე და 41-ე მუხლების შესაბამისად.
მინისტრის მოადგილის ხელმოწერილი, 4 დეკემბრით დათარიღებული დოკუმენტი, რომელიც მე 5 დეკემბერს ჩამბარდა, მუზეუმში 4-შივე გადაიგზავნა. ერთი თვე გავიდა, მაგრამ მუზეუმიდან არანაირი პასუხი არ მიმიღია.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 42-ე მუხლის („ინფორმაცია, რომლის გასაიდუმლოება დაუშვებელია“) „ნ“ ქვეპუნქტის თანახმად, დაუშვებელია იმ ინფორმაციის გასაიდუმლოება, რომელსაც ვითხოვ. ანუ, დაუშვებელია ზარზმისა და აწყურის ღვთისმშობლის ხატების მდგომარეობის ამსახველი დასკვნის გასაიდუმლოება, რადგან ეს ინფორმაცია არ წარმოადგენს, არც სახელმწიფო, არც კომერციულ და არც პირად საიდუმლოებას.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-10, 28-ე და 37-ე მუხლების თანახმად, საჯარო ინფორმაცია ღიაა გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა და ყველას აქვს უფლება გაეცნოს ადმინისტრაციულ ორგანოში არსებულ საჯარო ინფორმაციას, მისი ფიზიკური ფორმისა და შენახვის მდგომარეობის მიუხედავად, აგრეთვე, მიიღოს მათი ასლები, თუ ისინი არ შეიცავენ სახელმწიფო, პროფესიულ, კომერციულ ან პირად საიდუმლოებას.
საქართველოს ეროვნულმა მუზეუმმა შემიზღუდა საჯარო ინფორმაციის მიღების უფლება, რაც გარანტირებული მაქვს საქართველოს კონსტიტუციის 41-ე მუხლით და რის გაცემასაც ეროვნულ მუზეუმს ავალდებულებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-10, 28-ე და 37-ე მუხლები.
ბატონო მინისტრო, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის პირველი-მეორე ქვეპუნქტების, 178-ე მუხლის მეორე ქვეპუნქტისა და 180-ე მუხლის მეორე ქვეპუნქტის საფუძველზე, ადმინისტრაციული საჩივრის გადასაწყვეტად მოგმართავთ თქვენ, როგორც საქართველოს ეროვნული მუზეუმის ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანოს ხელმძღვანელს.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 198-ე და 199-ე მუხლების შესაბამისად, გთხოვთ, ადმინისტრაციული საჩივარი განიხილოთ ზეპირი მოსმენის სხდომაზე და მიიღოთ შემდეგი გადაწყვეტილებები:
1.ეროვნული მუზეუმის გენერალურ დირექტორს დაევალოს უზრუნველყოს ჩემს მიერ 2012 წლის 24 აგვისტოს განცხადებით გამოთხოვილი ინფორმაციის გაცემა. კერძოდ, აწყურისა და ზარზმის ღვთისმშობლის ხატების მდგომარეობის შესახებ ხელოვნების მუზეუმის ოქროს ფონდის თანამშრომლების მიერ 2012 წლის 7 აგვისტოს დაწერილი დასკვნის გაცემა;
2.საქართველოს ეროვნული მუზეუმის საჯარო ინფორმაციაზე პასუხისმგებელ პირს დაეკისროს პასუხისმგებლობის შესაბამისი ზომა, მოვალეობის არაჯეროვანი შესრულების გამო“.