ახლახანს ხელში ჩამივარდა ნაცების საარჩევნო პროგრამის „სასიგნალო ეგზემპლარი“. ეს ე.წ. პროგრამა, სავარაუდოდ, ძალიან მალე გამოქვეყნდება და თავადაც შეიძლება დარწმუნდეთ, რა გამაოგნებელი სისწრაფითა და რამსიშორეზე ერეკებიან! სათაურიც შესაფერისი აქვს - „მთავარი გეგმა“ ჰქვია და „მთავრი არხისა“ არ იყოს, უსაზღვრო „გაქანებასა“ და „გამოქანებში“ არა მგონია, თუ საერთოდაც მსოფლიო არა, ადგილობრივი მასშტაბით - უეჭველად, ბადალი ჰყავდეს! რა „გირჩი“, რის „გირჩი“ ან რა „სტრატეგია აღმაშენებელი?“ გაქანებაც ასეთი უნდა, ენმ-ის „მთავარ გეგმას“ რომ აქვს! ახლა მივხვდი, ენმ ორ ნაწილად რატომ გაიყო - ეს ცრუ-ევროპული ენმ, გასაგებია, ხოლო ესენი „ორთოდოქსები“ - ისევ შორეულ აღმოსავლეთს - სინგაპურს, თანაც გასაოცარი გაქანებით, ბოლომდე აწვებიან!
მათი უტიფარი სიშლეგე ამას წინათ უკვე ფართოდ რეკლამირებულ გავრცელებულ საარჩევნო სლოგანშიც გამჟღავნდა: არც მეტი, არც ნაკლები რომ იმუქრებიან: „კიდევ გავაკეთებთო!“
კიდევ ერთი აშკარა საბუთი, რომ ნაცების „ფენომენოლოგია“ სწორედ იგივეა, რასაც დოსტოევსკისთან რუსულად „ბესი“ ჰქვია, ხოლო ქართულად, ზუსტი შესატყვისი სიტყვა პირადად მე არც კი ვიცი, რადგან რაღაც „ეშმაკსა“ და „ქაჯს“ შორის შუაშია.
სიშლეგე და უტიფრობა ნაცობის მთავარი თვისებებია, თუმცა, მათ უტიფრობას, ისევე როგორც მათ ფენომენს - „ბესი“, ასევე, რუსული სიტყვა - „ნაგლობა“ უფრო უხდება, რადგან განსაკუთრებული, სწორედაც რომ რუსულად „დურაკული“, ე.ი. სრულიად არაქართული, „უცხო“ სიბრიყვითაა შთაგონებული!
ეს იმწამსვე თვალში მოსახვედრია ამ საარჩევნო პროგრამაშიც, რომელიც უფრო ფსიქიატრების გასარჩევია, ვიდრე პოლიტოლოგების, იურისტებისა თუ ეკონომისტებისა!
ცხადია, პათოსი მართლაც ესაა: „ისევ გავაკეთებთ!“ ანუ - არც არაფერი გვისწავლია და არც დაგვიწყებიაო!
სოციალური დემაგოგია და უკიდურესი პოპულიზმი მათგან რა გასაკვირია, მაგრამ მაინც - აფერუმ! ამჯერად საკუთარ თავსაც ბევრად აჯობეს და უტიფრობის უფრო ზუსტად - სწორედაც „ნაგლობის“ მასშტაბით უპასუხისმგებლო დაპირებების ყველა რეკორდი ერთბაშად მოხსნეს! აი, რამდენიმე „მარგალიტი“ მათი „მთავარი გეგმიდან“:
ამჯერად აღარ იკმარეს მხოლოდ 400 ლარიანი პენსია, 200 000 პენსიონერს დამატებით სოციალურ შემწეობას - 150 ლარს პირდებიან; ასევე ორჯერ, სულზე - 60 ლარამდე თურმე გაზრდიან საარსებო შემწეობას, თანაც 2-ჯერ გააფართოებენ ამ შემწეობის მიმღებთა რაოდენობას, ასევე „გეგმავენ“ საშუალო ხელფასის გაზრდას 2000 (!) ლარამდე და ა.შ და აშ. ყველა ამ აბსურდულ დაპირებას რა ჩამოთვლის?!
