„ამერიკელების ინტერესია, საქართველოში ძალაუფლება რომელიმე ერთმა ჯგუფმა არ მიიტაცოს“

„ამერიკელების ინტერესია, საქართველოში ძალაუფლება რომელიმე ერთმა ჯგუფმა არ მიიტაცოს“

რას მოელის ჩვენგან დასავლეთი და რისი გაკეთება შეუძლია მმართველ გუნდს, რათა ვაშინგტონს მოლოდინი არ გაუცრუოს, ამის შესახებ for.ge-ს საერთაშორისო ურთიერთობათა სპეციალისტი, სტრატეგიული ანალიზის ცენტრის დამფუძნებელი გიორგი რუხაძე ესაუბრა.

დასავლეთიდან გამოგზავნილი ყოველი მესიჯის შემდეგ ოპოზიცია აჟიტირებულია, მაგრამ თუნდაც პომპეოსა და გახარიას საუბარი, თუნდაც სტივენ ბიგანის ახლანდელი გზავნილი რა გავლენას მოახდენს და რამეს შეცვლის თუ არა „ქართული ოცნების“ სტრატეგიაში არჩევნებამდელ პერიოდში?

- ამერიკული გზავნილები, მიუხედავად იმისა, ის საკანონმდებლო შტოდან მოდის, თუ აღმასრულებელი შტოდან, ძირითადად ორ კომპონენტს შეიცავს. ერთი, რომ შეერთებული შტატები არის საქართველოს, როგორც სახელმწიფოს, პარტნიორი და არა უბრალოდ პარტნიორი, არამედ სტრატეგიული პარტნიორი, რომელსაც საქართველოში გრძელვადიანი გეგმები აქვს. მეორე გზავნილი კი ეხება საქართველოს ხელისუფლებას, საიდანაც ჩანს, რომ ამერიკა ჩვეულებრივად აღარ ენდობა საქართველოს ხელისუფლებას და შემოწმების პოლიტიკას იწყებს საქართველოსთან მიმართებით. ამის გამოხატულებაა ის ანგარიშები, რომელიც უნდა მომზადდეს და შემდეგ სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშის საფუძველზე მოხდება დახმარების გაყინვა, თუ არგაყინვა, მხარდაჭერის გაზრდა თუ შემცირება.

სამწუხაროდ, ამ ფაზაში გადავიდა საქართველო - ამერიკის ურთიერთობა. აქამდე თუ იყო ნდობასა და მხარდაჭერაზე დამყარებული, ახლა ნდობა დაიკარგა ხელისუფლების მიმართ და ამერიკა ეძებს სხვადასხვა ბერკეტს იმისთვის, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ქვეყანა არ გაიყვანოს დემოკრატიული განვითარების კალაპოტიდან. სწორედ ამაზეა ორიენტირებული გზავნილები და ამაზეა ორიენტირებული ანგარიშები, შემოწმება, რათა საქართველოს ხელისუფლება აკონტროლონ, რომ „ოცნებას“ არ გაუჩნდეს ხელისუფლების მიტაცების სურვილი ხალხის ნების საწინააღმდეგოდ. ამის მაგალითი იყო ძალიან აქტიური მონაწილეობა ამერიკული მხარის (და არა მარტო ამერიკული მხარის, არამედ ევროკავშირის მონაწილეობა) 8 მარტის შეთანხმების ჯერ მიღწევაში, შემდეგ უკვე აღსრულებაში.

როგორ ფიქრობთ, ინერცია ისეა აღებული, რომ ამერიკაში 180 დღეში მოსამზადებელი ანგარიში არასამთავრობოებსა და ნაცებზე დაყრდნობით დაიწერება და, სავარაუდოდ, კრიტიკული იქნება „ქართული ოცნებისთვის“?

- ძნელია იმის თქმა, რა იქნება იმ ანგარიშში, რომელიც 180 დღის შემდეგ უნდა მომზადდეს, ეს დამოკიდებულია იმაზე, როგორ მოიქცევა საქართველოს ხელისუფლება, პირველ რიგში, არჩევნებთან მიმართებით, თვითონ არჩევნები როგორ ჩატარდება, საარჩევნო გარემო როგორი იქნება, შემდეგ უკვე პოსტსაარჩევნო პერიოდზე, ანუ, თუ მმართველი გუნდი წააგებს არჩევნებს, ხელისუფლების გადაბარების საკითხი დადგება დღის წესრიგში, თუ მოიგებს არჩევნებს, როგორი იქნება დანარჩენ ოპოზიციასთან დამოკიდებულება, თუ კოალიციის აუცილებლობა იქნება, აქ როგორ მოიქცევა. ანუ ეს ანგარიში ბევრ რამეზეა დამოკიდებული და ასე თქმა, რომ ნაციონალებისა და არასამთავრობოების მიტანილ ამბავზე დგება ასეთი ანგარიშები, ასე არ არის.

