პოსტ-ეპოქის ჰარარისტული ტრეალიზმი

პოსტ-ეპოქის ჰარარისტული ტრეალიზმი

იუველ ნოა ჰარარის შემოქმედება, განსაკუთრებით მისი ბოლო ორი ბესტსელერი (პირველი - კაცობრიობის ისტორიის შეჯამებაა, მეორე - კაცობრიობის მომავლის დანახვის მცდელობა) პოპულარობის რეიტინგებში მწვერვალებს იპყრობს. ამგვარი პოპულარობის უმთავრესი საფუძველი - სიმარტივეა, მკითხველს არ ჭირდება სპეციალური ცოდნა ან განსაკუთრებული კვალიფიკაცია, რომ ჰარარის „ფილოსოფიას“ ჩაწვდეს. ამ „ფილოსოფიას“, რასაკვირველია, სიღრმე და მეთოდოლოგიური გამართულობა მაინცადამაინც არ ახასიათებს და არცა სჭირდება. არა სჭირდება, რადგან პოსტ-ეპოქის, რომელშიც ვცხოვრობთ, „ტრეალისტურ“ სულისკვეთებას აბსოლუტურად ესადაგება. ტრეალისტური სიმარტივე და მომხიბვლელი უბრალოება - სწორედ ესაა ჰარარის მთავარი ღირსება და მისი პოპულარობის საიდუმლოც. ეს სწორედ ის ტრეალისტური სიმარტივეა, რაც თუნდაც თანამედროვე სოციალური ქსელების არნახული ძლევამოსილების საფუძველიც არის.

ტრეალიზმი უკიდურესად მარტივია: ჰარარის მიხედვით მხოლოდ ერთი კი არა, არამედ სამი სხვადასხვა რეალობა არსებობს - ობიექტური, სუბიექტური და ინტერ-სუბიექტური. კაცობრიობის ისტორიულ ყოფიერებას ინტერ-სუბიექტური რეალობა ადგენს, ხოლო ჰარარი კი ცდილობს დაამტკიცოს, რომ ნებისმიერი „ინტერ-სუბიექტური რეალობის“ დეკონსტრუქცია იოლადაა შესაძლებელი „ობიექტურ რეალობასთან“ წინააღმდეგობის გარდაუვლობის გამო. იგი, სწორედ ობიექტურ რეალობასთან ინტერ-სუბიექტურის წინააღმდეგობას აშიშვლებს და დემონსტრაციულად ზუსტად ერთნაირად, აბსოლუტურად იდენტურად ახდენს მაგ. ჰამურაბის კანონებისა თუ აშშ ადამიანის უფლებების დეკლარაციის სრულ დეკონსტრუქციას. მართლაც, ამბობს ჰარარი, ობიექტური სინამდვილე ისაა, რომ ადამიანი, „ჰომო საპიენსი“ ბიოლოგიური სახეობაა, სოციალური ცხოველია, ობიექტურად - არც ჰამურაბის მიერ დადგენილი უფლებრივი პრივილეგიები და არც ადამიანის უფლებების დეკლარაციაში აქცენტირებული უფლებრივი თანასწორობა არ არსებობს, რადგან თავისთავად „უფლება“, როგორც ასეთი, თავიდან ბოლომდე ადამიანის, ანუ სოციალური ცხოველის გამოგონებაა, მას არსებობის ობიექტური საფუძველი არა აქვს და მთლიანად მხოლოდ „ინტერ-სუბიექტური“ კატეგორიის რეალობაა.

