ევროკავშირი მხარს უჭერს ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში (ვმო) რუსეთის გაწევრიანებას. ამავე პოზიციაზე არიან ამერიკელები. პრეზიდენტი მედვედევი აცხადებს, რომ „აშშ-სა და ევროკავშირთან მოლაპარაკებების წარმატებით დასრულების შემდეგ რუსეთის ვმო-ში გაწევრიანების პერსპექტივა რეალური გახდა“.
„რუსეთი რაც შეიძლება სწრაფად უნდა გახდეს ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის წევრი“, - ამის შესახებ ევროსაბჭოს თავმჯდომარემ ჰერმან ვან რომპეიმ განაცხადა.
„ჩვენ შევთახმდით, რომ კონცენტრირებას მოვახდენთ მრავალმხრივ მოლაპარაკებებზე იმისთვის, რომ რუსეთი ვმო-ს წევრი რაც შეიძლება სწრაფად გახდეს. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯი, ის ნაბიჯი, რომელსაც მთელი მსოფლიო ყურადღებით აკვირდება“, - განაცხადა ბრიუსელში გამართულ პრესკონფერენციაზე ევროსაბჭოს თავმჯდომარემ.
რუსეთის ეკონომიკური განვითარების მინისტრმა ელვირა ნაბიულინამ და ევროკავშირის ვაჭრობის კომისარმა კარელ დე გიოხტმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში რუსეთის გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დასრულების შესახებ.
ევროპამ რუსეთს საქართველოს წინაშე შეუსრულებელი ვალდებულებებიც კიდევ ერთხელ შეახსენა.
„ჩვენ განვიხილეთ მთელი რიგი მგრძნოიბიარე საკითხები, რომლებიც ჩვენს საერთო სამეზობლოში არსებობს. ეუთო-ს ასტანის სამიტის შემდეგ, რომელსაც პრეზიდენტი მედვედევი, ბატონი ბაროზო და მე ვესწრებოდით, ჯერ კიდევ გვაქვს გადაუჭრელი, გაჭიანურებული კონფლიქტები, რომლებიც საფრთხეს უქმნის ევროკავშირსაც და რუსეთსაც. ევროკავშირი აქტიურადაა ჩართული ამ კონფლიქტების მშვიდობიან და ხანგრძლივ მოგვარებაში. ჩვენ მოვუწოდეთ რუსეთს საქართველოს ტერიტორიაზე ეუთო-ს მისიის განახლების შესახებ, რაც ხელს შეუწყობს ადამიანის უფლებებისა და უსაფრთხოების საკითხების გაძლიერებას 2008 წლის აგვისტოს ხელშეკრულებისა და საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიუილი მთლიანობის დაცვის შესაბამისად“, - აცხადებს ჰერმან ვან რომპეი.
„რუსეთისთვის ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში გაწევრიანება საქართველოს გვერდის ავლით ადვილი არ იქნება“, - ამის შესახებ რადიო თავისუფლების მიმოხილველი დან ალექსე აცხადებს. მისი თქმით, რუსეთის ვმო-ში გაწევრიანება ევროკავშირზე დამოკიდებული არ არის.
„მინდა ხაზი გავუსვა, რომ ბრიუსელში გაფორმებული შეთანხმება რუსეთსა და ევროკავშირს შორის ორმხრივი შეთანხმებაა. ეს არ ნიშნავს, რომ ვმო-ს წევრ სხვა ქვეყნებს არ შეუძლით მოსკოვის ვმო-ში გაწევრიანების დაბლოკვა. ამ საკითხზე მოლაპარაკებები ჟენევაში მიმდინარეობს. ორგანიზაციაში 153 ქვეყანაა, ეს ნიშნავს, რომ რუსეთის ვმო-ში გაწევრიანება ევროკავშირზე არ არის დამოკიდებული. თუ საქართველოს მოუნდება და გადაწყვეტს, შეუძლია ამ საკითხის ბლოკირება“, - მიაჩნია დან ალექსეს.
ბრიუსელში გაფორმებულ შეთანხმებას კი ალექსე სიმბოლური ხასიათის დოკუმენტს უწოდებს.
„ეს არის ევროკავშირის პოლიტიკური ჟესტი - დაანახონ რუსეთს, რომ სურთ ვმო-ში გაწევრიანების გზაზე მოსკოვის დახმარება, რადგან ევროპა დამოკიდებულია რუსულ გაზზე“, - აღნიშნავს რადიო თავისუფლების მიმომხილველი.
„რუსეთის ვმო–ში გაწვრიანების საკითხზე შესაძლოა, მოსკოვსა და თბილისს შორის მოლაპარაკებები დაიწყოს“, – ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერმა, ნიკო მჭედლიშვილმა განუცხადა. მისი თქმით, საქართველო მზად არის, რუსეთთან მოლაპარაკებების დაწყებისთვის, თუმცა უცვლელია ქართული მხარის პოზიცია, რომელიც ფსოუსა და როკის საბაჟო-გამშვები პუნქტების ლეგალიზებას გულისხმობს.
ამასთან, მჭედლიშვილი საქართველოს თანხმობის გარეშე რუსეთის ვმო-ში გაწევრიანების შესაძლებლობას გამორიცხვას.
