30-მა ოპოზიციურმა პარტიამ ხელი მოაწერა დეკლარაციას ხმების ერთობლივი დაცვის თაობაზე, რომელიც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში მოსახლეობის ხმების დაცვას გულისხმობს.
დეკლარაციის ფარგლებში შეიქმნა საკოორდინაციო შტაბი, რომელიც იმუშავებს ყველა ოლქში, მათ შორის იქ, სადაც ოპოზიციური პარტიები ერთმანეთთან კონკურენციაში არიან.
ოპოზიციის წარმომადგენელთა განცხადებით, იქნება ერთიანი ბაზა, სადაც ყველა ინფორმაცია მოიყრის თავს. მათ შორის, დარღვევებთან დაკავშირებული სავარაუდო რისკებიც.
„საქართველოს ევროპელი დემოკრატების“ თავმჯდომარე პაატა დავითაია, რომელიც დეკლარაციის ფარგლებში შექმნილ საკოორდინაციო შტაბს უხელმძღვანელებს, აცხადებს, რომ უახლოეს მომავალში, დეკლარაციის ხელმომწერი ყველა პარტიის ჩართულობით შემუშავდება კონკრეტული გეგმა და მექანიზმები, სადაც განსაზღვრული იქნება შტაბში მათი ფუნქციები და მოვალეობები.
„უახლოეს ხანებში შემუშავებული იქნება გეგმა, თუ რა გეგმით იმუშავებს შტაბი. ეს გეგმა შემუშავებული იქნება ყველა პოლიტიკურ პარტიასთან კონსულტაციის გზით და მათი ჩართულობით. ყველა პოლიტიკურ პარტიას შტაბში ეყოლება თავისი წარმომადგენელი და თავისი მიმართულება განსაზღვრული, რომელიც იმუშავებს ხმების დასაცავად“,-განაცხადა პაატა დავითაიამ.
„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი წევრის, თინა ბოკუჩავას განცხადებით, შემუშავდება მექანიზმი 2020 წლის არჩევნებზე დარღვევების გამოვლენის და მასზე რეაგირების კუთხით.
„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი შალვა ნათელაშვილი აღნიშნულ შეთანხმებას ევროპაში უპრეცედენტოს უწოდებს.
„თანამედროვე ევროპის ისტორიაშიც კი ამდენ განსხვავებულ, ოპონირებაში მყოფ პარტიას არსად არ მიუღია ერთობლივი დეკლარაცია ხმების ერთობლივ დაცვაზე. ეს ნიშნავს იმას, რომ მმართველი ოლიგარქიული ელიტა უნდა შეეგუოს ძალაუფლებაში არდარჩენის პერსპექტივას“, - განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.
პარტია „ლელო საქართველოსთვის“ გენერალური მდივანი ბადრი ჯაფარიძე დეკლარაციას ქართულ პოლიტიკაში ძალიან პოზიტიურ მოვლენად აფასებს.
„ეს შეთანხმება მოემსახურება იმას, რომ თითოეული ხმა იყოს მაქსიმალურად დაცული და არ მივცეთ მმართველ ძალას ხმების მოპარვის საშუალება“, - განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.
„ერთიანი საქართველო - დემოკრატიული მოძრაობის“ თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე კი აცხადებს, რომ ოპოზიციური პარტიები, რომლებიც არ შემოუერთდებიან აღნიშნულ დეკლარაციას, საზოგადოებაში აღიქმებიან, როგორც მმართველ პარტიას დამორჩილებული პარტიები, ე.წ. სატელიტები.
„ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი გია ვოლსკი კი for.ge-სთან ამბობს, რომ საარჩევნოდ ხმების დაცვა სწორედ იმ ადამიანებისგან დაგვჭირდება, რომლებიც ახლა დეკლარაციას ხელს აწერენ და ხმამაღლა განცხადებებს აკეთებენ. ვოლსკი ამბობს, რომ ცუდი გამოცდილება აქვს, ეს ადამიანები, ცენტრალურ საარჩევნო კომისიას ხელმძღვანელობდნენ და ხმების გაყალბების და სათავისოდ დათვლის სპეციალისტები არიან
„თარხნიშვილი, ხარატიშვილი, ხათუნა გოგორიშვილი ხმების დათვლის ექსპერტები არიან. ეს ხალხი მანიპულაციების დიდოსტატები და ამის სპეციალისტები არიან. მთლიანობაში ეს ადამიანები ძალიან უცნაურ კონლგომერატში არიან გაერთიანებულები, 30 პარტია ვითომ ხელს რომ აწერს. აქ რელურად პარტია სულ რამდენიმეა, დანარჩენი ყველა ერთკაციანი პარტიებად წოდებული სუბიექტები არიან. ამ ხალხმა გადაწყვიტა, რომ თურმე მათ მიერ ხმების დაცვაა საჭირო. თვითონ ეს ფაქტი, რომ ესენი ხმებს იცავენ, კომიკურია. აქ პოლიტიკური მიზნები ჩანს. თითქოს ეს პრობლემა ქვეყანაში აქტუალურია და „ოცნებაც“ იმავე გზით შესაძლოა წავიდეს, რასაც ნაციონალები თავის დროზე მიმართავდნენ. ადამიანები, რომლებიც გარკვეულ საკითხებში დამნაშავეები არიან, ცდილობენ, რომ მეორე ადამიანს დააბრალონ“, - ამბობს ვოლსკი for.ge-სთან.
მისივე თქმით, აუცილებლად უნდა დავუკვირდეთ რა ჯგუფთან გვაქვს საქმე. დეპუტატი ამბობს, რომ ეს ხალხი ყოველთვის ერთმანეთს ადანაშაულებდა. ერთი მხარე მეორეს ანტიდასავლურ განწყობებში, ხოლო მეორე მხარე - პირველს დასავლეთის დაქვემდებარებაში ადანაშაულებდა.
„რაც შეეხება მეორე დეკლარაციას, რომლის მიხედვითაც ნაციონალები ოპოზიციას სთხოვენ ხელი მოაწერონ შეთანხმებას, რომ „ოცნებას“ კოალიციური მთავრობის შექმნაში არ დაეხმარებიან, ეს საერთოდ მეორე უკიდურესობაა. ჯერ ერთი რატომ გონიათ, რომ კოალიცია დაგვჭირდება. მერე მეორე, ეს პარტია დაკავშირებულია ხელისუფლების უზურპაციასთან და ქვეყნის სასტიკი მეთოდებით მართვასთან, საუბარი მაქვს, როგორც ევროპელებზე, ასავე ნაციონალებზე. რასაკვირველია, ეს ორი წამყვანი ჯგუფი ცდილობს ზოგი პარტია თავის გარშემო შემოიკრიბონ, ხოლო ჩვენს პარტნიორებს და დასავლეთს დაანახონ, რომ დიდი გაერთიანება აქვთ და მთელი პარტიები მათ გარშემო არიან. ამ ორ პარტიას თავისი პირადი ინტერესები აქვს და რეალურად არანაირი გაერთიანება არ ადარდებთ.
თვალი რომ გადავლოთ ამ ადამიანების წარსულს და ერთმანეთზე საუბარს, მათ არასდროს ერთმანეთის მიმართ სალანძღავი სიტყვები და ბრალდებები არ დაუშურებიათ. არასდროს ამ ადამიანებს საერთო არ ჰქონიათ საშინაო და საგარეო პოლიტიკის თემებთან დაკავშირებით. ახლა კი საზოგადოებას ატყუებენ, რომ რაღაცაზე შეთანხმდებიან. ხალხს პირდებიან, რომ გაერთიანდებიან, შექმნიან ძალას, რომელიც ქვეყანას სტაბილურობას მოუატანს. ეს ხომ აბსურდი და ტყუილია“,-ამბობს გია ვოლსკი for.ge-სთან.
ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი კი for.ge-სთან ფიქრობს, რომ ეს არის გარკვეული იმიტაცია რაღაცა პროცესის მიმართ. მისი თქმით, არსებობს ქვეყანაში მწარე გამოცდილება, როდესაც პარტიები საბოლოოდ მაინც საკუთარ ტყავზე ზრუნავენ. ხუხაშვილი ამბობს, რომ გვაქვს მსგავსი გამოცდილება, როდესაც ხელშეკრულებებს და საკუთარ ხელმოწერებს, საბოლოო ჯამში, პოლიტიკოსები თავადვე არღვევენ.
„ეს უფრო იმაზეა ხაზგასმა, რომ ხელისუფლება რაღაცა საშინელებას აპირებს და ესენიც დადგებიან და ამ ხმებს დაიცავენ. მთავარი ისაა, რომ რეალურად დასაცავი მართლა რამე ჰქონდეთ და მარტო კუნთების დაცვა არ მოუწიოთ. თუმცა ამ შარიშურით მაინც დიდი არაფერი ხდება. ხმების დაცვა ყველას ევალება, კი ბატონო, ამაზე თუ ხელს ხელისუფლებაც მოაწერდა, ესეც კარგია. ნუ, ჰო, გასაგებია, რომ ამით „ნაციონალური მოძრაობა“ რაღაც კონტექსტებს ატრიალებს. ეს პარტია ხომ თავის ძველ ჩვევებს არ უღალატებს. მათ უნდათ, რომ ყველა მათ გარშემო და ორბიტაზე ტრიალებდეს. კოალიციის და ალიანსებს შექმნა რომ უნდოდეთ კიდევ არაუშავს, ესეც კი არ უნდათ, მათ უნდათ, რომ მხოლოდ თავად იყვნენ და ყველა მათ გარშემო ტრიალებდეს“, - ამბობს ხუხაშვილი for.ge-სთან.
მისივე თქმით, სერიოზული კოალიციები არჩევნებამდე არ იქმნება, ეს მხოლოდ მისი იმიტაციაა და მსგავსი შარიშური იქმნება. ხუხაშვილი ამბობს, რომ ყველაფერი დამოკიდებული იქნება იმაზე, ვის რა შანსები ექნება. ამის შემდეგ კი ანალიტიკოსი ფიქრობს, რომ შესაძლოა, საინტერესო პროცესები დაიწყოს, ან არ დაიწყოს.
ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე for.ge-სთან ამბობს, რომ ეს ხელმოწერა ჩვეულებრივი პროცესი და წინასაარჩევნო პიარია. ძაბირაძე აცხადებს, რომ ამას ნებისმიერი პარტია მოაწერდა ხელს და მასთან ერთად „ქართული ოცნებაც“.
„არ ვიცი რა სახის მექანიზმებზე არის საუბარი და როგორ უნდა მოხერხდეს ხმების დაცვა. ძალიანაც კარგი, თუ გაყალბება არ მოხდება და ამის რაიმე მექანიზმს შეიმუშავებენ. ასეთ ხელმოწერას, რა თქმა უნდა, ველოდი და ამაში გასაკვირი არც არაფერია. რაც შეეხება მეორე დეკლარაციას, სადაც საუბარი იმაზე იქნება „ოცნებას“ კოალიციას ვინ არ შეუქმნის, აი, აქ უკვე საინტერესო იქნება, მასზე ხელს ვინ მოაწერს ან ვინ არ მოაწერს. ის, რომ ერთმანეთის ხმებს დაიცავენ, საინტერესო აქ კიდევ ერთი გარემოებაა - ხმებს ის პარტია დაიცავს, ვისაც კომისიის წევრები ეყოლება. სიმართლე რომ გითხრათ, ჩემი გამოცდილებიდან რაც ვიცი, ჩვეულებრივად ხდება ასე, იმ პოლიტიკურ ძალებს, რომლებსაც საარჩევნო უბნებზე წარმომადგენლები ჰყავთ, იმ ხმებს ძალიან მშვიდად იყოფენ, რომლებსაც ასეთი წარმომადგენელი არ ჰყავთ. ჰოდა, ვის რას პირდებიან და რა ხმების დაცვაზეა საუბარი, ეს საინტერესო იქნება“, - ამბობს ძაბირაძე for.ge-სთან.