„ნაციონალური მოძრაობის“ მიზანია არჩევნების მეორე დღეს დაიწყოს პოლიტიკური პროცესი. ამას ადასტურებს მიხეილ სააკაშვილის „ბოდიში“ და დაპირება, რომ საქართველოში ბრუნდება. გარდა ამისა, პარტია ყოფილ პრეზიდენტს, ამჟამად უკრაინის მოქალაქეს პრემიერ–მინისტრობის კანდიდატად წარადგენს, რაც იმას ნიშნავს, რომ უმძიმეს სისხლის სამართლის საქმეებში ბრალდებული სააკაშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ საარჩევნო სიის პირველი ნომერი იქნება.
პოლიტოლოგის რამაზ საყვარელიძის განცხადებით, სააკაშვილი ქარიზმატული ფიგურაა და სწორედ ამიტომ სჭირდება „ნაციონალურ მოძრაობას“ მის სახელზე პედალირება.
for.ge რამაზ საყვარელიძეს ესაუბრა.
სააკაშვილის გუნდის ყოფილი წევრები – „ევროპული საქართველო“, „სტრატეგია აღმაშენებელი“ და „გირჩი“ ღიად უპირისპირდებიან „ნაციონალურ მოძრაობას“. როგორ ფიქრობთ, ოპოზიციაში მიმდინარე დაპირისპირება იძლევა სამოქალაქო ომის ნიშნებს, როგორც ამას ნაციონალებთან დაახლოებული ანალიტიკოსი, ნოდარ ხარშილაძე აცხადებს?
რამაზ საყვარელიძე: ნოდარ ხარშილაძე ანალიტიკური ტიპის მსჯელობის მოყვარულია, მაგრამ ვფიქრობ, რომ ასეთი მსჯელობა ფოკუსირებულია ოპოზიციაზე. თუ ოპოზიციის მეტს ვერავის ხედავ, შეიძლება მოგეჩვენოს, რომ ოპოზიციაში მიმდინარე პროცესებმა სამოქალაქო ომი, ან შეიძლება მსოფლიო ომიც გამოიწვიოს. ფოკუსირებამ ეს იცის, გეჩვენება, რომ ჭიქაში ქარიშხალია, მაგრამ გაიხედ–გამოიხედავ და ნახავ, რომ მაინც ჭიქაა და კატასტროფა არ არის. ოპოზიციის შიდა დაპირისპირებები დღევანდელ პოლიტიკურ სურათში კატასტროფას არ ქმნიან, მით უმეტეს სამოქალაქო ომისას. ომს, ძალები სჭირდება, რა ძალები აქვს ოპოზიციურ პარტიებს?
ოპოზიციურ პარტიებს არ აქვთ საზოგადოებაში ის მხარდაჭერა, რომ ასეთი ვერსია გამართლდეს. ამოვიდეთ თუნდაც იმ პროგნოზებიდან, რომელიც ოპოზიციის დაკვეთით შესრულებულმა სოციალურმა კვლევამ გვიჩვენა „ნაციონალურ მოძრაობას“ 15–16% აქვს, დანარჩენებს კიდევ უფრო ნაკლები. ამ პროპორციებით რა სამოქალაქო ომი შეიძლება მოხდეს? – ეს ერთი და მეორე – სამოქალაქო ომი იარაღით დაპირისპირებას გულისხმობს. დღეს პოლიტიკურ პარტიებს ხელში არ უკავიათ იარაღი. სამოქალაქო დაპირისპირება შეიძლება მოხდეს, მაგრამ სამოქალაქო ომი, ნამდვილად ვერ იქნება.
სამოქალაქო ომის რესურსი ოპოზიციას არ აქვს, მაგრამ გეგმაში აქვთ პროცესების ამ გზით განვითარება? ძალიან ხშირად პარალელებს ავლებენ ბელორუსში მიმდინარე პროცესებთან და ამბობენ, რომ თუ ხელისუფლება შეეცდება არჩევნების გაყალბებას, გარდაუვალია პროცესების ბელორუსიის სცენარით განვითარება. შეიქმნა ა–ო „დავიცვათ ყველას ხმა“, ასევე სააკაშვილთან დაახლოებულმა ქრისტინა პუშომ შექმნა ახალგაზრდების გაერთიანება, მიზანი ამ შემთხვევაშიც არჩევნებია. რა სცენარისთვის ემზადება ოპოზიცია?
