რა ინახებოდა სუბელიანის ”საიდუმლო” საწყობებში?

რა ინახებოდა სუბელიანის ”საიდუმლო” საწყობებში?

ხუთი არალეგალური საწყობის ინვეტარიზაციის ყველა მასალა დევნილთა და განსახლების სამინისტრომ პროკურატურას გადასცა, რაც პირდაპირ საფუძველს იძლევა ყოფილი მინისტრის - კობა სუბელიანის დაკავებისა. შეგახსენებთ, რომ ორიოდე დღის წინ, ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრომ 5 არალეგალური საწყობი აღმოაჩინა, სადაც 2008-2009 წლებში დევნილებისათვის გამოყოფილი, რამდენიმე მილიონი ლარის ღირებულების სურსათი და ინვენტარი იყო გადამალული. სამინისტროს ხსენებული საქმე დიდ პლიუსად ჩაეთვალა, თუმცა როგორც ”კვირის პალიტრამ” დაადგინა, ხსენებული ”აღმოჩენა” ეკუთვნის არა დევნილთა სამინისტროს, არამედ ლაშა ჩხარტიშვილს, რომელიც ჯერ კიდევ ორი წლის წინ სამინისტროს სარდაფებში ე.წ. ”საიდუმლო” საწობების ადგილმდებარეობას მიაგნო, ფანჯრებიდან გადაძვრა და ფოტოაპარატით დააფიქსირა, თუ რა ინახებოდა ამ საწყობებში. მოპოვებული მასალის საფუძველზე კი, 2010 წელს სასამართლოში შეიტანა სარჩელი. თუმცა, ადვილი საფიქრებელია, რომ ამ შემთხვევაშიც ყველაფერი საქართველოსთვის ჩვეული ამერიგო ვესპუჩის სცენარით წარიმართება და ქულებს ”დახმარებიჭამია” მინისტრის გამოაშკარავებისთვის სწორედ ლტოლვილთა სამინისტრო დაიწერს.

ლაშა ჩხარტიშვილი (უფლებადამცველი):

- ეს საწყობები პირველად ჩვენ აღმოვაჩინეთ 2010 წელს და მართალი გითხრათ, ცოტა არ იყოს გამიკვირდა, ჩვენს მიერ მაშინ დაფიქსირებული ფაქტი, რატომ არ იქნა ახლა აღნიშნული. ამასთან დაკავშირებიტ, ჩვენ მაშინ ჯერ აქცია გავმართეთ გაეროს ოფისის წინ, შემდეგ კი სარჩელი შევიტანე პირადად მე სასამართლოში.

- ეს ის საწყობებია, ახლა რომ აღმოაჩინა დევნილთა სამინისტრომ?

- დიახ. ინფორმაცია ამის შესახებ მივიღეთ ორი წლის წინ დევნილებისგან. ჩვენ დავიწყეთ მოკვლევა და ერთ-ერთი საწყობი მართლაც აღმოვაჩინეთპირდაპირ სამინისტროს ეზოს სარდაფში. ჩვენ ამ საწყობში ფანჯრიდან შევძვერით და იქიდან გადავიღეთ ფოტოები. იქ ნათლად გამოჩნდა, რომ დევნილთათვის განკუთვნილი პროდუქტები იყო ვადაგასული. როგორც ჩანს, ისინი ან იყიდებოდა ან ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერებს შორის ნაწილდებოდა. რაც ვერ მოასწრეს, იმათ ვადა გაუვიდა. მერე გადააკეთებდნენ ამ ვადებს და როგორც ვარგისს, ისე დაურიგებდნენ ლტოლვილებს. გახსოვთ ალბათ, წინასაარჩევნოდ მატლიანი მაკარონი რომ დაურიგეს დევნილებს. მოკლედ, ფაქტები დოკუმენტურად დავასაბუთეთ და სასამართლოს მივმართეთ. ანუ უმალავდნენ იმ დევნილებს, რომლებიც ნახევრად მშივრები მათხოვრებად იდგნენ სამინისტროს ეზოში. აქვე მინდა გავიხსენო, ნანა ფიფიას მიერ ლტოლვილთა სამინისტროს წინ თავის დაწვის ფაქტი, როდესაც მას მინისტრის მოადგილემ ტუღუშმა უთხრა, ადექი და თივა ჭამეო. სწორედ მის ნათქვამზე გადაისხა ბენზინი და თავი დაიწვა. მის ცხვირწინ კი ეზოს საწყობებში ტონობით საკვები ლპებოდა. სხვათაშორის, ცალკე გამოსაძიებელია, თუ რამდენი დევნილია მძიმედ დაავადებული, გნებავთ გარდაცვლილი არასრულფასოვანი კვების გამო.

კობა სუბელიანი ”კვირის პალიტრის” ზარებს არ პასუხობდა. ერთადერთხელ გამოჩნდა იგი, სულ რაღაც წამით ტელევიზიით და მაშინაც მის განცხადებას აბსურდის ელფერი დაჰკრავდა. კერძოდ, როგორც ყოფილმა სტიქაროსანმა ღაღადყო: ”დევნილთათვის შეძენილი ინვენტარი მათ სრულად დაურიგდათ, საწყობებში კი ინვენტარის ის ნაწილი ინახებოდა, რომლის დევნილებისთვის დარიგებაც არ გახდა საჭიროო." ანუ ზედმეტი ყოფილა და იმიტომ არ დაურიგებიათ. ასე მაგალითად, მაკარონი 2009 წლის შემდეგ დევნილებს რომ არ დარიგებიათ, ეს იმიტომ, რომ ჭარბი რაოდენობის მაკარონის ჭამა მავნებელია მათი ჯანმრთელობისთვის.

იმდენად, რამდენადაც საქმე ძიებაშია, ხოლო ყველა მასალა პროკურატურისთვის არის გადაცემული, ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრო ამ ეტაპზე მხოლოდ ოფიციალური ანუ წერილობითი კომენტარით შემოისაზღვრება. ჩვენც ახალი მინისტრის დავით დარახველიძის პასუხი მივიღეთ ჩვენს წერილობით კითხვაზე. კერძოდ, როგორც მინისტრის ოფიციალურ კომენტარშია დაფიქსირებული:

”ხუთ საწყობში აღმოჩენილია 2008-2009 წელს დასარიგებელი, დევნილებისათის განკუთვნილი საყოფაცხოვრებო ნივთები, სამუშაო იარაღები, საკვები პროდუქტები. აღნიშნული ქონება უკვე დაზიანებულია და გამოსაყენებლად უვარგისი. გამოუსადეგ და დაზიანებულ ნივთებს შორისაა- მაცივრები, საწოლები, ჭურჭელი, თეთრეული, საბნები, ლეიბები, ხალიჩები, ტელევიზორები, 2009 წელს შეძენილი გაზის ბალონები, რომელიც გაზითაა დატენილი, 300 ათასი ლარის ღირებულების შეშის ღუმელი. აგრეთვე, პროდუქტი - მაკარონი, მარილი, წიწიბურა. დევნილებისთვის განკუთვნილი ნივთებისა და პროდუქტის შესაძენად თანხები გამოყოფილი იყო სახელმწიფო ბიუჯეტიდან და მთავრობის სარეზერვო ფონდიდან. ყველა მასალა პროკურატურას გადაეცა. 2008 -2009 წლებში დევნილთა სამინისტროს მიერ აღნიშნული ქონების არგადაცემით და დაზიანებით სახელმწიფოს და დევნილებს ზარალი მიადგა”