„ხატის უკან გამოგზავნა ქრისტიანული საქციელია?!“

„ხატის უკან გამოგზავნა ქრისტიანული საქციელია?!“

„პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერების პილიგრიმობის შემდეგ აფხაზეთში მოვლენები ელვის სისწრაფით განვითარდა და ერი და ბერი ფეხზე დადგა. აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის მრჩეველი ლაშა საქანია „პატრიოტთა ალიანსთან“ შეხვედრის გამო თანამდებობიდან გადადგა, რათა აფხაზურ საზოგადოებაში ტემპერატურა არ გაეზარდა. საერო ხელისუფლებას არც სასულიერო ფენა ჩამორჩა, აფხაზეთის მართლმადიდებლურმა ეკლესიამ ირმა ინაშვილს ხატის მიღებაზე უარი განუცხადა და ილორის ტაძრისთვის შეწირული ღვთისმშობლის ხატი უკან დააბრუნა იმ მოტივით, რომ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია აფხაზეთის ეკლესიასა და აფხაზეთის სახელმწიფოს არ ცნობს.

რას ნიშნავს აფხაზეთის ეკლესიის პასუხი და ლაშა საქანიას თანამდებობიდან გადადგომა, აფხაზური საზოგადოება ისევ არ არის მზად, ქართულ მხარესთან თუნდაც მხოლოდ დიალოგზე წამოვიდეს?

პოლიტოლოგი, შავი ზღვის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების პროფესორი თამარ კიკნაძე for.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ „პატრიოტთა ალიანსის“ ნაბიჯი და აფხაზეთში ჩასვლა დადებითი მოვლენაა, რაც რაღაც უფრო მნიშვნელოვნის დასაწყისია. ბუნებრივია, პირველივე ნაბიჯებიდან ეს ყველაფერი არ გამოვა, რადგან ამდენი წლის განმავლობაში ეს იყო საზოგადოება, სადაც ინერგებოდა სიძულვილი ქართველების წინააღმდეგ, მაგრამ, რადგან ნაბიჯები გადაიდგა, ეს იმის მაჩვენებელია, რომ პროცესი დაიძრა და ამ პროცესს უკუსვლა არ ექნება.

„დროთა განმავლობაში იმდენი კატაკლიზმები იყო ჩვენს ურთიერთობებში, რომ ამის გამოსწორება დროს მოითხოვს. ერთი რამ არის საყურადღებო, რომ აფხაზურ საზოგადოებაში საღად მოაზროვნე ადამიანები არიან, თუნდაც ლაშა საქანია, რომლებსაც ძალიან კარგად ესმით, რომ ე.წ. დამოუკიდებლობამ არცთუ ისე კარგი შედეგი გამოიღო მათთვის, იქ იცვლება დემოგრაფია არა აფხაზების სასარგებლოდ, ძალიან დიდია ნარკოტიკების მოხმარების შემთხვევები, ეს ადამიანები ამის გამო დაფიქრებულნი არიან და სწორედ ასეთი ადამიანების საღი აზრის შედეგად პროცესი შეიძლება წინ წავიდეს“,- აცხადებს თამარ კიკნაძე.

მისივე განმარტებით, დიდი მნიშვნელობა აქვს, რომ ამ შეხვედრის უკან რუსები დგანან, დღევანდელი საერთაშორისო ვითარება ისეთია, რომ რუსების გარეშე ეს ყველაფერი არ გაკეთდებოდა. რუსები მზად არიან, ქართველებთან დაიწყონ ურთიერთობის დალაგება, ისინი ძალიან კარგად ხვდებიან, რომ აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი საქართველოსთვის ყველაზე უფრო მტკივნეულია და, თუ ამ მხრივ არ გადაიდგა ნაბიჯები, საქართველო- რუსეთის ურთიერთობის დალაგებას პერსპექტივა არ აქვს.