ნაცური „ნაგლობის“ სიახლე ამჯერად მხოლოდ ისაა, რომ უფრო ვრცლად და გაცილებით სულელურად იგივე დემაგოგიური პასუხი, როგორც ადრე, გაუციათ კითხვაზე - კი მაგრამ, ეს ნახტომისებური ზრდა - როგორ? როგორ და თურმე ისევ ძალიანაც მარტივად: გადასახადებს გავაუქმებთო! ამჯერად, მათი დემაგოგური პოპულიზმი აღარავითარ საზღვარს აღარ სცნობს, რადგან ეკონომიკური პროგრამის მთავარი „ზეღირებულოვანი იდეა“ მართლაც საოცრებაა: საგადასახადო და საშემოსავლო გადასახადების სრული გაუქმება! სახელმწიფო გასადახებიდან ფაქტობრივად, მხოლოდ დღგ-ს გადასახადი და აქციზი დარჩება. ამრიგად, „სინგაპურიზაციასაც“ პიპინით „დაუაბგონეს“ და ვგონებ, საერთოდ კოსმოსში არიან გაჭრილნი! რადგან დედამიწაზე, გარდა ახლო აღმოსავლეთის ნავთობითა და გაზით გატრილიარდებული არაბული „საშეიხოებისა“, არ მეგულებოდა სხვა სახელმწიფო, სადაც საშემოსავლოს არ იხდიან! დავინტერესდი, ეგება ვცდები და ინტერნეტში მოვიძიე კიდეც - თურმე, ჯუჯა სახელმწიფოები ევროპაში, მაგ. მონაკო და ანდორა, ასეთივე ეგზოტიკურ გამონაკლისებს წარმოადგენენ, როგორც ეს ზემდიდარი არაბული ქვეყნები - კუვეიტი, კატარი, ომანი, ბაჰრეინი და სხვ. სულ 10 ყოფილა მსგავსი ქვეყანა. ჰოდა, ნაცური საშეიხო - საქართველო მე-11 იქნება!
რასაკვირველია, გადასახადების რამდენჯერმე შემცირებით ეკონომიკის უკუ-პროპორციულად და მით უმეტეს - ექსპონენტურად (ანუ ნაცების ანგარიშით - თუ საგადასახადო ტვირთს ორჯერ შევამცირებთ, ეკონომიკა თურმე ოთხჯერაც კი, გაიზრდება!) გაზრდა, ისეთი აბსურდია, რომ მსგავსი სუპერ-ლიბერასტული ზღაპრებისა, არა მგონია, თავად რომელიმე ნაცს, თუკი თვით „მუცლით მეზრაპრე“ ე.ი. მიშა-ჩოყლაყი არ არის, მართლაც სჯეროდეს! „გირჩელებს“ - ასევე შეიძლება, რადგან ისინი „გულწრფელად“ უბერავენ. ნაცებს კარგად ესმით - სრული ბოდვაა, რომ საშემოსავლო და მოგების გადასახადების ეკონომიკაში მთლიანად დატოვება იმდენად გაზრდის მას, რომ თითქმის გაოთხმაგებულ სოციალურ ხარჯებს მხოლოდ დღგ ეყოფა! ბუნებრივია, ამას არ ასწავლიდნენ მაგ უბედურებს წმ. მიხეილის სასაწავლებელში, მაგრამ „ნაგლობის“ აკადემია კი უდავოდ ფრიადებზე აქვთ დასრულებული და მიხეილის (სააკაშვილის) დიპლომი, ე.ი. ენმ-ის წითელი მანდატი გულის ჯიბეში უდევთ!
ნაგლობა-ნაგლობად და ბოდვა ბოდვად - ბოლო-ბოლო, ასეთი „მთავარი გეგმით“ გახალისდები კაცი, მაგრამ ნაცური სიშლეგე უკვე განსაკუთრებით მავნე და საშიშიც ხდება, როცა „ანგლობაში“ გადადის!
კი ვხუმრობ, მაგრამ მათი „ანგლობა“ სულაც არ არის ისეთი უწყინარი, როგორც ერთი შეხედვით შეიძლება ვინმეს მოეჩვენოს. მართლაც, აბა დავფიქრდეთ, რა შეიძლება ეწოდოს მათ ე.წ. იდეას, რომ უზენაესი სასამართლოს (რომელიც, თურმე იმავდროულად საკონსტიტუციო სასამართლოც იქნება), ასევე სააპელაციო სასამართლოების „ყველა კოლეგიის უმრავლესობა აშშ-დან და დიდი ბრიტანეთიდან“ მოწვეულმა და ხანგრძლივი ვადით დანიშნულმა მოსამართლეებმა“ (სიტყვა-სიტვით ასე უწერიათ!) უნდა დააკომპლექტონ? ეს „ანგლობა“ ე.ი. - სასამართლოს ანგლო-ამერიკანიზაცია, ხომ სინამდვილეში ეროვნული სასამართლოს დესუვერენიზაციას ნიშნავს!
რასაკვირველია, აქ მთელი სისრულით ჩანს მათი ეროვნული ნიჰილიზმი, მავნე და საშიში, თანაც ბოროტი სკეპტიციზმი, რომ ქართველები თავიანთ სასამართლოს თავადვე ვერასდროს გამართავენ. ნაცური ანტი-ეროვნული ბუნება კვლავაც იგივეა - როგორც თავის დროზე ისინი ყალბად გაგებული, ე.ი. „ანგლური ლიბერალიზმით“, ებრძოდნენ „ჩამორჩენილ ქართველ ხალხს“ (რისთვისაც ცხონებულმა კახა კაციტაძემ მათ „ბნელეთთან მებრძოლები“ შეარქვა), თურმე ახლა ამ ბრძოლის დასასრულებლად დამოუკიდებელი სასამართლოს წართმევას უპირებენ! და თავხედობაც ჰყოფნით, „მთავარ გეგმაში“ ამაზე ხმამაღლა ასე „ნაგლად“ ისაუბრონ!
