მიხეილ სააკაშვილის აქტიურობა არავის უკვირს, თითქმის ყოველდღე, ახალი ხელისუფლება მისი კრიტიკის ქარცეცხლში ხვდება. ოპოზიციონერი პრეზიდენტი მართლაც უცნაური მოვლენაა, თანაც თუ მიზანდასახულად ცდილობს ახალი ხელისუფლების იმიჯი როგორც ქვეყნის შიგნით ასევე ქვეყნის გარეთ ეჭვქვეშ დააყენოს.
სტუდენტებთან შეხვედრისას საქართველოს პრეზიდენტის მთელი გამოსვლა ხელისუფლების კრიტიკას მიეძღვნა:
„მე მაწუხებს თუნდაც ის რაც იყო, აქ შემოსვლის წინ ვუყურე ტელევიზორში და გამოვიდა ერთი ბიზნესმენი, შედის დაკითხვაზე და იძახის, რომ მე იქ შევდივარ როგორც ბიზნესმენი, მაგრამ იქიდან რომ გამოვალ, აღარ ვიქნები ბიზნესმენიო. ვპირდები პროკურატურას, რომ თუ არ დამიჭერენ, მე აღარ ვიქნები ბიზნესმენი“, - ეს განცხადება სააკაშვილმა გიორგი ისაკაძეს მიუძღვნა და მაშინვე შეცვალა თემა: „ხომ იძახოდნენ, რომ სააკაშვილის ჯიბეში მიდიოდა 50% ბენზინის ფასის, გაზის ფასის. მე მინდა ვკითხო საზოგადოების იმ ნაწილს რომელსაც ეგონა, რომ აი, გადასახადებს ვკრეფდით, ბიუჯეტი 11-ჯერ გავზარდეთ, ეს ყველაფერი ავაშენეთ, რასაც თუ თვალები გაქვთ დაინახავთ და თან ჯიბეში ვიდებდით ფულს“...
ის ერთი ბიზნესმენი კი, რომელიც პროკურატურაში დაკითხვაზე შედიოდა, როგორც უკვე აღვნიშნეთ, გიორგი ისაკაძეა. იგი ბანკ „ქართუსთან“ დაკავშირებით დაიკითხა და ამ ეტაპზე საქმის ძიება მიმდინარეობს.
for.ge-ს ინფორმაციით, გიორგი ისაკაძის კომპანიას სახელმწიფოს მიმართ დავალიანება მართლაც გააჩნდა. სახელმწიფომ ეს ფაქტი გამოიყენა იმისათვის, რომ სპეციალურად „ქართუ ბანკის“ გასაკოტრებლად რამდენიმე თვით შემოღებული კანონის მოქმედების ფარგლებში მოაქცია. იმ ცვლილების მიხედვით, რომელიც წინა მოწვევის პარლამენტმა ბიძინა ივანიშვილის პირველი განცხადებიდან ორიოდე კვირაში მიიღო, იმ კომპანიების ქონება, რომლებსაც სახელმწიფოს მიმართ დავალიანება გააჩნდა და, რომელიც ბანკებში გირაოს სახით იყო ჩადებული, სახელმწიფოს მფლობელობაში გადადიოდა. თუმცა ეს კანონი მხოლოდ იმ კომპანიების მიმართ ამოქმედდა, რომლებსაც სესხი „ქართუ ბანკიდან“ ჰქონდათ აღებული.
მოგვიანებით ეს ქონებები სახელმწიფომ აუქციონზე გაიტანა. მათი უმეტესობა ქონების თავდაპირველ მფლობელებს ახლობლებისა თუ ნათესავ-მეგობრების მეშვეობით (მათზე გადაფორმებით) ისევ უკან დაუბრუნდა. თუმცა საეჭვოა, რეალურად ვინმემ რაიმე თანხა გადაიხადა თუ არა. for.ge-ს ინფორმაციით, გიორგი ისაკაძე ერთადერთი ბიზნესმენი იყო, ვისაც სახელმწიფომ ქონება მართლაც ჩამოართვა. თავად ისაკაძე for.ge-სთან საუბრისას ადასტურებს, რომ „ქონებები, რომელზეც ირცხებოდა სახელმწიფო ვალი, დარჩენილია სახელმწიფო საკუთრებაში. დიახ, ამას ვადასტურებ. დანარჩენი გამოძიების დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი“,- აცხადებს ჩვენთან საუბარში გიორგი ისაკაძე.
for.ge-ს ინფორმაციით, არსენალის მთაზე არსებული მიწის ფართობი, სადაც ისაკაძის კომპანიას მშენებლობა ჰქონდა დაწყებული და რომელიც რკინიგზის ხაზის გადატანის შემდეგ საკმაოდ პრესტიჟული უბანი ხდება, ოქტომბერში, ვიდრე ახალი მთავრობა დაკომპლექტებოდა, ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ თბილისის მერიის ბალანსზე გადაიტანა. თუმცა ეკონომიკური განვითარების სამინისტროში გვითხრეს, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით ინფორმაციას არ ფლობენ. ეს და კიდევ სხვა მრავალი დეტალი სავარაუდოდ, გამოძიების დასრულების შემდეგ გახდება ნათელი.
