სოციალურ ქსელ Facebook–ის აქციების პირველადი განთავსება
2012 წელს მსოფლიოში უმსხვილესი IPO გახდა სოციალურ ქსელ Facebook–ის აქციების განთავსება, რასაც თან სკანდალი ახლდა.
განთავსებამდე მცირე ხნით ადრე კომპანია ფანტასტიკურ წარმატებებს აჩვენებდა: იმ დროისთვის ბოლო მონაცემებმა მომხმარებელთა რაოდენობის 41%–იანი, 1,1 მილიარდამდე ზრდა დააფიქსირა, მისმა მოგებამ კი 45%–ით მოიმატა. 18 მაისს ვაჭრობა 20–წუთიანი შეფერხებით დაიწყო, რამაც, ინვესტორების დაზარალების გამო, დიდი სკანდალი გამოიწვია. ტექნიკური ხარვეზი NASDAQ–ის ბირჟის პროგრამული უზრუნველყოფის შეფერხებამ გამოიწვია.
ხარვეზის გამო მოთამაშეებმა თითქმის 100 მილიონი დოლარი დაკარგეს, რის გამოც ფინანსურმა კომპანიებმა ბირჟის ოპერატორის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანეს. სოციალური ქსელის IPO–ს 2011 წლის შემდგომ 30 უმსხვილესი კომპანიის აქციების პირველად განთავსებებს შორის ყველაზე წარუმატებელი უწოდეს. ამჟამად კომპანიის აქციები მხოლოდ 25 დოლარადაა შეფასებული, აგვისტოს შუა პერიოდში კი მათი მინიმალური ფასი 20 დოლარს შეადგენდა.
ევროზონა დაშლის საფრთხის წინაშე
პირველივე თვეებიდან ნათელი იყო, რომ საბერძნეთს პრობლემები აქვს.
ქვეყნის ეკონომიკა ღრმა რეცესიაში ჩაიძირა. მისი მშპ 2011 წლის შედეგებით 6,9%–ით შემცირდა. ინვესტორებმა დაკარგეს ყველანაირი იმედი, რომ საბერძნეთი შეძლებს ვალების გადხდას. ევროკავშირის მომდევნო ტრანში ეჭვქვეშ დადგა. ბევრი ეკონომისტი ელოდებოდა, რომ საბერძნეთი დატოვებდა ევროზონას. დაძაბულობამ პიკს მაისში მიაღწია, როდესაც საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, საბერძნეთმა ვერ შეძლო მინისტრთა კაბინეტის ჩამოყალიბება. 15 მაისს ოფიციალურად გამოცხადდა ახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარების შესახებ.
მდგომარეობა გადაარჩინა იმან, რომ ბერძენთა უმრავლესობას არ სურდა ევროზონის დატოვება და არჩევნებში „ახალმა დემოკრატიამ“ გაიმარჯვა, რომელიც მხარს უჭერდა საბერძნეთის რეგიონში შენარჩუნებას. პარტიის ლიდერმა შეძლო კოალიციის შექმნა „პასოკთან“ და „დემოკრატიულ მემარცხენეებთან.“
მას შემდეგ გერმანიის მკაცრი რიტორიკა შერბილდა: სულ უფრო მეტმა პოლიტიკოსმა გაიაზრა, რომ საბერძნეთის ევროზონიდან გასვლა გრძელვადიან ნეგატიურ ეკონომიკურ შედეგებს გამოიღებს.
ევროპის ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელმა მარიო დრაგიმ განაცხადა, რომ საკუთარი მანდატის ფარგლებში ბანკი მზადაა ევროს შენარჩუნებისთვის გააკეთოს ყველაფერი, რაც საჭირო იქნება.
მალე ცნობილი გახდა, რაზეა საუბარი: ევროპის ცენტრალურმა ბანკმა განაცხადა, რომ მზადაა პრობლემური ქვეყნების ობლიგაციები განუსაზღვრელი რაოდენობით გამოისყიდოს.
