ბელორუსის დასაცავად ლუკაშენკო მკაცრი ზომების მიღებას აპირებს. ის მიიჩნევს, რომ ბელორუსში ფერადი რევოლუციების სცენარის გამოყენება სურთ. ლუკშენკოს აზრით, ბელორუსის შემთხვევაში, ამ სცენარის ორიგინალობა იმაშია, რომ ამჯერად ძირითადი განმაპირობებელია საგარეო ფაქტორები, მაშინ, როცა სხვა ქვეყნების შემთხვევაში, სიტუაციას შიგნიდან ურევენ და შიგნიდან დაამხობენ ხოლმე მოქმედ ხელისუფლებას. ამის გამო ლუკაშენკომ ბელორუსის დასავლეთი ტერიტორიის დაცვის განკარგულება გასცა, თავად კი თავის რეზიდენციაში ავტომატით ხელში გამოჩნდა.
ვინ „ურევს“ სიტუაციას ბელორუსში - დასავლეთი, თუ საპროტესტოდ განწყობილი ადგილობრივი მოსახლეობა?
„საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის“ ასოცირებული პროფესორი, საქართველოს პრეზიდენტის ყოფილი მრჩეველი თენგიზ ფხალაძე for.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ ბელორუსში არსებულ საპროტესტო ტალღას შიდა მოვლენები განაპირობებს. რეალურად ეს არის იქაური საზოგადოების პროტესტი, რაც მოსახლეობის საკმაოდ დიდ რაოდენობას მოიცავს.
თენგიზ ფხალაძის შეფასებით, კიდევ უფრო საინტერესო ის არის, რომ ვხედავთ საოცარ თვითორგანიზებას მაშინ, როცა ოპოზიციის ლიდერთა ნაწილი დაკავებულია, ნაწილი ქვეყანაში არ იმყოფება.
„თუ საუბარია უცხო ქვეყნების ჩარევაზე, უპირველეს ყოვლისა, ეს ჩარევა ხდება რუსეთის ფედერაციის მხრიდან, ეს არ შემოიფარგლება იმით, რომ თავის დროზე ბელორუსში იყვნენ „ვაგნერის“ მეომრები დაკავებულნი, არამედ რეალურად მიმდინარეობს სერიოზული ინფილტრაცია და მუშაობა, რასაც რუსები არც მალავენ. ანუ ორი მხრიდან არის რუსეთი ჩარეული, ერთი მხრივ, დესტაბილიზაციის მცდელობაში და, მეორე მხრივ, ოფიციალური ხაზით, რის შესახებაც ლაპარაკობს რუსეთის პრეზიდენტი პუტინი, რომ ის მხარს უჭერს სტაბილურობას ბელორუსში. საქმე ისაა, რომ რუსეთი დიდი ხანია, ცდილობს, მაქსიმალურად დაიმორჩილოს ბელორუსი, რაშიც, რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, ლუკაშენკომ მას წინააღმდეგობა გაუწია. ასე რომ, პუტინი ახლა ყველანაირად ცდილობს, გამოიყენოს ეს ვითარება იმისთვის, ლუკაშენკოს დაანახოს, რომ მას არ აქვს სხვა გზა, გარდა რუსეთისა და, რომ ლუკაშენკო უნდა იყოს აბსოლუტურად მორჩილი იმისა, რასაც ამბობს პუტინი და რა დავალება თუ დირექტივაც მოდის პუტინისგან“, - აცხადებს თენგიზ ფხალაძე.
მისი განმარტებით, დასავლეთის სახელმწიფოებმა არ აღიარეს ეს არჩევნები, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ბელორუსის შიდა საქმეებში დასავლეთია ჩარეული და ვინმე რაღაცას აწყობს. უბრალოდ, დასავლეთმა დააფიქსირა, რომ ის მეთოდები, რაც არჩია ლუკაშენკომ, არ იქნა გაზიარებული. ამიტომაც ვხედავთ ევროკავშირის ერთიან პოზიციას, შეერთებული შტატების პოზიციას და ამ ფონზე, როცა წითელი ხაზები გაივლო, რუსეთის მხრიდან წამოვიდა მესიჯი, მერე რა, არც არაფერი მომხდარა, პირიქით, ჩვენ ყველაფერ ამას მხარს ვუჭერთ და, თუ საჭიროა, ჯარსაც დავახმართ ლუკაშენკოს.
ასე რომ, თენგიზ ფხალაძის შეფასებით, ღირებულებითი წყალგამყოფი ჩამოყალიბდა, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ვიღაც ჩადის ბელორუსში და რევოლუციას აწყობს. ასეთი რამ ძნელად წარმოსადგენია.
