გლობალური პანდემიის წარმატებით წარმართვისა და საარჩევნო რეფორმების ფონზე, NDI–ის პრეზიდენტი, დერეკ მიტჩელი თვლის, რომ საჭიროა, პოლიტიკური ნება, რათა საარჩევნო რეფორმები დემოკრატიულ არჩევნებში აისახოს. 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებამდე ორი თვით ადრე, NDI ანგარიშსს აქვეყნებს, რომლის მიხედვით, მოქალაქეებს მაღალი მოლოდინი აქვთ, რომ არჩევნები დემოკრატიულ გარემოში ჩატარდება, თუმცა, ანგარიშის მიხედვით, არჩევნების სანდოობასთან დაკავშირებული გარკვეული საკითხები კვლავ გამოწვევად რჩება.
ანგარიში მოიცავს ისეთ საკითხებს, როგორიცაა: საარჩევნო სისტემა და ადმინისტრაცია; საარჩევნო გარემო; მედიის როლი და დეზინფორმაცია; გენდერი და ინკლუზიურობა; კორონავირუსის ზეგავლენა. დერეკ მიტჩელის განცხადებით, მიმდინარე წელს საარჩევნო რეფორმის გატარებითა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის სფეროში მიღწეული წარმატებებით ქართველებმა დაამტკიცეს, რომ საზოგადოებრივი ინტერესების სასარგებლოდ, ერთმანეთში არსებული განსხვავებების დაძლევა შეუძლიათ.
„არჩევნების მოახლოებასთან ერთად, კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, რომ ქვეყნის ლიდერებმა და მონაწილე მხარეებმა მსგავსი სიმტკიცე გამოიჩინონ და სამართლიანი, გამჭვირვალე და ინკლუზიური არჩევნები ჩაატარონ, რომელიც საქართველოს მოსახლეობის ნებას გამოხატავს. მედიასაშუალებებს და ჟურნალისტებს უნდა მიეცეთ შესაძლებლობა, რომ საკუთარი ლეგიტიმური უფლებები მთავრობის ჩარევისა და შევიწროების გარეშე განახორციელონ.
ხელისუფლებამ თავი უნდა შეიკავოს მუქარისგან ან ისეთი ნაბიჯებისგან, რაც შესაძლოა მედიის საქმიანობაში პოლიტიკურად მოტივირებულ ჩარევად იქნას აღქმული. მათ შორის იგულისხმება: მედიასაშუალების მფლობელების მიმართ დევნა და სატელეკომუნიკაციო კომპანიებში „სპეციალური მმართველების“ დანიშვნა“, – განაცხადა დერეკ მიტჩელმა.
NDI–ის ანგარიშს არ იზიარებენ მმართველ გუნდში. მამუკა მდინარაძის განცხადებით, ანგარიშში, სამწუხაროდ არის პუნქტები, რომლებიც არასწორ ინფორმაციაზეა დაფუძნებული, რაც სავარაუდოდ, ქართველი ექსპერტების მიწოდებულია. მისივე თქმით, ხელისუფლება აპირებს გააანალიზოს და გაიზიაროს ყველა ობიექტური ინფორმაცია, რათა ოპოზიციას სპეკულაციებისთვის სივრცე პრაქტიკულად არ დარჩეს.
„ამ ანგარიშში ასახულია, რომ ხელისუფლებამ თავი უნდა შეიკავოს მაგალითად მედიასაშუალებებში დროებითი მმართველის დანიშვნისგან, ეს ძალიან კარგად ვხვდებით საიდან მოდის, როდესაც მათ გაავრცელეს ჭორი, როდესაც შესაბამის კანონპროექტზე იყო საუბარი, იქ არც ერთი სიტყვა მედიასაშუალებებში დროებითი მმართველის დანიშვნაზე არ იყო. ასეთ არასწორ ინფორმაციას ვაწყდებით და ფაქტობრივი უზუსტობებიც არის ამაში სამწუხაროდ, რომელშიც მე პირადად დარწმუნებული ვარ, რომ ქართველი ე.წ. ექსპერტების მიწოდებულია და ძალიან სამწუხაროა, რომ ეს შესაბამის ანგარიშში, რეკომენდაციაში თუ კვლევაში აისახა“, – აცხადებს მამუკა მდინარაძე.
NDI–ის ნეგატიური ანგარიშის მიუხედავად, ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე თვლის, რომ დემოკრატიული არჩევნების ჩატარებისთვის საქართველოში მყარი საფუძველი არსებობს. მისი თქმით, ალბათ, უფრო კორექტული იქნებოდა დერეკ მიტჩელის გაეხსენებინა უახლოესი პერიოდის არჩვნები, როდესაც სერიოზული საჩივრები არ იყო, მათ შორის არც ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაზე.
