ერთთვიანი ლოდინის შემდეგ თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე ექსპერტიზის შუალედური დასკვნის შედეგები ცნობილია. თუმცა დასკვნაში გარკვევით მაიც ვერ ვკითხულობთ, რა გახდა თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების მიზეზი. დასკვნაში მხოლოდ იმ მედიკამენტების ჩამონათვალია, რომელიც ავტომობილიდანაა ამოღებული. ადვოკატი ამ ეტაპზე არ აკონკრეტებს ემთხვევა თუ არა თამარის მიერ „გუგლში“ მოძებნილი პრეპარატები ავტომობილში ნაპოვნ და ექსპერტიზის დასკვნაში მითითებულ პრეპარატებს. მიხეილ რამიშვილი, გარდაცვლილის ოჯახთან ერთად ასევე ეცნობა ბაჩალიაშვილის გადაადგილების მარშრუტს, რომელიც კამერების ჩანაწერებიდან ამოიღეს. ამ ჩანაწერებით უნდა დადგინდეს, მართლაც ხაიშთან ქრება თუ არა პროგრამისტის კვალი და შეხვდა თუ არა ვინმეს, ვიდრე, მარნეულის გავლით, თეთრწყაროში ჩავიდოდა.
პარალელურად, გამოძიება თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, სოფელ გოლთესთან მუშაობს, სადაც თამარის ავტომობილი აღმოაჩინეს. 24 საათიანმა ექსპერიმენტმა, რომელიც სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს მოთხოვნით ტარდება, პასუხი უნდა გასცეს კითხვას, იყო თუ არა ავტომობილში თამარის ცხედარი ამ ადგილზე ოთხი დღის განმავლობაში? ასევე, არის თუ არა ცხედარზე არსებული გვამური დაზიანებები ჰაერის ტენიანობითა და ტემპერატურით გამოწვეული. ადვოკატი კი ამ ექსპერიმენტისგან იმის დადასტურებას ელის, რომ ავტომობილი იქ არ იდგა.
რა მიზანს ემსახურება 1 თვის შემდეგ თერმული და ტემპერატურული ექსპერიმენტი გაუგებარია ცენტრ „ემპათიას“ დირექტორისთვის. მარიამ ჯიშკარიანი, ერთი თვეა ცხედრის სამედიცინო და ტოქსიკოლოგიურ ექსპერტიზას ელის და ვარაუდობს, რომ ერთი თვის თავზე, 24-საათიანი ექსპერიმენტი სამხარაულს და გამოძიებას ბევრ ინფორმაციას არ მისცემს.
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტიდან დაბრუნების შემდეგ ოჯახი თბილისის პროკურატურაში მივიდა. თამარ ბაჩალიაშვილის დედას პროკურორთან შეხვედრაზე კითხვების ჩამონათვალი ჰქონდა, მთავარი მოთხოვნა მუხლის გადაკვალიფიცირება და გამოძიებაში Facebook-ის ექსპერტების ჩართვა იყო.
ოჯახის და ადვოკატის მტკიცებით, გამოძიებამ საქმეზე მუშაობა რეალურად რამდენიმე დღეა დაიწყო. მათი მტკიცებით, რაც უფრო მეტ მტკიცებულებას და საგამოძიებო მასალას ეცნობიან, უფრო მეტად რწმუნდებიან, რომ თვითმკვლელობის ვერსია გამორიცხულია და პროკურატურას საქმე განზრახ მკვლელობასთან აქვს.
კრიმინალისტი და ბალესტიკოსი ზაზა ალთუნაშვილი for.ge-სთან ამბობს, რომ როდესაც ექსპერიმენტი ტარდება, მომხდართან სრულიად მიახლოვებული და დეტალებში დამთხვეული უნდა იყოს ამინდი, ტემპერატურა და დრო. ალთუნაშვილის თქმით, ხვალ რომ წვიმა მოვიდეს, მაშინ გამოვა, რომ ექსპერიმენტი სრული სახის არ იქნება. თუ გამოძიება ავითარებს იმ ვერსიას და ამოწმებს, რომ თამარ ბაჩალიაშვილის ავტომობილი 4 დღე ზუსტად იმ ადგილას იდგა, მაშინ იმ დღეების და ამინდის პროგნოზი უნდა ამოიღოს. აუცილებლად მიახლოვებული ტემპერატურა უნდა იყოს.
