„სტალინს რომ სდომოდა, არ ყოფილიყო ეს ავტონომიები, არც იქნებოდა“

„სტალინს რომ სდომოდა, არ ყოფილიყო ეს ავტონომიები, არც იქნებოდა“

რა როლი მიუძღვის იოსებ სტალინს ცხინვალისა და აფხაზეთის საქართველოსგან ჩამოშორების საქმეში? რატომ არ იმაღლებდა ხმას, როცა ქართული მიწების გასხვისების პროცესი მიმდინარეობდა და საქართველოს წინააღმდეგ სერიოზული ნაღმები იდებოდა, ბუნებაში არარსებული ტერმინები, მათ შორის, ე.წ. სამხრეთ ოსეთი ჩნდებოდა?

იმ პერიოდის მოვლენებიდან ბევრი რამ გაურკვეველია, მაგრამ ობიექტურობისთვის უნდა ითქვას, რომ საქართველოსთვის საბედისწერო 1921-22 წლებში, როცა ჩვენი მიწების გასხვისება ხდებოდა, ყველაფერს უმაღლესი პარტიული სტრუქტურები წყვეტდნენ, სტალინი კი თავად იბრძოდა საკუთარი ძალაუფლების გასამყარებლად.

რაც შეეხება ე.წ. სამხრეთ ოსეთის ავტონომიას, ის 1922 წელს შეიქმნა, რადგან ოსი ბოლშევიკები დაღვრილი სისხლის სანაცვლოდ ავტონომიას ითხოვდნენ და არაფრად მიიჩნევდნენ მათი ხელით ქართველების დაღვრილ სისხლს.

როგორც ამბობენ, სტალინს ე.წ. სამხრეთ და ჩრდილოეთ ოსეთის გაერთიანება სურდა საქართველოს შემადგენლობაში. ცხინვალის რეგიონის ოსთა ლიდერი მას კრემლში ეწვია ე.წ. ორი ოსეთის საქართველოს შემადგენლობაში გაერთიანების იდეით. სტალინს ეს იდეა მოეწონა, მაგრამ წინააღმდეგობას წააწყდა მიქოიანისა და სხვა ლიდერებისგან. სტალინი დაარწმუნეს, რომ ამ იდეის განხორციელებას შეიძლება ჩრდილო კავკასიის სხვა ნაციონალურ რესპუბლიკებშიც მსგავსი მისწრაფებები მოჰყოლოდა. თუნდაც კაზაკებს მოეთხოვათ საკუთარი რესპუბლიკა, ამას დაემატებოდა ბაშკირეთისა და თათრეთის მოთხოვნა რუსეთისგან გამოყოფის შესახებ. შემდგომ წლებშიც ოსურ ინტელიგენციას არაერთი მცდელობა ჰქონდა, საქართველოს შემადგენლობაში გაერთიანებულიყო, თუმცა 37 წლის რეპრესიებმა ეს ინტელიგენცია იმსხვერპლა.

ანალიტიკოს ვახტანგ მაისაიას განმარტებით, ცხინვალის რეგიონის საკითხებში სტალინი ნაკლებად იყო ჩართული, მისი მიმართულება იყო ცარიცინის დაცვა და გადართული იყო პოლონეთის მიმართულებით. სტალინი იმ დროს საქართველოს ხაზით არ მუშაობდა და ქართული ბოლშევიკური ფრაქციის ბედი ჩაბარებული ჰქონდა ქავთარაძეს, ორჯონიკიძეს, მამია ორახელაშვილს, ელიავას.

