„თვითონ თურქებმა არ მოუწონეს ეს საქციელი ერდოღანს, ქრისტიანულ სალოცავში შესვლას ალაჰი არ გვაპატიებსო“

„თვითონ თურქებმა არ მოუწონეს ეს საქციელი ერდოღანს, ქრისტიანულ სალოცავში შესვლას ალაჰი არ გვაპატიებსო“

აია სოფიას შემდეგ ერდოღანი სხვა მართლმადიდებლურ ტაძრებსაც მიადგა. საუბარია მაცხოვრის სახელობის ხორას მონასტერზე, რომლის მეჩეთად გადაკეთებასაც თურქები გეგმავენ. აღნიშნული ბიზანტიური ძეგლი კომნენოსების იმპერატორთა დროინდელია და თავისი შედევრი ფრესკებითაა ცნობილი. სწორედ ამ ფრესკებს მოუწევს დაფარვა, რათა ეკლესია მეჩეთად გადაკეთდეს.

მეექვსე საუკუნის ეს ტაძარი სტამბოლში ფათიხის რაიონში მდებარეობს. კონსტანტინოპოლის დაპყრობის შემდეგ ხორას ტაძარი მეჩეთად გადააკეთეს და 434 წლის განმავლობაში მეჩეთად ფუნქციობდა. 1945 წელს მუზეუმად გადაკეთდა, ახლა კი კვლავ მეჩეთის ფუნქციას დაუბრუნებენ.

ფაქტია, იუნესკოს გაფრთხილებას ერდოღანმა წაუყრუა. ვინ უნდა შეაჩეროს იგი, რომ სხვა ტაძრების ჯერიც არ დადგეს?

ანალიტიკოსი ვაჟა ბერიძე მიიჩნევს, რომ ერდოღანი ძლიერი მმართველია, რომელიც კრიტიკული ხედვის გარეშე არ მიჰყვება ათათურქის გზას, პოლიტიკაში ის უფრო იხრება ოსმალეთის იმპერიის ძველი დიდებისა და გავლენის აღდგენისკენ, განსაკუთრებით, ეს თვალშისაცემია მისი მმართველობის ბოლო პერიოდში, როცა ერდოღანის ავტორიტეტი და პოპულარობა თურქულ საზოგადოებაში შემცირდა.

ანალიტიკოსის აზრით, არც ის უნდა გამოგვრჩეს მხედველობიდან, რომ ის ამბოხი, გადატრიალება, რომელიც გიულენს მიეწერება, ერდოღანმა ძალის გამოყენებით ჩაახშო და დღეს უკვე სტამბოლისა და ანკარის მერები ოპოზიციის წარმომადგენლები არიან, ანუ მათ გაიმარჯვეს სამართლიან არჩევნებში. აქედან გამომდინარე, ერდოღანს საკმაოდ მერყევი მდგომარეობა აქვს, ასეთ ვითარებაში მმართველები ხშირად მიმართავენ ნაციონალისტურ გრძნობებზე თამაშს. ასეთი მისწრაფებები ისედაც ახასიათებდა ერდოღანს თავისი მოღვაწეობის ადრეულ ეტაპზე.

„ბუნებრივია, ამ ვითარებაში მან გადადგა პოპულისტური ნაბიჯები და აია სოფიას შემდეგ ხორას მონასტრის მეჩეთად გადაკეთება გადაწყვიტა, რომელიც ბოლო დრომდე მუზეუმი იყო. აია სოფია ქრისტიანული სამყაროს მთავარი სასულიერო ცენტრი გახლდათ, ვიდრე რომში არ გადაინაცვლებდა კათოლიციზმის გავლენის ცენტრი. კონსტანტინეს დროიდან მოყოლებული, როცა დაიწყო ამ ტაძრის მშენებლობა, ერთხელ გადაიწვა ეს ტაძარი, მერე იუსტინიანეს დროს თავიდან იქნა აგებული. რაც შეეხება იუნესკოს, იუნესკო არ არის ის ორგანიზაცია, რომელიც ერდოღანს შეაჩერებს, იუნესკოს გავლენა დღევანდელ მსოფლიოში საპატიო და მნიშვნელოვანია, მაგრამ მას არ აქვს იმის ძალა და გავლენა, ერდოღანს უკან დაახევინოს. ერდოღანს თავისი პოლიტიკის გატარებისას საკუთარი ვერსია აქვს, ის ამბობს, ათასი წელი, კი ბატონო, მთავარი ქრისტიანული სალოცავი იყო აია სოფია, მაგრამ მერე 500 წელი იყო მეჩეთი და არ ვეთანხმები ათათურქსო, რადგან იყო მეჩეთი 5 საუკუნე, კიდევ იყოს მეჩეთიო. ასეთია მისი ლოგიკა. ამას დასავლეთის მხრიდან მწვავე რეაქცია, მკაფიო პოზიცია სჭირდება, ვგულისხმობ სანქციებს, რისი საშუალებაც დღეს ამ მოცემულობით დასავლეთს არ აქვს.

