გაუმარჯოს გულახდილობას (მეორე წერილი)

გაუმარჯოს გულახდილობას (მეორე წერილი)

გულახდილად მინდა ვაღიარო, რომ ჩემი წერილების (წერილი I იხილეთ For.ge – 24.11.2012, „ცხრა წლის შემდეგ“) მთავარი ადრესატი საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილია. ყველა ის პრობლემა, მოსაზრება და შეფასება, რომელთა გასაჯაროების უფლებასაც ვაძლევ თავს, საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილის დამოკიდებულებას ასახავს, ანუ ობიექტური რეალობაა. ქვეყნის სათავეში მოსული ახალი ერთმმართველობის მიერ სისტემური ცვლილებების განხორციელებას, მრავალსუბიექტიან მმართველობაზე გადასვლას, გარკვეული დრო, გარკვეული საფეხურების გავლა სჭირდება. აღნიშნულიდან გამომდინარე და გამომდინარე პასუხისმგებლობის იმ წილიდან, რაც ახალი ხელისუფლების საქმიანობის პირველ ეტაპზე ბატონ ბიძინაზე მოდის, პრობლემებზე ეფექტიანი რეაგირება მხოლოდ ამ ადამიანს ხელეწიფება.

ერთი საინტერესო დაკვირვებით მინდა დავიწყო: თანამედროვე პოლიტიკაში „პიარის“ როლი და მნიშვნელობა რომ განუსაზღვრელია, ამაზე კამათიც კი უხერხულია, მაგრამ...

ბატონი ბიძინა ივანიშვილის პირველი ბრიფინგი პრემიერ-მინისტრის რანგში მართლაც პარადოქსული ეფექტებით დატვირთული მოვლენა იყო. მისი მონოლოგიც (შეხვედრის საწყისი ნაწილი) და ჟურნალისტებთან დიალოგიც „პიარის“ თანამედროვე მოთხოვნებისა და სტანდარტების სრული უარყოფა გახლდათ. ამგვარი დამოკიდებულება დიდ რისკებს შეიცავს, რადგან წესებიდან ყველა „გადახვევა“ ოპონირებისთვის კარგ საყრდენებს ქმნის. განსაკუთრებით „ნაყოფიერად“ იყენებენ აღნიშნული გადახვევების შედეგად წარმოქმნილ სუსტ წერტილებს ჩასაფრებული ოპონენტები.

საუბრის მიმართულება უფრო გასაგები რომ იყოს, კონკრეტულ მაგალითს განვიხილავ - დღეს არც ერთი ქვეყნის (დემოკრატიულის თუ არადემოკრატიულის) არც ერთი ხელისუფალი „გაჭრილად“ არ იტყვის, რომ დანაპირებს სრულად ვერ შეასრულებს, მითუმეტეს, ამას არ იტყვის ხელისუფლებაში მოსვლის პირველი თვის თავზე და მითუმეტეს, ამის მიზეზად არ დაასახელებს მისი გუნდის მიერ წარმოებულ გათვლებში დაშვებულ შეცდომებს.

ხსენებულ ბრიფინგზე ამგვარი „პიარ-ლაფსუსი“ რამდენიმე იყო... და აქ მინდა შევავსო ის მრავალწერტილი, რომელიც წერილის ამ ნაწილის პირველ აბზაცში დავსვი. აღმოჩნდა, რომ ბატონი ბიძინას გულახდილი საუბარი, რაც ოპონენტების მიერ „აღიარებით ჩვენებად“ შეფასდა, საზოგადოებისთვის სრულიად მისაღები იყო. რასაკვირველია, ხალხს ურჩევნია დანაპირები სრულად შესრულდეს, მაგრამ თუ ის ვერ სრულდება, ტყუილ მოლოდინს არცთუ სასიამოვნო სიმართლეს ამჯობინებს.

