"ოცნების“ პასუხი ოპოზიციას - ასე აფასებს ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე for.ge-სთან ხელისუფლების ახალ ინიცატივას, რომ სამართლიანი არჩევნების ჩასატარებლად საარჩევნო კოდექსი გამკაცრდება და ამომრჩევლის იძულების, დაშინების, ხმის მიცემის ფარულობის დარღვევის შემთხვევებში, პირს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა დაეკისრება.
ოპოზიციაში კი აცახდებენ, რომ არსებობს საფრთხე, „ქართულმა ოცნებამ“ გამკაცრებული კანონმდებლობა სწორედ მათ წინააღმდეგ გამოიყენოს. მათი აზრით, აღნიშნული ინიციატივით „ქართული ოცნება“ აპირებს სადამკვირვებლო ორგანიზაციებთან შექმნან ისეთი ილუზია, თითქოს აღმოფხვრიან არჩევნების დროს დაფიქსირებულ პრობლემებს.
პარლამენტის თავმჯდომარის არჩილ თალაკვაძის განცხადებით კი ისინი სამართლიანი არჩევნებისთვის კიდევ ერთ ნაბიჯს დგამენ.
„ქართული ოცნება“ გამოდის ინიციატივით, საარჩევნო კოდექსში შევიდეს ცვლილება, რომელის თანახმადაც, მკაცრი სანქციები განისაზღვრება, ამომრჩევლის იძულების, დაშინებისა და ხმის მიცემის ფარულობის დარღვევის შემთხვევებზე. საარჩევნო კოდექსშივე მიეთითება, რომ მსგავსი ქმედების ჩადენის შემთხვევაში, პირს სისხლის სამართლის პასუხისგმებლობა დაეკისრება. ამომრჩევლის დაშინება ან იძულება, გამოიწვევს ჯარიმას ან შინაპატიმრობას ვადით 6 თვიდან 2 წლამდე, ან თავისუფლების აღკვეთას 3 წლამდე. შესაბამისი ცვლილებები უკვე მომზადებულია და დღეს დარეგისტრირდება საქართველოს პარლამენტში.
ამ ცვლილებებით, როგორც ხედავთ, კიდევ უფრო მკაცრდება პასუხისმგებლობა საარჩევნო პროცესში შესაძლო სამართალდამრღვევთა მიმართ და იზრდება ამომრჩევლის, მისი თავისუფალი არჩევანის და არჩევანის ფარულობის დაცვის ხარისხი.
ჩვენი მიზანია 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები ჩატარდეს უმაღლესი დემოკრატიული სტანდარტით. ჩვენ პატივს ვცემთ და ვენდობით ჩვენი საზოგადოების თავისუფალ არჩევანს, გვჯერა ჩვენი მხარდამჭერების და გვჯერა, რომ „ქართული ოცნება“ გაიმარჯვებს სამართლიან არჩევნებში“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
„ნაციაონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი რომან გოცირიძე კი for.ge-სთან ამბობს, რომ კანონის გამკცარება ღია კარის მტვრევაა, რადგანაც სანქციები ისედაც არსებობს და არაფერი ამაში ახალი არ არის. გოცირიძის აზრით, ამ 8 წლის განმავლობაში ჩატარებული არჩევნების განმავლობაში არავის არც ფინანსური კუთხით და არც სისხლის სამართლის კოდექსით დასჯა არ მომხდარა. დეპუტატი ფიქრობს, რომ ამ ხნის განმავლობაში ამომრჩევლის მოსყიდვა, ძალადობა და დაშინება არაერთი ყოფილა, თუმცა ამაზე „ოცნების“ ხელისუფლებას რეაგირება არასდოს მოუხდენია.