თურქეთს ყოველთვის ჰქონდა მნიშვნელოვანი ადგილი მსოფლიო პოლიტიკაში, ის იყო ფორპოსტი ნატოს და დასავლეთის ცივი ომის პირობებში და არანაკლები მნიშვნელობა აქვს დღეს, როდესაც საბჭოთა კავშირი აღარ არსებობს და გეოპოლიტიკის ახალი კონფიგურაცია იქმნება მსოფლიოში. ამიტომ არც ველოდი, რომ თურქეთის ამ ნაბიჯებს მკვეთრი რეაქცია მოჰყვებოდა დასავლეთის მხრიდან“, - აღნიშნა ვაჟა ბერიძემ for.ge-სთან საუბარში.

მისივე განმარტებით, ასე მარტივად არ არის საქმე, რადგან თურქეთის ტერიტორიაზე მილიონობით დევნილია სირიიდან. მათ მოსავლელად ევროკავშირი თურქეთს მილიარდობით ევროს აძლევს, ამ თანხის მიცემის თანმიმდევრობაზეც ხშირად მიმდინარეობს ვაჭრობა და დავა. თურქეთმა რომ გახსნას საზღვრები და ეს დევნილები მიუშვას ევროპისკენ, ევროპა ძალიან სერიოზული პრობლემების წინაშე აღმოჩნდება. თანაც, სირიაში კონფლიქტი არ არის მოგვარებული და ერთ-ერთი აქტორი სწორედ თურქეთია ამ მიმართულებით. ასე რომ, მოსალოდნელი არც იყო და არც გამოხატულა მკვეთრი და მკაფიო დაგმობა ამერიკის, ევროკავშირისა და ნატოს მხრიდან თურქეთის ამ საკმაოდ მკაფიო ნაბიჯის მიმართ. ერდოღანის თვალთახედვით, ახლა ის დროა, ოსმალეთის იმპერიის ყოფილი ძლიერების აღსადგენად გარკვეული ნაბიჯებიც გადაიდგას.

ვაჟა ბერიძის აზრით, ცივილიზებული მსოფლიოსთვის მიუღებელია, რომ ძველ ქრისტიანულ სალოცავებში მეჩეთები იხსნება, მაგრამ ესეც უნდა გახდეს თურქეთთან თანასწორუფლებიანი და ურთიერთპატივისცემის გამომხატველი დიალოგის საგანი, რადგან ათათურქის მემკვიდრეობა არ გულისხმობს დასავლეთთან დაპირისპირებას. ბევრი თვალსაზრისით, თურქეთი დასავლეთზეცაა დამოკიდებული ეკონომიკური თვალსაზრისითაც.