ყველა პიროვნება, ვინც ცდილობს გააანალიზოს რეალობა და შესაბამისი დასკვნები გამოყავს, თავის პოზიციას ამყარებს ხოლმე საკუთარ, წარმოსახვით ფოკუს-ჯგუფებზე (თუ შეიძლება ასე ითქვას) დაკვირვების მეშვეობით. მეც მყავს ამგვარი „ფოკუს-ჯგუფები“ ჩემი მეგობრების, ნათესავების, თანამშრომლების, მეზობლების, ნაცნობების სახით. ბრიფინგის დღიდან ვსწავლობ განწყობებს, რეაქციებს და იმ დასკვნამდე მივედი, რომ ხალხისთვის სიმართლე დიდი ფასეულობაა არა მხოლოდ იმიტომ, რომ სიმართლეა და არა მხოლოდ იმიტომ, რომ ხვალინდელი გეგმების გაანგარიშებას უადვილებს, არამედ იმიტომ, რომ ამით იგი თავს პროცესის სუბიექტად აცნობიერებს (!) სხვა სიტყვებით - ხელისუფალმა ის, მოქალაქე, კი არ გამოიყენა თავისი მიზნების მისაღწევად, როგორც ეს ადრე ხდებოდა, არამედ მას ანგარიშს აბარებენ, ბოდიშს უხდიან და რჩევებსაც ეკითხებიან.

ბატონი ბიძინას პოლიტიკაში მოსვლის პირველი დღეებიდან ასეთი „გადაცდომები“ საკმაოდ ხშირი იყო, რაც მოწინააღმდეგეებს თვითდაჯერებას უღვივებდა, ხოლო მხარდამჭერებს დაძაბულობას მატებდა, მაგრამ ქარავანი თავის გზას დინჯად და აუღელვებლად აგრძელებდა და ფაქტია, რომ დღევანდელ რეალობამდე მშვიდობით მოგვიყვანა.

ასე რომ, - გაუმარჯოს გულახდილობას!

პრემიერის პირველი ბრიფინგის კიდევ ერთ ნაწილს გამოვარჩევდი. გამოვარჩევდი რამდენიმე მიზეზის გამო: ა) საქმე ეხება სფეროს, რომელიც ქვეყნის თითოეული მოქალაქის ინტერესს წარმოადგენს - განათლებას; ბ) ბატონმა ბიძინამ მხოლოდ ერთ შემთხვევაში მოახდინა კრიტიკის მიზეზის, ასე ვთქვათ, პერსონიფიცირება და ეს პიროვნება გახლავთ განათლებისა და მეცნიერების მინისტრი გიორგი მარგველაშვილი; გ) მე თვითონ მეცნიერების სფეროს წარმომადგენელი ვარ და სუბიექტურადაც მაინტერესებს, რა ხდება ჩვენს მმართველ ორგანოში; დ) მთავრობის შემადგენლობაში ჩემს პირად სიმპატიას ყველაზე მეტად სწორედ ბატონი გიორგი იწვევდა. მისი გონიერი და პრინციპული ტელესაუბრები ყოველთვის იმედით განგვაწყობდა და დამაჯერებლობას გვმატებდა.

ბატონმა ბიძინამ ორ წინადადებაში ახსნა მთავრობის იმ გადაწყვეტილების შინაარსი, რის ახსნასაც ბატონი გიორგი მთელი ერთი კვირის განმავლობაში ცდილობდა და ნაცვლად კმაყოფილებისა, მხოლოდ და მხოლოდ დაბნეულობა გამოიწვია დაინტერესებულ წრეებში. მე ვფიქრობ, გიორგი მარგველაშვილს უჭირს მობილიზება. აშკარაა, რომ მინისტრის პოზიცია მის განწყობას, მისი ცხოვრების წესს, მის ინტერესებს არ შეესაბამება და, აქედან გამომდინარე, პირველი პერიოდი მისთვის რთულად დასაძლევი აღმოჩნდა. ეს ერთი... და მეორე - ბატონ გიორგის გუნდის პრობლემა აქვს. ფაქტია, რომ მას მხარი ვერავინ შეაშველა.