ცხადია, ტრეალიზმი მხოლოდ პოსტ-ეპოქაშია შესაძლებელი, რადგან ყველა „კლასიკურ“ დროში ამა თუ იმ სოციალური, მით უმეტეს - მსგავსი „ისტროიოსოფიური“ თეორიის მეცნიერული დასაბუთება და მაშასადამე „ფილოსოფიური კრიტიკაც“ იმთავითვე მოითხოვება, ხოლო ტრეალიზმი ამგვარ კრიტიკას ვერ გაუძლებს. ვერ გაუძლებს, რადგან ტრეალიზმის კრიტიკა თავად ტრეალიზმზე უფრო მარტივიც კია: მართლაც, ჰარარი, როცა იგი „ობიექტურ რეალობაზე“ გვესაუბრება, განა თავადაც სუბიექტს ან გარკვეულ ინტერ-სუბიექტურ პოზიციას არ წარმოადგენს? რა იცის მან და საიდან, თუ არა საკუთარი სუბიექტური ან ინტერ-სუბიექტური წანამძღვრებიდან გამომდინარე, დაასკვნა, რომ „ობიქტურად“ ადამიანი მხოლოდ ბილოგიური, სოციალური ცხოველის სახეობაა და უფლებრივი კატეგორია „ბუნებაში“ (და რა არის რო „ბუნება“?) საერთოდაც არ არსებობს? ცხადია, ესეც, თავად ეს შეხედულებაც, იგივე ტრეალიზმის პოზიციებიდანაც კი, თავიდან ბოლომდე მხოლოდ სუბიექტური ან ინტერ-სუბიექტური რეალობაა და გამომდინარე, ნებისმიერი „კლასიკური“ფილოსოფიისთვის - მატერიალიზმი იქნება ეს, ანდა სუბიექტური თუ ობიექტური იდეალიზმი, ჰარარის ტრეალიზმი მხოლოდ გულუბრყვილო „სუბიექტური“ ანდა, საუკეთესო შემთხვევაში - „ინტერ-სუბიექტური“ ილუზიაა.

ჰარარიზმი პოპულარული ვერ იქნებოდა, რომ არა ეს გადამწყვეტი გარემოება: ტრეალიზმი თანამედროვეობის მთავარი ტენდენციაა. ამ ტენდენციას ყველაზე უკეთ სოციალური ქსელების, მაგ. „სახეთა წიგნის“, ე.ი. ფეისბუქის პოსტ-ეპოქალური ყოფიერება წარმოადგენს. სახე, როგორც ობიექტური სინამდვილის სურათი „სელფით“ ანუ სუბიექტური რაკურსით და კომენტარით ან უკომენტაროდ, მაგრამ მაინც „პოსტად“, სუბიექტურ რეალობად აღიბეჭდება ინტერ-სუბიექტური რეალობის ვირტუალურ სივრცეში. „ობიექტური რეალობა“ მისი სუბიექტური და ჯამში - ინტერ-სუბიექტური აღქმით, ანუ არა-რეალობით იცვლება, რაც უდიდეს, არნახულ შესაძლებლობებს უქმნის ყველას: ობიექტურობისგან გათავისუფლების უსაზღვროობას. მართლაც, ინტერ-სუბიექტურობის შემოქმედი, დემიურგი, „ფეისების“, ე.ი. სახეთა, ვითარცა არსთა, გამრიგე ხომ თანასწორად ამ ქსელის თითოეული წევრია! მაგრამ ყველაფერს თავისი ფასი აქვს - ამგვარ, ობიეტურობისგან სრულიად თავისუფალ ტრეალიზმში აღარ არსებობს ტყუილ-მართალის რაიმე კრიტერიუმი, ანდა რაიმე საზღვარი არსსა და არ არსს შორის. უარესიც: ტრეალიზმში ჭეშმარიტება, როგორც ასეთი, საერთოდაც გაუქმებულია და მას ე.წ. პოსტ-სიმართლეთა უსასრულო სიმრავლე ცვლის. რომელ პოსტ-სიმართლეს ანიჭებ უპირატესობას, რომელს „დაალაიქებ“ და „დააშეარებ“ - შენივე, სუბიექტის გადასაწყვეტია და აქამდე არნახული, უსაზღვრო თავისუფლებაც ამგვარ ტრეალიზმშია შესაძლებელი.

