რატომ იხურება ჩაღლარის სკოლა-ლიცეუმები საქართველოში?!

რატომ იხურება ჩაღლარის სკოლა-ლიცეუმები საქართველოში?!

ჩაღლარის სკოლების დახურვის პროცესი გრძელდება. ამჟამად რუსთავში არსებული შოთა რუსთველის სკოლა-ლიცეუმი დახურეს. სკოლის მესვეურები ამ ფაქტს ჯერ კიდევ 2017 წელს ბათუმში „შაჰინის სახელობის მეგობრობის ლიცეუმის“ დახურვასა და იმავე წელს სკოლების მენეჯერის მუსტაფა ემრე ჩაბუკის დაკავებას უკავშირებენ.

რუსთავის სკოლა-ლიცეუმის დახურვას შემდეგი მოვლენები უძღოდა წინ. კერძოდ, 2020 წლის 15 მაისს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს სხდომა შედგა, სადაც განხილულ იქნა აღნიშნული სკოლა-ლიცეუმში განხორციელებული მონიტორინგის შედეგები. სხდომის შედეგებზე უარყოფითი გავლენა იქონია ექსპერტთა არაკეთილგანწყობამ, რომლებმაც თებერვალში აღნიშნული სკოლა შეამოწმეს.

აღსანიშნავია, რომ შოთა რუსთაველის სახელობის სკოლა-ლიცეუმის ავტორიზაცია 2023 წლამდე მოქმედი იყო. ეს სკოლა-ლიცეუმი დაარსებულია შპს დემირელის სახელობის კოლეჯის მიერ 2007 წელს. 2011 წელს სკოლამ წარმატებით გაიარა ავტორიზაცია, 2013-ში მონიტორინგი და 2017-ში რეავტორიზაცია. მასში დასაქმებულია 70-მდე კვალიფიციური მასწავლებელი და სწავლობს 227 მოსწავლე, სადაც ქართველებთან ერთად განათლებას იღებენ საქართველოში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობებიც.

როგორც სკოლა-ლიცეუმის მესვეურები აცხადებენ, ბოლო 4 წლის განმავლობაში დემირელის კერძო კოლეჯისა და მის მიერ დაფუძნებული სკოლა-ლიცეუმების მიმართ მიმდინარეობს მიზანმიმართული ზეწოლა, რასაც შემდეგი ქრონოლოგიაც ადასტურებს:

შპს „ნიკოლოზ წერეთლის სახელობის საერთაშორისო სკოლის“ რეავტორიზაციაზე უარის თქმა, - 2016 წელი;

შპს „შაჰინის სახელობის სკოლა-ლიცეუმის“ ავტორიზაციის გაუქმება, - 2017 წელი;

თურქეთის მოთხოვნით შპს „დემირელის სახელობის კერძო კოლეჯის“ გენერალური დირექტორის დაკავება ექსტრადირების მიზნით, - 2017 წელი;

შპს დემირელის სახელობის კოლეჯის რეავტორიზაციაზე უარის თქმა, - 2017 წელი;

შპს „შოთა რუსთაველის სახელობის სკოლა-ლიცეუმის“ ავტორიზაციის გაუქმება, - 2020 წელი.

გარდა ამისა, აღნიშნულ სკოლებში განხორციელდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის კამერალური შემოწმება და სკოლების წინააღმდეგ დარიცხულ იქნა დამატებითი გადასახადები და ჯარიმები, რომელთა ოდენობაც 3 მილიონ ლარს აღემატება.

რა სამართლებრივ გზას აირჩევენ რუსთავში დახურული სკოლა-ლიცეუმის წარმომადგენლები, ამის შესახებ for.ge-ს „შოთა რუსთაველის სახელობის სკოლა-ლიცეუმის დირექტორი ნანა ყანჩაველი ესაუბრა.

- ჯერჯერობით ველოდებით ა.წ. 25 აგვისტოს ხარისხის მართვის ეროვნული ცენტრის სააპელაციო საბჭოს გადაწყვეტილებას. იმედი გვაქვს, შეისწავლიან ჩვენს საქმეს, გულდასმით მოეკიდებიან და სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებენ. პროგნოზს ვერ ვაკეთებ, თუმცა რა ბრალდებებიც იყო სკოლის მისამართით, ვგულისხმობ სკოლაში განხორციელებულ მონიტორინგს, რომელიც 26-28 თებერვალს განხორციელდა, ეს ექსპერტის მიერ შედგენილ დასკვნას დაეყრდნო, რომელიც იყო არასამართლიანი, ფუჭი ბრალდებები. ეს გახდა საფუძველი იმისა, რომ ავტორიზაციის საბჭოს სკოლის დახურვის გადაწყვეტილება მიეღო.

რით ახსნით ექსპერტის არაკეთილგანწყობას თქვენი სკოლის მიმართ?

