დედაქალაქის ხელმძღვანელობას ნაძვების გაყიდვა არ უნდა დაეშვა

დედაქალაქის ხელმძღვანელობას ნაძვების გაყიდვა არ უნდა დაეშვა

ახალი წლის დადგომა ნაძვების მასობრივი ჭრით აღინიშნება. წელსაც დედაქალაქის არაერთ უბანში მოჭრილი ნაძვები იყიდება. მწვანეთა პარტიის ლიდერი გიორგი გაჩეჩილაძე მიიჩნევს, რომ დედაქალაქის ხელმძღვანელობას ნაძვების გაყიდვა არ უნდა დაეშვა, რადგან ძნელია გააკონტროლო, მათი უმრავლესობა მართლაც პლანტაციაშია მოყვანილი თუ გაჩეხილია.  

For.ge ესაუბრა გიორგი გაჩეჩილაძეს.

დედაქალაქის არაერთ ადგილას იყიდება მოჭრილი ნაძვები. როგორ აისახება ეს ჩვენს ბუნებაზე?

- მე ვფიქრობ, ეს არის მერიის მიერ მოწყობილი სპეციალური პროვოკაცია, რათა აჩვენონ, რომ ახალი ხელისუფლების პირობებში ასეთი ბარბაროსობა ხდება, რადგან წინა წლებში ასეთი რამ არ ხდებოდა და პატარა ნაძვები არ იყიდებოდა. კანონის მიხედვით, დაშვებულია პლანტაციებში მოყვანილი ნაძვის ხეების გაყიდვა. ადამიანს შეუძლია, ტერიტორია შეიძინოს, პლანტაცია გააშენოს, დათესოს ნაძვები და თავისი ნაძვი მოჭრას. მის გაზრდას 6-7 წელი სჭირდება. მართალია, ზოგიერთს იარლიყი  აქვს დამაგრებული, რომ ნაძვი პლანტაციებიდანაა, მაგრამ ვერ გაარჩევ. ისეთი ნაძვებიც იყიდება, რომლებიც პირდაპირ კენწეროებიდანაა მოჭრილი. ასევე, პატარა ნაძვებია მოჭრილი ძირში. ბუნებრივია, ეს დანაშაულია. მე ვიცი, რომ სატყეო დეპარტამენტი ახლა წვალობს, დარბიან, რამდენიმე კაცი ამასთან დაკავშირებით დაპატიმრებულიცაა, მაგრამ მერიამ დაუშვა ეს ვაჭრობა.

ვაჭრობის აკრძალვა ნაძვებს განადგურებისგან დაიცავდა?

- რა თქმა უნდა, წინა წლებში აკრძალული იყო გაყიდვა. მხოლოდ და მხოლოდ იმ შემთხვევაში იყო დაშვებული, თუ ოფიციალური საბუთი ჰქონდათ, რომ პლანტაციებში იყო მოყვანილი. თუ აკვირდებით, სააკაშვილი იქნება თუ უგულავა, რაც შეიძლება, მეტი პრობლემის შექმნას ცდილობენ და პროვოცირებაზე მიდიან, მაგრამ ბუნების ხარჯზე ამის გაკეთება გაუმართლებელია. ისინი ზღვარს არიან გადასულნი.

როგორ ფიქრობთ, ნაძვების უკანონო ჭრა სად განხორციელდებოდა?

- ძალიან ბევრ ადგილას შეეძლოთ, მოეჭრათ. შეიძლება იყოს რაჭის, ბორჯომის რაიონი, ადიგენის რაიონი. ნაძვს თუ კენწეროს მოაჭრი, ის აუცილებლად გახმება. ხოლო, თუ ახალი ამონაყარია, მისი მოჭრა ხომ საშინელებაა, რადგან ტყეებში აღდგენის პროცესი მიმდინარეობს და წლები სჭირდება, რომ ასეთი ზომის ნაძვები გაიზარდოს. ეს ნამდვილი ბარბაროსობაა.

ანუ ფიქრობთ, რომ ნაძვებს ტყუილად აწერია, თითქოს ისინი პლანტაციებიდანაა მოჭრილი?

- ვერავის ბრალს ვერ დავდებ, მაგრამ მე ვიცი, რომ ათი წლის წინ რამდენიმე პლანტაცია გაკეთდა და, წესით, მათ მოსავალი უნდა მიეღოთ; მაგრამ იქ რამდენია ტყუილი და რამდენი მართალი, ამას სპეციალური გაკონტროლება სჭირდება. თანაც, იცით, რაშია საქმე? გარემოს დაცვის სამინისტრო ხომ გამოშიგნა ყოფილმა ხელისუფლებამ და მას არანაირი ფუნქცია არ დაუტოვეს, ინსპექტორიც კი არ ჰყავთ. ახალი წლიდან, თებერვლიდან, კანონმდებლობაში ცვლილებები შედის და აღდგება გარემოს დაცვის ინსპექცია, მეტყევეები დაემატებიან და ა. შ. სწორედ მაშინ გახდება შესაძლებელი ნაძვის ჭრასთან ბრძოლა, ახლა კი ეს შეუძლებელია.

გარემოს დაცვის ახალ ხელმძღვანელობას არ შეუძლია ნაძვების ჭრა გააკონტროლოს?

- არ შეუძლიათ, რადგან ბერკეტები არ აქვთ. საშუალოდ საქართველოში ერთ მეტყევეზე 5 ათას ჰექტარ ტყეზე კონტროლი მოდის, არც იარაღი აქვთ, არც ცხენი ჰყავთ, წარმოუდგენელია ამ ფართობის გაკონტროლება. ყოფილი ხელისუფლება გარემოს დაცვის სამინისტროს საერთოდ გაუქმებას აპირებდა და დღეს გოგა ხაჩიძე  იპრანჭება და იმანჭება, ერთ ამბავშია. იგი ბედნიერი იყო, როდესაც ხელისუფლება  მისი სამინისტროს გაუქმებას აპირებდა და სახელმწიფო მინისტრის პოსტს აძლევდნენ; ანუ გარემოს დაცვის მინისტრი უნდა ყოფილიყო სახელმწიფო მინისტრი და 20 კაცი ეყოლებოდა აპარატში, ისევე, როგორც სახელმწიფო მინისტრებს ჰყავთ. სტრუქტურა კი არ ექნებოდა, არამედ სიმბოლური ხასიათის იქნებოდა. ბედნიერი იყო ეს კაცი და არც მალავდა, რა კარგია, არანაირი ფუნქცია არ მექნება, პასუხისმგებლობა არ დამეკისრება და ხელფასი მექნებაო. მაშინ საქმეში არასამთავრობო სექტორი და საერთაშორისო ორგანიზაციები ჩავერიეთ და ეს სამინისტრო იურიდიულად შევინარჩუნეთ, თუმცა ფუნქციები მაინც წაართვეს, დაშალეს, გარემოს დაცვის ინსპექცია გააუქმეს. დღეს კი ამ სახით ვაჭრობა დაუშვეს და არ აკონტროლებენ. ამ დროს კი მერიას ჰყავს გამწვანების ეკოლოგიური სამსახური.

მერიას შეუძლია, თავი იმართლოს, ნაძვების ჭრას ვაკონტროლებთო.

- ეტყობა, რამე გაკონტროლების? ისინი დამნაშავეთა კლანს მიეკუთვნებოდნენ და ახლა, როცა დაკარგეს ყველაფერი და შიშისგან არიან შეპყრობილნი, ახლა მაქსიმალურ პროვოკაციაზე მიდიან.