მოვლენათა განვითარებიდან გამომდინარე, მიხეილ სააკაშვილს საეჭვოა, არ სცოდნოდა, რომ ის ქონება, რომელიც გიორგი ისაკაძეს ეკუთვნოდა სწორედ მისმა მთავრობამ ჩამოართვა ისაკაძეს და სხვებივით, უკანაც აღარ დაუბრუნებია. თავად ისაკაძე კი პროკურატურაში შევლამდეც უკვე აღარ იყო ამ ქონების მფლობელი. რაში დასჭირდა სააკაშვილს ამაზე აქცენტირება, ძნელი მისახვედრი არ არის.
როგორც ექსპერტი გია ხუხაშვილი ამბობს, მასაც არ მოეწონა გიორგი ისაკაძის ეს განცხადება, მაგრამ სულ სხვა მიზეზით. ხუხაშვილი თვლის, რომ ეს არ იყო სერიოზული განცხადება, რაც შეეხება სააკაშვილს, „როგორ შედიოდნენ პროკურატურაში ბიზნესმენებად, იქიდან განადგურებულები დამონებული და დაბეჩავებულები გამოდიოდნენ, 5 ათასი განცხადებაა დღეს პროკურატურაში შესული იმის შესახებ, თუ როგორ ატარებდა ხორცის მაქანაში ბიზნესს სააკაშვილის სადისტური მანქანა და ეს ყველაფერი თავისკენ მოიკითხოს“,- აცხადებს გია ხუხაშვილი.
როგორც ექსპერტი სანდრო თვალჭრელიძე მიიჩნევს, სააკაშვილი პიარის დიდოსტატია და სურს ისე წარმოაჩინოს, თითქოს რაღაც ხდება, ვიღაცას ავიწროებენ, მაგრამ დარწმუნებულია, გამოძიება ყველაფერს მოჰფენს ნათელს.
ექსპერტი დემურ გიორხელიძე თვლის, რომ ქონების წართმევაში დახელოვნებული სწორედ სააკაშვილის მთავრობა იყო. როგორც გიორხელიძე ამბობს, ახალი მთავრობის მიმართ მსგავსი ეჭვიც კი არ გამოთქმულა:
„შესაძლოა, სამართალდამცველებს რაღაც შეეშალოთ კიდეც, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ყველაფერი გახმაურდება და გამოსწორდება“, - მიიჩნევს დემურ გიორხელიძე და თვლის, რომ ქონების წართმევა-ჩამორთმევა, კორპორაციების შექმნა და ა.შ. ყოფილი ხელისუფლების ხელობა იყო და არა ახალი მთავრობის.
„გიორგი ისაკაძემ ეს განცხადება წინასწარ რომ გააკეთა მეც არ მომეწონა. სამწუხაროდ, ისიც ხელდასმული ბიზნესმენი იყო, მაგრამ სააკაშვილის პოლიტიკა დასრულებულია და მისი განცხადებების კომენტირება უკვე არასერიოზულია. ჩვენ მომავალზე უნდა ვიფიქროთ, ის წარსულის პოლიტიკოსია და უკვე აღარ არის საინტერესო მისი განცხადებები“,- მიიჩნევს გია ხუხაშვილი.
გამოძიებიდან გამომდინარე გიორგი ისაკაძეს ამ თემაზე დეტალურად საუბარი არ სურს, თუმცა for.ge-სთან საუბრისას მან განაცხადა, რომ მიხეილ სააკშვილის განცხადებები მას არ აინტერესებს და მასზე კომენტარის გაკეთებასაც არ აპირებს. როგორც ისაკაძე ამბობს, ის რისი თქმაც სურდა ამ ეტაპზე ამ საქმესთან დაკავშირებით, განცხადებაში ჩამოაყალიბა, სადაც ის მიზეზებიც ახსნა, რის გამოც ბიზნესიდან მიდიოდა.
for.ge გიოირგი ისაკაძის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:
„ჩემი დაკითხვის საკითხი ეხება კომპანია „ლოგოს“ და ამხანაგობა „თეთრი სახლის“ თემას, რომელიც კავშირშია ბანკ „ქართუსთან“. ვაპირებ აქტიურად ვითანამშრომლო გამოძიებასთან ყველა დეტალზე, რაც უკავშირდება ბოლო წლების ურთიერთობას ბანკ „ქართუსთან“ ამ კომპანიებთან მიმართებაში, რომლებსაც ბევრი „სასიქადულო პარტნიორები ჰყავდა“, თუმცა, ლეგალურად და ფაქტობრივად დღეს ეს თემა ჩემთან ასოცირდება.