„მაშინ თუ 35 გრადუსი სიცხე იყო, ამ ხნის განმავლობაში ისევ იგივე ტემპერატურა ხომ არ დარჩა?! ექსპერიმენტი იმას ნიშნავს, რომ მაქსიმალურად მიახლოვებული უნდა იყოს. ერთი თვეა გასული. მზის ხანგრძლივობა ახლა ერთი საათით დაკლებულია. რაღაცას მისცემს გამოძებას ეს ექსპერიმენტი, თუ ყველაფერი ზედმიწევნით სწორად იქნება ჩატარებული. ექსპერიმენტი დაგვიანებული არასდროს არ არის, თუ ის მიახლოვებულია. ავტომობილის ექსპერტიზა ელემენტარული კრიმინალისტიკაა. ეს გაკეთებული აუცილებლად უნდა ჰქონდეთ უკვე. ამ ადგილზე რომელი მიმართულებით შემოვიდა ავტომობილი, მარტო ის იყო თუ სხვა ნაკვალევიც ჩანდა. თუ არ ჩანდა, მაშინ ამ ავტომობილის ნაკვალევს უნდა გაყოლოდნენ. ეს არის ელემენტარული ნიუანსები, რომელიც ადგილზევე დგინდება. ეს თუ გაკეთებული არ არის, მაშინ გამოდის, რომ ესენი არაფერს არ იძიებენ“, - ამბობს ზაზა ალთუნაშვილი.
მისივე თქმით, როდესაც ცხედრის პოვნიდან მეორე დღეს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი გამოდის და მიანიშნებს, რომ, შესაძლოა, ეს თვითმკვლელობა ყოფილიყო, დაუშვებელია, რადგანაც ჯერ ერთი, ეს მისი კომპეტენცია არ არის და ჯერჯერობით არც არავინ იცოდა საქმე რასთან გვქონდა. კრიმინალისტი ამბობს, რომ ჯერ უნდა დაიდოს ტოქსიკოლოგიური დასკვნა, საიდანაც გაირკვევა რეალურად, რით გარდაიცვალა ახალგაზრდა. თუკი ექსპერტიზამ თქვა, რომ მას წამლები არ აქვს დალეული და ვერ ადგენენ რით არის გარდაცვლილი, მაშინ მთელი საქმე ამოყირავდება და მხოლოდ მსგავსი ექსპერიმენტები ვეღარ უშველით.
„თუ მედიკამენტების ზემოქმედებით გარდაცვლილი არ არის და ექსპერტიზამ საერთოდ ვერ გაიგო რით გარდაიცვალა, მერე სად მიდიან? რომ აცხადებენ ასე ხელაღებით, რომ თვითმკვლელობაა, ეს არ შეიძლება. გამოძიება მცდარ გზას ადგება მერე. ფანჯრებს რომ აუწია, მოიგუდა თუ რა? ეს ხომ სისულელეა. ჯერ აუცილებელია გავიგოთ, რა გახდა გარდაცვალების მიზეზი და თვითმკვლელობაა თუ მკვლელობა, მერე უკვე უნდა გაირკვეს. ჯერ გარდაცვალების მიზეზი ვერ დაუდგენიათ და რაზე საუბრობენ ვერ გავიგე.
სხვათა შორის ექსპერტიზა მით უფრო რთულდება, როდესაც გარდაცვლილის სხეულში და სისხლში ჩნდება ისეთი ნივთიერება, რომლის დადგენაც რთულია. შესაძლოა, ისეთი მედიკამენტები იყოს, რომლის დასახელება ვერ გაიგონ. ჯერ, ალბათ, შეამოწმეს ის მედიკამენტები, რაც მის ჩანთაში იპოვეს. თუ მის სისხლში ესენი არ აღმოჩნდა, მაშინ უკვე სხვა ნივთიერებებს ეძებენ. ბაჩალიაშვილის საქმეზე რალური რაიმე დასკვნა არ მომისმენია. მხოლოდ ბუნდოვანება და გაურკვევლობაა. რაც შეეხება დაგვიანებას, ზაფხულია, ზოგი შვებულებაშია და ასე შემდეგ. ვერ დაადგებიან ასე თავზე და აბა ჩქარა იმუშავეო, ვერ ეტყვიან. მეორეც გვამური პროცესები შორს იყო წასული, როგორც ამბობენ და ესეც საქმეს ართულებს“, - ამბობს კრიმინალისტი for.ge-სთან.
მისივე თქმით, თუკი ბაჩალიაშვილი ინექციით არის გარდაცვლილი და ეს არის თვითმკვლელობის ინსცენირება, ტოქსიკოლოგიური კვლევით, ამას ექსპერტიზა დაადგენს. კრიმინალისტი ამბობს, რომ ზოგი ინექცია ტვინს თიშავს, ზოგი ფილტვს და ზოგიც გულს. ამიტომაც სირთულესთანაც არის დაკავშირებული. მისი თქმით, ზოგი ექსპერტიზა 6 თვეც იწელება. ამის მაგალითად კი სკრიპალების საქმე მოჰყავს, სადაც რუსი აგენტი შვილთან ერთად ინგლისში მოწამლეს. ალთუნაშვილი ამბობს, რომ ავტომობილი იდგა თუ არა იმ ადგილას, ეს ყველაზე ადვილი დასადგენი პროცედურა და ესქპერტიზა იყო. თუმცა ამის დასკვნა არავის უნახავს.