როგორც ზემოთ აღვნიშნე, მეცნიერების სფეროს წარმომადგენელი ვარ. გარდა ამისა, აღმასრულებელ სტრუქტურასთან თანამშრომლობის გარკვეული პრაქტიკაც მაქვს. იმ სამუშაო გამოცდილების მქონე ადამიანებისთვის, რაც მინისტრის მოადგილეებს გააჩნიათ, პასუხისმგებლობის ტვირთის ზიდვა ძალიან ძნელი იქნება.

ბატონო გიორგი, იმოქმედეთ, თეორიული ბაზა შესანიშნავი გაქვთ, მხედველობაში მაქვს „ქართული ოცნების “ განათლების პროგრამა (სამწუხაროდ, იმავეს ვერ ვიტყვი მეცნიერების ნაწილზე). ცოტა ხნით თავი დაანებეთ ტელეეთერით ათას წვრილმანზე საუბარს და მხოლოდ შედეგებზე იყავით ორიენტირებული. ქვეყნის წარმატება, ქვეყნის ხვალინდელი დღე თქვენი უწყების წარმატებულ მუშაობაზეა დამოკიდებული.

ახალი ხელისუფლების მიმართ საზოგადოების ყველაზე კრიტიკულ დამოკიდებულებას საკადრო პოლიტიკა იწვევს. ბატონმა ბიძინამ ერთ-ერთი გამოსვლის დროს ბრძანა, პირველი ხელისუფლება ნდობის ფაქტორზე იქნება დამყარებული, შემდეგი - პროფესიონალიზმზე და ნდობაზეო. ჩემთვის ცოტა გაუგებარია ეს დამოკიდებულება. ფაქტია, რომ ბიძინა ივანიშვილმა მოახერხა და შეიმუშავა ძველი ხელისუფლების დამარცხების გრძელვადიანი გეგმა, რომელიც ნაბიჯ-ნაბიჯ, გასაოცარი დამაჯერებლობით მიიყვანა სასურველ შედეგამდე. ამ კონტექსტში, ჩრდილოვანი კაბინეტის შექმნა და ამ ოცკაციანი გუნდის მომზადება მართვის სადავეების ხელში ასაღებად სულაც არ უნდა ყოფილიყო საძნელო საქმე.

ვფიქრობ, აქ პრობლემა სუბიექტურ ფაქტორებშია. ბიძინა ივანიშვილი, თავისი „კარჩაკეტილი“ ცხოვრების წესიდან გამომდინარე, არ იცნობდა იმ საკმარის რაოდენობას სანდო პროფესიონალებისა, საიდანაც უნდა გაკეთებულიყო არჩევანი. იმთავითვე იქმნებოდა შთაბეჭდილება, რომ იგი არ იცნობდა ქართული პოლიტიკის კულისებს და საინფორმაციო საშუალებების დიდ გავლენას განიცდიდა. ახალი ლიდერის გარემოცვაზე ერთი თვალის შევლებაც კი საკმარისია, დავასკვნათ, რომ იქ ე.წ. ცნობადი სახეების აუხსნელი სიჭარბეა. მავანი იკითხავს, „აუხსნელი“ რატომო? - ვპასუხობ:

ავტორიტარული რეჟიმების ერთ-ერთი მთავარი მახასიათებელია საინფორმაციო საშუალებების (განსაკუთრებით ტელევიზიების) სრული კონტროლის აუცილებლობა. როცა ქვეყნის ხელისუფლებას აქვს იძულება ამტკიცოს, რომ არის დემოკრატიის მშენებელი, ის შემდეგი სტანდარტით მუშაობს: ხელისუფლების ღიად მხარდამჭერი ტელეარხების გარდა, ფუნქციონირების საშუალებას აძლევს ე.წ. ოპოზიციურ არხებსაც, რომელთა დანიშნულებაც ერთდროულად ორი კურდღლის მონადირებაა - ერთი მხრივ, დემოკრატიის ილუზიის შექმნა, ხოლო მეორე მხრივ - ორთქლის გამოშვება.