ნებისმიერი შედეგის დადგომის მიუხედავად, როგორც არ უნდა დამთავრდეს გამოძიება, მივიღე გადაწყვეტილება, რომ აქტიურ ბიზნესს თავს ვანებებ და ამის სამ ძირითად მიზეზს მოგახსენებთ:
1) მიუხედავად იმისა, რომ სხვადასხვა მედიის საშუალებით, ლამის ერთადერთი ბიზნესმენი ვიყავი ბოლო 1 წლის მანძილზე, რომელიც ღიად თანამშრომლობდა მედიასთან, მათ შორის საგამოძიებო გადაცემებთან, ვაფიქსირებდი ჩემს პოზიციას როგორც ამ კონკრეტულ პრობლემაზე, ასევე ბანკი „ქართუს“ თემაზე. მუდმივ კავშირზე ვიყავი ბანკის ახალ მენეჯმენტთან და არასდროს გავურბოდი (პირადად ვაქტიურობდი) მათთან ღია ურთიერთობას და კომუნიკაციას, ბოლო წელიწადნახევრის განმავლობაში. მიუხედავად იმისა, რომ მიმაჩნია ჩემთან ასოცირებული კომპანიების შემთხვევა, თვისობრივად განსხვავდება იმ კლასიკური სქემისგან, რაც განხორციელდა ბანკთან მიმართებაში, მე მაინც გარკვეული დანაშაული მიმიძღვის ბანკის წინაშე და მზად ვარ, ამისთვის პასუხი ვაგო კანონის მთელი სიმკაცრით. ვსარგებლობ შემთხვევით და ბოდიშს მოვუხდი ბანკ „ქართუს“ ყოფილ და ამჟამინდელ დამფუძნებლებს, ასევე დირექტორატს, ნებსით თუ უნებლიეთ შექმნილი პრობლემების გამო.
2) მეორე მიზეზი, რის გამოც ბიზნესიდან მივდივარ, გახლავთ ჩემთვის სრულიად გაუგებარი პიარი და განცხადებები, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტრომ გააკეთა რამდენიმე კვირის წინ, სადაც მხილებული ვიყავი, როგორც მონაწილე დანაშაულებრივი სქემისა და შემდგომ, ამის ტირაჟირება გაგრძელდა ბანკის მესვეურების მიერ. ბოლო აკორდი გახლდათ ინფორმაცია, რომ მე სხვა რამდენიმე კომპანიასთან ერთად, ბანკთან შევთანხმდი პრობლემის მოგვარებაზე. ოჯახური პირობების გამო, მე საქართველოში რამდენიმე ხანი არ გახლდით. ვადასტურებ, რომ პირველად ვარ დღეს გამოძახებული საგამოძიებო სამსახურში და არც რაიმე შეთანხმებას ბანკ „ქართუსთან“ ადგილი არ ჰქონია. ვაპირებ აქტიურად ვითანამშრომლო გამოძიებასთან და მგონია, რომ მხოლოდ ამის შემდგომ, რაც სასამართლო და სხვა წინარე საგამოძიებო პროცედურები იქნება გავლილი, იქნებოდა შესაძლებელი ჩემი დამნაშავედ ან სულაც კაციჭამიად შერაცხვა. მიმვმართავ შსს-ს და ბანკ „ქართუს“, რომ უახლოეს დღეებში გამოასწორონ გამოძიების დასრულებამდე ნებსით თუ უნებლიეთ დაშვებული შეცდომა ჩემი დანაშაულებრივი სქემაში მონაწილეობის გამოცხადების შესახებ, რითაც უხეშად დაირღვა როგორც უდანაშაულობის პრეზუმფცია, მოხდა ბიზნესმენის შერჩევითი პრინციპით და გაუგებარი იარლიყების მიკერებით დასახელება. ასევე, წარმოუდგენლად მიმაჩნია, შსს-ს ამ შინაარსის განცხადების შემდეგ, სრულიად შელახული საქმიანი რეპუტაციით, გავაგრძელო ბიზნესის კეთება.
3) და ბოლოს - ბოლო პერიოდში განსაკუთრებულ აპოგეას მიაღწია კონფორმიზმა ბიზნესის მხრიდან. დეტალიზებას არ შევუდგები, მაგრამ გამომდინარე იქიდან, რომ სრულიად სხვადასხვა კალიბრის ბიზნესმენები ვართ, მე ვირჩევ, რომ არ მქონდეს საზოგადოებაში სოციალური სტატუსი ბიზნესმენისა, ეს ჩემი პირადი არჩევანია, ვიდრე ბიზნესი არა - ღირსების, არამედ დაცინვის ან კონფორმიზმის ალიტერაციაა“, - აცხადებს გიორგი ისაკაძე.