ბუნებრივია, ისინი საკუთარ ხალხს - ქართველებს არ იცნობებენ და ამიტომაც, საქართველოს დამოუკიდებელი სასამართლო სისტემის იურისდიქციას, ე.ი. ეროვნული სუვერენიტეტის ერთ-ერთ მთავარ ბურჯს, არც ცნობენ!
ქართველ ხალხს რომ იცნობდნენ, ისიც ეცოდინებოდათ, რომ ყველა ეროვნული საქმე, უწინარესად - სასამართლო სისტემაც უნდა „ჩვენადვე გვეყუდნოდეს!“ და ეს შეუვალი პრინციპი გადასინჯვას არ ექვემდებარება! ქართველი ერის სუვერენობა ვერასდროს ვეღარ იქნება ვინმეს, ვინც არ უნდა იყოს იგი - გარეშე მტერი თუ მასზე უარესი - შინაური მოღალატე, ვითომ „ანგლურად“, სინამდვილეში - რუსულად, ე.ი. „ნაგლურად“ - შეცილებული! ქართველი ერი ამას თავს შეაკლავს და აღარასდროს დაუშვებს!
სხვა რომ ყველაფერს თავი დავანებოთ, როგორ წარმოუდგენიათ ამ სულგაყიდულებს პრაქტიკაში თავიანთი „ანგლობა?“ თუკი საკასაციო და სააპელაციო სასამართლოს ყველა კოლეგია „ანგლო-ამერიკული“, თანაც, თურმე - ერთბაშად, გახდება, რა ენაზე უნდა განხორციელდეს საქართველოში მართლმსაჯულება? ნუთუ ინგლისურად? დარწმუნებული ვარ, „დიახ, როგორც სინგაპურშიაო“ – „ნაგლად“ გვიპასუხებენ! იმასაც კი ვერ მოიფიქრებენ, თარჯიმანი მაინც გამოიყენონ და ეს „ანგლური სასამართლო“, ჩვენი მეხსიერებისთვის კარგად ნაცნობ „ძველი ვოდევილების“ ძველ სასამართლოს მაინც მიამგვანონ!
რასაკვირველია, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის - აშშ-სა და ასევე, მეგობარი ბრიტანეთისთვის, სრულიად გაუგებარი და ჩვენთვის სამარცხვინო იქნება მსგავსი ღირსებააყრილი, მაშასადამე, არსით აბსოლუტურად - ანტი-დასავლური დამოკიდებულება საკუთარი სასამართლოს და ეროვნული სუვერენიტეტის მიმართ!
დალოცვილებს, ასეთი რამ, რომც გაიფიქრონ, ხმამაღლა სათქმელად ენა როგორ უტრიალდებათ?! ნუთუ ქართულ სკოლაშიც არასდროს უვლიათ? ილია რომ არ წაუკითხავთ, გასაგებია, მაგრამ თუნდაც „ძველი ვოდევილების“ შესახებაც არაფერი სმენიათ მშობლებისგან?! თუ ჰგონით, რომ ინგლისურ ენაზე და ანგლო-ამერიკელის მოსამართლეობა რაიმეთი უკეთესია რუსულ ენაზე და რუსის მოსამართლეობისგან?!
სრული უცოდინარობა, უკიდურესი არაკომპეტენტურობა და თითით საჩვენებელი სირეგვნეა ისიც, რომ თურმე ადმინისტრაციულ და სამოქალაქო საქმეებზე „პრეცენდენტული სამართალი“ უნდა გადმოვიღოთ და დავამკვიდროთ! სად ანგლო-ამერიკული პრეცენდენტული სამართალი და სად ჩვენი, მყარად კონტინენტურ-ევროპული სამართლებრივი ტრადიცია? ან მოქმედ სამართლებრივ სისტემას, რომელსაც სრულყოფილებამდე ბევრი აკლია, მაგრამ ცდა და გარჯა არ უნდა დავაკლოთ, რომ თავისი გზით განვითარდეს და ხარვეზები რაც შეიძლება სწრაფად დაძლიოს, მაგალითად - იგივე სამოქალაქო ან ადმინისტრაციულ კოდექსებს, ნეტაი რას უპირებენ?! ნუთუ მართლა - წყალში გადაყრას?!
აი, სწორედ ამ „ნაგლობისა და ანგლობის“ გამო, სირცხვილია ქართველებო, ძვირფასო ბატონებო და ქალბატონებო, უდიდესი ეროვნული სირცხვილი, ნაცისთვის ხმის მიცემა!