– ეს კეთდება იმისთვის, რომ არჩევნების მეორე დღეს დაიწყოს პოლიტიკური პროცესი, ბელორუსიის და სხვა ხავერდოვანი მოვლენების ანალოგიურად. მოგეხსენებათ, ხავერდოვანი რევოლუციის დიდი ნაწილი აგებული იყო არჩევნების გაყალბების გაპროტესტებაზე. ეს წერია ხავერდოვანი რევოლუციების სცენარში. 60–70–იან წლებში ამერიკაში შეიქმნა ეს სცენარი და მერე ტრიალებს, ჩვენთანაც იგივე მოხდა, არჩევნების მიმართ პროტესტმა გააჩინა ვარდების რევოლუცია. ამიტომ, ოპოზიცია ემზადება მეორე დღისთვის.
თუ ხელისუფლებამ შეცდომები დაუშავა იმ მხრივ, რომ არჩევნების შედეგების გაყალბება სცადა, რაც ძალიან მეეჭვება, მაგრამ დავუშვათ, რომ ხალხი გამოვიდა ქუჩაში - ვინ მოჰყავს ამ ხალხს ხელისუფლებაში? ნებისმიერი რევოლუციის შემთხვევაში, არჩევნების გამო, თუ არჩევნების გარეშე, ისმის კითხვა – რისთვის გამოვდივართ ქუჩაში, ვისთვის ვიბრძვით, ვინ უნდა მოვიყვანოთ ხელისუფლებაში? რეალურად ხომ ნაციონალების ხელისუფლებაში მოყვანაზეა ლაპარაკი. ვარდების და ნებისმიერი სხვა ხავერდოვანი რევოლუციის რესურსი ის არის, რომ ახალი ძალა მოდის ხელისუფლებაში, რომლის ავ–კარგი ხალხმა არ იცის და მერე ირკვევა.
ასე იყო სააკაშვილი, არ იცოდნენ ვინ იყო, მაგრამ მხარს უჭერდნენ. დღეს უკვე სააკაშვილი და მისი პარტია გაშიფრული მოვლენაა. ამიტომ ვარდების რევოლუციის ეს პრინციპი ამ კონკრეტულ პირობებში ირღვევა. ხალხი, რომელიც სარალიძის ემოციურ პროტესტს აღარ აყვა, მხოლოდ იმიტომ, რომ იქ ნაციონალები იყვნენ, ეს ხალხი ნაციონალების მიერ მოწოდებულ პოლიტიკურ მოთხოვნებს აყვება?! -გამორიცხულია. ასე რომ, რაღაცა დესტრუქციული ღელვა, ალბათ, იქნება, ალბათ, იმის მცდელობაც იქნება, რომ ეს ღელვა უცხოელების წინაშე გააფორმონ როგორც მათ სჩვევიათ საიმისოდ, რომ უცხოეთიდან წამოვიდეს ზეწოლა, მაგრამ, თუ იტყვიან, რომ არჩევნები დარღვევების გარეშე ჩატარდა, მაშინ ამ ტიპის აქცებს საფუძველი გამოეცლება.
ასე რომ, ამ გეგმასთან ბრძოლა ძალიან ადვილია. ვიმეორებ, ერთი პირობა ის არის, რომ რეალურად ეს ბრძოლა მიდის უკვე უარყოფილი პარტიის აღდგენისკენ, ან „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში მოყვანისკენ, რაც მიუღებელია და მეორე – უცხოელების გამოყენებისთვისთვის. უცხოელების მხრიდან კრიტიკის შემცირებისთვის საკმარისია შეცდომები არ იქნას დაშვებული.
ის, რომ პროტესტების აგორების გეგმა არსებობს, ამაში გეთანხმებით. რევოლუციის გეგმაზე ლაპარაკობდა სააკაშვილი და მისი პარტია, ახლა შეჩერდნენ, მაგრამ თქვენს მიერ ჩამოთვლილი ღონისძიებები მიუთითებს, რომ ნაციონალებში რევოლუციის იდეა განელებული არ არის.
რევოლუციის იდეა განელებული არ არის, მაგრამ რამდენად შეძლებენ პროცესების ამ მიმართულებით წაყვანას? მით უმეტეს, რომ ოპოზიციაში ერთიანობა არ არის...
– არა, ასე არ არის. საკმარისია, დაგროვდეს ბევრი უკმაყოფილება, ისინი დაივიწყებენ დღევანდელ უთანხმოებას და ისევ შეუერთდებიან „ნაციონალურ მოძრაობას“.
მაგრამ რესურსი რამდენად აქვთ? არც 2003 წელს ჰქონდათ რესურსი, მაგრამ პროცესები წარმართეს რევოლუციური სცენარით, თუმცა მაშინ მათ ჰქონდათ დასავლეთის მხარდაჭერა, დღეს ასე გამოკვეთილი მხარდაჭერა არ აქვთ...