ჩემი საუბარი სრულ თანხმობაშია იმ შეფასებებთან, რაც ბიძინა ივანიშვილმა გააკეთა თავის პირველ განცხადებაში, როდესაც სახელისუფლო მედიასთან ერთად, მწვავედ აკრიტიკებდა ე.წ. ოპოზიციურ მედიასაც. მე, უბრალოდ, ვცდილობ, მეტი კონკრეტიკით დავტვირთო აღნიშნული შეფასებები.

ქართულ სინამდვილეში „ორთქლის გამოშვება“ სამ ძირითად პრინციპს ემყარებოდა: 1. „კრიტიკული“ ტელევიზიების გავრცელების არეალი მცირე უნდა ყოფილიყო; 2. პოლიტიკური თოქ-შოუების და ნიუსების თემების შერჩევის წესი არ უნდა ყოფილიყო კონკრეტულ მიზანზე ორიენტირებული (მაგალითად, როგორიც იყო შესანიშნავი პროექტი „საკანი №5“); 3. რესპოდენტების შერჩევის წესი უნდა ყოფილიყო „ბევრი ლაპარაკი, ცოტა საქმე“, ანუ ძირითადად იწვევდნენ იმ პოლიტიკური ორგანიზაციების წარმომადგენლებს, იმ ექსპერტებს, საზოგადოების იმ სახეებს, ვინც მხოლოდ რეალობის შეფასებით იფარგლებოდნენ და არაფერს გვეუბნებოდნენ პრობლემების გადაჭრის გზებთან დაკავშირებით, მითუმეტეს, არ მოგვიწოდებდნენ აქტიური მოქმედებებისკენ.

ხსენებულ ტელესახეებსა და ძველ ხელისუფლებას შორის ჩამოყალიბდა ერთგვარი შინაგანი თანხმობის გარემო - ხელისუფლება თავს მშვიდად გრძნობდა ამგვარი, არა შედეგზე ორიენტირებული, ოპონირების პირობებში და იმავდროულად, დასავლელ პარტნიორებთანაც ჰქონდა სალაპარაკო დემოკრატიის წინსვლის თვალსაჩინოებაზე. თავის მხრივ, ცნობადი სახეებიც იკმაყოფილებდნენ საკუთარ ეგოს, ბევრს თავისი „ალალი ლუკმაც“ ჰქონდა ამ საქმიდან (გრანტის თუ სხვა სახით). „კონსტრუქციული პოლიტიკური ოპოზიციის“ წარმომადგენლებზე და მათ მერკანტილურ გათვლებზე პირველ წერილში საკმარისად ვთქვი და ბევრს ვერაფერს დავამატებ.

„ქართული ოცნების“ ავანსცენაზე სწორედ ამ ცნობადი სახეების სიჭარბეა თვალშისაცემი.

საკადრო პოლიტიკის კუთხით, განსაკუთრებით რთულადაა საქმე საშუალო და დაბალ რგოლებში. „ნაციონალური მოძრაობა“, ისევე როგორც „მოქალაქეთა კავშირი“, კადრების შერჩევის დროს ორ ცნობილ ბოლშევიკურ პრინციპს ეყრდნობოდა: „ვინც ჩემთან არ არის, ჩემი მტერია“ და „ჩემი ცუდი მირჩევნია სხვის კარგს“. ამან შედეგად გამოიწვია კვალიფიციურ, პატიოსან მოხელეთა მასობრივი დათხოვნები. ვინც სისტემაში დარჩა, მათი დიდი ნაწილი კომპრომატით დაიტვირთა და პოლიციური რეჟიმის ნაწილი გახდა.

