„ნაციონალები მთავარ მიზანს თუ ვერ აღწევენ – სააკაშვილი გახადონ პრემიერი - იმუშავებენ ხმების წართმევაზე“

„ნაციონალები მთავარ მიზანს თუ ვერ აღწევენ – სააკაშვილი გახადონ პრემიერი - იმუშავებენ ხმების წართმევაზე“

ვახტანგ ძაბირაძე ვარაუდობს, რომ ოპოზიციურ პარტიებს შორის არსებული განსხვავებული ინტერესები მათში დაპირისპირებას იწვევს. კონსტიტუციონალისტის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობა“ ეცდება, „ევროპულ საქართველოს“ ის ამომრჩეველი, რომელიც თავის დროზე მისი ამომრჩეველი იყო, უკან დაიბრუნოს. მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ დარწმუნებულია, რომ არჩევნებს ვერ მოიგებს, ამიტომ მიდის თამაში არა იმაზე, რომ დღეს მოუგოს „ქართულ ოცნებას“, არამედ იმაზე, რომ რაც შეიძლება მეტი ამომრჩეველი მიიზიდოს თავისკენ.

for.ge ვახტანგ ძაბირაძეს ესაუბრა.

ოპოზიცია ქმნის ხმების დაცვის შტაბს და ამავე დროს გამორიცხავენ მმართველ ძალასთან კოალიციას. დესტრუქცია და პროცესების რადიკალიზაცია იკითხება ოპოზიციის ხელწერაში?

ვახტანგ ძაბირაძე: არ მესმის, ხმების დაცვაში დესტრუქცია რატომ არის. ხმების დაცვა ყველა პარტიის ინტერესშია. სხვა თემაა რამდენად შეძლებელ დეკლარაციის თემის მიღმა ქმედითი მექანიზმის შემუშავებას, თუ, რა თქმა უნდა, ასეთი მექანიზმი შეიძლება არსებობდეს. 30 წლის განმავლობაში სულ ლაპარაკი იმაზეა, რომ ხმებს დაიცავენ, მაგრამ რეალურად ასე არ ხდებოდა.

უფრო მეტიც, როცა ხმებს ითვლიდნენ იმ პარტიის ხმები, რომელთა წარმომადგენლები არ იყვნენ წარმოდგენილი საუბნო კომისიებში, მათ ხმებს ის პარტიები ინაწილებდნენ, რომელთა წარმომადგენლები იყვნენ კომისიებში. ამიტომ, დესტრუქცია არაფერ შუაში არ არის. ზოგადად, სწორი თემაა, მაგრამ რამდენად შეძლებენ და იმუშავებენ ამ მიმართულებით, ეს სხვა თემაა.

ვხედავთ, როგორ მწვავდება დაპირისპირება ოპოზიციაში, ეს ვითრება რამდენად იძლევა იმის მყარ საფუძველს, რომ ოპოზიცია შეძლებს დაიცვას ერთმანეთის ხმები?

– პარტიას, რომელსაც არ ჰყავდა წარმომადგენელი საუბნო კომისიაში, მის ხმებს სხვა პარტიები ინაწილებდნენ. წლების განმავლობაში ასეთი უარავი ფაქტი ხდებოდა. ახლა რამდენად შეძლებენ ერთმანეთის ხმების დაცვას, ვერ გეტყვით. ან უნდა იყოს შემუშავებული ის მექანიზმები, რაზეც ლაპარაკობენ. ის, რომ რაღაცა შტაბი იქმნება, მერე იქ დარეკავენ და ასე დაიცავენ ხმებს, ეს მექანიზმი არ იმუშავებს.

აქედან გამომდინარე, გარდა იმისა, რომ დაპირისპირება და კონკურენცია იქნება თავად ოპოზიციის შიგნით, ზოგადად, ამან, რა თქმა უნდა, არ უნდა შეუშალოს ხელი ხმების დათვლას და იმას, რომ უბანზე კომისიის წევრებმა წესიერად დათვალონ ხმები. მაგრამ ჩვენს რეალობაში ასე არ ხდება, თუ შეძლებენ, ძალიან კარგი. ამიტომ, ხმების დაცვა ვერ იქნება დესტაბილიზაციის ფაქტორი. სხვა თემაა, თუ არ გყავს წარმომადგენელი, რატომ არ გაინაწილებენ შენს ხმებს?