უსაფრთხოების საკითხების ანალიტიკოსი ბესიკ ალადაშვილი კი for.ge-სთან ამბობს, რომ ავტომობილით ექსპერიმენტის ჩატარება დაგვიანებულია და ეს ყველაფერი იმავე დღეებში უნდა ჩატარებულიყო. ალადაშვილს შთაბეჭდილება რჩება, რომ ერთი თვე გავიდა და წინა სტრუქტურებს არაფერი გაუკეთებიათ და გამოძიება ხელახლა იწყება. მისი თქმით, მიცვალებულის დნმ-ის ანალიზი აქამდე უნდა ჩატარებულიყო. მისთვის გაუგებარია რატომ არ მოხდა ეს, როდესაც ოჯახისთვის გოგონას ამოცნობა რთული აღმოჩნდა.
„ეს ქსპერიმენტი იმავე დღეებში უნდა ჩატარებულიყო. მაშინ ამინდი და ტემპერატურა მსგავსი უნდა შერჩეულიყო და ამის მიხედვით განესაზღვრათ აღნიშნული ტემპერატურა 4 დღის განმავლობაში გოგონას ცხედარს ამ დონემდე დააზიანებდა თუ არა. ასევე ისიც გასათვალისწინებელია, რომ თვითმხილველებმა გოგონა საღამოს საათებში სოფელ მაწევრაში დაინახეს. ეს დროც უნდა გადაითვალოს და ყველაფერი ამის მიხედვით ჩატარდეს. ავტომობილის ექსპერტიზა ძალიან არის დაგვიანებული. აქამდე მისი ექსპერტიზის შედეგები უნდა ვიცოდეთ - იგივე კამერების ჩანაწერები, რომლიც მოგვცემდა ინფორმაციას გოგონას გადადგილებების შესახებ. ასევე, არ ვიცით რეალურად ყველა მოწმე დაკითხულია თუ არა. გაუგებარია ის ფურცელიც, რომელიც მედიით იქნა ნაჩვენები. თამარი წერს, რომ რაღაცის მიმართ უძლურია. გამოდის, რომ გამოძიებამ მისი სახლი და ოთახი სათანადოდ არ გაჩხრიკა. ეს თუ ასეა, საოცრებაა. არ ვიცი ამის მიზეზი რა არის. იქნებ მე ვცდები და ეს ყველაფერი ჩატარებულია. ჩემი აზრით, პროკურატურა ახლა ისევ ხელახლა იწყებს გამოძიებას. ფაქტი სახეზეა, ამ საქმეში ყველაფერი ასე უცნაურად არ უნდა ემთხვეოდეს ერთმანეთს. ამ საქმის ირგვლივ ყველაფერი შემთხვევითობა ვერ იქნება“, - ამბობს ალადაშვილი for.ge-სთან.
მისივე თქმით, როგორც ჩანს, ექსპერტიზასთან დაკავშირებით და იმის დასადგენად, რა გახდა თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების მიზეზი, გარკვეული პრობლემები წარმოიშვა. ალადაშვილი ამბობს, რომ შესაძლოა, გადაჭრით უჭირთ თქვან გარდაცვალების მიზეზი რა გახდა. სწორედ ამიტომ გადაწყვიტა გამოძიებამ, რომ ექსპერიმენტი ავტომობილით ჩაატაროს.
„როგორც ჩანს, გამოძიებას ექსპერტიზის დასკვნამ უთხრა, რომ მის გარდაცვალებასთან დაკავშირებით რაღაც საეჭვოა და ბუნდოვანებაა. ამიტომაც პროკურორმა მსგავსი ექსპერიმენტის ჩატარება გადაწყვიტა. შესაძლოა, მას უფრო მეტი რაღაც ინფორმაცია აქვს, რასაც ამ ექსპერიმენტით ამოწმებს. მუხლის გადაკვალიფიცირებას შესაბამისი მტკიცებულებები სჭირდება. პირველივე განცხადება, რომ მან წამლები იყიდა, „გუგლში“ აფთიაქებს და თვითმკვლელობის ხერხებს ეძებდა, საქმის მიმართ სწორი მიდგომა არაა. არის დღესაც ისეთი საკითხები, რომ ასეთი ტრაგედიები პოლიტიკურ ჭრილში გადადის. მიკვირს და სასურველი არ არის, რომ მსგავსი ამბავი პოლიტიკური მიზნებისთვის იყოს გამოყენებული. ბევრი საეჭვო გარემოებაა, საუბარია ტელეფონიდან და კომპიუტერიდან წაშლილ მასალებზე. ასევე ოჯახი აცხადებს, რომ „ფლეშკები“ არ არის“,-ამბობს ალადაშვილი for.ge-სთან.
ჯერ ერთი, ამხელა ბურჯს ხომ არ გამოგაცლით მოძმე უკრაინას! - მერე რას იტყვიან თქვენი კობზარის და ჩვენი აკაკის სულები!.. მეორეც, პრემიერობაზე ნაკლებ თანამდებობას ეგ არ დათანხმდება საქართველოში; პრემიერის პოსტს კიდევ გიორგი ვაშაძეს უნახავს თაკო ჩარკვიანი და რა გავაკეთოთ? :(((