„ეს არის არსებული კანონმდებლობის ხელახლა გადამღერება. ამას აქვს პროპაგანდისტული დანიშნულება, რითაც ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს ცრუ სიგნალებს უგზავნიან, თითქოს და მართლაც მოწადინებულები იყვნენ, რომ არჩევნები დაშინების და მოსყიდვის ფონზე არ ჩატარდეს. გამორიცხული არ არის, რომ ეს კანონის გამკაცრება პირიქით, ოპოზიციის წინააღმდეგ გამოიყენონ. გამკაცრებული კანონი, რომ „ოცნების“ მხარდამჭერების საწინააღმდეგოდ არ იმუშავებს, ეს ფაქტია.
ეს არის წინასაარჩევნო პროპაგანდა, რომელსაც არც შინ და არც გარეთ არავინ არ დაიჯერებს. ეს არის უბრალოდ ილუზიის შექმნა საერთაშორისო დამკვირვებლებისთვის, რომ თითქოს აი, მმართველი გუნდი არჩევნების სამართლიანად ჩატარებას აპირებს“, - ამბობს რომან გოცირიძე for.ge-სთან.
ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე for.ge-სთან ამბობს, რომ ოპოზიციის შიში და ნერვიულობა იმაზე, რომ ამ გამკაცრებულ კანონს „ოცნება“ მათ საწინააღმდეგოდ გამოიყენებს, ცოტა გაუგებარია. თუ ადამიანი კანონის დარღვევას არ აპირებს, რამეში ბრალი როგორ უნდა დასდონ, ან რისი უნდა გეშინოდეს?! ანჯაფარიძე ამბობს, რომ თუ თამაშის წესებია, რომ კანონი ყველამ უნდა დაიცვას, მაშინ „ოცნების“ ინიციატივა კანონის კიდევ უფრო გამკაცრების შესახებ თავად ოპოზიციას უნდა აწყობდეს. მისივე აზრით, ამით თუკი საარჩევნო კანონის დარღვევის მინიმალიზაცია მოხდება, ცუდი ამაში რა არის, ცოტა გაუგებარია.
„კოდექსში არის გაწერილი უკვე ის სადამსჯელო ღონისძიებები, რაც საარჩევნო კანონის დარღვევას ეხება. თუმცა მისი კიდევ უფრო გამკაცრება თუ მოხდება, ამაში ცუდი რა არის, ვერ გავიგე. კიდევ უფრო დაკონკრეტდეს სასჯელი, რაც საარჩევნო კოდექსის დარღვევას ეხება, კარგია, რათა ბევრი კითხვები არ გაჩნდეს და ზედმეტ მანიპულაციებს ადგილი არ ჰქონდეს. ხოლო ეს ყველაფერი ოპოზიციას რანაირად დააზიანებს, ცოტა რთულად წარმომიდგენია. ოპოზიცია ხომ იმას ჩივის, რომ ყველა ბერკეტი ხელში ხელისუფლებას აქვს. თუ ოპოზიციას მანიპულაციები თავად არა აქვს ჩაფიქრებული, მაშინ რისი შიში უნდა ჰქონდეს?
რაც შეეხება იმას, რატომ მიიღო ეს გადაწყვეტილება „ოცნებამ“, ვფიქრობ, ამ არჩეევნებს ძალიან ბევრი დამკვირვებელი ეყოლება, ბუნებრივია, ხელისუფლებამ უნდა გადადგას ის ნაბიჯები, რაც ზედმეტ კითხვებს მოხსნის. ეს ნაბიჯი ხელისუფლებას, სავარაუდოდ, უკარნახა იმ გარემომ, რაც შეიქმნა. ვნახეთ ოპოზიციამ დეკლარაციას ხელი მოაწერა, რომლის მიხედვითაც ხმების დაცვას აპირებენ. „ოცნებამ“ კი ამ დეკლარაციაზე პასუხი ამ ფორმით გასცა. ეს საერთაშორისო თანამეგობრობისთვისაც ერთგავრი მესიჯია“, - ამბობს ანჯაფარიძე for.ge-სთან.