თანამედროვეობას „კლასიკური“ ყოფიერებისთვის, „ობიექტური ჭეშმარიტებებისთვის“, ამ ჭეშმარიტებათა შემფასებელ-შემფარდებელი ინსტიტუტებისა და შესაბამისი ინსტანციებისთვის, ე.ი. ავტორიტეტებისთვის (იქნება ეს მაგ. სამართალი, ეკლესია, სახელმწიფო, მეცნიერებათა აკადემია, საუნივერსიტეტო კათედრა და სხვ და სხვ.) უბრალოდ - დრო აღარ აქვს. სოციალრ ქსელებში, მაგ. ფეისბუქში ოდენ „პოსტ“-ის ადგილი თუა და არავითარ შემთხვევაში - მაგ. მეცნიერული კვლევის ან სამართლის კრებულის, მით უმეტეს - რომელის „ფილოსოფიის სისტემის“. ადამიანს „ჭეშმარიტებებისთვის“ აღარ სცალია, მისგან გათავისუფლდა და ამიტომაც, ტრეალიზმის „პოსტ-სიმართლე“, ანუ ტოტალური რეალატივიზმი საყოველთაოდ გაბატონდა! პოსტ-სიმართლეში კი ყველაფერი მოსულა, ვინაიდან სუბიექტურ ან ინტერ-სუბიექტურ რეალობას არავითარი საზღვრები და „ჭეშმარიტების ობიექტური კრიტერიუმები“ პრინციპულად არა აქვს და არც შეიძლება ჰქონდეს!

სასაცილოც და სატირელიც აქ ისაა, რომ ეს ინტერ-სუბიექტური „ისტერ-სუბიექტურად“, ე.ი. მასობრივ ისტერიად გამოიყურება „კლასიკური“ ადამიანის ობიექტურად მომზერალი თვალით!

საით მივყავართ ტრეალიზმს? ცხადია - საბოლოო ჯამში, ისევ და ისევ კარგად ნაცნობი ნიჰილიზმისკენ. ეს გარდაუვალია, რადგან, თუკი ნებსიმიერი ინტერ-სუბიექტური რეალობის, რაც თურმე კაცობრიობის ბედს განსაზღვრავს, დეკონსტრუქცია ყოველთვის იოლად შესაძლებელია, სანამ ადამიანი „ობიექტურ რეალობაზე“ არ გაბატონდება - სინამდვილეში არარას მოასწავებს. ჰარარი, თუკი მას ამ „ჰაეს“-ქარიზმას ჩამოვაცილებთ, „არ არი“ გახდება ქართულად. ასე რომ, ეს ქართული ენის სიმდიდრიდან მომდინარე ხუმრობა მართლაც ნიშანდობლივია: ჰარარისტული ტრეალიზმი სინამდვილეში „რეალობა არ არის“ ნიშნავს.

დიახ, ჰარარი ასევე ცდილობს დაძლიოს ეს ნიჰილიზმი და ამისთვის ტრანს-ჰუმანიზმის ინტერპრეტირებულ იდეას იყენებს: მიაჩნია, რომ მეცნიერებისა და ტექნოლოგიების წყალობით ადამიანი შეძლებს „ობიექტურ რეალობაში“ ტოტალურად შეჭრას და მის სრულ დამორჩილებასაც, კანტის „საგანი თავისთავად“ შემეცნებული და „დაუფლებული“ იქნება, მაშასადამე, ადამიანი ჯერ კიდევ ტრანსცენდენტულ „ობიექტურ რეალობაზეც“ გაბატონდება, ანუ - განიღმრთობა და „ჰომო საპიენსი“ „ჰომო-დეუსად“ გადაიქცევა!

რასაკვირველია, ესეც უძველისი უტოპიაა, მაგრამ ტრეალიზმის თანამედროვე პოსტ-საბურველით, რაც „რეალობა არ არის“ ანუ ნიჰილიზმს მაინც ვერ ნიღბავს. ზუსტად ისე, როგორც მაგ. კომუნიზმის უტოპია ვერ ნიღბავდა „ღმერთი არ არსებობს, ყველაფერი შესაძლებელიას“ ნიჰილიზმს. განსხვავება ისაა, რომ ადრე ღმერთი იყო ნიჰილისტების მიერ უარყოფილი. ახლა უარესია: ღმერთის იდეის დეკონსტრუქციას, როგორც ლოგიკური გაგრძელება, ობიექტური რეალობის დეკონსტრუქცია, „ჰარარისტული ტრეალიზმი“ უკვე მოჰყვა.