„ამ ანალიზის ფონზე ეთქვა, რომ წინა გამოცდილება გვაიძულებს გაგაფრთხილოთ და ჩამოეთვალა იგივე საკითხები, მაშინ გასაგები იქნებოდა. თუ წინა არჩევნებში არ ფიქსირდება სახელისუფლებო რესურსი, სასამართლო ფაქტორის გამოყენება და არც სხვა კომპონენტების ბოროტად გამოყენება, მაშინ ამ მენტორული ტონით გაკეთებულ განცხადებას გაღიზიანების მეტი არაფერი მოაქვს. საზოგადოების დიდი ნაწილი ღიზიანდება სწორედ იმაზე, რომ ამ ტიპის განცხადება ქმნის განცდას, რომ განცხადების ავტორი ცდილობს წყალი დაასხას ოპოზიციის წისქვილზე და ამდენად გავლენა იქონიოს შიდა პოლიტიკურ პროცესებზე“, – აცხადებს რამაზ საყვარელიძე.
მისივე შეფასებით, ის, რომ ქართულ საზოგადოებაში NDI–ის და IRI–ის დიდი ნდობით არ უყურებენ, ეს იმ სოციოლოგიური გამოკვლევის შედეგია, რასაც სთავაზობენ საზოგადოებას, როგორც ჭეშმარიტებას, მაშინ როდესაც მათ კვლევას 10–15%-ანი ცდომილება აქვს. როგორც საყვარელიძე აცხადებს, ანალოგიური ტენდენციურობა იკითხება ამ განცხადებაში.
„NDI–ის ეს ანალიზი არის ოპოზიციის მხარდაჭერა, რომლის ლექსიკაში ხშირად ფიგურირებს პროცესების ბელორუსიის სცენარით განვითარება. სავარაუდოა, რომ ეცდებიან პროცესების ამ სცენარით წარმართვას. NDI–ის ანგარიში ბელორუსში მიმდინარე პროცესების საქართველში შემოტანას ასხამს წყალს. დასავლეთში ხშირად აკეთებენ დაუფიქრებელ განცხადებას, თავად ბელორუსის საკითხზეც. ბევრი ანალიტიკოსი მიიჩნევს, რომ პროცესები რუსეთის მხრიდან არის მართული. ლუკაშენკოს მოღვაწეობას როგორ გაამართლებ ადამიანი, მაგარამ ლუკაშენკო დაამარცხო იმიტომ, რომ პუტინმა გაიმარჯვოს, თითქოს დიდი დემოკრატი იყოს, ცოტა ოდიოზურად გამოიყურება.
ანალოგიური ოდიოზურობის ხელშემწყობ ნაბიჯებს დასავლეთი ხშირად დგამს. თუ დასავალეთი ანალოგიურ ნაბიჯებს გადადგამს საქართველოს მიმართულებით, გასაკვირი არ იქნება, ოღონდ არც მისაღები არ იქნება, მაგრამ ამავე დროს ეს იქნება რუსეთისთვის ხელშეწყობა, ისევე როგორც NDI–ის ეს განცხადება, როგორც რუსული პოლიტიკისთვის ხელშემწყობი განცხადება. რუსეთი სულ ცდილობს ეჭვი დანერგოს ქართულ დემოკრატიაში და აგერ NDI–იც ამ ეჭვის ხელშემწყობ განცხადებას აკეთებს“, – აღნიშნა for.ge–სთან საუბრისას რამაზ საყვარელიძემ.
ანალიტიკოსის დავით ზარდიაშვილის განცხადებით, იდეალური საარჩვენო გარემო არსად არ არის, დარღვევები ყველა ქვეყანაში ხდება, თუმცა NDI–ს ასეთი ფორმულირება არის საკმაოდ ხისტი და ზედმეტი. მისი თქმით, გასაგებია, რომ NDI–ი წინასაარჩევნოდ ასეთ დასკვნას აკეთებს.
„სასამართლოს ჩარევა საარჩევნო პროცესში იშვიათად მინახია, თანაც როცა ლაპარაკია დაშინებაზე. გავიხსენოთ „ნაციონალური მოძრაობის“ მოღვაწეობა, შედარებაც არ შეიძლება. განსაკუთრებით არ მომეწონა მედიის ნაწილში გაკეთებული აქცენტი. გასაგებია, რომ ხელისუფლება არ უნდა ჩაერიოს მედიის საქმიანობაში, მაგრამ ნაკლებად არის ლაპარაკი იმაზე, რომ მედია გადასულია აგრესიულ, დეზინფორმაციულ პროპაგანდაზე და ამაზე ხმას არ აიღებენ.
ხისტია, შეფასებები და რეკომენდაციები ტენდენციურია, ზღვარს სცდება. არაგულწრფელია, იგრძნობა ხელოვნურობა, რაც სამწუხაროა. ეს ხელს აძლევს ოპოზიციას, რომელიც მუდმივად ცდილობს პროცესი კონსტიტუციური ჩარჩოდან გაიყვანოს. ახლა ელანდებათ პროცესების ბელორუსიის სცენარით განვითარება, უნდათ იგივე მოხდეს, რაც ბელარუსიაში მოხდა, მაგრამ აბსოლუტურად განსხვავდება წინაპირობები. ლუკაშენკოს მსგავსი ფიგურა ქართულ პოლიტიკაში არ არის, თუ არ ჩავთვლით სააკაშვილს, რომელიც მასზე გაცილებით უარესი იყო. არავითარი მოლოდინი არ არსებობს, რომ არჩევნები შეიძლება გაყალბდეს და იგივე პროცესები განვითარდეს“, – აცხადებს for.ge–სთან საუბრისას დავით ზარდიაშვილი.