Bloomberg Billionaires Index-ის შეფასებით, 2012 წელს პლანეტის უმდიდრესმა ადამიანებმა საკუთარ ქონებას ჯამში 241 მილიარდი დოლარი შემატეს. ესაა ასი ყველაზე მდიდარი ადამიანის ქონებრივი რანჟირება, რომელსაც სააგენტო ყოველდღიურად ანახლებს. ექსპერტები აღნიშნავენ, რომ მდიდარი ადამიანების კეთილდღეობის გაუმჯობესების მიზეზი გლობალური ფინანსური ბაზრების ზრდაა.
31 დეკემბრის სავაჭრო დღის დასრულებისთვის, რეიტინგის მონაწილეთა ჯამური ქონება 1,9 ტრილიონ დოლარს აღწევდა. საცალო ვაჭრობისა და სატელეკომუნიკაციო სფეროში აქტივების წლიურმა ზრდამ დაახლოებით 20% შეადგინა. 100 მდიდარი ადამიანიდან მხოლოდ 16-მა ვერ გაზარდა შემოსავლები და პირიქით, დანაკარგიც კი განიცადა.
ყველაზე მეტად 76 წლის ესპანელი ამანსიო ორტეგას ქონება გაიზარდა, რომელიც Inditex-ის დამფუძნებელია. შეგახსენებთ, რომ აღნიშნული კომპანია სავაჭრო ქსელ Zara-ს ოპერატორია. ორტეგა 22,2 მილიარდი დოლარით გამდიდრდა და ამჟამად, Bloomberg-ის შეფასებით, 57,5 მილიარდ დოლარს ფლობს. Inditex-ის აქციები ერთ წელიწადში 66,7%-ით გაიზარდა. ორტეგა რეიტინგში მესამეა და ამ პოზიციიდან მან Berkshire Hathaway-ს მფლობელი უირენ ბაფეტი ჩამოაქვეითა, რომელიც მეოთხე პოზიციას დასჯერდა.
სიტუაციის კომენტირებისას, Barclays-ს ანალიტიკოსი კრისტოდულოს ჰავიარასი აღნიშნავს, რომ 2013 წელს კომპანია ამ წარმატების გამეორებას სავარაუდოდ ვერ შეძლებს.
რეიტინგის ლიდერი 72 წლის მექსიკელი კარლოს სლიმია, რომელიც აკონტროლებს ფიჭურ ოპერატორ America Movil SAB-ს. მისი ქონება 12 თვის განმავლობაში 13,4 მილიარდი დოლარით გაიზარდა და 75,2 მილიარდს გაუტოლდა.
ნომერი ორი კი არის Microsoft-ის 57 წლის დამფუძნებელი ბილ გეიტსი, რომელიც 7 მილიარდით გამდიდრდა და მისმა ქონებამ 62,7 მილიარდი შეადგინა.
82 წლის უირენ ბაფეტი, როგორც აღვნიშნეთ, მეოთხე ადგილზე აღმოჩნდა 47,9 მილიარდიანი ქონებით. ერთ წელიწადში მისი სიმდიდრე 5,1 მილიარდით გაიზარდა მიუხედავად იმისა, რომ მან Berkshire-ის 22,3 მილიონი აქცია ქველმოქმედებისთვის გაიღო.
მილიარდერების სიას ასრულებს IKEA-ს დამფუძნებელი, 86 წლის ინგვარ კამპრადი, რომლის ქონებაც 42,9 მილიარდ დოლარს შეადგენს, ეს კი წინა წელთან შედარებით 16,6%-ით გაუმჯობესებული მაჩვენებელია.