ცნობილი ადამიანების ახალი წელი

ცნობილი ადამიანების ახალი წელი

ახალ წელს ადამიანები განსხვავებულად და, ამავდროულად, ერთნაირად ხვდებიან- ყოველწლიურად ერთი და იგივე მეორდება- იშლება სუფრა, კეთდება გოზინაყი, ირთვება ნაძვის ხე, მოდის მეკვლე... თუმცა საქართველოში დღემდე შეუცვლელ მეკვლედ ითვლება მსახიობი გივი ბერიკაშვილი, რომელიც თავისი გულწრფელობითა და უბრალოებით გამოარჩია ქართველმა ხალხმა.

ახალი წლის სამზადისთან დაკავშირებით For.ge სასურველ მეკვლეს -გივი ბერიკაშვილს და სხვა ცნობილ ადამიანებს ესაუბრა.

გივი ბერიკაშვილი: ყოველ წელიწადს ერთსა და იმავე განწყობით ვხვდებით, რადგან მინდა, მომდევნო წელი წინა წელს სჯობდეს, მაგრამ, ეს ოხერი, რომ ვბერდებით?! ბუნების კანონზომიერება კარგია, მაგრამ წელიწადში 12 თვე კი არ უნდა იყოს, არამედ ერთი 40 თვე მაინც. მინდა, ბედნიერება და მშვიდობა ვუსურვო ყველას, დიდსა და პატარას, ჩემს ჯიშს, ჯილაგს, ქართველებს, ჩემს მამულს. გვეყო ამდენი ომი, დავიდარაბა, ერთმანეთის მტრობა. რაც კარგია, ის მოგვცეს ღმერთმა და იმას შევუწყოთ ხელი, რაც არ ვარგა, მოვიშოროთ თავიდან და სიყვარულით და მეგობრობით ვიცხოვროთ, როგორც შეშვენის ქართველ კაცს და ქართულ გენს.

რაც შეეხება ჩემს მეკვლეობას, ამ მხრივ ისევ მოთხოვნადი ვარ და ბედნიერი ვარ, რომ ამდენი წელიწადია, სასურველი მეკვლის სტატუსს ვინარჩუნებ. 2012 წელმა სიახლე შემოიტანა პოლიტიკაშიც, ჩვენთან, თეატრშიც ნაყოფიერად მუშაობენ ჩემი კოლეგები და ეს უნდა გაგრძელდეს. ყველა ახალი წელი დასამახსოვრებელია და ვერ გამოვარჩევ ერთმანეთისგან, რადგან ახალი წელი მოდის ახალი სურვილებით, სიყვარულით, მეგობრობით.       

მექა ხანგოშვილი: ახალ წელს ჩვეულებრივ ქართული წესით ვხვდებით, ნაძვის ხესაც ვრთავთ და საახალწლო განწყობა გვაქვს. ყოველთვის სურვილი მაქვს, რომ მომავალი წელი იყოს იმედებისა და მოლოდინის წელი და რატომღაც მგონია, რომ 2013 წელს უკეთესი წელი გვექნება, უფალმა გვისმინოს. ჩეჩნებიც ასევე ხვდებიან ახალ წელს, გროზნოს ცენტრში ყოველ წელს დიდი ნაძვის ხე დგას. სხვათა შორის, უნდა ითქვას, რომ ე.წ. პრეზიდენტ კადიროვს ჩამოჰყავს ხოლმე ცნობილი მომღერლები. თუ არ ვცდები, შარშან ირაკლი ფირცხალავა ჰყავდა ჩაყვანილი და საკმაოდ სერიოზული კონცერტი გაიმართა.

მეკვლესთან მიმართებით ჩეჩნების დამოკიდებულებაზე ვერაფერს გეტყვით, მაგრამ ქისტებში არის მეკვლის ინსტიტუტი, მაინც საქართველოში ვცხოვრობთ და გვინდა, პირველად ისეთი ადამიანი გვესტუმროს, ვისაც კარგი ფეხი აქვს. პირადად მე ჩემი პატარა გოგონა გამყავს და შემომყავს და ის არის ჩვენი მეკვლე. თქვენი ინტერნეტგამოცემის საშუალებით მინდა მთელ საქართველოს ვუსურვო მშვიდობა, ამაზე აუცილებელი მსოფლიოში არაფერი არ არის. მშვიდობა და წინსვლა გქონოდეთ ყველას და უფალი გწყალობდეთ.       

ნონა გაფრინდაშვილი: ახალ წელს ოჯახთან ერთად შევხვდი. დიდი იმედით ველი 2013 წელს, ეს არის პირველი იმედის მომცემი ახალი წელი. ვფიქრობ, მომავალი წლიდან საქართველოში აღმავლობა დაიწყება, რასაც ჩვენ ამდენი ხანია, ველოდებით. ერთადერთი, ყველაზე დიდი დასამახსოვრებელი თარიღი ჩემთვის იყო 1-ელი ოქტომბერი, როდესაც შეიცვალა ხელისუფლება და ის ხელისუფლება მოვიდა სათავეში, რომლის დიდი იმედიც მაქვს. მინდა ვუსურვო მთელ საქართველოს, რომ იმედი არ გაქარწყლებოდეს და ნამდვილი აღმავლობა დაწყებულიყოს. ისეთ ქვეყანაში გვეცხოვროს, რომ ნებისმიერი მოქალაქისთვის საამაყო იყოს.   