„სტალინი ნაკლებად ერეოდა მაშინდელ ამიერკავკასიაში არსებულ სიტუაციაში. ის დაინტერესებული იყო, საქართველო გაწითლებულიყო, რადგან კარგად ესმოდა, როცა 1920 წელს რუსმა ბოლშევიკებმა ვერ შეძლეს ბალტიისპირეთის გაწითლება, ლატვიელი ბოლშევიკების გავლენა ლატვიაში შემცირდა. სტალინი ფიქრობდა, რომ საქართველოს არგაწითლებაც მის შანსებს, ბოლშევიკურ პარტიაში დაეკავებინა პოზიციები, დააკნინებდა. ამისთვის მას ჰქონდა ლატვიელი ბოლშევიკების მაგალითი. რაც შეეხება საქართველოში ავტონომიების შექმნას, სტალინი ამაში სავარაუდოდ მიიღებდა მონაწილეობას, მაგრამ უნდა გავითვალისწინოთ, რომ ეს იყო ლენინისა და ტროცკის იდეა, ეს არ იყო მაინცდამაინც სტალინის იდეა. ტროცკის სურვილი იყო, ე.წ. რეპრესირებული ეროვნული უმცირესობებისთვის, როგორც ისინი თვლიდნენ, მიენიჭებინათ რაც შეიძლება მეტი პოლიტიკური სტატუსი“, - აცხადებს ვახტანგ მაისაია ჩვენთან საუბარში.

მისივე განმარტებით, როგორც კი სტალინმა ძალაუფლება ხელში ჩაიგდო, აფხაზეთის საკავშირო რესპუბლიკის სტატუსი მაშინვე გააუქმა, გააუქმა ამიერკავკასიის ფედერაციული რესპუბლიკა, სადაც აფხაზეთს ჰქონდა რესპუბლიკის სტატუსი, ისევე, როგორც საქართველოს, სომხეთს და აზერბაიჯანს. ამ სტატუსის გაუქმების შემდეგ სტალინმა აფხაზეთი დაუქვემდებარა საქართველოს, როგორც ავტონომიური პოლიტიკური ერთეული. მერე მოხდა სტალინისა და ბერიას დაპირისპირება ლაკობასთან.

„1920- 21 წლებში სტალინის პოზიციები ბოლშევიკურ პარტიაში არ იყო მაინცდამაინც ძლიერი. სტალინი კი იყო ეროვნული უმცირესობების კომისარი, მაგრამ სულ სხვა საქმით იყო დაკავებული. რეალურ ძლიერებას მან მაშინ მიაღწია, როცა 1922 წელს ბოლშევიკური პარტიის გენერალურ მდივნად აირჩიეს. ის გახდა ერთგვარი ტექნიკური ხელმძღვანელი, რომელმაც ტექნიკური თანამდებობა გადააქცია პოლიტიკურ თანამდებობად. ლენინის გარდაცვალების შემდეგ ტროცკის გადაყენებაც შეძლო სტალინმა მაშინ, როცა ტროცკი გაცილებით მაღალ თანამდებობაზე იყო, ვიდრე სტალინი. ფაქტობრივად, ტროცკი იყო საბჭოთა კავშირის პრეზიდენტი. სწორედ ტროცკიმ აუწია აფხაზეთს საკავშირო სტატუსი, ტროცკი და ლაკობა იყვნენ სტრატეგიული მეგობრები. ტროცკის საქართველო სულ არ აინტერესებდა, მას სურდა, ერებს წაეშალათ საზღვრები და დიდი თუ პატარა ერები გაერთიანებულიყვნენ ერთიან და მითიურ კომუნისტურ ინტერნაციონალურ სამყაროში“.

ეს ნიშნავს, რომ ტროცკის სულაც არ ადარდებდა, საქართველოში ხელოვნურად იარსებებდა თუ არა ე.წ. სამხრეთ ოსეთი. სხვათა შორის, ორჯონიკიძემ შეასრულა ტროცკის ეს მითითება, სტალინი ამას არ შეეწინააღმდეგებოდა, რადგან ეს იყო მაშინდელი ბოლშევიკური პარტიის გენერალური ხაზი. იმ პერიოდში ორჯონიკიძეს მეტი გავლენა ჰქონდა საქართველოზე, ვიდრე სტალინს. მამია ორახელაშვილი და სხვები სწორედ ორჯონიკიძის დაჯგუფების წევრები იყვნენ, ორჯონიკიძე კი ტროცკის მიერ იყო დასმული. ტროცკი და ორჯონიკიძე უფრო ახლოს იყვნენ ერთმანეთთან, ვიდრე ორჯონიკიძე და სტალინი.

ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის ყოფილი დირექტორი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ვაჟა კიკნაძე მიიჩნევს, რომ რატომღაც ყველაფერი ბრალდება ორჯონიკიძეს, რომელიც იყო პაიკი. როდესაც იგი სტალინს აღარ დასჭირდა, ორჯონიკიძე იძულებული იყო, ან თავი მოეკლა, ან იგი მოკლეს. ასე უსწორდებოდა სტალინი ყოფილ ძველ ბოლშევიკებსაც, აბელ ენუქიძე იქნებოდა, თუ სხვა ვინმე.

„რა თქმა უნდა, სტალინს პირადად ჰქონდა ჩადებული რუსული იმპერიული იდეა, მას სწორედ იმისთვის სჭირდებოდა ეს ორი რეგიონი - აფხაზეთი და სამაჩაბლო, რომ მათი საშუალებით ყოველთვის გაეკონტროლებინა საქართველო. მისთვის საქართველო საკმაოდ მტრული რეგიონი იყო, მან აქ ვერ გაიმარჯვა, იგი სწორედ მოსკოვიდან შემოვიდა, ვერც არჩევნებში ვერ მიიღეს ბოლშევიკებმა პირველობა საქართველოში. როგორც ტროცკი წერს 1924 წლის აჯანყების შემდეგ, უნდა გადავხნათ მენშევიკური საქართველოო. ზოგი ამბობს, რომ არ დაუჯერეს ტროცკის, თუმცა სტალინი თვითონვე წერს თავის შრომებში, რომ თბილისი ეს არის საშინელი ბურჟუაზიული წარმონაქმნი და საწყალი აფხაზებიო. სტალინისტები ამას არ აქცევენ ყურადღებას, თავის დროზე აკაკი ბაქრაძემაც გამოაქვეყნა ეს შრომები. სხვათა შორის, საკმაოდ პრიმიტიული შრომებია, რომელიც სტალინისტებისგანაა განდიდებული, თითქოს გენიალურია, სინამდვილეში, არაფერი გენიალური არ არის“, - აცხადებს ვაჟა კიკნაძე for.ge- სთან საუბარში და სტალინის შრომების დეტალებზე ამახვილებს ყურადღებას.

კერძოდ, საკუთარ შრომებში სტალინი წერს, რომ თბილისი არ შეიძლება იყოს საქართველოს დედაქალაქი, რადგან ეს არის მრავალეროვანი ქალაქი, აქ უფრო მეტი არაქართველი ცხოვრობს. ვაჟა კიკნაძე ფიქრობს, რომ შეუძლებელია, ამის მთქმელი ადამიანი არ ჩავთვალოთ მაკრორუსული სტრუქტურის, ანუ ამ ავტონომიების შემქმნელად. სტალინს რომ სდომოდა, არ ყოფილიყო ეს ავტონომიები, არც იქნებოდა.

„ტერმინ „სამხრეთ ოსეთის“ დაწესებაც რატომღაც ორჯონიკიძეს და სხვა რიგით ბოლშევიკებს ბრალდებათ, მაგრამ სტალინის თანხმობის გარეშე ეს არ შეიძლება მომხდარიყო. მისი შრომებიდან რაც ვიცი, ის საკმაოდ შიშით უყურებდა საქართველოს, ყველაზე კარგად მან იცოდა, რომ საქართველოს დამორჩილება ძალიან რთული იყო. ამიტომ მან, ჩემი აზრით, ხელი შეუწყო ამ ორი ნაღმის შექმნას საქართველოს ტერიტორიაზე. მით უმეტეს, მან თვითონვე ჩაწერა, რომ მისი მშობლიური ენა არის რუსული და ყოველთვის ამბობდა „დიდი რუსი ხალხი“. ის უკვე თავს მიიჩნევდა რუსული იმპერიის იმპერატორად“.