– დასავლეთი და პარალელი ახსენთ 2003 წლის მოვლენასთან. მაშინ ბუშს ჰქონდა იდეა ხავერდოვანი რევოლუციით გასულიყო ავღანეთში. ამიტომ სჭირდებოდა რევოლუცია საქართველოში. დღეს დასავლეთში ასეთი იდეა არ არის, ხავერდოვანი რევოლუციები დღეს არავის არ სჭირდება. რაც შეეხება იმას, რომ მაშინ დასავლეთის მხარდაჭერა ჰქონდათ, ეს არ იყო გადამწყვეტი, რადგან მარტო დასავლეთის მხარდაჭერა არ ჰქონდათ, რუსეთის მხარდაჭერაც ჰქონდათ. რუსეთს სჭირდებოდა შევარდნაძის მოშორება და თავისი კაცის დასმა.
შეიძლება რუსეთი ანალოგიურ თამაშში დღესაც შევიდეს?
– არ არის გამორიცხული, მაგრამ ვიმეორებ – დასავლეთის მხარდაჭერის გარეშე მარტო ერთი მხრიდან, მეეჭვება ასეთი რევოლუციები მოხერხდეს. ყოველ შემთხვევისთვის იმდენად ძლიერი და მკაფიო არის საქართველოში მოსახლეობის პოზიციები, რომ დასავლეთის მხარდაჭერის შემთხვევაშიც ძნელი შესასრულებელი იქნება. პოლიტიკოსებს უყვართ სცენარების წერა, მაგრამ რეალურად ყველა სცენარი არ სრულდება.
2003 წელი რომ მომხდარიყო, უკვე 2000 წლიდან მიდიოდა მთელი მოსახლეობის დამუშავება „რუსთავი 2“–ის საშუალებით და ამან მოამწიფა რევოლუციური განწყობა. ამან მოამწიფა ის განწყობილება საზოგადოებაში, რომ შევარდნაძის მხარდაჭერა უკვე სირცხვილად ითვლებოდა. ანალოგიურად, დღეს სირცხვილად ითვლება სააკაშვილის მხარდაჭერა. არც „ოცნების“ მხარდაჭერას უდგას კარგად საქმე, მაგრამ სააკაშვილის მხარდაჭერა სირცხვილია. მყარი მომხრეებიც არ ლაპარაკობენ, რომ სააკაშვილს უჭერენ მხარს.
ხელისუფლება შეძლებს პროცესების მართვას?
– სწორი კითხვაა, მით უმეტეს ახლა. იმიტომ, რომ ამ წელს დასავლეთიდან გაჩენილმა წერილების ნაკადმა, მკაფიოდ დაგვანახა, რომ საკმარისია ხელისუფლებას ფეხი გადაუბრუნდეს ამ არჩევნებზე, რომ დასავლეთიდან შეტევა იქნება ძალიან ძლიერი. კერძოდ - იმ წრეებიდან, რომელიც „ნაციონალურ მოძრაობას“ გულშემატკივრობენ. მერე არავინ დაიწყებს იმის გარკვევას ვინ ნაციონალია და ვინ არა, მაგრამ დასავლეთიდან ასეთი ზეწოლა სირთულეებს შექმნის. ამის გადაკეტვა შეიძლება ძალიან ფრთხილი, გაანგარიშებული ფრთხილი მოქმედებით, რომელიც წინასწარ მომზადებულ ნიადაგზე იქნება გაშლილი. ვგულისხმობ საელჩოების და სხვა კონტაქტების მეშვეობით იმ განწყობების მომზადებას, რომ კარგი დაინახონ და ცუდს არ გამოეკიდონ და საერთოდ არ ჩაერიონ საქართველოს შიდა პოლიტიკურ პროცესებში.
იმიტომ, რომ ეს ან ვერ მოახერხა ჩვენმა ხელისუფლებამ, ან დიდი ეჭვი მაქვს, რომ გაგება ვერ მოახერხა უცხოეთმა იმისა, რომ უტაქტო ჩარევებით, გნებავთ ელჩების და გნებავთ ამ ტიპის წერილებით, რაც ახლა ვახსენეთ, ყველაზე დიდი ზიანი ადგება დასავლეთს იმ მხრივ, რომ საქართველოს მოსახლეობის თვალში დასავლეთი ნელ–ნელა უახლოვდება იმას, რასაც 70 წლის განმავლობაში უყურებდა ეს მოსახლეობა - როგორ ცდილობდა მოსკოვი პროცესები ემართა საქართველოში. ხშირად გაიგებთ საქართველოში ფრაზას – რა განსხვავებაა, ვაშინგტონის და ბრუსელის კარნახით ვიცხოვრებთ, თუ მოსკოვის? ამიტომ, დასავლეთზე დიდი აქცენტი არ არის გასაკეთებელი. ჩვენ ჩვენი საქმე გვაქვს გასაკეთებელი, ჩვენ თვითონ გვჭირდება ნორმალური არჩევნების ჩატარება.