ეს ყველაფერი კარგი. მაგრამ ჩვენ რა ვქნათ, ჩვენ? უწინარეს ყოვლისა, პოსტ-სიმართლის ეს მყრალი ნიაღვარი, რაც ნებისმიერ ჭეშმარიტებას იმთავითვე აბინძურებს და „არ არად“ აქცევს, მათ შორის, ჩვენშიც, „აქ და ახლა“ და ყველაზე მეტად - სწორედაც ნაცური დეზინფორმაცია, როგორმე ცოდნისა და რწმენის მძლავრი კაშხალით უნდა გადავკეტოთ და მერე დავაშროთ. შევძლებთ თუ არა ამას? ნუთუ ესეც უტოპიაა?! იმედია, რომ არა!

 

 

 

Aburjga Tasmanieli ბატონო დავით, როგორც ჩემთვის ცნობილია ტავის დროზე ჰიტლერი აინშტაინის "ფარდობითობის თეორიას" ებრაულ ხრიკებს უწოდებდა (წყაროს ვერ დავასხელებ, უკვე იმ ხნის ვარ, რომ ამ ტრეალიზმის ეპოქაში ყველაფრის წყაროს გახსენება მიჭირს!) ))) როგორც ვხედავ ეს ებრაელები კვლავ აგრძელებენ მათთვის დამახასიათებელ "ხიმატურს" (გურული სიტყვაა და მსოფლიოს არც ერთ ენაში ერთსიტყვიანი შესატყვისი არ მოიძებნება)!!! თქვენ ისე კარგად გაარჩიეთ და გამოწურეთ ამ "არარის" შემოქმედების ძირითადი სენტენციები, რომ წაკითხვას ალბთ აზრი არ აქვს?! მაგრამ მაინც, სად და რომელ ენაზე შეიძლება მოცლილმა კაცმა რომ ნახოს და წაიკითხოს??
4 წლის უკან
Aburjga Tasmanieli ისე კი მიკვირს შალვა ნათელაშვილმა როგორ მოასწრო ამ ავტორის შესწავლა და შესისლხორცება?! ბატონ შალვას ხომ კარგა ხანია „ჭეშმარიტებებისთვის“ აღარ სცალია, მისგან გათავისუფლდა და ამიტომაც, ტრეალიზმის „პოსტ-სიმართლემ“, მისი პიროვნება სრულიად მოიცვა! პოსტ-სიმართლეში კი ყველაფერი მოსულა, ვინაიდან სუბიექტურ ან ინტერ-სუბიექტურ რეალობას არავითარი საზღვრები და „ჭეშმარიტების ობიექტური კრიტერიუმები“ პრინციპულად არა აქვს და არც შეიძლება ჰქონდეს!
ასე რომ შალვა ნათელაშვილი "არარის" ავანგარდისტული მოძღვრებით მოქმედი პოლიტიკოსია და მხოლოდ მისთვის ცნობილ ფუტურისტულ რეალობას ემსახურება!! სამწუხაროდ ეს ყველაფერი კარგა ხანია ყროლის სუნს უშვებს!
4 წლის უკან
romani უაქტუალურესი თემაა, ურთულესი გასაშიფრი, გასააზრებელი და გასაცნობიერებელი. გმადლობთ.
4 წლის უკან
კ ა ხ ე ლ ი ჰარარის შემოქმედება ძალიან იოლი მოსაძებნია ინტერნეტში. მისი ორი წიგნი: "ჰომო საპიენსი: კაცობრიობის მოკლე ისტორია" და "ჰომო დეუსი: მომავლის მოკლე ისტორია" - უამრავ საიტზე დევს; შეგიძლიათ, დაგუგლოთ და იოლად იპოვით თქვენთვის სასურველ ენაზე; სამწუხაროდ - ქართული თარგმანი ჯერ არ გვაქვს.
4 წლის უკან