„ამიტომ ოპტიმისტურად ვარ განწყობილი, რადგან მსოფლიო წესრიგი ისე ყალიბდება და ისეთნაირად იცვლება, რომ რეგიონულ თანამშრომლობას ექნება მომავალი. მიუხედავად იმისა, რომ აფხაზეთში ჩასვლის პირველი მცდელობა არც ისე კარგად დამთავრდა, ამას მაინც გაგრძელება ექნება“, - აღნიშნა თამარ კიკნაძემ.

მოძრაობა „დაბრუნების“ თავმჯდომარე, აფხაზთა კრების ერთ- ერთი ლიდერი მალხაზ პატარაია for.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ პერიოდულად რუსეთი გვტესტავს მის მიერ შემოთავაზებულ შეგუების პოლიტიკასთან დაკავშირებით და ქართულ საზოგადოებრივ აზრს ამოწმებს. კერძოდ, შარშან 20 ივნისს სერიოზულად დაგვტესტა რუსეთმა გავრილოვის ჩამოსვლით, მაგრამ მიიღო ძალიან მძაფრი რეაქცია. სულ ახლახანს კი ერთ-ერთი ასეთი შემოწმება რუსეთის მხრიდან იყო ის, რაც „პატრიოტთა ალიანსმა“ განახორციელა აფხაზეთში ჩასვლით.

„სინამდვილეში, ეს იყო „პატრიოტთა ალიანსის“, ანუ ღია რუსული რეზიდენტურის აფხაზეთში ვიზიტი. რუსებს აწუხებთ „ოკუპანტის“ სტატუსი, ოკუპაციის შესახებ კანონი. რუსეთისა და საქართველოს ხელისუფლების გარეშე ეს ჯგუფი აფხაზეთში ვერ გადავიდოდა, მაგრამ აფხაზეთში მათ ჩასვლას მძაფრი რეაქცია მოჰყვა და, ამასთან, გამოჩნდა საინტერესო დოკუმენტები „პატრიოტთა ალიანსის“ კრემლთან ფინანსური კავშირის შესახებ, რაც ჩვენი სახელმწიფოს წინააღმდეგ დანაშაულია. ამიტომ სასწრაფოდ დაიწყეს კვალის მოშლა, ჩვენმა ხელისუფლებამ შორს დაიჭირა პატრიოტები, აფხაზეთიდანაც უარყოფითი რეაქცია წამოვიდა. არ ვიცი, როგორი თანაშემწე იყო ლაშა საქანია და, საერთოდ, რას ნიშნავს თანაშემწის გადადგომა, წესით, თანაშემწის გადადგომა ბევრს არაფერს ნიშნავს. თანაშემწე არ არის მნიშვნელოვანი პოსტი“,- აცხადებს მალხაზ პატარაია.

ამასთან, განმარტავს, რომ, თავისთავად, ხატის დაბრუნება მიანიშნებს, როგორი ფაშისტური და ველური გარემოა აფხაზეთში. მალხაზ პატარაიასთვის გაუგებარია, ე.წ. აფხაზეთის ეკლესია ხატებს რას ერჩის? როგორი ქრისტიანები ეგენი არიან, ასეთ რამეს რომ აკეთებენ?

„საერთოდ, კონფლიქტი ხდება იქ, სადაც რუსის ჯარი პარპაშებს, არ იქნება რუსის ჯარი და დამთავრდება ეს ფაშისტური სიძულვილი. ჩვენ ყველაზე კარგად ვიცნობთ აფხაზებს. ვინც არ უნდა იყოს ხატის შემომწირველი, ამას მნიშვნელობა არ აქვს, პირველ რიგში, ეკლესიას ცოდვილები სწირავენ ხატებს. ამიტომ შემოწირულობაზე როგორ თქვეს აფხაზებმა უარი? ხატის უკან გამოგზავნა რას ნიშნავს?!“

 

 

Aburjga Tasmanieli მალხაზ პატერაია ბაია პატარაიას მამაა თუ ბიძა?!
4 წლის უკან