- ფაქტია, არაკეთილგანწყობა იგრძნობოდა, ამას დაადასტურებენ თვით სკოლის თანამშრომლები, ქალბატონ ექსპერტს მათთან გასაუბრება ჰქონდა, ის იყო თავმჯდომარე და მისი გაკეთებულია უარყოფითი დასკვნა. მეორე ექსპერტმა, ბატონმა ნოდარმა, აღიარა კიდეც საბჭოს სხდომაზე, რომ რაიმე პრეტენზია არ ჰქონდა, მხოლოდ რეკომენდაცია გასცა და ეს რეკომენდაცია მაშინვე გავითვალისწინეთ, მაგრამ ყველაზე მეტი პრეტენზია ჩვენი მისამართით ჰქონდა ქალბატონ ეკატერინე კვირიკაშვილს, მისი შედგენილი იყო რეკორდული რაოდენობის, 149-გვერდიანი დასკვნა, რომელშიც ვერც ერთ ადგილას ვერ ნახავთ, რომ ეს ქალბატონი სკოლას რაიმე დადებითით ახასიათებდეს. უბრალოდ, იმ დასკვნაში ერთი წინადადებითაა ნათქვამი, რომ სკოლა კეთილმოწყობილია, მეტი არაფერია ნათქვამი, აბსოლუტურად არაფერი არ მოეწონა და არც უნდა „მოსწონებოდა“ ამ ქალბატონს. სამწუხაროდ, მე ვერ გეტყვით, რა იყო ამის მიზეზი, შემოსვლის მომენტიდან ჰქონდა აგრესია, მათ შორის, პედაგოგებთან, მოსწავლეებთან, მშობლებთან გასაუბრების დროს. გასაუბრებიდან გამოსულმა მოსწავლეებმა ისიც მითხრეს, თუ ეს იყო გამომძიებელთან დაკითხვა, ფსიქოლოგი რატომ არ ესწრებოდა ჩვენს საუბარსო. ასეთი ფორმით შედგა ამ ექსპერტთან გასაუბრება. მე არ ვიცი, ეს მისი ბუნებრივი ფორმაა, ყველგან ასე აკეთებს, თუ ჩვენს მიმართ იყო კონკრეტულად ასეთნაირად განწყობილი, მაგრამ ფაქტია, ბევრი უზუსტობა დაგვიწერა დასკვნაში. თვითონ საბჭოს სხდომაზე, რაზეც მან ყველაზე მეტად გაამახვილა ყურადღება, და ამაში ალბათ საბჭოს წევრებიც დამეთანხმებიან, ჩვენს მოსასმენად გამოყოფილი მცირე დროის უმეტესი ნაწილი დაუთმო ტექნიკურ მხარეს. ხანდახან მეუხერხულება იმაზე საუბარი, რატომ დახურეს სკოლა. ეს ოქმშიცაა მითითებული. ათ წუთზე მეტი დაუთმო იმაზე საუბარს, რომ სკოლაში საკეტი იყო გაფუჭებული და ღირებულებებს არ უყალიბებსო ბავშვებს, დიდ ეკრანზე გამოიტანა დამონტაჟებული ფოტოები, რომ კაბელი არ მოეწონა, არადა, ეს ტექნიკური ხარვეზი მყისიერად გამოსწორდა. კაბელის ყუთში ჩასმას არ სჭირდება 5-10 დღე, ამისთვის საკმარისია 10 წუთი. შეიძლება, ეს ჩვენ გამოგვრჩა მხედველობიდან, მაგრამ ეს ხარვეზი „ჭე“ დანიშნულების ოთახში ნახა და არა საკლასო ოთახში. ყველაფერი კეთილმოწყობილია ჩვენთან.

რაც შეეხება სასწავლო პროცესს, ამ მხრივ თუ ჰქონდა შენიშვნები?

