ბაჩო ახალაიას მეგობრები, რომლებიც მას ახალი წლის ღამეს უთენებენ, კრიმინალები არიან

ბაჩო ახალაიას მეგობრები, რომლებიც მას ახალი წლის ღამეს უთენებენ, კრიმინალები არიან

ბაჩო ახალაიას მეუღლე ანი ნადარეიშვილი ახალ წელს ე.წ. "მატროსოვის ციხესთან" შეხვდა. "მატროსოვის ციხესთან" ყოფნა ახალ წელს "ნაციონალური მოძრაობის" სხვა წევრებსაც დაებედათ, რომლებიც იქ მისვლით ექს-მინისტრს სოლიდარობას გამოუცხადეს.

თავის მხრივ, არასამთავრობო ორგანიზაცია „მარო მაყაშვილის საზოგადოება" დამოუკიდებელ აქტივისტებთან ერთად რუსთავის #17-ე საპყრობილესთან პატიმრებისთვის ახალი წლის მილოცვას გეგმავდა. მათი მიზანი იყო, სოლიდარობის ამ ფორმით ლევან გოგიჩაიშვილისა და მელორ ვაჩნაძის გათავისუფლება მოეთხოვათ. თუმცა „მარო მაყაშვილის საზოგადოებამ" აქციის ჩატარება მოგვიანებით გადაიფიქრა, რათა პატიმრების უსაფრთხოებას პრობლემა არ შექმნოდა.

For. ge დაინტერესდა, რამდენად მორალური იყო ბაჩო ახალიასთვის ნაციონალების მხრიდან სოლიდარობის ამ ფორმით გამოცხადება და მათი მხრიდან ესეც ხომ არ იყო „ცოტნე დადიანის“ თემის გაგრძლება.  

უფლებადამცველი ჯაბა ჯიშკარიანი აცხადებს, რომ დღეს პატიმრებს ნამდვილად სჭირდებათ სოლიდარობა, თუმცა იმ პატიმრებს, რომლებიც წლების განმავლობაში საქართველოში ადამიანის უფლებებისთვის იბრძოდნენ. სააკაშვილის რეჟიმის დროს დამკვიდრდა ტენდენცია, რომ ადამიანები, რომლებიც იცავდნენ სხვების უფლებებს, ისხდნენ ციხეში, ხოლო მკვლელები და ბანდიტები გარეთ დადიოდნენ. ეს შერჩევითი სამართალი კი 1-ელ ოქტომბერს  ქართველი ხალხის ნების გამოხატულებით აღიკვეთა.

ჯაბა ჯიშკარიანის თქმით, მართალია, დღემდე რეჟიმის მსხვერპლი მისი მეგობრები ციხეში არიან, მაგრამ ისინი ძალიან მალე გათავისუფლდებიან, ხოლო მკვლელები და ბანდიტები დაიკავებენ მათ ადგილს.

„პირდაპირ შემიძლია გითხრათ, ბაჩო ახალაიას მეგობრები, რომლებიც ასეთ მხარდამჭერ აქციებს აწყობენ, კრიმინალები არიან. ვგულისხმობ გოკა გაბაშვილს, გოგა ხაჩიძეს, გივი თარგამაძეს, თეა თუთბერიძეს. ეს ადამიანები რეჟიმის გამყარებას უწყობდნენ ხელს და სააკაშვილის დროს ჩადენილ დანაშაულებს ათეთრებდნენ. ეს იყო მორალური ტერორი, მორალური დანაშაული. მინდა მჯეროდეს, რომ ახალი პროკურორი ბატონი კბილაშვილი, ასევე, ქალბატონი წულუკიანი, მთლიანად, ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლება გაგებით მოეკიდება ამ საკითხს. ყოველდღიურ ბრძოლში უნდა ვიყოთ, მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლება შეიცვალა, რათა საქართველოში 100 %-ით აღდგეს სამართლიანობა და დასასჯელი ადამიანები ადექვატურად დაისაჯონ“,-აცხადებს ჯაბა ჯიშკარიანი.

მისივე თქმით, მატროსოვის ციხესთან სოლიდარობის გამოხატვით ნაციონალები  ცდილობენ საკუთარი თავისთვის პრეცენდენტი შექმნან და ეს ერთგვარი ინდულგენციაა. თუმცა სასაცილოა, რომ ბაჩო ახალაია, რომელსაც ისინი უთენებენ ღამეს, სხვის დედებს, პატიმრების მშობლებს, ახლობლებს ათენებინებდა ღამეს და ადამიანების წამებით იყო ამ ათი წლის განმავლობაში დაკავებული.

ამასთან, ჯაბა ჯიშკარიანი კატეგორიულად გამორიცხავს დამნაშავეებთან შერიგებას. მისი აზრით, ეს იქნება დანაშაული და ივანიშვილის ხელისუფლება სერიოზულ შეცდომას დაუშვებს, თუ ამას გააკეთებს, რადგან დამნაშავე ადამიანებთან და დამნაშავე მოსამართლეებთნ შერიგება დანაშაულთან შერიგებას ნიშნავს, რასაც  საზოგადოება ვერ გაიგებს. მით უფრო, რომ უკვე ჩანს უკმაყოფილების ნიშნები. ამიტომ ხალხის მოლოდინი უნდა გამართლდეს.