აშშ-ს საელჩო ჰყავს ამ ქვეყანაში, გარდა ამისა, ორი მსხვილი ინსტიტუტი - საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი და ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი. ორივე ამერიკული არასამთავრობო ორგანიზაციაა, თუმცა ინფორმაცია ყველგან გროვდება, მათ შორის, პოლიტიკური პარტიებისა და საქართველოში მოღვაწე ქართული თუ უცხოური ორგანიზაციებისგან. მეორე მხრივ, დღევანდელი ხელისუფლებაც ცდილობს, თავისი გზავნილები მიიტანოს, არ გეგონოთ, ხელისუფლება ამას არ აკეთებდეს, შეიძლება, ამას ვერ აკეთებს ისე ეფექტურად, როგორც ოპოზიცია, მაგრამ საკმაოდ დიდ ფულს ხარჯავს „ქართული ოცნება“ იმაში, რომ სწორედ მათი გზავნილი ისმოდეს ვაშინგტონში.

როდის გაუშვა „ქართულმა ოცნებამ“ ნდობის მანდატი ვაშინგტონთან მიმართებით? თითქოს ასრულებდა ყველა დავალებას, პოლიტიკური ოპონენტების დევნაზეც უარს ამბობდა, რაზეც იყო საზოგადოების დაკვეთა... მხოლოდ პროპორციული სისტემის ჩავარდნამ განაპირობა ვაშინგტონის გაციება, თუ უფრო ადრე მოხდა დაცილება?

- ნდობის ეროზია დაიწყო პოლიტიკური ნაწილიდან. მაგალითად, მნიშვნელოვანი გზავნილი იყო ამერიკული მხარისთვის, რომ ღია, საჯარო დაპირება, რომელიც ივანიშვილმა გასცა წელიწადის და ორი თვის წინ, ანუ გავრილოვის ღამის შემდეგ, შეიცვალა და ივანიშვილმა მისი აღსრულება გადაიფიქრა. ეს დაბრალდა მაჟორიტარ დეპუტატებს, რაც ტყუილი რომ არის, ყველამ იცის. შესაბამისად, პირველი სიგნალი ეს იყო, რადგან ეს საჯარო პოლიტიკური დაპირება მხოლოდ საქართველოს მოსახლეობისათვის კი არ იყო მიცემული, არამედ საერთაშორისო საზოგადოებისთვის. თუმცა პროპორციული არჩევნების დაპირებამდე რაღაც გროვდებოდა ქართულ- ამერიკულ ურთიერთობებში. ანუ ერთი საკითხი იყო პოლიტიკური საკითხი, უფრო ზუსტად, არჩევნების საკითხი, მეორე საკითხი იყო ანაკლიის პორტის მშენებლობის შეჩერება, რაც ცოტა უფრო გვიან მოხდა, მაგრამ სიგნალები მანამდეც იყო, როდესაც პომპეოსა და საქართველოს მაშინდელი პრემიერ-მინისტრის მამუკა ბახტაძის ცნობილი ბრიფინგი გაიმართა. იმ პერიოდში რაიმე პრობლემები ზურგსუკან რომ არ ყოფილიყო, ასე ღიად და აშკარად პომპეო არ გამოვიდოდა და არ იტყოდა, ანაკლია არის ასაშენებელიო. რაღაც მანამდეც იყო, ეჭვი ჰქონდათ ვაშინგტონში, რომ საქართველოში მთლად ისე არ იქცეოდნენ, როგორც მოსალოდნელი იყო. ანაკლიის პორტის გაჩერება გახლდათ მეორე მძიმე დარტყმა, რომელიც ეხებოდა ნდობას. აღმოჩნდა, რომ სახელმწიფო მდივნის საჯარო განცხადების წინააღმდეგ იმოქმედეს საქართველოში.

მესამე საკითხი გახდა „ფრონტერას“ თემა, როდესაც სერიოზული ხმალაობა გაიმართა საქართველოს ხელისუფლებასა და „ფრონტერას“ შორის, ამ ყველაფერს დაემატა 8 მარტის შეთანხმებამდე ვერ მისვლა. როგორც კი საშუალება ეძლეოდა „ქართულ ოცნებას“, ცდილობდა, მისთვის უფრო მომგებიან საარჩევნო მდგომარეობაში ჩამდგარიყო მიცემული საჯარო დაპირებების უარყოფის ხარჯზე. ამას ემატება ისიც, რომ „ქართული ოცნება“ დატოვა საკმაოდ მოზრდილმა ჯგუფმა გავრილოვის ღამის და შემდეგ უკვე საკონსტიტუციო ცვლილებების ჩავარდნის მერე. სწორედ ის ადამიანები იყვნენ მთავარი შუამავლები „ქართული ოცნებისა“ შეერთებულ შტატებსა და ევროკავშირში - ჩუგოშვილი, ხულორდავა, ქაცარავა და სხვები. როცა ეს გუნდი, რომელიც მთავარი გზავნილის მიმტანი იყო დასავლეთში, ადგა და წამოვიდა, ეს უკვე სიგნალი იყო, რომ „ქართულ ოცნებაში“ რაღაც კარგი არ ხდებოდა. ვაშინგტონსა და ბრიუსელში ამ ადამიანებს ენდობოდნენ, ამ დროს ეს ხალხი ასე დემონსტრაციულად, ყველა ერთად წავიდა „ოცნებიდან“, რაც ვაშინგტონში ნდობის ეროზიის განმაპირობებელი გახდა. რამდენიმე კომპონენტი ერთად მოგროვდა და, საბოლოო ჯამში, აქამდე მივედით. რეალურად ჩვენ ვართ ახლა ქართულ- ამერიკული ურთიერთობების ნდობის ყველაზე დაბალ ნიშნულზე ედუარდ შევარდნაძის პერიოდის შემდეგ.

