"საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონი საქართველოს პარლამენტმა 91 ხმით ერთის წინააღმდეგ დაამტკიცა. პრეზიდენტი აღნიშნულ კანონში ცვლილებას თავიდანვე ეწინააღმდეგებოდა. იგი აცხადებდა, თუ პარლამენტი არ დაელოდებოდა ვენეციის კომისიის დასკვნას და დაჩქარებულად მიიღებდა ამ ცვლილებებს, კანონს ვეტოს დაადებდა. პრეზიდენტის თქმით, ეს იქნებოდა დამოუკიდებელი სასამართლო ინსტიტუტის დასამარება ერთხელ და სამუდამოდ საქართველოს რეალობაში და მაშინ უკვე მოქალაქეებს აღარაფრის იმედი აღარ უნდა ჰქონოდათ.
მართალია, პრეზიდენტის ეს სიტყვები ღიმილის მომგვრელია, რადგან “საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონის მიღებამდე საზოგადოება სულ სასამართლოების „იმედად“ იყო დარჩენილი, მაგრამ, თავის მხრივ, საპარლამენტო უმრავლესობამ ვენეციის დასკვნის მიღებამდე კანონის დაჩქარებულად დამტკიცება იმით ახსნა, რომ ცვლილებათა ეს პაკეტი მოსამართლეთა მეტი დამოუკიდებლობისკენ იყო მიმართული. მეტიც, უმრავლესობის განმარტებით, ვენეციის კომისიას ამასთან დაკავშირებით პრეტენზია არც ჰქონდა და დასკვნის ლოდინი პროცესს გაჭიანურებდა.
კანონპროექტით, ამიერიდან უზენაესი სასამართლოს წევრს უფლებამოსილებას ვადაზე ადრე შეუწყვეტს საქართველოს პარლამენტი სიითი შემადგენლობის უმრავლესობით და არა _ იუსტიციის უმაღლესი საბჭო, როგორც ეს ადრე ხდებოდა.
“საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონის აუცილებლობასთან დაკავშირებით For. ge იურისტებს ესაუბრა.
უფლებადამცველი ლია მუხაშავრია აცხადებს, რომ საერთო სასამართლოების შესახებ კანონი არეგულირებს სასამართლოების შექმნისა და საქმიანობის წესს, რაც მნიშვნელოვანია, რადგან ამ კანონში ცვლილების შემდეგ შეიცვლება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ფორმირების წესი. უფლებადამცველის თქმით, დღემდე კოტე კუბლაშვილს ჰქონდა ყველა ბერკეტი, ის უფლებამოსილი იყო, მოსამართლეთა კონფერენციაზე დაესახელებინა, თუ ვინ უნდა აერჩიათ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში, რომელიც, თავის მხრივ, დისციპლინარული დევნის, დანიშვნისა და გათავისუფლების ორგანო იყო. ახლა კი ეს ბერკეტი უნდა გამოაცალონ კუბლაშვილს და გადასცენ მოსამართლეთა კონფერენციას, სადაც ფარული წესით უყრიან წესს სასურველ კანდიდატურას. ეს მაშინ, როცა აქამდე ღია წესი მოქმედებდა და კუბლაშვილის დასახელებულ კანდიდატს არავინ ჩააგდებდა.
„ამჟამად იუსტიციის უმაღლეს საბჭოში შედიან კუბლაშვილის მიერ ხელდასმული ადამიანები, რომლებიც მის განკარგულებებს უსიტყვოდ ასრულებენ. თუ ეს პრინციპი შეიცვალა, მაშინ საბჭო ხდება დამოუკიდებელი ორგანო და დამოკიდებლად მიიღებს გადაწყვეტილებებს. ფარული კენჭისყრით აირჩევენ იმ მოსამართლეებს, რომელთაც მოსამართლეთა კორპუსი ენდობა“.
ჩვენს შეკითხვაზე, კუბლაშვილის მოსამართლეები როგორ გაბედავენ დამოუკიდებელი გადაწყვეტილების მიღებას, ლია მუხაშავრია აცხადებს, რომ მოსამართლეებს ძალიან კარგად ესმით, რომ მათი ბედი დამოკიდებულია მათ მიერვე არჩეულ წევრებზე, რადგან ვის მოხსნიან და ვის გაათავისუფლებენ დისციპლინარული წესით, ამას წყვეტს იუსტიციის უმაღლესი საბჭო.
საარჩევნო და პოლიტიკური ტექნოლოგიების კვლევის ცენტრის დირექტორის კახა კახიშვილი თქმით, საერთო სასამართლოების შესახებ კანონში ცვლილებამდე მოქმედი რედაქციით, საქართველოს კანონმდებლობა ცოტა უცნაურად არეგულირებდა უზენაესი სასამართლოების წევრების უფლებამოსილების შეწყვეტას. კერძოდ, სრული ნონსენსი იყო, როცა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს პარლამენტი ნიშნავდა, ხოლო უფლებამოსილების შეწყვეტის უფლება ჰქონდა მხოლოდ უზენაეს სასამართლოს. აქედან გამომდინარე, ექსპერტის აზრით, ცოტა არასწორი მიდგომა იყო, რადგან, როგორ შეიძლება, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის დამნიშნავი ერთი სუბიექტი იყოს და, ამავდროულად, უფლებამოსილების შემწყვეტი სულ სხვა იყოს. ამასთან, დამნიშნავს უფლებამოსილების შეწყვეტის შესაძლებლობა არ ეძლეოდა, რაც თავისთავად ნონსენსი იყო. ამიტომაც დარეგულირდა ეს საკითხი ისე, როგორც უნდა დარეგულირებულიყო და დამნიშნავს მიეცა უფლებამოსილების შეწყვეტის უფლება.შესაბამისად, სულ ახლახანს მიღბული ცვლილებით, უზენაესი სასამართლოს წევრებს როგორც ნიშნავს, ასევე, ათავისუფლებს საქართველოს პარლამენტი.