„ჩვენ გვაქვს ვეტოს უფლება და ჩვენი ხმის გარეშე რუსეთი ვმო-ს წევრი ვერ გახდება. სხვა შემთხვევაა, რომ შესაძლოა, დაიწყოს მოლაპარაკებები და მხარეები რამეზე შეთანხმდნენ“, - აღნიშნა მჭედლიშვილმა.
„ქართული მხარე რუსეთის ვმო–ში გაწევრიანების საკითხზე მოსკოვთან მოლაპარაკებების დასაწყებად მზად არის“, – ამის შესახებ „პირWელს“ შვეიცარიის კონფედერაციაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის პოსტზე წარდგენილმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა განუცხადა, რომელიც ახალი დიპლომატიური თანამდებობის დაკავების პარალელურად რამდენიმე საერთაშორისო ორგანიზაციაში, მათ შორის მსო-ში საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი ხდება.
„პირველ რიგში, თავად რუსეთს სჭირდება, მსო-ში გაწევრიანების საკითხი ორგანიზაციის ყველა წევრ ქვეყანასთან, მათ შორის საქართველოსთან შეათანხმოს და განმარტოს, რატომ და რა პირობებით სურს მსო-ის წევრობა. ამმხრივ ჩვენი პირობა ნათელია და არა პოლიტიკურ, არამედ ეკონომიკურ არგუმენტებს ეფუძნება. კერძოდ, მსო მისი წევრი ქვეყნების ეკონომიკური საზღვრების კონტროლს გულისხმობს.
შესაბამისად, ჩვენ ვაყენებთ პირობას, ტვირთების მოძრაობის კონტროლი ქვეყნის ეკონომიკური საზღრის მთელს პერიმეტრზე - როკის გვირაბისა და ფსოუს ჩათვლით იყოს უზრუნველყოფილი. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით რუსეთის ფედერაციასთან მოლაპარაკებებისთვის და მათი არგუმენტების მოსასმენად მზად ვართ. ახლა ბურთი მათ მოედანზეა“ - განუცხადა „პირWელს“ ჭიაბერაშვილმა და აქვე დასძინა, რომ „თუკი რუსეთს საერთაშორისო ორგანიზაციის წევრობა სურს, ვალდებულია, საერთაშორისო წესებს დაემორჩილოს“.
ექსპერტ ლევან კალანდაძის აზრით, „რუსეთის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანების კუთხით ამერიკა და ევროპა საქართველოს დინების საწინააღმდგო მიმართულებით ცურვის საშუალებას არ მისცემენ“.
როგორც ექსპერტმა „პირWელს“ განუცხადა, „საქართველოს საერთაშორისო თამაშის იმ წესების მიღება მოუწევს, რომელსაც ამერიკა და ევროპა უკარნახებენ“.
„მოდით, შევთანხმდეთ იმაზე, რომ რუსეთი მსო-ს წევრი გახდება. ბუნებრივია, საქართველოს მსო-დან არავინ გააგდებს, მაგრამ ჩვენ იძულებული ვიქნებით, თამაშის იმ პირობებს დავთანხმდეთ, რომელსაც ევროპა და ამერიკა გვკარნახობენ. რეალურად სხვა გზა არ გვაქვს“, - განუცხადა „პირWელს“ კალანდაძემ.
მისივე თქმით, „საქართველოს რუსეთის მსო-ში გაწევრიანების ცივილიზებული ფორმით დაბლოკვის საშუალება არ აქვს, ხოლო „ფეხების ბაკუნი“ საქმეს არ შველის“.
„ბოლო პერიოდში განვითარებულ პოლიტიკურ პროცესებზე დაკვირვებით ნათელია, რომ ამერიკისთვის და ევროპისთვის რუსეთის სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანება სტრატეგიულ საკითხს წარმოადგენს. უფრო მეტიც, თავისუფალი სავაჭრო ბაზრისთვის და ენერგეტიკული უსაფრთხოებისთვის ევროპას რუსეთი ჰაერივით სჭირდება“, - განმარტა კალანდაძემ.
პოლიტოლოგ კორნელი კაკაჩიას აზრით კი, საქართველოს მიერ ძალის არგამოყენების შესახებ პირობის ცალმხრივად დადება შესაძლოა, რუსეთის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანების საკითხს უკავშირდებოდეს.
„საქართველოს პრეზიდენტის სამშვიდობო ინიციატივები, კერძოდ, ძალის არგამოყენების შესახებ ცალმმხრივი პირობა შესაძლოა, მსო-ში გაწევრიანების შესახებ რუსეთის განაცხადს უკავშირდებოდეს. ასეთი განცხადებებით საქართველოს პრეზიდენტი დიმიტრი მედვედევს საქართველოსთან შერიგების და შესაძლოა, კონფლიქტურ რეგიონებთან დაკავშირებით თბილისის წინაშე გარკვეული დათმობებისთვის გზების ძიების შანსს აძლევს“, - აცხადებს კოლუმბიის უნივერისტეტის მიწვეული მეცნიერ-თანამშრომელი.