- მას ჰქონდა შენიშვნები იმასთან დაკავშირებით, თითქოს ჩვენ არ გვქონდა სასკოლო გეგმა შესაბამისად აკინძული და დანომრილი. მე მას მივუტანე სასკოლო გეგმის სამუშაო ვერსია, ეს გახლავთ სკოლის სამაგიდო წიგნი, რომელიც მტკიცდება სექტემბერში, მანამდე მიმდინარეობს ამ გეგმაზე მუშაობა და ამას ამტკიცებს პედაგოგიური საბჭო. ჩვენ არ ვართ დილეტანტები ამ საკითხში, უკვე მერამდენედ გავიარეთ ავტორიზაცია და ვიცით, რა უნდა გავაკეთოთ, ვმოქმედებთ ეროვნულ სასწავლო გეგმაზე დაყრდნობით ექსპერტების მითითებებით. არანაირი დარღვევა ამ მხრივ არ ყოფილა. რა თქმა უნდა, სასკოლო გეგმა მქონდა, ბაინდერია ამისთვის დათმობილი და ჩალაგებულია წიგნისებურად ფაილებში. ამავე დროს, ორ გვერდზე ბეჭდური ხარვეზი იყო და არ იყო მითითებული გვერდით ნიშნული 29-30-31, მაგრამ, როგორც გავარკვიე, სულაც არ არის გვერდის დანომვრა აუცილებელი. ექსპერტი არ დაინტერესდა იმით, რომ ჩვენი სასკოლო გეგმა განთავსებულია ვებ-გვერდზე, თვალსაჩინო ადგილზეა აკინძული და დამოწმებული, საინფორმაციო დაფაზეა გამოკრული. არც ის უკითხავს, სხვა ვერსია გვქონდა თუ არა. ეს ჩაგვითვალა, თითქოს ჩვენ ვარღვევდით კანონს ზოგადი განათლების შესახებ, რაც სასაცილოა მათი მხრიდან. ამავე დროს, საუბარი იყო პროფორიენტაციის საკითხზე, რომ ჩვენ არ გვქონდა პროფორიენტაციის საათები, სინამდვილეში, ეს არ არის კერძო სკოლისთვის სავალდებულო. ამის მტკიცებულება მაშინვე წარმოვადგინეთ, შემდეგ საბჭოს სხდომაზეც დოკუმენტალურად წარმოვადგინეთ, თუმცა არ გაითვალისწინეს.

აბსოლუტური ტყუილი მოვისმინეთ, თითქოს სკოლის მოსწავლეებთან გასაუბრებისას გაოგნებული დარჩა, რადგან თურმე ბავშვებმა არ იციან, როგორ ფასდებიან. ეს აბსურდია, რადგან ყველა ოთახში გამოკრული გვაქვს შეფასების სქემები, ამ ქალბატონსაც სათითაოდ ვაჩვენე, როცა შემოვლა გვქონდა და მერხების რაოდენობასა და ინვენტარს ითვლიდა, საინფორმაციო დაფაზე ყველა კაბინეტში გამოკრული შეფასების სქემები, თუ როგორ ფასდება ბავშვი პრეზენტაციის, ზეპირი, წერითი დავალების შემდეგ. არც ყოფილა ამაზე საუბარი, საიდან მოიტანა და რა მიზნით თქვა ეს, გაუგებარია. საბჭოს სხდომაზე, რომელიც 15 მაისს გაიმართა, თავმჯდომარე აცხადებს, რომ ის ეყრდნობა ექსპერტის დასკვნას და სხვა საკითხის განხილვა მისთვის აღარ არის საინტერესო, ანუ მათ მიიღეს გადაწყვეტილება ექსპერტის დასკვნის და არა ჩვენი, როგორც მოპასუხე მხარის, დასაბუთებული არგუმენტების საფუძველზე. სამწუხაროდ, ჩვენი პოზიციის წარმოდგენის საშუალება არ მოგვეცა.

რა განწყობაა ბავშვებში სკოლის დახურვის შემდგომ?

- მშობლები შეწუხებულები გადმოგვცემენ ბავშვების განწყობას, რომ ამ მეგობრულ, ტოლერანტულ, უსაფრთხო გარემოს მოწყვიტეს ბავშვები, დაირღვა მათი მორალური, ზნეობრივი უფლებები. საუბარია 230 ბავშვზე, რომელთაც უკანონოდ შეეზღუდა იმ სკოლაში სწავლის უფლება, რომელიც მათ აირჩიეს.

ჩაღლარის სკოლების დახურვის უწყვეტ პროცესს პოლიტიკას და, კონკრეტულად, თურქულ გავლენას უკავშირებთ?

- არ უარვყოფ, რომ სხვადასხვა პერიოდში სისტემის რამდენიმე სკოლა დაიხურა, დაწყებული ბათუმიდან, თუმცა ჯერჯერობით პოლიტიკური შეფასებებისგან თავს შევიკავებ, ვნახოთ, რა გადაწყვეტილებას მიიღებს სააპელაციო საბჭო. წინააღმდეგ შემთხვევაში, გავაგრძელებთ ბრძოლას და არ შევურიგდებით ამ უსამართლობას.

ადვოკატი მარიამ ჩიქოვანი for.ge-სთან საუბრისას ადასტურებს, რომ განათლების სამინისტროს ავტორიზაციის საბჭომ მაისში უკანონო და არასამართლიანი გადაწყვეტილება მიიღო, რის გამოც შოთა რუსთაველის სკოლა-ლიცეუმს ავტორიზაცია გაუუქმდა. ეს იყო არაპროპორციული ზომა, გამომდინარე ექსპერტთა დასკვნიდან და რეალურად იყო სადამსჯელო ღონისძიება.