სწორედ ამიტომ იყო აუცილებელი მთავრობის არა მხოლოდ სანდო, არამედ პროფესიონალი კადრებით დაკომპლექტება (რამდენიმე მინისტრი ამ მოთხოვნებს პასუხობს, მაგრამ საერთო სურათი, აშკარად, არადამაკმაყოფილებელია). თუ დააკვირდებით, დაინახავთ, რომ ნდობის საფუძველზე შერჩეულმა მინისტრებმა თავისი მოადგილეები, ასევე, ნდობის საფუძველზე შეარჩიეს (?). მხოლოდ და მხოლოდ პროფესიონალ და გამოცდილ დარგის ლიდერებს შეუძლიათ შექმნან პირობა, რომ ქვეყნის მოხელეთა არც თუ დიდი რეზერვი სრულად და ეფექტიანად იყოს მობილიზებული და რეალიზებული.

ნოემბრის თვე გამორჩეული იყო მეგობარი სახელმწიფოების მაღალი რანგის პოლიტიკური ფიგურების მიერ ახალი ხელისუფლების მიმართ საჯაროდ გამოთქმული „კრიტიკული შეფასებებით“, აგრეთვე გავლენიან ფრანგულ და ამერიკულ გამოცემებში იმავე თემაზე გამოქვეყნებული „მწვავე“ სტატიებით. ბრჭყალებში სიტყვებს ვსვამ იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ კრიტიკის კონკრეტული საფუძველი არცერთი ავტორის მიერ ახსნილი არ არის. პოლიტიკურ ანგარიშსწორებაზე მხოლოდ მაშინ არის დასაშვები საუბარი, როცა პასუხისგებაში მიცემული პირის საქმეში მტკიცებულებები არ იკვეთება. აღნიშნული გარემოება იძლევა საფუძველს ვივარაუდოთ, რომ ძველი ხელისუფლების ლობისტებმა „კარგად“ იმუშავეს (ეს საერთო აზრია).

მაგრამ, მოდით, მოვლენებს სხვა კუთხით შევხედოთ. ავტორიტეტული, მაღალი რანგის პირები და ავტორიტეტული გამოცემები საკუთარ პასუხისმგებლობას მხოლოდ ლობისტების თხოვნაზე კითხვის ნიშნის ქვეშ არ დააყენებენ. ვცადოთ, წარმოვიდგინოთ არგუმენტები, რაც შეიძლება დაედოს საფუძვლად ზემოხსენებულ კრიტიკულ შეფასებებსა და მწვავე სტატიებს:

„დემოკრატიის შუქურამ“, ევროკავშირის, ნატოსა და დასავლეთის სახელმწიფოების ერთგულმა მეგობარმა და ძველებურად აგრესიული და დესტრუქციული რუსეთის დაუძინებელმა მტერმა, პრეზიდენტმა სააკაშვილმა და მისმა პოლიტიკურმა გუნდმა 2012 წლის 1 ოქტომბერს ჩაატარეს დემოკრატიული არჩევნები, სცნეს მისი შედეგები, აღიარეს დამარცხება და საკუთარი ნებით გადასცეს მართვის ყველა ბერკეტი ახალ ხელისუფლებას - ასე ფიქრობენ დასავლეთში, ან სურთ აჩვენონ, რომ ასე ფიქრობენ. ამ ფონზე, ბუნებრივია, ძველი ხელისუფლების წარმომადგენელთა მასობრივი დაპატიმრებები, რბილად რომ ვთქვათ, კითხვებს აჩენს.

საქართველოს თითოეულმა მოქალაქემ კარგად იცის, რომ წინა აბზაცში მოცემული არცერთი შეფასება ძველი ხელისუფლების მიმართ არ შეესაბამება სიმართლეს. ამის შესახებ სმენიათ ჩვენს დასავლელ მეგობრებსაც, მაგრამ სმენიათ მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობის“ კონკურენტი პარტიების მიერ გაკეთებული პოლიტიკური შეფასებების სახით. საქართველოს სახელმწიფოს (და არა მხოლოდ ხელისუფლების) წინაშე დგას ამოცანა - ერთი მხრივ, ვიმუშაოთ (ვიბრძოლოთ) ქვეყანაში სამართლიანობის დასამკვიდრებლად და იმავდროულად, პარტნიორების ნდობა ეჭვებისგან გავათავისუფლოთ.

