პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილთან დაახლოებული ექსპერტი და საქართველოს განვითარების კვლევითი ინსტიტუტის ერთ-ერთი ლიდერი გია ხუხაშვილი სენსაციური და ყოფილი ხელისუფლებისთვის მეტად არასასურველი ინფორმაციის გამომზეურებას გვპირდება.
2012 წლის 25 დეკემბერს ტელეგადაცემა "პოლიტმეტრში" გია ხუხაშვილმა განაცხადა, რომ კვლევის "სპეციფიკური მეთოდების" გამოყენებით შეძლო ბევრი შევიწროებული ბიზნესმენისგან მიეღო ინფორმაცია "ნაციონალური მოძრაობის" მიერ განხორციელებულ უკანონობებზე. კითხვაზე, რა მეთოდოლოგიით გამოიკვლია მან ბიზნესის სექტორის მიმართ ყოფილი ხელისუფლების პოლიტიკა, ხუხაშვილს ასეთი პასუხი აქვს: "ესაა სპეციფიკური კვლევა - ორ ადამიანს შორის საუბარი". ხუხაშვილმა თავის ორგანიზაციას - საქართველოს განვითარების კვლევით ინსტიტუტს (www.gdri.ge) "ნდობის ჯგუფი" უწოდა და განაცხადა, რომ თვითონ შეხვდა ბიზნესმენებს, აგრეთვე, იმ ადამიანებს, რომლებიც ამ კომუნიკაციებს აგებდნენ ხელისუფლებასა და ბიზნესს შორის.
ხუხაშვილის თქმით, ბიზნესმენთაგან ზოგი დანაშაულებრივ სისტემაზე ჰყვებოდა, ზოგი პატრონს ეძებდა, ზოგიც აღსარებას ამბობდა.
ხუხაშვილი არ აკონკრეტებს, რამდენი ბიზნესმენისაგან ჩაიბარა "აღსარება", თუმცა ამბობს, რომ ჯერჯერობით "აღსარების საიდუმლოს" იცავს და მიღებულ ინფორმაციას არ ახმაურებს. ინფორმაციას სრულად გაახმაურებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ბიზნესის დატერორების დასახელებულ ფაქტებზე "ნაციონალურ მოძრაობას" პროტესტის განცდა ან შეუსაბამო რეაქცია ექნება. ხუხაშვილი ამბობს, რომ ელოდება ამაზე პროტესტს "ნაციონალური მოძრაობის" მხრიდან და "თითო გაპროტესტებაზე ისინი მიიღებენ თითო მასალას". მისი თქმით, ეს იქნება ერთგვარი ქართული "ვიკილიკსი".
ხუხაშვილის განმარტებით, მისი ქმედება არ უნდა განიხილონ, როგორც ყოფილი მმართველი პარტიის შანტაჟი. "ესაა თამაშის წესები", - ამბობს ის, თუმცა არ აკონკრეტებს, თვითონ დაადგინა ეს წესები თუ შეათანხმა ივანიშვილთან, იქიდან გამომდინარე, რომ ინსტიტუტი, რომელსაც ხუხაშვილი ხელმძღვანელობს, ივანიშვილისგან ფინანსდება. აღსანიშნავია, რომ ხუხაშვილის მიერ საჯაროდ გაცხადებულ ამნისტიაზე რამდენიმე დღის წინ ტელეკომპანია "იმედისთვის" მიცემულ ინტერვიუში პრემიერმაც ილაპარაკა.
ხუხაშვილი განმარტავს, რომ მიტევების აქტი, ძირითადად, ბიზნესმენებს და კორუფციაში მხილებულთ უნდა შეეხოს. დამკვირვებელთა ერთი ნაწილის აზრით, ხუხაშვილისა და ბიზნესმენთა ამგვარი ურთიერთობა იმას ნიშნავს, რომ ხუხაშვილის, როგორც ივანიშვილთან დაახლოებული პირის მეშვეობით, ბიზნესი ახალი ხელისუფლებისგან მოელის მფარველობას და, პრაქტიკულად, ისეთივე ურთიერთობის დამყარებას, როგორიც მას ჰქონდა სააკაშვილის ხელისუფლებასთან. არადა, ივანიშვილმა საჯაროდ განაცხადა, რომ მისი ხელისუფლება არ დაუშვებს ხელოვნური მონოპოლიების არსებობას და ბიზნესს ყოველგვარი წნეხისგან გაათავისუფლებს. თუმცა, როგორც ჩანს, ქართულ ბიზნესს უჭირს ძველი ჩვევებისგან ერთბაშად გათავისუფლება.
ძნელი სათქმელია, მისაღებია თუ არა ამნისტიის ეს ვარიანტი და დაკმაყოფილდებიან თუ არა ამით ის ქართველი ბიზნესმენები, რომლებსაც "ნაციონალებმა" არა მხოლოდ ბიზნესი და ქონება, არამედ თავისუფლებაც წაართვეს.ასეთი ბიზნესმენების რიცხვი კი შეიძლება ძალიან დიდი აღმოჩნდეს. ხელისუფლებისაგან დევნილმა, შვეიცარიაში მცხოვრებმა ბიზნესმენმა დავით ბეგიაშვილმა რამდენიმე ხნის წინ სოციალურ ქსელში გაავრცელა სააკაშვილის ხელისუფლების პირობებში რეპრესირებული და დაპატიმრებული საშუალო და მსხვილი ბიზნესმენების საკმაოდ გრძელი სია (100-ზე მეტი ადამიანი). Mმართალია, ხუხაშვილს ქართულ "ვიკილიკსად" მონათლული მასალები ჯერ არ გამოუმზეურებია, მაგრამ ყინული უკვე დაიძრა და აღიარებების სერია დაიწყო. ახლახან მცირე და საშუალო მეწარმეთა ასოციაციის ყოფილმა პრეზიდენტმა და ცნობილმა ბიზნესმენმა გიორგი ისაკაძემ საჯაროდ აღიარა, რომ მეტ-ნაკლებად ჩართული იყო ნაციონალური ხელისუფლების მიერ ინიცირებული ბანკი "ქართუს" გაკოტრება-განადგურების პროცესში. გიორგი ისაკაძე მის გარშემო შექმნილი ვითარების გამო თავს ანებებს აქტიურ ბიზნესს. "ვაპირებ, აქტიურად ვითანამშრომლო გამოძიებასთან ყველა დეტალზე, რაც უკავშირდება ბოლო წლების ურთიერთობას ბანკ "ქართუსთან", - ამბობს ისაკაძე.
P.S. მიხეილ სააკაშვილმა თავის საახალწლო მიმართვაში ივანიშვილის ხელისუფლებას თანამშრომლობის 5-პუნქტიანი გეგმა შესთავაზა, რომელშიც ერთ-ერთი პირობა "ნაციონალთა" დაჭერების, დაკითხვებისა და წარსულის რევიზიის შეწყვეტაა. ხუხაშვილის მიერ დაპირებული ქართული "ვიკილიკსი" კი შეიძლება სწორედ პრეზიდენტის ამ მოთხოვნის საპირწონე აღმოჩნდეს და საზოგადოებას დაანახვოს, რომ პრეზიდენტი სააკაშვილი თანამშრომლობის სანაცვლოდ, ფაქტობრივად, დანაშაულის მიჩქმალვას ითხოვს.
წყარო/Source: http://www.ambebi.ge/politika/68609-rodis-iqukhebs-qarthuli-qvikiliksiq.html#ixzz2GucrmYEG