„ნაციონალურ მოძრაობასა“ და „ევროპულ საქართველოს“ შორის დაპირისპირება კიდევ უფრო მწვავდება. როგორც ანალიტიკოსები for.ge-სთან ვარაუდობენ, ნაციონალები შიშობენ, ევროპელებმა მათი ელექტორატი არ გადაიბირონ და პოლიტიკურ ასპარეზზე ღიად მიხეილ სააკაშვილი შემოიყვანეს. მათი აზრით, ნაციონალებს ბოლო დროს „ოცნებასთან“ დაპირისპირება იმდენად აღარ აღელვებთ, როგორც კონკურენტ ოპოზიციურ პარტიებთან. სწორედ, ამიტომ ანალიტიკოსები მოელიან, რომ პარტია თბილისში მაჟორიტარულ ოლქებშიც საკუთარ კანდიდატებს დააყენებს და შეთანხმებას დაარღვევენ.
ჩნდება კითხვა - რა მიიღეს ევროპელებმა იმის სანაცვლოდ, რომ სააკაშვილისგან დისტანცირდნენ, შეძლებენ თუ არა ნაციონალების ჩანაცვლებას და პირველ ოპოზიციურ პარტიად ჩამოყალიბებას? ანალიტიკოსები for.ge-სთან ამას კატეგორიულად გამორიცხავნ, თუმცა ფიქრობენ, რომ ორივე მათგანი არჩევნებისთვის ელექტორატის გადასაბირებლად ყველა ხერხს მიმართავენ. ნაციონალებისთვის კი ახლა ყველაზე სერიოზული კონკურენტები ევროპელები და „ლელო“ არიან.
„ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის კანდიდატურის გარდა, „ევროპული საქართველო“ მხარს დაუჭერს ნებისმიერ სხვა სასურველ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს“, - განაცხადა „ევროპული საქართველოს“ წევრმა გიგა ბოკერიამ.
მისი თქმით, ყველა პარტიას სურს, თავისი პოლიტიკური ლიდერი ან მის შეხედულებებთან ახლოს მყოფი ფიგურა იყოს პრემიერობის კანდიდატი, ამიტომ „ევროპული საქართველო“ მიხეილ სააკაშვილს მხარს არ დაუჭერს.
„სააკაშვილი არ არის ის ფიგურა, რომლის გარშემოც მოხერხდება კომპრომისის მიღწევა. ვერავინ ვერ გაბედავს და ვერ იტყვის, რომ მე ვინც მინდა პრემიერად, ის თუ არ იქნება, ბიძინას დავტოვებ ხელისუფლებაშიო“, – აცხადებს გიგა ბოკერია.
„ნაციონალური მოძრაობა“ მიხეილ სააკაშვილთან ერთად, უახლოეს პერიოდში, ახალ პოლიტიკურ პლატფორმასა და გეგმებს წარადგენს“, - ამის შესახებ პარტიის წევრმა და ისნის მაჟორიტარობის კანდიდატმა, ხატია დეკანოიძემ განაცხადა.
„ჩვენ და მათ შორის მიხეილ სააკაშვილი, როგორც ჩვენი პარტიის ლიდერი, წარვადგენთ ჩვენი პარტიის ძალიან სერიოზულ გეგმას, ახალ პოლიტიკურ პლატფორმას, საარჩევნო პროგრამას და მნიშვნელოვან ხედვას, როგორ ესახება მას, როგორ გვესახება ჩვენ ამ ქვეყნის განვითარება, თითოეული ადამიანის კეთილდღეობა, უსაფრთხოება და როგორი უნდა იყოს თანამშრომლობის პლატფორმა. ეს იქნება სრულიად ახალი შეთავაზება და ლოგიკურია, პარტიის ლიდერი, ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი პოლიტიკური ფიგურა, რომელიც დღემდე ქმნის და კიდევ შექმნის პოლიტიკურ დღის წესრიგს საქართველოში, ჩვენი პოლიტიკური გუნდის ავანგარდში იყოს“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.
ყოფილი სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი for.ge-სთან ამბობს, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ ახლა მხოლოდ საკუთარი თავი აინტერესებს და პირადი ინტერესებისთვის ნებისმიერ პოლიტიკურ ძალას ჩაძირავს. მისი აზრით, სააკაშვილის პერსონის გამოჩენა და პოლიტიკურ ველზე გააქტიურება მხოლოდ ერთ მიზანს ემსახურება, რომ ისინი სხვა რომელიმე ოპოზიციურმა პარტიებმა არ ჩაანაცვლონ. ზაქარეიშვილი ამბობს, რომ ახლა ნაციონალებისთვის ოპოზიციურ პლატფორმაზე ყველაზე საშიში მეტოქეები „ევროპელები“ არიან და მათ შემდეგ „ლელოს“ მოიაზრებენ. მათ ეშინიათ, რომ ორივე პარტია ამომრჩეველს წაართმევს და ფიქრობენ, რომ სააკაშვილის თამაშში შემოყვანით, ძველ ამომრჩეველს დაიბრუნებენ.