გია ბუღაძე: ყველა ახალი წელი დასამახსოვრებელია და იმის მიუხედავად, რომ  ერთმანეთისგან განსხვავდება, მაინც რაღაცით ჰგავს ერთმანეთს. გინდა, არ გინდა, მაინც ზეიმია, ეს ცოცხალი ტრადიციაა და ამ დღეებში ყველამ ყველას უნდა აპატიოს, დაუთმოს. განსაკუთრებული ტრადიცია ახალ წელს არ მაქვს, არც მინდოდა, ძალით რაიმე მომეფიქრებინა, რადგან თვითონ სპონტანურად უნდა დაიბადოს იდეა. მეტ-ნაკლებად ოჯახში ყველანი საქმიანი ხალხი ვართ და ამიტომ ერთადერთი, რაც ტრადიციად შევიმუშავეთ, ისაა, რომ ერთად ვიკრიბებით, ვცდილობთ, მაქსიმალურად ერთმანეთს მოვეფეროთ იმ საღამოს.

პირადად ჩემთვის 2012 წელი ძალიან რთული და ჭკუის სასწავლებელი წელი იყო, ასევე - ჩვენი ქვეყნისთვის.  ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, მეც, როგორც ადამიანს, სტატუსი შემეცვალა, ვიყავი რექტორი და დავასრულე ჩემი რექტორობა, გადავედი სულ სხვა რეჟიმში. ამავე დროს, გასული წელი რთული იყო ჩემთვის, რადგან ჩემი გამზრდელი დეიდა გარდაიცვალა, რომელმაც, ფაქტობრივად, დედა შემიცვალა, რამდენიმე ჩემი მეგობარი დავკარგე. თუმცა ქვეყანაში სიტუაცია რადიკალურად შეიცვალა, ეს ცვლა თავისთავად საინტერესო იყო, ჩემი ქვეყანაც გაიზარდა და მშვიდობიანად დამთავრდა პროცესები.

ცოტა დამაფიქრებელი ისაა, რომ ჩემს ქვეყანაში მაწუხებს უკულტურობისა და უგემოვნების პრობლემა. თუ ეს შემდგომში დაიძლევა, ძალიან კარგი იქნება. რა თქმა უნდა, თევზი თავიდან ყარს, ძნელია საკუთარ თავზე მუშაობა. ამიტომ დაფიქრებასა და ზნეობასთან ერთად, მორალსა და პროფესიონალიზმზე ზრუნვა სჭირდება ჩვენს ხელისუფლებას, ვინც არ უნდა იყოს იგი, რადგან რეალურად ეს იძლევა ნიშანს, თუ როგორ ქვეყანას ავაშენებთ. მოგეხსენებათ, გველი მაინც სიბრძნის მანიშნებელია, არა მარტო შხამის მქონეა, არამედ მკურნალობის მომტანიც არის და იმედი მაქვს, ეს წელი სიბრძნის მომტანი იქნება.

ზვიად ძიძიგური: ახალ წელს ჩემს ბიჭებთან ერთად პატრიარქთან ვხვდები ხოლმე. ეს ტრადიციად გვაქვს და ამაღლებული განწყობა გვეუფლება. არ ვაპირებ ამ ტრადიციის შეცვლას, საერთოდ, ჩვენ კონსერვატორები ვართ და შობის შემდეგ ვქეიფობთ. მეკვლეების დიდი აღრიცხვა არ ჩამიტარებია, მაგრამ ჩემი მეგობრები ცხოვრობენ ჩემს სიახლოვეს და ახალ წელს ბროლიას, ცუგასა და კატას ნადვილად არ ველი მეკვლედ.

ამ ახალი წლისთვის ძალიან კარგი განწყობა მაქვს, რადგან საქართველოს მოსახლეობისთვის მისალოცი გვაქვს, რომ ელექტროენერგიის, ბენზინის, მედიკამენტების ფასებმა დაიკლო, სოციალური პაკეტი უმჯობესდება, სოფლის მეურნეობის მიმართულებით ვმუშაობთ და მახარებს, რომ მოსახლეობასთან ხელცარიელი არ მივსულვართ. 2013 წელი ლოგიკური გაგრძელება იქნება 2012 წლის ოქტომბრის გამარჯვების, ვინაიდან ახალი მთავრობა აქტიურად მუშაობს დაპირებების შესასრულებლად, პარლამენტიც მხარს უბამს და 2014 წელი, ისევე, როგორც ყველა მომდევნო წელი კიდევ უფრო უკეთესი უნდა იყოს ჩვენი ქვეყნისთვის. მთელ თქვენს კოლექტივს მიულოცეთ დიდი პატივისცემითა და სიყვარულით ახალი წელი.

ნინელი ჭანკვეტაძე: ახალ წელს ჩვეულებრივად შევხვდი ოჯახის წევრებთან ერთად. საერთოდ, ჩემთვის ახალი წელი ცოტა მოგვიანებით მოდის, შობის შემდეგ. ასე რომ, ძველ ახალ წელს უფრო ველოდები. მე მგონი, 2012-მა წელმა მთელ საქართველოს გადარჩენა მოუტანა. ღვთისა და პატრიარქის ლოცვა-კურთხევით მშვიდობიანად გავიარეთ უმძიმესი წელი. მომავალში ჩვენს ქვეყანას ელოდება ძალიან დიდი შრომა, სხვანაირად არაფერი გამოდის, მაგრამ ეს იქნება მშვიდობიან პერიოდში შრომა და უკვე გვეცოდინება, რომ ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ ამ ყველაფერს ფასი აქვს. დიდი პერსპექტივა გაუჩნდა ქვეყანას.

რაც შეეხება ტრადიციებს, ახალ წელს არანაირი ტრადიცია არ აქვს ჩვენს ოჯახს, არც  მეკვლეები ვართ, ამისგან თავს ვიზღვევთ, რადგან ეს ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა, მით უმეტეს, ამ არეულ ხანაში. ყველაზე გამორჩეული ახალი წელი კი ჩემთვის იყო ჩემი შვილის დაბადების დროს, 1997 წელს.