ვფიქრობ, აღნიშნული ამოცანის გადაჭრისთვის ის გზა უნდა ავირჩიოთ, რასაც იყენებენ ხოლმე დასავლეთის წამყვანი სახელმწიფოები და საერთაშორისო ორგანიზაციები კრიმინალური რეჟიმების მიმართ. ერაყში, ეგვიპტეში, ლიბიაში და სხვ. კეთდებოდა სადამ ჰუსეინის, ჰოსნი მუბარაქის, მუამარ კადაფის და მათი ხელისუფლებების მიერ ჩადენილი სისტემური დანაშაულების პოლიტიკური და სამართლებრივი შეფასებები და მხოლოდ ამის შემდეგ, აღნიშნულის საფუძველზე, იწყებოდა სამართლიანობის აღდგენისთვის ბრძოლა.

ვიდრე არ შეფასდება 7 ნოემბერი, 26 მაისი, 8 აგვისტო (აქ აუცილებლად გამოგვადგება ტალიავინის კომისიის დასკვნაც), სრული განუკითხაობა ძალოვან უწყებებში (ქუჩის დახვრეტები, ციხის მოვლენები და სხვ.), ბიზნესის რეკეტი, ბრძოლა თავისუფალი მედიის წინააღმდეგ, პოლიტიკური ოპონენტების დევნა, განსხვავებულად მოაზროვნეთა დევნა, გაყალბებული, არათავისუფალი, არადემოკრატიული საპრეზიდენტო, საპარლამენტო და ადგილობრივი არჩევნები (მათ შორის, 1 ოქტომბრის არჩევნები, სადაც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ სრულიად უსამართლოდ მოიპოვა 65 მანდატი) და სხვა მრავალი, მიმდინარე სასამართლო პროცესების მიმართ კითხვები მომავალშიც გაჩნდება ხოლმე. ერთი სიტყვით, - რეჟიმს უნდა დაერქვას თავისი სახელი.

ხელისუფლების მიერ შესაბამისი პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღება მრავალი საშინაო პრობლემის გადაწყვეტის საფუძველიც იქნება. მაგალითად, როგორ უნდა მოვაგვაროთ, ფორმალურად კანონიერად და რეალურად პოლიტიკური ნიშნით, სამსახურებიდან დათხოვნილი ათასობით მოქალაქის პრობლემები? ასეთ შემთხვევებში სასამართლოსთვის მიმართვა შედეგს არ (ვერ) იძლევა. როგორ უნდა აღვადგინოთ სამართლიანობა, თუ რეპრესიული რეჟიმი არ იქნება მხილებული? ეს მხოლოდ ერთი მაგალითია. თავს ნუ მოვიტყუებთ და ვაღიაროთ, რომ პოლიტიკური პროცესი შეფერხებებით მიმდინარეობს ძველი ხელისუფლების ნაშთების დესტრუქციული მოქმედებების გამო. როდემდე უნდა შეასრულოს პოლიტიკურად მკვდარმა სააკაშვილმა მაოხრებელი გზირის როლი?

ცხრაწლიანი განუკითხაობის პოლიტიკური და სამართლებრივი შეფასება არ გახლავთ რთული ამოცანა. უფლებადამცველ ორგანიზაციებსა და პოლიტიკურ გაერთიანებებს, სახალხო დამცველის აპარატს, მრავალ საერთაშორისო ორგანიზაციას, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტს თითქმის ყველაფერი - ყველა მოვლენა, ყველა ფაქტი - აღნუსხული და შესწავლილი აქვთ და საქმე მხოლოდ მასალების თავმოყრას და პოლიტიკური და სამართლებრივი შეფასებების შეჯერებას ეხება.