ანალიტიკოსი ვაჟა ბერიძე მიიჩნევს, რომ, თავისთავად, ფერადი რევოლუციები ამერიკული პროდუქტია, თეორიულად ამერიკაში შეიქმნა და მოხდა მისი წახალისება მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში, მაგრამ ახლა რომ დავიჩემოთ, რომ ამ რევოლუციებს რომელიმე ქვეყანაში ცენტრალური სადაზვერვო სამმართველო და დასავლური სპეცსამსახურები დირიჟორობენ, არ ვიქნებით მართალი. რა თქმა უნდა, გარკვეულად, თავიანთ გეოპოლიტიკურ ინტერესებს იცავენ დასავლეთის ძლიერი ქვეყნები და მათი შესაბამისი სტრუქტურები, მაგრამ მთავარი ამ რევოლუციების დროს არის არა დასავლეთიდან წახალისებული პროცესები, არამედ თვითონ ამ ქვეყანაში არსებული სერიოზული პრობლემები - ეკონომიკური, სოციალური, ადამიანის უფლებათა დაცვის მხრივ მდგომარეობა. ანუ მთავარია ამა თუ იმ ქვეყნის საშინაო მდგომარეობა და არა რომელიღაც სპეცსამსახურების მიერ დაორგანიზებული პროცესი და დასავლური საელჩოების თუ დიპლომატიური წარმომადგენლობების დირიჟორობა.
„თუმცა, რა თქმა უნდა, გარკვეულ პროცესებში შესაბამისი მიმართულებით საელჩოებიც მოძრაობენ. ამის მაგალითი უკრაინაში წინა მმართველის, პოროშენკოს დროს სერიოზულად შეიმჩნეოდა. ფიგურალურად რომ ვთქვათ, ეს ადამ და ევადან ასე იყო. ლუკაშენკოს წინააღმდეგ ეს კამპანია მხარდაჭერილია დასავლეთის ქვეყნების მხრიდან, მაგრამ განა ის რეჟიმი, რომელიც ლუკაშენკომ ჩამოაყალიბა, არ იყო წინაპირობა იმისთვის, რომ ერთ მშვენიერ დღეს ბელორუსი ხალხი გამოიღვიძებდა და თავის პოზიციას დააფიქსირებდა?! ლუკაშენკომ შეძლო, რომ დღემდე ბელორუსი პოსტსაბჭოთა ისეთი ქვეყანაა, სადაც საბჭოთა ეკონომიკა, ფაბრიკები, ქარხნები შენარჩუნებულია, სოფლის მეურნეობის მართვისას აქ გამოყენებულ იქნა კოლექტიური ფორმები. ამავე დროს, ამას თან ახლავს სერიოზული საფრთხე, მიუხედავად ყველაფრისა, ბელორუსისთვის ძირითად საექსპორტო ქვეყნად რუსეთი და ყოფილი საბჭოთა სხვა რესპუბლიკები რჩება. ასეთ ვითარებაში „ბატკას“ ჭირვეულობა და თამაში დასავლეთისა და რუსეთის წინააღმდეგობებზე უსასრულოდ არ შეიძლება გაგრძელებულიყო. 25 წელი როცა მართავს რომელიღაც ლიდერი ქვეყანას და იმით ამაყობს, რომ საარსებო ლუკმა- პური მის მოსახლეობას აქვს და განვითარების არანაირ ხედვას, პერსპექტივას არ სთავაზობს თავის ხალხს, ბუნებრივია, ადრე თუ გვიან პროტესტი წარმოიშობა. ამიტომ აქ ლაპარაკი იმაზე, რომ დასავლეთის მიერ არის ეს პროცესი აბსოლუტურად მართული, გადაჭარბებულია“,- აცხადებს ვაჟა ბერიძე for.ge- სთან საუბრისას.
ანალიტიკოსი არც იმას გამორიცხავს, რომ დესტაბილიზაციას ბელორუსში არანაკლებ ახალისებდა და ხელს უწყობდა რუსეთი და პუტინი, რომელთანაც გაუთავებელი კინკლაობა ჰქონდა ბელორუსის ლიდერს სხვადასხვა საკითხთან მიმართებით. არჩევნების წინ ლუკაშენკომ დაიჭირა კიდეც რუსეთის მოქალაქეები და დესტაბილიზაციის მოწყობაში დასდო ბრალი, დღემდე არ არის გარკვეული, ვინ იყვნენ ეს მოქალაქეები, რა მიზნით იყვნენ ბელორუსში. მოგვიანებით გაჩნდა ხმები, რომ იქიდან ისინი მიემგზავრებოდნენ მესამე ქვეყანაში და ჰქონდათ რაღაც კონტრაქტი, თუმცა რატომ მაინცდამაინც ბელორუსის გავლით, ეს გაუგებარია.