,,2020 წლის თებერვალში დაინიშნა ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფის ვიზიტი, ექსპერტებმა შეადგინეს არაობიექტური დასკვნა, რის საფუძველზეც გაიმართა ავტორიზაციის საბჭოს სხდომა. უშუალოდ სხდომაზევე სკოლას არ მიეცა პოზიციის გამოხატვის საშუალება, არც დროის თანაბარი განაწილება ყოფილა სხდომაზე, არც პოზიციების და მტკიცებულებების წარმოდგენის სრულყოფილი შესაძლებლობა მოგვეცა. თუნდაც ექსპერტთა დასკვნა ყოფილიყო საიმედო, რაც ასე არ არის, ეს არ იყო ის შესაბამისი შედეგი, რომელიც ავტორიზაციის საბჭოს სკოლისთვის უნდა დაეყენებინა. არაპროპორციული ზომა იყო გამოყენებული თუნდაც იმ მცირედი ხარვეზებისთვის, რაც დაადგინა ექსპერტთა ჯგუფმა. გარდა იმისა, რომ სამართლებრივად არ არის ეს გადაწყვეტილება გამართლებული, დასაბუთებაც არ გააჩნია, თვით ავტორიზაციის საბჭოს პრაქტიკასაც ეწინააღმდეგება“,-აცხადებს მარიამ ჩიქოვანი.

ადვოკატი განმარტავს, რომ ისინი გაეცნენ ბოლო 2-3 წლის მანძილზე ავტორიზაციის საბჭოს პრაქტიკას სკოლებთან მიმართებით, კონკრეტულად კი, ავტორიზაციის გაუქმებასთან დაკავშირებით და აღმოჩნდა, რომ არც ერთი სკოლის მიმართ, რომელსაც ექსპერტთა დასკვნაში მსგავსი დარღვევა ჰქონდა ჩაწერილი, საბჭოს ავტორიზაცია არ გაუუქმებია. რუსთავის სკოლა-ლიცეუმის შემთხვევა კი აჩენს ეჭვს, ხომ არ არის ეს მიზანმიმართული ანტიპიარკამპანიის ერთიანი ჯაჭვი, რომელიც 2017 წლიდან მიმდინარეობს ჩაღლარის საგანმანათლებლო დაწესებულებების მიმართ, მათ შორის, 8 სკოლიდან 5-ის დახურვა, „შავი ზღვის უნივერსიტეტის“ ავტორიზაციისთვის პრობლემების შექმნა, რომელიც, საბედნიეროდ, კარგი შედეგით დასრულდა.

„ჩვენ გვაქვს ძალიან მყარი სამართლებრივი პოზიცია. შესაბამისად, თუ ეს საკითხი განხილულ იქნება ობიექტურად, დიდი იმედი გვაქვს, სკოლის, ბავშვებისა და მასწავლებლების ინტერესების სასარგებლოდ გადაწყდება. ასევე, იმედს გვაძლევს ის ფაქტიც, რომ „შავი ზღვის უნივერსიტეტის“ შემთხვევაში, ამ ორიოდე წლის წინ სააპელაციო საბჭოზევე მოხდა დარღვევის გამოსწორება, არ დაგვჭირდა სასამართლოში წასვლა და „შავი ზღვის უნივერსიტეტს“ აღუდგა ავტორიზაცია. ვნახოთ ახლა, რა გადაწყვეტილებას მიიღებს ავტორიზაციის საბჭო, რის შემდეგაც შეგვიძლია ერთი თვის ვადაში თბილისის საქალაქო სასამართლოში გავასაჩივროთ“.

 

 

არაგველი641 განათლებაში არსებული ტრადიციების მქონე ჩვენს ქვეყანას რაში ჭირდება თურქული სკოლა?
4 წლის უკან
mamuka იმიტომაც იხურება რომ ჩაღლარის, მუსტაფას ,დემირელის, სახელობისა და იმ ქართველის თავზე გავიარე სკოლებს რომელიც ამ ურჯულო ქვეყნიდან ფინანსდება ქართველებისთვის წმინდა სახელებს რუსთაველის ,წერეთელის და სხვათა სახელებს არქმევს .ინიღბებიან და ან ბნელ ხალხს ჭკუას უბნევრნ ისედაც ჭუკები არიან, თქვი რომ თურქულის სკოლა დაარქვი დემირელის მუსტაფა, შამუქი და ათასი ჯანდაბა .........თქვენი ...........
4 წლის უკან
mamuka ,წერეთელის და სხვათა სახელებს არქმევს .ინიღბებიან და ან ბნელ ხალხს ჭკუას უბნევრნ ისედაც ჭუკები არიან, თქვი რომ თურქულის სკოლა დაარქვი დემირელის მუსტაფა, შამუქი და ათასი ჯანდაბა .........თქვენი ...........
4 წლის უკან