მისივე თქმით, ბოლო პერიოდში უზენაესი სასამართლო გადაიქცა „დარმაედების“ ბიუროდ, რომელიც საერთოდ არ იხილავდა არანაირ საქმეს, უბრალოდ, ძალიან დიდი ხელფასები ჰქონდათ და მათი ფუნქცია იყო ერთი-ზედამხედველობას უწევდნენ რაიონულ და ქალაქის სასამართლოებს იმ კუხით, რომ დაყვანილი ყოფილიყო მითითებები კონკრეტულ საქმეებთან დაკავშირებით და უზრუნველყოფილიყო ისეთი გადაწყვეტილების მიღება, რომელიც უზენაესი სასამართლოს ხელმძღვანელობას სურდა.
„ამავდროულად, ის ადამიანები, რომლებიც პროკურატურის სისტემაში თავს კარგად გამოიჩენდნენ და კარგად შეასრულებდნენ დაკვეთებს, შემდგომში უზენაესი სასამართლოს წევრებად გადადიოდნენ გარანტირებული ანაზღაურების მისაღებად. ასე რომ, მე მგონი, ეს ცვლილება პირველ რიგში, გამოაცოცხლებს უზენაეს სასამართლოს. თუმცა ამის მიუხედავად, რეალურად ჩვენ გვაქვს ერთი დიდი პრობლემა- სასამართლო, რომელიც ცხრა წლის განმავლობაში ამ ქვეყანაში პოლიტიკური პარტიის დანამატი და პროკურატურის ექო იყო,“-აღნიშნა კახა კახიშვილმა.
„კონსტიტუციის 42-ე მუხლის“ აღმასრულებელი დირექტორი ნაზი ჯანეზაშვილი მიიჩნევს, რომ საქართველოში ბოლო წლებში სერიოზულად იდგა სამართლიანი სასამართლოს პრობლემა. დიდი რაოდენობის საქმეებზე, რომელიც იგზავნებოდა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში, დარღვეული იყო ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მეექვსე მუხლი, რომლის თანახმადაც, სამართლიანი სასამართლოს უფლება დაცული უნდა ყოფილიყო ევროპის საბჭოს წევრი სახელმწიფოების მხრიდან.
ნაზი ჯანეზაშვილის თქმით, „კონსტიტუციის 42-ე მუხლი“ და 30-ზე მეტი სხვა ორგანიზაცია კოალიცია „დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის“ ფარგლებში მუშაობდნენ საერთო სასამართლოების შესახებ კანონში შესატან ცვლილებებზე და არაერთი მოთხოვნა ჰქონდათ. მათ მიაჩნდათ, რომ მოსამართლეთა დამოუკიდებლობის გარეშე საქართველოში სამართლიანი სასამართლოს არსებობა შეუძლებელი იყო. ამიტომ დღეს ნაზი ჯანეზაშვილი იუსტიციის სამინისტროს მიერ პარლამენტში წარდგენილ ამ ცვლილებებს დადებითად აფასებს. თუმცა არც იმას მალავს, რომ ჯერ სრულყოფამდე არ არის მისული ეს კანონპროექტი.
„წინგადადგმული ნაბიჯია, რომ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს არ ექნება განსაკუთრებული პრეროგატივა, რომ გარკვეულ მნიშვნელოვან სტრატეგიულ საკითხებზე ინდივიდუალური გადაწყვეტილება მიიღოს, რაც აქამდე ხდებოდა. მაგალითად, მოსამართლეთა კონფერენციაზე ხდებოდა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება, რაც განსაზღვრავდა სასამართლო პოლიტიკას და ეს მოგვიანებით მოქალაქეებზე აისახებოდა, ვინაიდან ამ კონფერენციის ხელმძღვანელი იყო კუბლაშვილი“,-აცხადებს ნაზი ჯანეზაშვილი.
ამასთან, ადასტურებს, რომ კუბლაშვილს ამ ცვლილებების განხორციელება არ სურდა და მისთვის ამ ცვლილებებთან შეგუება ძნელი იყო. თუმცა მთავარია არა ის, რომ რადიკალურად იცვლება სასამართლოს ადმინისტრირების საკითხი და მისი როლი, არამედ ის, რომ ყველა უნდა გამოვიდეს საზოგადოების ინტერესიდან.
„მაგალითად, თუ მოსამართლე დასკვნას გააყალბებს, ამ შემთხვევაში, დევნას იწყებს იუსტიციის უმაღლესი საბჭო. აქამდე პრობლემა იყო, რომ იუსტიციის საბჭო თვითონ განიხილავდა საკითხს და ე.წ. ბრალმდებლადაც თვითონ გამოდიოდა ამ პროცესში, რაც არღვევდა სამართლიანობის პრინციპს. ამიერიდან კი აღნიშნულ საკითხს ცვლილება შეეხება. მოსამართლეებს უნდა ჰქონდეთ გარანტიები, რომ მათ თავი იგრძნონ დაცულად და მეორე მხრივ, არ უნდა იყოს ისე, რომ მათ განუსაზღვრელი უფლებამოსილება მიენიჭოთ და გადაწყვეტილებები მიიღონ, როგორიც უნდა პროკურატურას ან რომელიმე მხარეს“,_აცხადებს „კონსტიტუციის 42-ე მუხლის“ აღმასრულებელი დირექტორი და იმედს იტოვებს, რომ ეს კანონპროექტი ვეტოს ბედს არ გაიზიარებს.