თავისთავად არჩევნებამდე შეიცვლება პოლიტიკური ფონი, ისევე როგორც პარტიების რეიტინგი, თუმცა დიდი განსხვავება, ალბათ, ვერ იქნება, მაგრამ IRI–ის კვლევა იძლევა იმის საფუძველს, რომ ხელისუფლებას მოუწვეს კოალიციურ მთავრობაზე ფიქრი?

– არსებული პროცესი ჯერჯერობით არ იძლევა კოალიციური მთავრობის საფუძველს. დიდი ალბათობით „ქართული ოცნება“ უმარვლესობის მოპოვებას შეძლებს. დაძაბულობა პოლიტიკურ ძალებს შორის კიდევ უფრო გამწვავდება, ვგულისხმობ ოპოზიციის შიგნით არსებულ დაპირისპირებას. როგორი პოლიტიკური ვითარება იქნება წინასაარჩევნოდ, ამის თქმა საკმაოდ რთულია.

ოპოზიციის შიგნით რომელ ძალას შორის გაღმავდება დაპირისპირება? ჯერჯერობით, ვხედავთ როგორ მწვავდება ვითარება „ნაციონალური მოძრაობას“, „ევროპულ საქართველოსა“ და „სტრატეგია აღმაშენებელს“ შორის...

– არა მარტო. აქ ჩაერთვება ყველა ოპოზიციური ძალა. იმიტომ, რომ იძულებული იქნებიან ეს გააკეთონ.

რა ხდის იძულებულს ჩაერთონ დაპირისპირებაში?

– ვერ თანხმდებიან მთავარზე – ჩრდილოვან კაბინეტზე და პრემიერ–მინისტრის კანდიდატზე. დღეს ეს არის ძირითადი საკითხი. საპარლამენტო მმართველობაში მანდატები იმისთვის არის საჭირო, რომ ჩამოაყალიბო მთავრობა. ამ შემთხვევაში ყველაზე ძლიერი არის „ნაციონალური მოძრაობა“, შესაბამისად, ის აიღებს ყველაზე მეტ მანდატს და მას ექნება მოთხოვნა, რომ მან წარმოადგინოს პრემიერ–მინისტრის კანდიდატი და ეს კანდიდატი იქნება სააკაშვილი.

რომელიც მიუღებელია „ევროპული საქართველოსთვის“...

– ისევე, როგორც არიან სხვა პარტიები, რომელთათვის მიუღებელია ორივე პარტია და პლუს „ქართული ოცნება“. ჯამში ხმების ეს რაოდება არის საკმაოდ დიდი, მაგრამ არა მგონია, რომ დანარჩენმა პარტიებმა შეძლონ კოალიციის შექმნა. შესაბამისად, ეს დაპირისპირება წავა იქამდე, რომ რაც შეიძლება მეტი მანდატი მიიღონ, ერთმანეთს წაართვან ხმები. ამიტომაც გამძაფრდება დაპირისპირება.

ჯამურად ოპოზიციას მეტი მანდატი ექნება ვიდრე მმართველ პარტიას?

– ეს სწორი გათვლა არ არის. იმიტომ, რომ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ჯამურად წააგო ოპოზიციამ. აქაც სხვა თემაა, პროცესში რა ფაქტორი იმუშავებს, ამაზეა ლაპარაკი. „ნაციონალური მოძრაობა“ ვის მოსწონს და ვის არა, ეს ცალკე თემაა, მაგრამ ობიექტურად რომ შევხედოთ, თუ ყველაზე მეტი მანდატი მას ექნება, სწორი მოთხოვნაა, რომ მას ჰყავდეს პრემიერ–მინისტრის კანდიდატი. ამასთანავე ვაშაძეს და განსაკუთრებით „ევროპულ საქართველოს“ ჰყავს ის ამომრჩეველი, რომლის ძირითადი ნაწილი გაერთიანებული იყო „ნაციონალური მოძრაობის“ ამომრჩეველთან. ამიტომ, „ნაცონალური მოძრაობა“ რადგან ვერ ითანხმებს ვაშაძეს, რომელმაც თავისი თავი უკვე დაასახელა პრემიერობის კანდიდატად, „ევროპული საქართველო“ ამბობს, რომ არ დათანხმდება სააკაშვილის პრემიერობას, შესაბამისად, „ნაციონალური მოძრაობა“ მთავარ მიზანს თუ ვერ აღწევს – სააკაშვილი გახადოს პრემიერი, - ის იმუშავებს ხმების წართმევაზე. ასევე, ამ არჩევნებში ეგუებიან წაგებას, მაგრამ უნდა იფიქრონ მომავალ არჩევნებზე, რაც ნიშნავს ამომრჩევლის დაბრუნებას.