თუ არა „ქართული ოცნება“ და „ნაცმოძრაობა“, ვისზე შეიძლება ჰქონდეს გათვლა ამერიკას საქართველოში? არის ერთ-ერთი ვერსია, რომ „ლელო“ მათთვის საინტერესო ძალად ყალიბდება.

- არა მგონია, რომელიმე ერთ კონკრეტულ პოლიტიკურ ორგანიზაციაზე დებდნენ შეერთებული შტატების ოფიციალური წარმომადგენლები ფსონს. აშშ-ის ინტერესშია, საქართველოში იყოს სისტემა, რომელიც ხელს შეუწყობს დემოკრატიას. ქართველი ხალხის გადასაწყვეტია, ვის აირჩევს ერთპიროვნულად, თუ კოალიციურად. ამერიკელების ამოცანა აქ არის ის, რომ ეს პროცესი მოხდეს ისე, რომ ძალაუფლება არ მიიტაცოს რომელიმე ჯგუფმა.

 

 

 

 

 

 

 

 

Maverick არ მჯერა ამ კაცის, ესეც ნაცქაქანაა და რა ვქნა!

რა ოპოზიცია, რისი ოპოზიცია, ყველა მიშას საჯდომქვეშ ყავს ამოდებული და კვებავს "სურნელოვანი" ფეკალიებით.

მაგალითად მოყავს "ფრონტერას" ზღაპრები, "ოცნებაში" ჩანერგილი V კოლონის წარმომადგენლების საბოტაჟი და აცხადებს, რომ "ამაზეა ორიენტირებული გზავნილები და ამაზეა ორიენტირებული ანგარიშები, შემოწმება, რათა საქართველოს ხელისუფლება აკონტროლონ. რომ ოცნებას“ არ გაუჩნდეს ხელისუფლების მიტაცების სურვილი ხალხის ნების საწინააღმდეგოდ."

რა ხალხის ნება, რისი ხალხის ნება, ვის აბოლებ, ხალხის ნება კი არა ნაცბოზბანდის ნებაა და სწორედ მაგიტომ აძლევს ხალხი ხმას "ოცნებას"!

ორი არასასურველი ბოროტებიდან დიდ ბოროტებას, იგივე ნაცბოზბანდას და ნაცმიდრეკილებს სამში ერთზე გაზავნიან, ხოლო ოცნებას ხმას აძლევენ ძალაუნებურად, რაც იმას ნიშნავს, რომ კიდევ ერთხელ აფრთხილებენ დაანებონ თავი მათთან ლოგინში კოტრიალს!
4 წლის უკან
Katana . მართალი ხარ, ჩემო უცნობო თანამოაზრე Maverick, - მოცემული ანალიზი იმ ფონის პოლიტიკური ანარეკლია, სადაც დგას!
*
„ამერიკელების ინტერესია, საქართველოში ძალაუფლება რომელიმე ერთმა ჯგუფმა არ მიიტაცოს“
?
როცა სააკაშვილის "ჯგუფს" ჰქონდა მიტაცებული ხელისუფლების ყველა შტო, როცა პარლამენტი სანოტარო კანტორის როლსღა ასრულებდა, ხოლო კონსტიტუციას მიშას ტანზე კერავდნენ... ვისაც უნდოდათ - იჭერდნენ, აწამებდნენ, ბიზნესსა თუ პირად ქონებას ახევდნენ ... როცა უდანაშაულო პატიმრისთვის საპროცესოს გაფორმება ბიუჯეტის შევსების მთავარი წყარო იყო... მაშინ საქართველო "დემოკრატიის შუქურა" იყო და ახლა გაუჩნდათ ასეთი ინტერესი?!
ან როგორ გიბრუნდებათ ენა, "ფრონტერას" საკითხში ისევ ქართული მხარე დაადანაშაულოთ, როცა იცით, რომ საერთაშორისო სასამართლომ ასე სასტიკად(!) გაამტყუნა ეს აფერისტების კომპანია, 4 მილიარდს რომ აწერდნენ საქართველოს?!.
(აღარც კი მინდა მსჯელობის გაგრძელება!)
4 წლის უკან