ევროს დაშლის საფრთხემ მეორე ადგილზე გადაინაცვლა. საბერძნეთმა მომავალი წლის ბიუჯეტი დაამტკიცა.
საპატენტო ომები Apple–სა და Samsung–ს შორის
Apple–სა და Samsung–ს შორის დაპირისპირებას ომიც კი უწოდეს. ყველაზე მასშტაბური ბატალიები ზაფხულის ბოლოს წარიმართა, როდესაც ერთბაშად სამი ქვეყნის სასამართლო სისტემებმა გასცეს პასუხი კითხვას: იპარავს თუ არა Samsung–ი ტექნოლოგიებს?
მაგალითად, სეულში მიიჩნევენ, რომ ორივე კონკურენტი არაკეთილსინდისიერია. ამიტომ Apple–საც და Samsung–საც ყოველი შემთხვევისთვის სიმბოლური ჯარიმები დააკისრეს. აშშ–ში ყველა „ცოდვაში“ კორეელები დაადანაშაულეს და Samsung–ი 1,05 მილიარდი დოლარით დააჯარიმეს.
მოპარულ იდეებს შორის შევიდა არა მხოლოდ ტექნოლოგიები, არამედ დიზაინიც.
ტოკიოს სასამართლომ კი უარი განაცხადა ეღიარებინა, რომ კორეელები უკანონოდ ახდენდნენ კონკურენტის პროდუქციის კოპირებას.
2012 წლის 19 სექტემბერს Apple–ის კაპიტალიზაციამ უმაღლეს ნიშნულს, 661 მილიარდ დოლარს მიაღწია, რაც ამერიკული კომპანიის მთელ ისტორიაში რეკორდული ღირებულებაა.
რაოდენობრივი შემცირების მესამე რაუნდი (QE3)
ამერიკის შეერთებული შტატების სარეზერვო სისტემის მიერ რაოდენობრივი შერბილების მესამე პროგრამის ამოქმედება წლის ყველაზე პროგნოზირებადი მოვლენა იყო.
სისტემა გააგრძელებს ბონდების შესყიდვას, ვიდრე ეს ბაზრებისთვის საჭირო იქნება.
ყოველთვიური შესყიდვების მოცულობა 40 მილიარდ დოლარს შეადგენს.
უწყების განცხადებაში გამოხატულია შეშფოთება იმის გამო, რომ ეკონომიკური ზრდა შესაძლოა არასაკმარისად ძლიერი იყოს იმისთვის, რომ მოახდინოს შრომის ბაზარზე სიტუაციის გაუმჯობესება. გარდა ამისა, მსოფლიო ფინანსურ ბაზრებზე არსებული სირთულეები კვლავ წარმოადგენს მნიშვნელოვან რისკს ეკონომიკური ზრდისთვის.
ფისკალური გარღვევა
ტერმინი „ფისკალური გარღვევა“ ფართო გამოყენებაში მიმდინარე წლის პირველ ნახევარში გამოჩნდა. 2013 წლის 1 იანვრიდან მოხდება ამერიკული ბიუჯეტის ორი კანონის მოქმედების ავტომატური შეჩერება.
ბუშის დროს მიღებული საგადასახადო შეღავათები უქმდება, ფედერალური ბიუჯეტის ხარჯები კი 600 მილიარდი დოლარით, ანუ ამერიკული მშპ–ს 6%–ით მცირდება.
ამან შესაძლოა მნიშვნელოვნად დაამძიმოს სიტუაცია ეკონომიკაში, რომელიც ისედაც არცთუ კარგ მდგომარეობაშია. სხვადასხვა პროგნოზით, შეღავათების გაუქმებამ შესაძლოა უმშევრად მილიონი ადამიანი დატოვოს ანუ უმუშევრობის დონე კიდევ 0,7%–ით გაიზარდოს ამჟამინდელი 8,3%–დან, რომელიც მესამე წელია არ იცვლება.