გამოდის, რომ ბრძოლა მიდის ამომრჩევლის დაბრუნებაზე?

– რაც იმას ნიშნავს, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ამომრჩეველი ისევ უნდა წაართვას ვაშაძეს, ბაქრაძეს და თუ „ქართული ოცნებიდან“ წამოსულ ამომრჩეველს გადაიბირებს, ეს მთლად უკეთესი. რეალურად, დღეს ეს ამოცანა დგას მის წინაშე. შესაბამისად, ეს დაპირისპირება, არსებული ვითარებიდან გამომდინარე, ობიექტურად იარსებებს. ველოდები, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ არა მარტო ისანში, არამედ სხვა რაიონებში დაასახელებს თავის კანდიდატებს, მაინც მგონია, რომ მათ ეს მიზანი აქვთ.

„ევროპულმა საქართველომ“ დაკარგა შანსი იმისა, რომ ყოფილიყო მესამე ძალა?

– რა თქმა უნდა. დღეს მუშაობს იმაზე, რომ წამოიღოს „ნაციონალური მოძრაობის“ ხმები, რომ გაძლიერდეს პარტია. ამიტომაც არ დათანხმდნენ ნაციონალები რეგიონებში ერთიანი კანდიდატის დასახელებას. მათ რომ ჰქონოდათ გარანტია იმისა, რომ ჩრდილოეთ კაბინეტს ისინი გააკონტროლებდნენ, მაშინ პრობლემა ნაკლები იქნებოდა. დღეს, ეს გარანტია არ აქვთ და მაშინ გამოდის, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ თავისი აქტივის ხარჯზე უნდა გააძლიეროს „ევროპული საქართველო“, მხარი დაუჭიროს მის კანდიდატებს რეგიონებში, თბილისში და ეს მანდატები დაკარგოს. რატომ გააკეთებს ამას? არ გააკეთებს და თავისი გადმოსახედიდან სწორად იქცევა. ამიტომაც ველოდები, რომ იქნება დაპირისპირება.

როგორ ფიქრობთ, „ნაციონალური მოძრაობა“ იქნება იგივე მანდატით წარმოდგენილი პარლამენტში, და საერთოდ, რამდენად წარმომადგენლობითი იქნება მეათე მოწვევის პარლამენტი?

– პარლამენტი იქნება უფრო მრავალფეროვანი. ხვალ რომ იყოს არჩევნები, მანდატები ასე გადანაწილდება: „ევროპულ საქართველოს“ არ ექნება იმდენი მანდატი, რამდენიც დღეს. „ნაციონალურ მოძრაობას“ ექნება იმაზე მეტი, ვიდრე დღეს აქვს. არჩევნებამდე ორი თვეა, რაც საქართველოსთვის ძალიან დიდი დროა. საბოლოო გადაწყვეტილება ყალიბდება ორი კვირით ადრე, იგივე გადაუწყვეტელი ამომრჩევლის ნაწილში. პარლამენტი იქნება მრავალფეროვანი, იქნება „პატრიოტთა ალიანსი“, „ლელო“, ელისაშვილის პარტიაც შეძლებს 1%–იანი ბარიერის გადალახვას.

Temo არ ჩამოდის უკრაინელი დევგმირი, არა. გუშინ ჩამოვალო და... დღეს - აღარო. არ გამოუშვეს პატარა და თვითანაც ჩაის--რა. აგერ ნახეთ:
ბმული
4 წლის უკან