ზაქარეიშვილი ამბობს, რომ „ევროპელებმა“ სააკაშვილისგან დისტანცირებით საკმაოდ ბევრი მოიგეს. ფაქტობრივად, მათ ამ ქცევით ზოგიერთი ამომრჩეველი დაარწმუნეს, რომ ისინი წარსულ დანაშაულებს ნანობენ და ამაში ბრალი სააკაშვილს მიუძღვის. თუმცა სააკაშვილი არ იყო მხოლოდ იმ სისტემის შემოქმედი. ზაქარეიშვილი ამბობს, რომ ბოკერია, მერაბიშვილი და სხვები, ზუსტადაც ის ადამაინები არიან, რომლებიც დანაშაულებრივ სისტემას აგებდნენ და ასევე ბევრ რამეს აკეთებდნენ. ამიტომაც მხოლოდ სააკაშვილზე ხელის შეწმენდა ბოკერიას და მისი გუნდის წევრებს ვერაფერს უშველის. ყოფილი მინისტრი მიიჩნევს, რომ „ნაციოანლებს“ საკუთარი სტაბილურ ამომრჩეველი ჰყავთ.
„ნაციონალებს საქართველო და სახელმწიფო სულაც არ ადარდებთ. მათ აქვს საკუთარი პოლიტიკური მიზნები და დღის წესრიგი. სხვა ყველა და ყველაფერი წყალს წაუღია. ამიტომაც არის, რომ „ოცნების“ პარალელურად ისინი ოპოზიციასაც ებრძვიან. ახლა, როგორც ჩანს, „ევროპელებს“ საკმაოდ სერიოზულ საფრთხედ აღიქვამენ და მათ წინააღმდეგ და ელექტორატის წასართმევად სააკაშვილი თამაშში აქტიურად შემოიყვანეს. ვფიქრობ, ამ არჩევნებზე ამომრჩეველი მესამე ძალისკენ გადახრას დაიწყებს. „ნაციონალებს“ საფრთხე ემუქრებათ, როგორც „ევროპელებისგან“, ასევე „ლელოსგან“. ამიტომაც ყველას ჩაძრივას დაიწყებენ.
რაც შეეხება კითხვას „ევროპელებმა“ სააკაშვილისგან დისტანცირებით რა მოიგეს, გეტყვით, რომ ბევრი რამ. როგორც აღმოჩნდა, მათ ამით საკუთარი ამომრჩევლის მობილიზება შეძლეს; „ნაციონალებს“ ელექტორატის ნაწილი წაართვეს და გაყოფა მოხდა. ახლა სააკაშვილის ამ უაზრო ქცევით და გამოხტომებით, შესაძლოა, რომ კიდევ ნაწილიც დაკარგონ. თუმცა „ნაციონალები“ ასე სულაც არ ფიქრობენ. მათ იმედი აქვთ, რომ პირიქით, ამით ოპოზიციაში მყოფ კონკურენტ პარტიებს უკან დასწევენ“, - ამბობს ზაქარეიშვილი for.ge-სთან.
ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე კი ფიქრობს, რომ შესაძლოა, მიხეილ სააკაშვილის პერსონა „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მხოლოდ იმიტომ გაააქტიურა, რომ ხვდება დაბალი რეიტინგი აქვს და ეშინია საკუთარი ელექტორატი „ევროპელებმა“ და „სტრატეგია აღმაშენებელმა“ არ წაართვას. საყვარელიძე ამბობს, რომ ახლა „ნაციონალები“ თბილისის მაჟორიტარულ ოლქებშიც საკუთარ კანდიდატებს დააყენებენ და ამით ოპოზიციასთან ურთიერთობა კიდევ უფრო გამწვავდება. საყვარელიძე ამბობს, რომ „ნაციონალებს“ და „ევროპელებს“ შორის დაპირისპირება ფიზიკურად არ მომხდარა, თორემ სხვა მხრივ კონფლიქტი მწვავდება.
„სააკაშვილმა და „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ეტყობა, ნახეს, რომ მათი რეიტინგი არცთუ სახარბიელოა და ეჭვიანობენ, როგორც „ევროპელებზე“, ასევე „სტარტეგია აღმაშენებელზე“. ყველამ იცის, რომ მათ საერთო ელექტორატი ჰყავთ და ერთმანეთისთვის მუდმივად ხმების წართმევის პროცესში არიან. ამიტომაც „ევროპელებიც“ ხვდებიან, რომ სააკაშვილის თამაშში შემოყვანა ისევ მათ წინააღმდეგ არის გათვლილი. „ოცნება“ ამით რას და როგორ სარგებლობს, ამ პარტიას სულაც არ ანაღვლებს, იციან, რომ სააკაშვილის გარეშე მათი პარტია იმ 15%-საც დაკარგავს, რაც აქვთ.
მართალია, ამომრჩევლის ნაწილი „ნაციონალებს“ და „ევროპელებს“ ერთმანეთისგან დიდად ვერ ანსხვავებს და პასუხისმგებლობასაც ერთნაირად აკისრებს, მაგრამ არის ამომრჩევლების ნაწილი, რომელსაც სააკაშვილი უფრო აღიზიანებთ, ვიდრე ბოკერია. ამიტომაც ტაქტიკა, რომ ყველა წარსული დანაშაული მხოლოდ სააკაშვილს დაბრალდეს, რიგ ამომრჩეველში ამართლებს. მგონია, რომ მათ შორის სიტუაცია კიდევ უფრო გამწვავდება. თუმცა არ მგონია, რომ ახლა „ევროპელებს“ ჰქონდეთ იმის შანსი, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ჩაანაცვლონ“, - ამბობს საყვარელიძე for.ge-სთან.
რუსეთ---ამერიკისა არ იყოს...... იმათი დედა ქუნემ ვინც ესენი გაააშველოს......
ნეტა დახოცონ ერთმანეთი, ორთავეს ალალად ვიტირებ......