„ჩვენთვის ეს საყურადღებოა, რამდენადაც თურქეთის ტერიტორიაზე ქართული ბევრი ისტორიული ძეგლია, ძალიან მნიშვნელოვანია ამ ძეგლების მდგომარეობა, მომავალი. საქართველოს აქვს სტრატეგიული თანამშრომლობა თურქეთთან, აქედან გამომდინარე, არა მგონია, იმავე ნიშაში მოხვდეს ქართული ეკლესია-მონსტრები, კულტურის ძეგლები, როგორც ეს ხდება აია სოფიასა და ხორას მონასტრის მიმართ. ჩვენ გვაქვს გარკვეული ურთიერთობები თურქეთთან, ჯერჯერობით საუბარია ამ ძეგლების მოვლა-პატრონობაზე, მათ რესტავრაციაზე, საამისოდ გარკვეულ პირობებს აყენებენ თურქები, შესაძლოა, ჩვენთვის ბოლომდე არცთუ მისაღებს და გასაგებს, მაგრამ, მიუხედავად ამისა, ისინი არ ცვლიან თავიანთ პოლიტიკას ქართული კულტურის ძეგლებთან მიმართებით დღევანდელი თურქეთის ტერიტორიაზე. ჩვენ ამ მიმართულებით უნდა გვქონდეს ინტენსიური დიალოგი თურქეთის ხელისუფლებასთან. საუბარი ამ ეტაპზე არ არის იქაურ ქართულ ეკლესიებში წირვა-ლოცვის აღდგენაზე, მაგრამ პერსპექტივაში არაფერია გამორიცხული, თუკი ეს ურთიერთგაგება, რაც დამოუკიდებლობის პერიოდში არსებობს საქართველოსა და თურქეთს შორის განვითარდება და გაგრძელდება, რადგან ჩვენ არ ვართ საფრთხე თურქეთის ეროვნული ინტერესებისათვის“, - მიიჩნევს ვაჟა ბერიძე.

ანალიტიკოსის მოსაზრებით, შესაძლოა, ქართული საზოგადოების გარკვეული ნაწილი მწვავედ რეაგირებდეს თურქული ეკონომიკური აქტივობის ზრდაზე, განსაკუთრებით, აჭარაში, მაგრამ ყველა პრობლემა ჩვენს დიდ მეზობელთან, რომლის ტერიტორიაზეცაა ისტორიული საქართველოს ნაწილი, დიალოგის საშუალებით უნდა მოგვარდეს. ამ დროში, როდესაც ჩვენ უკვე აღარ ვართ რუსეთის იმპერიის ნაწილი და ვართ დამოუკიდებელნი, ჩვენ მეორე დიდი მტერი სამხრეთის ფრთაზე არ უნდა გავიჩინოთ, ყველა ჩვენი მეზობელი, განსაკუთრებით, დიდი მეზობლები მტრებად არ უნდა ვაქციოთ. უნდა ვეცადოთ, ვინც ჩვენს ოკუპანტად იქცა, ჩვენსკენ შემოვატრიალოთ დიპლომატიის საფუძველზე.

„ერდოღანი მასშტაბური მოთამაშეა და, მიუხედავად იმისა, რომ ქვეყნის შიგნით მისი პოზიციები არცთუ ისე მყარია, მას ჰყავს ძლიერი, უფრო პროდასავლური ოპოზიცია, ვიდრე თვითონ არის. ერდოღანი კარგად იყენებს დღევანდელ მსოფლიოში შექმნილ სირთულეებს, რუსეთთან ურთიერთობას, ხან მოკავშირეობას, ხან სტრატეგიულ თანამშრომლობას, ხან შეიარაღების შესყიდვას, შემდეგ შეტაკებასა და ინტერესთა დაჯახებას სირიასა და ლიბიაში“.

პარლამენტარი რევაზ არველაძე for.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ ერდოღანი თავისუფალი ადამიანია და, რასაც უნდა, იმას აკეთებს, ხვალ და ზეგ რას გააკეთებს, კაცმა არ იცის.

„ჩემი აზრით, აია სოფიას მეჩეთად გადაკეთებას არ უნდა ჩაევლო დასჯის გარეშე. ასეთ შემთხვევაში, ერდოღანი ახალ ტაძრებზე არ აიღებდა ორიენტაციას. დასჯაში სანქციებს ვგულისხმობ, თორემ ერდოღანს ახლა ვერავინ დაიჭერს. სერიოზული სანქციები უნდა დაეწესებინათ მისთვის. თვითონ თურქებმა არ მოუწონეს ეს საქციელი ერდოღანს, ეს ქრისტიანების სალოცავია და ალაჰი არ გვაპატიებს, იქ რომ შევიდეთ, იქ ქრისტიანები უნდა ლოცულობდნენო“, - აცხადებს რევაზ არველაძე.

ცნობისთვის, თურქებმა აია სოფიას ტაძარი უკვე გადააკეთეს მეჩეთად. მედიის ცნობით, აია სოფიას ტაძარი შეინარჩუნებს ქრისტიანულ ხატებს, თუმცა იქ ისეთი განათება დამონტაჟდება, რომლითაც ქრისტიანული მოზაიკები და ფრესკები ნამაზის დროს არ გამოჩნდება.