საქართველოს პოლიტიკური ცხოვრების ბოლო ცხრა წელი, თუ მას ისტორიულ ჭრილში, მომავლის გადასახედიდან, დემოკრატიული მართვის სისტემის ჩამოყალიბების აუცილებლობის ინტერესიდან გამომდინარე გავაანალიზებთ, დადებითს მეტს შეიცავს, ვიდრე უარყოფითს. პარადოქსია? - ვფიქრობ, რომ არა. ქართული პოლიტიკის ბოლო ცხრა წელი იყო ლოგიკური დასკვნითი ფაზა იმ დაღმავალი ტრაექტორიის მრუდისა, რომელიც საქართველოს დამოუკიდებლობის აღიარების დღიდან მეთოდურად, ქართული საზოგადოების მეტწილად ინერტული დამოკიდებულების ფონზე, მიემართებოდა პოლიტიკური ჭაობისკენ - ტოტალიტარული მმართველობისკენ.

განუკითხაობის, ძალადობისა და ტერორის, ენით აუწერელი სისასტიკისა და კაცთმოძულეობის ცხრა წელმა ჩვენი, ქართული საზოგადოების, სრული მობილიზაცია მოახდინა მარადიული ღირებულებების (სახელმწიფო, ერი, რელიგია, ტრადიციები...) დაცვისთვის ბრძოლაში. რომ არა უკვე ყოფილი ხელისუფლების საკუთარი ქვეყნისა და ხალხისადმი ასეთი სიძულვილი, რომ არა ასეთი მკვეთრად უარყოფითი მუხტი, ვერავინ იტყვის, ეს ბოროტება რამდენ ხანს გაგრძელდებოდა. ბოლო ცხრა წელმა მკაფიოდ გაავლო მიჯნა მორჩილებასა და ღირსეულ ყოფას შორის, შეგუებასა და არჩევანის თავისუფლებას შორის და ეს მიჯნა ჩვენ გადავლახეთ.

ეს იყო ბრძოლა სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზე და ჩვენ, ქართველმა ერმა, გადავწყვიტეთ, თავი გაგვეწირა ღირსების გადასარჩენად. ეს შეფასებები გადაჭარბებული რომ არ არის, იმით დასტურდება, რომ მთელი ცხრა წლის განმავლობაში, 2012 წლის 30 სექტემბრის ჩათვლით, არავინ იყო დარწმუნებული, რომ ამა თუ იმ არჩევნების დღე, და საერთოდ, რომელიმე კონკრეტული დღე, იქნებოდა რეჟიმის ბოლო დღე. უბრალოდ, ხუთ მილიონამდე ადამიანში არსებობდა შინაგანი თანხმობა, რომ ვიბრძოლებდით საბოლოო გამარჯვებამდე. ანუ, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, საზოგადოება ორიენტირებული იყო არა გარანტირებულ გამარჯვებაზე, არამედ ბრძოლაზე საბოლოო გამარჯვებისთვის. მსოფლიოს მოსახლეობის დიდი უმრავლესობისთვის ეს სიმაღლე დღემდე მიუღწეველია. აქედან გამომდინარე, გვაქვს საფუძველი, ამით ვიამაყოთ.

მაგრამ, ეს არ არის მთავარი. მთავარი არის ის, რომ გვაქვს როგორც კანონიერი, ისე მორალური უფლება, ჩვენ - ხალხმა - ვმართოთ ჩვენი ქვეყანა(!).

სიმართლე, სამართლიანობა, გულახდილობა და ღია პოლიტიკა უნდა გახდეს ახალი ხელისუფლების საქმიანობის საყრდენები. მხოლოდ ამ გზით მოიპოვება საზოგადოების მხარდაჭერა. საზოგადოების მხარდაჭერის გარეშე, ყველა ხელისუფლება, ადრე თუ გვიან, ცუდად ამთავრებს ხოლმე და პირიქით, როცა ზურგს გიმაგრებს საზოგადოების მხარდაჭერა, ყველა ბარიერი დაძლევადია, რაგინდ დიდ სირთულესაც არ უნდა წარმოადგენდეს ის.

ასე რომ, - გაუმარჯოს გულახდილობას!

05.12.2012