„მარტო ბიძინა ივანიშვილის პასუხისმგებლობა არ არის საქართველოში სამართლიანობის დამკვიდრება. ეს თითოეული ჩვენგანის შეგნების ამბავია და ყველამ უნდა მივიღოთ ამაში მონაწილეობა. ბატონი ივანიშვილი ამას საკუთარი თავისა და ოჯახისთვის არ აკეთებს, ამას ქვეყნისთვის აკეთებს. აქვე მინდა მივულოცო ახალი წელი სრულიად საქართველოს, იმ ადამიანებს, რომლებიც ციხეში არიან, პოლიტპატიმრებს, ჩვეულებრივ პატიმრებს, რადგან ახალი წელი ძალიან ძნელი შესახვედრია ოთხ კედელს შორის. ასევე, მინდა მივულოცო აფხაზ და ოს ხალხს და ჩვენს დევნილებს და ვუსურვო, რომ ეს ახალი წელი საკუთარ სოფლებში  დაბრუნების წელი ყოფილიყოს. For.ge-საც ვულოცავ ახალ წელს, თქვენმა გამოცემამ დაიმკვიდრა თავი მედიის არენაზე, თქვენ ხართ წარმატებული ინტერნეტგამოცემა და დარწმუნებული ვარ, მომავალი წელი თქვენთვის მნიშვნელოვანი იქნება,“-აღნიშნა ჯაბა ჯიშკარიანმა.

„მარო მაყაშვილის საზოგადოების“ თავმჯდომარე ლიკა გამრეკელი აცხადებს, რომ მათ მიერ დაგეგმილი სოლიდარობის აქცია პატიმრების უსაფრთხოების გამო შეწყდა, რადგან საფუძვლიანი ეჭვი არსებობდა და ინფორმაცია გამოვიდა ციხიდან, რომ შიგნით, შესაძლოა, რაღაც მომხდარიყო და მათი პროტესტი თუ შეძახილები პატიმრებს სხვანაირად აღექვათ. ამიტომ ისინი ახალ წელს ციხეში არეულობას მოერიდნენ.

რაც შეეხება თუთბერიძეს და მათ მომხრეებს, რომლებიც ახალაიას სოლიდარობას უცხადებენ, ლიკა გამრეკელი მიიჩნევს, რომ არანაირი მორალური ღირებულება ამ ადამიანებს არ გააჩნიათ, რადგან, როგორც მინიმუმ, ბაჩო ახალაია პოლიტპატიმარი კი არა, საქართველოდან გასაძევებელია. მისი აზრით, სააკაშვილმა ვეტო რომ დაადო ამნისტიის კანონს, ამით მან საკუთარ თავს დაადო ვეტო და მეორედ კი არა, ვერასდროს ვეღარ დაბრუნდება საქართველოს მთავრობაში, თავის ნაციონალებთან ერთად.

„სააკაშვილი ერთხელ უკვე გააძევა ქართველმა ერმა არჩევნებით. ახლა სურთ, ბაჩო ახალაია ცოტნე დადიანად წარმოაჩინონ, ისევე, როგორც თავის დროზე სააკაშვილი გამოიყვანეს დავით აღმაშენებელი. ეს სასაცილოა და ის ადამიანები, ვინც ბაჩო ახალაიას მხარდასაჭერად „მატროსოვზე“ შეიკრიბებიან, როგორც მინიმუმ, არაადექვატურები და სასწრაფოდ გამოსაკვლევები არიან, რადგან ბაჩო ახალაია ჩვეულებრივი დამნაშავეა, რომელიც ჩვენი ქვეყნის არათუ პატრიოტი არ არის, არამედ საქართველოს მოქალაქეობასაც კი არ იმსახურებს“,-აცხადებს „მარო მაყაშვილის საზოგადოების“ თავმჯდომარე.

მისივე თქმით, ძალიან სასაცილო იყო თეა თუთბერიძის ერთი ფრაზა, ქართული საზოგადოება გვერდით დაუდგეს ბაჩო ახალაიასო.

„რომელ ქართულ საზოგადოებას მიმართავს თუთბერიძე?! - იმ ჯარისკაცების დედებს, რომელ ჯარისკაცებსაც ბაჩო ახალაია სარდაფებში კეტავდა და დღეების მანძილზე აშიმშილებდა, თუ იმ ბავშვების მშობლებს, რომლებსაც გარეთ ცხრილავდნენ?! იქნებ, ჩვენ მოგვმართავს, რომლებსაც ძირს გვათრევდნენ და გვეუბნებოდნენ, პუტინისტები და რუსეთის მოგზავნილები ხართო. ერთადერთი, რაშიც ქართული საზოგადოება ბაჩო ახალაიას სოლიდარობას გამოუცხადებს და ეტყვის, შენ ცოდო ხარო, ის არის, რომ იგი მარტო არ უნდა იჯდეს ციხეში და მთელი მისი ოჯახი, მთელი ნაციონალური მოძრაობა მას უნდა შეუერთდეს“,-აცხადებს ლიკა გამრეკელი.