„ამიტომ პუტინს შესაძლოა, მობეზრდა კიდეც ჭირვეული „ბატკა“ და გადაწყვიტა მისი მოშორება, ჩანაცვლება, ან, თუ მოშორება და ჩანაცვლება არა, მორჯულება მაინც. ამ თვალსაზრისით, არეულობებმა თავისი შედეგი გამოიღო და დღეს უკვე პუტინისგან, საჭიროების შემთხვევაში, სამხედრო დახმარებასაც კი ელის ბელორუსის ლიდერი, ორივე მხრიდან უკვე დაიწყო საუბრები რუსულ-ბელორუსულ ურთიერთობებზე. ვგულისხმობ სამოკავშირეო სახელმწიფოს იდეის გაცოცხლებას. საბოლოო ჯამში, მაინც პრობლემა მივიდა იქამდე, ვისი გავლენის სფეროში დარჩება ბელორუსი, თუ ცვლილებები განხორციელდა და ხელისუფლება შეიცვალა - დასავლეთის და ევროკავშირის, თუ ისევ რუსეთის გავლენის ქვეშ იქნება კიდევ უფრო მეტად, ვიდრე ეს იყო მოთამაშე და მანევრირებადი ავტორიტარული ლიდერის ლუკაშენკოს პირობებში. ვიმეორებ, მიუხედავად იმისა, რომ ლუკაშენკო განსხვავებული ფიგურაა, განსხვავებული ლიდერია, განსხვავებული რეჟიმი ჰქონდა მას, რომელიც ბევრის მიერ მონათლულია, როგორც დიქტატურა, ის მთელი 25 წლის განმავლობაში ეფექტურად ჭირვეულობდა რუსეთთან მიმართებით, საიდანაც უნდოდა იაფი ენერგორესურსები, გასაღების ბაზარი, სანაქებო მრეწველობა, რომელიც მან შეინარჩუნა პროდუქციის ნაწილის რუსეთსა და ყოფილ საბჭოთა კავშირის ქვეყნებში ექსპორტის სახით. მეორე მხრივ, დასავლეთთან ოსტატურად ვაჭრობდა, როგორც პუტინის წინააღმდეგ რეალური ნაბიჯების გადამდგმელი ლიდერი“,- მიიჩნევს ანალიტიკოსი.
დასავლეთსა და რუსეთს შორის ამ წინააღმდეგობებზე სარფიანად მოთამაშის ჭირვეულობა ყელში არა მარტო პუტინს ამოუვიდა, არამედ დასავლეთიც აღშფოთდა, რომ ბელორუსული საზოგადოება არ უახლოვდება დასავლეთს, ევროპას და სულ უფრო მკაფიო ხდება ავტორიტარიზმი ამ ქვეყანაში, რაც თავისთავად აძლიერებს იმ პერსპექტივას, რომ ლუკაშენკო კიდევ მეტად წავიდეს რუსეთისკენ.
ამასობაში ბელორუსი ხალხი ქუჩაშია, ამ ხალხმა საერთოდ არ იცის, რა მიმართულებით წავიდეს. თუ მათ მოახერხეს ლუკაშენკოს ჩამოგდება, აბსოლუტურად არ არის გარკვეული, ევროკავშირისა და პროგრესისკენ მიმავალი ძალები მოვლენ ხელისუფლებაში, თუ პროდასავლურობის ნიღბისქვეშ მოქმედი ძალების მოსვლას შეუწყობს ხელს პუტინი, რომლებიც შემდგომში რუსეთის სასარგებლო პოლიტიკას გაატარებენ.
ანალიტიკოსი ზაალ კასრელიშვილი ჩვენთან საუბრისას აცხადებს, რომ ბელორუსში შიგნიდან არის პროცესები დაწყებული და გარედან ვინ შეუერთდება ამ პროცესებს, ამას არსებითი მნიშვნელობა აღარ აქვს.
„ვინმეს ეჭვი ეპარება, რომ 25 წლის მანძილზე ლუკაშენკოს შიგნით ოპოზიცია გაუჩნდებოდა? რა განცხადებასაც აკეთებს დასავლეთი გარედან, ამ განცხადებებში გაჟღერებული მოსაზრებების გარდა დასავლეთი უფრო შორს არ წავა და ბელორუსის შიდა საქმეებში არ ჩაერევა. რა თქმა უნდა, კრემლსაც აწყობდა ეს პროცესები, თორემ ვითარება ასე არ გამწვავდებოდა. ლუკაშენკოსა და პუტინს შორის ურთიერთობა ძალიან დაიძაბა არჩევნებამდე და პომპეოს რომ შეხვდა ლუკაშენკო, ალბათ, კრემლში მაშინ გადაწყდა ამ კაცის მოშორება“, - მიიჩნევს ზაალ კასრელიშვილი და დასძენს, რომ ჯოხს ორი მხარე აქვს და ლუკაშენკო არც რუსეთს აწყობს, არც დასავლეთს.