ვაჟა კიკნაძის მოსაზრებით, საქართველოსთვის სტალინმა არაფერი გააკეთა, პირიქით, ცნობილია ის ფაქტი, რომ სასულიერო სემინარიაში მისმა მასწავლებელმა კარბელაშვილმა როცა მისწერა წერილი, „რა ხდება, საქართველო წალეკეს არაქართველებმა, ყველა ტაძარი იხურება, ინგრევა, სოსო, ნუთუ ქართველი კაცი არ ხარ?“ პასუხად სტალინმა არაფერი არ მისწერა მაშინ, მაგრამ მერე კარბელაშვილების მთელი ოჯახი, ძმები კარბელაშვილები უმძიმესი რეპრესიების ქვეშ მოყვნენ.

ამდენად, მეცნიერი ასკვნის, რომ არ შეიძლება ეჭვი შეგვეპაროს, რომ ამ ყველაფრის არქიტექტორი სტალინი იყო. მას როცა უნდოდა, ებრაელთა ავტონომიური ოლქიც კი შექმნა ციმბირში და ებრაელები იქ გადაასახლა. ამდენად, ზღაპარია, თითქოს მას არ შეეძლო საქართველოს საწინააღმდეგო პროცესის შეჩერება. უბრალოდ, ეს არის ქართველების მხრიდან ამ პიროვნების იდეალიზაცია და ბნელი საქმეებისგან მისი ჩამოშორების მცდელობა, რადგან სტალინი ძლიერი იყო, მათ შორის, დაუნდობელი მეთოდებით. ყველაფერ ამის გათვალისწინებით, წარმოუდგენელია, სტალინის ფარული თუ აშკარა ხელშეწყობის გარეშე შექმნილიყო ეს ოლქები.

 

 

Aburjga Tasmanieli ეს რა ტაკიმასხარაობაა??!!
4 წლის უკან
DDDzia მიმიფურთხებია ასეთი ანალიტიკოსებისა და ექსპერტებისთვის.
ვაი იმ ქვეყანას, სადაც ამათ ჭკვას ეკითხებიან.
4 წლის უკან
Aburjga Tasmanieli დიდება სტალინს, დიდება!
4 წლის უკან
XALIBI ამათზეა ნათქვამი, უძაღლო ქვეყანაში კატებს აყეფებდნენო.........
4 წლის უკან
XALIBI სტატიის ავტორმა იქნებ კითხოს ე.წ. ,,ექსპერტებს" და ის შრომები მიუთითონ, რომლიდანაც, ვითომდა ფაქტები აქვთ მოყვანილი....... კიკნაძეს კი ჩემგან გადასცეს, რომ სამყაროში ყველაფერი გენიალური, მარტივი და პრიმიტიულია.......:):)
4 წლის უკან
Aburjga Tasmanieli XALIBI გამარჯობა?! რატომ დაგვტოვე?! დაობლებული ვართ...! She's Gone Black Sabbath )))
4 წლის უკან
XALIBI Aburjga Tasmaniel-ს
საღამო მშვიდობისა. რომელი ხარ?:)
4 წლის უკან
Aburjga Tasmanieli arichopra
4 წლის უკან
XALIBI Aburjga Tasmaniel-s
როგორ გიკითხო პატივცემულო?!:) შენ იმხელა ,,სტაჟი" დაგიგროვებია, წესით საიტის ადმინსტრაციამ პენსია უნდა დაგინიშნოს:):)
4 წლის უკან
Maverick წინაპრებმა, ვირისაგან წიხლი საწყენი არ არისო, ჩოჩორისაგან, ანუ ლიბერასტისაგან კი სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს!
4 წლის უკან